--- დღეს ჩვეულებრივად გავიღვიძე დილით, ისევ ისე უხასიათოდ და სიკვდილამდე მეზარებოდა სამსახურში წასვლა. დიდი ხანია აღარ გამოჩენილა და უკვე ვფიქრობდი, რომ დავავიწყდი, თუმცა ღმერთის შეტყობინება დამხვდა - "საქმე მაქვს, გამომიარე". მიყვარს როცა ღმერთი "შინაურულად" მესაუბრება, ხშირად მეუბნება, რომ - ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობო. ჩვენ ორივენი ძალიან უშუალონი ვართ და სხვათაშორის ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ალბათ სწორად იმიტომ, რომ ზუსტად ისეთია როგორიც წარმომიდგენა! --- თითქოს ყველა გაფრთხილებული იყო მოვაო, ისე მარტივად შევედი. ასე მარტივად ღმერთთან არასდროს მოვხვედრილვარ და ცოტა გაოცებულიც კი დავრჩი. ალბათ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა (ირიბად), ყველა მეკითხებოდა - ლორთქიფანიძე ხო? მიბრძანდი... --- და აი ისევ ღმერთის კაბინეტში ვარ. წინ მიზის თავისი მოხუცი და ლამაზი სახით, თითქოს საათობით შეგიძლია მისი სიმშვიდით ტკბობა. თუკი გაგონილი გაქვთ, რომ ზღვის ნაპირზე ჯდომა ამშვიდებს, წარმოიდგინეთ პატარა კუნძული, ზუსტად იმხელა, რამხელაც თქვენს საჯდომს ეყოფა. ირგვლივ წყალი ... წყალი ... წყალი და უკიდეგანო სიმშვიდე. სიმყუდროვეს მხოლოდ კივის ლიმონათის შუშხუნი არღვევს და წრუპავ ცივად! აი სიამოვნება არა? ზუსტად ასეთი სიმშვიდე გეუფლება, როცა ღმერთს უყურებ. ოღონდ მშვიდს! თორემ თუ გაბრაზდა... როცა ბრაზდება, იმ სიბრაზეს ცალკე აღვწერ (მერე). --- - ლორთქიფანიძე! დაიწყო ომახიანად! - რამდენიმე დღის წინ დედაშენს მოვუსმინე, რა გჭირს? მე უნდა გასაწვლო ამხელა კაცს ვინ უნდა ანერვიულო და ვინ არა? რატომღაც მამაჩემს მივამსგავსე ამ მომონეტში და ვიფიქრე მეტი საქმე არ მაქვს ახლა ყველამ მე მასწავლოთ ჭკუა და მეც ვისწავლო! - ისე, სახელით რატომ არასდროს მომმართავთ? - იმიტომ, რომ კითხვა დაგისვი და მიპასუხე - არ მოგწონთ ჩემი სახელი? - სხვათაშორის მე არაფერს ვერჩი, მაგრამ როგორც ვიცი შენ არ მოგწონს... - თქვენ საიდან იცით? - საიდან უნდა ვიცოდე, ეგეთი იდიოტობა რომ მერქვას ყოველდღე მოვკვდებოდი სიცილში (ხმამაღლა გადაიხარხარა). - და თქვენ რა გქვიათ? ცოტა შემძრა იმ აზრმა, რომ ეს კითხვა დავსვი და უფრო მეტად იმან, რომ აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ - ღმერთი! - ცოტა გაკვირვებულად მიპასუხა - არა, ნამდვილი სახელი - ღმერთი მეთქი! - რანაირად ღმერთი, ქართულად კი, ინგლისურად - god? რუსულად - бог? -ოოო რანაირი კაცი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? - მერე უცებ ჩემკენ გადმოიწია და თითქოს ჩურჩულით მითხრა: -კარგი გეტყვი რაც მქვია, ოღონდ არც გაბედო ვინმეზე თქმა და თან ამის დაწერა, კარგი? - კარგი! - ნოდარი! - და ისევ ხმამაღლა, კიარადა უკიდეგანოდ ხმამაღლა გაეცინა! მთელი გულით... - კარგით რა! - ჭამე ნოდარიიიი!! - და ვხედავ როგორ მოსდის სიცილისგან ცრემლები ღმერთს, უაჰაჰაჰაჰაჰაჰა მთელი გულით იცინის :)) თვალი ავარიდე და ფანჯარაში დავიწყე ყურება, მთელი დღეა უხასიათოდ ვარ და ახლა კიდევ უფრო მიფუჭებს ხასიათს, ამხელა "შემოქმედი" კაცი და კომედი შოუს ხუმრობებზე იცინის თურმე. ბარემ ანეგდოტი მოეყოლა, რომელიც იწყება სიტყვით - გურული! ... გურული შედის მაღაზიაში ან ჭიჭიკია და ბიჭიკია მიდიან "ზასტავაზე". არადა რამდენჯერ მითქვამს ღმერთს როგორ არ უნდა ქონდეს კარგი იუმორი მეთქი, აჰა! -კარგი ხო კარგი! - თვალებიდან ცრემლებს იწმენდს - მითხარი ახლა რა გჭირს, გიყურებ და საერთოდ არ მომწონხარ... რანაირ ხასიათზე ხარ?! -ხორცი არ მიჭამია ზუსტად 1 თვეა! ვეგეტარიანელი გავხდი. --- ზუსტად იმდენი ხანია ვიცნობ ღმერთს, რაც მასზე წერა დავიწყე. ყველანაირი მინახავს, გაბრაზებულიც, გაოცებულიც, მოწყენილიც და მხიარულიც, ბედნიერიც და უბედურიც... მაგრამ ასეთი არა. თვალები მართლა შუბლზე აუვიდა ისე გაუკვირდა, რამდენიმე წამი ენა ჩაუვარდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა და თითქოს აზრებს ალაგებდა (მაგრამ ვერ ალაგებდა) - ლორთქიფანიძე!! რას მეუბნები... აი ყველაფერს გეფიცები, რაც მიყვარს! ადამმა რომ ვაშლი ჭამა ეგ უფრო ნაკლებად გამიკვირდა ვიდრე შენგან ვეგეტარიანელობა! რა მოხდა ბიჭო? მერე ხინკალი და შაურმა? -არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ შემწვარი ხორცის სუნზე, ბოლო დროს გულიც მერევა... - კაი რას მეუბნები ბიჭოოო - ფეხზე წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო. - რა მოხდა დედას გაფიცებ?! რანაირად? - აი ასე! - რა მოხდა ბევრი ჭამე და გაწყინა ? როგორც ბადრიჯანმა - არა, არა ... თან ბადრიჯანს ვჭამ ხანდახან (კი გამიკვირდა ისე, მეთქი საიდან იცის?) - აბა? ა ... შეგიყვარდა ვინმე? - ჰა? - ჰო რა მოხდა თქვი, შეგიყვარდა და ან მე ან ხორციო? - ღმერთო! რა სისულელეა, ეგ როგორ უნდა მითხრას ვინმემ - რატო ვერ უნდა გითხრას ვითომ? ანუ შეგიყვარდა? - არა! - რა არა ჰა გამოტყდი, როგორი გოგოა? - კარგი! - და თვალი ავარიდე... - მერე კარგი გოგო თუა რატო ხარ ეგეთ ცუდ ხასიათზე? - მაშინ ცუდია! - თუ ცუდია, ხორცმა რა დაგიშავა? -რა შუაშია!! - ცოტა ბრაზი შემერია ხმაში - არავინ არ შემყვარებია, უბრალოდ აღარ მინდა ხორცი ვჭამო, მაგრამ ხანდახან ძალიან მენატრება გემო. - ხოდა ჭამე მერე! - არ მინდა... - მაშინ არ ჭამო - ხოდა არ ვჭამ! - და უკვე ბრაზნარევ წყენაში გადამივიდა. ასე ირონიულად არასდროს დამლაპარაკებია. თვითონაც შეატყო, რომ ცოტა მეწყინა და ოდნავ შევეცოდე. სკამზე დაჯდა. ღრმად სუნთქავდა ჩაფიქრებული, მართლა მთელი გულით იყო გაოცებული. ვერაფრით მივხვდი ასეთი რა ვქენი, მეგონა შემაქებდა კიდეც... დადგა და "მეღადავება". ნუ გასაგებია, რომ ღმერთია, მაგრამ ცოტა საწყენია მაინც... არა?! - თქვენ ჭამთ ხორცს? - თითქოს პირდაპირ შუბლში მოვარტყი კითხვა... - ჰა? სერიოზულად მეკითხები?! - კი, მთელი სერიოზულობით გეკითხებით - არა! - და თვალებში მომაშტერდა, გამარჯვებული გამომეტყველებით. - აბა რას ჭამთ, ვაშლს? - ხანდახან კი... - როდის ხანდახან?! - როცა "აქ" ვარ - ხელები გაშალა, იმისათვის რომ კაბინეტი ეჩვენებინა, თუმცა ჩემს ენაზე შეეძლო - დედამიწა ეთქვა. - ვეგანი გამოვდივარ! - ოდნავ ჩაეღიმა. - ისიც ვეგანია! - ისევ ავარიდე თვალი - ვინ? - ერთი წუთით, ერთი წუთით! - თითქოს რაღაც გამინათთდა გონებაში. - თუ თქვენ არ ჭამთ ხორცს და საერთოდ ვეგანი ხართ, ჩემმა ამბავმა რატომ გაგაბრაზათ? - და ვინ თქვა, რომ გამაბრაზა? - აბა გაგიხარდათ? - რამე მეტყობა გახარებულის? უბრალოდ შენგან გამიკვირდა... - ვერაფერს ვერ მივხვდი! - ცოტა ხმამაღლა წამოვიყვირე, იმდენად ხმამაღლა, რომ ღიმილი სახეზე შეაშრა. ალბათ მისთვის არავის დაუყვირია, თუნდაც ასე. ისე უცნაურად დადუმდა, თითქოს ეწყინა. დიდხნიანი დუმილი ჩამოვარდა. ... ... - თქვით რამე! - ისევ მე დავარღვიე - დამელაპარაკეთ რა, თქვენ თუ არა... ვინ მეტყვის პასუხს? წამოდგა. კაბინეტის ბოლოს, ჭადრაკის დაფისკენ მიმითითა თითით, ვითამაშოთო... სკამთან ჩამიარა, ხელკავი გამიკეთა და ჩურჩულით ყურთან მითხრა - რა აზრი აქვს შვილო... --- მიყვარს ღმერთის ჭადრაკი და გაცრეცილი, ხის ფიგურები. ისეთი გემრიელი სუნი ასდით, სიძველის... თითქოს საუკუნეების. თუმცა ფიგურები სტაუნტონის გამოყვანილობითაა, სტაუნტონი კიდე... მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა. ღმერთიც რაღაც კუთხით ტექნოლოგიების მოყვარული გამოდის. მიყვარს მსგავსი ფიქრები. ღმერთი უკვე კარგად თამაშობს, ბოლოს როცა ვითამაშეთ, ძლივს აადგილებდა ფიგურებს, ახლა კი თითქმის ერთ დონეზე ვართ (შეიძლება უკეთესიც კია). ისევ ოთხი მხედრის დაცვა გავითამაშეთ... ღმერთი კლასიკური ჭადრაკის მომხრეა და მისი მშვიდი ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკურიც კია. მეექსვე სვლაზე, მხედრით მხედარი მომიკლა c6-ზე და მეც მყისიერად მოვკალი ჩემი პაიკით მხედარი - c6-ზე! - აი! ზუსტად ამას ველოდი - ჰმ... რას გულისხმობთ? ეჭვიანი თვალებით ავხედე. - რა ქენი ახლა? - რა ვქენი? მხედარი მოვკალი. - ლორთქიფანიძე! შვილო... მომისმინე ახლა და კარგად დაიმახსოვრე! რაიმე ზედმეტი, რომ გითხრა შენ ისეთი იდიოტი ხარ, ყველაფერს დაწერ! მერე კიდე შენივე ხალხი ჩაგქოლავს, ყველა ვინც წაიკითხავს... ამიტომ ყველაფერს ისე გეტყვი, როგორც შენ იცი, როგორც მათ იციან და გინდ დაიჯერეთ და გინდ ნუ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს! გესმის? რა ქენი ახლა? ცუდი არც არაფერი, პაიკით მხედარი მოკალი, სწორი სვლა გააკეთე არა? ყველა თეორიულ წიგნში მასე არ წერია? ხომ ყველგან წერია, რომ მშვენიერი სვლაა? კი! მშვენიერია, მაგრამ ... სტრუქტურა? პაიკების სტრუქტურა? გაფუჭდა ... და სამუდამოდ გაფუჭდა! ფიგურები უკან დააბრუნა... ხელის სწრაფი მოძრაობით საწყისი პოზიცია დაბრუნდა. თავიდან გადმოდგა პირველი სვლა პაიკი e2-e4 - აი შეხედე - ისეთი მშვიდი თვალებით მიხსნიდა ამ ყველაფერს, ბოლომდე მოვინუსხე, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რაზე საუბრობდა. - შეხედე! პირველი სვლა გაკეთთდა, სულ რაღაც პირველი სვლა. მილიარდობით გაკეთებულა არა? ცუდი რაა ამაში? არც არაფერი! მაგრამ სტრუქტურა? პაიკების სტრუქტურა დაირღვა. ეს პაიკი უკან ვეღარ დაბრუნდება არა? თქვი შენ თქვი - რამდენჯერ წაგიგია ამ სვლის შემდეგ? რამდენჯერ მოგიგია ამ სვლის შემდეგ? რამდენჯერ განადგურებულხარ და გაგინადგურებია ადამიანი, სულ რაღაც სვლის გამო? მიუხედავად იმისა, რომ ორივემ იცოდით ეს უბრალო სვლებია! ცუდია გესმის? ცუდი სვლაა პაიკი e4! პაიკი უკან დააბრუნა და შემდეგ ლაზიერის პაიკი გადმოდგა წინ ორი ნაბიჯით - d2-d4? დააკვირდი! იგივეა... ისევ დაირღვა პაიკების ჯაჭვი, ისევ ცუდია! არადა სულ რაღაც პირველი სვლაა, გესმის? ყველაფერი რაც არ უნდა გააკეთო ჭადრაკის დაფაზე, ყველაფერი ცუდია! თუკი პირველი სვლა ასეთი უაზროა. წარმოიდგინე რა ცუდია ბოლო... ყოველი შემდეგი სვლა, ცუდია და ცუდია, გესმის?! ახლა ალბათ იკითხავ, რა არის აბა კარგი? ... არაფერი! არ გააკეთო სვლა. ნახევარი ქულა შენ დაიწერე და ნახევარი ქულა მიეცი მოწინააღმდეგეს, არ გეყოფა? გეყოფა! მაგრამ ის აქ იმიტომ მოვიდა, რომ დაგამარცხოს და შენც ზუსტად იგივე. ყველა შენი წინ გადადგმული ფიგურა, შეშინებული, უკან გამოქცეული ლაზიერი, ან ლამაზად შეწირული კუ! ცუდია! ყველა სვლა, ყველა ნაბიჯი... იცი რატომ? იმიტომ, რომ ეს თამაში დაწყევლილია, დაწყევლილია და მორჩა! - მერე თითქოს ამდენი ემოციური ლაპარაკისგან დაიღალაო და მოსასვენებლად მკითხა: - ვერ ხვდები ხომ? - ჯერ... ვერა - და მეც გაფართოებული თვალებით ვუყურებ. - ბიბლია წაკითხული გაქვს? - მერამდენედ მეკითხებით? - და ისევ ოდნავ მორცხვად ავარიდე მზერა. - მერე წაიკითხე შე სულელო! შავით თეთრზე წერია, რომ ღმერთმა ადამიანი "დაწყევლა" გესმის? დაახლოებით შენს ენაზე, ჯანდაბამდე გზა გქონიაო - ოდნავ გაეცინა და სკამის საზურგეს მწარედ მიაწვა. - იცი რა, ყველაფერი ისე იდეალურად არ წერია, როგორც მე დავწერდი, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისია იმისთვის, რომ ოდნავ ტვინი გაანძრიო(თ), გაგიკვირდება და დიდი ხნის წინ ღმერთიც იყო ახალგაზრდა, თუ დააკვირდები ყველაფერი იდეალურად შექმნა! ყველაფერი იდეალურად! მაგრამ ბოლომდე ვერა, ვისი იდეალურობაც ყველაზე მეტად დაიჯერა, სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე იდეალურად არაიდეალური! ნანობს თუ არა ამას ღმერთი? ეს შენი საქმე არ არის! შენ საერთოდ არ გაქვს საქმე, ერთადერთი რაზეც შენი წყევლა არ მოქმედებს, სიამოვნებაა და ისიამოვნე! რა სულელურად ჟღერს არა? - ძალიან. არცკი ვიცი ამის დაწერას თუ აქვს აზრი, არავინ დაიჯერებს, რომ ღმერთის სიტყვებია. - ხოდა ძალიანაც კარგი! არ ჭამო ხორცი! ვიცი რასაც ფიქრობ და მართალი ხარ! არ გამოუჭრიათ ჩემთვისაც ყელი, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რომ არ მესიამოვნებოდა (მინიმუმ). თუმცა ვის სიამოვნებს? ხომ გაგეცინება, რომ გითხრა იმ ჭადრაკის ფიგურებს - სიცოცხლეში ვიცნობდი მეთქი? საერთოდ რომელიმე არსება იცი დედამიწაზე, რომელსაც სიკვდილი უხარია? ვწუხვარ, მაგრამ ეს სამყარო იმიტომ არ შეუქმნია ღმერთს (საჩვენებელი თითი შუბლთან მიიდო), რომ შენ აგიხსნას რას და რატომ აკეთებს. როცა დრო მოვა ალბათ გაიგებ და ახლა იმიტომ არ იცი, რომ დაწყევლილი ხარ. რა გაგიკეთებია ცხოვრებაში კარგი? გუშინ, რომ ინდოელ ბიჭს პიცა უყიდე მაღაზიაში, გგონია რომ კარგი ქენი? ის ბიჭი სახლში მივიდა და თავის მშიერ მეგობრებს, თვითონაც მშიერად მოაჩვენა თავი და სულ წუწუნით დაიძინა, გესმის? შენი საქციელი კარგი არ იყო, შენ ისიამოვნე ამით, მხოლოდ შენ, ის ინდოელი მთელი ღამე იტანჯებოდა თავისი ტყუილით და სიხარბით, შეეძლო და არ გაუნაწილა მეგობრებს. ჰო შვილო! მეც ვეგანი ვიქნებოდი ალბათ, ადამიანი რომ ვიყო. მაგრამ შენ ჭამე ხორცი! იმიტომ, რომ გსიამოვნებს! - არ მსიამოვნებს! - შევაწყვეტინე უტიფრად... - ბოლო დროს, მართლა არ მსიამოვნებს წარმოდგენაც. - ხოდა ჭამე კიტრი! ხომ გიყვარს მარილიანი კიტრი, პომიდვრის წვენში ამოვლებული? იფ იფ - და უცნაურად მამაშვილურად ჩამიღიმა. - თქვენც გიყვართ? - არა შვილო! მე სამწუხაროდ საჭმელი არ მჭირდება! შენს ენაზე ალბათ მეც დამწყევლა ვინმემ (ისევ გაეცინა)... არ დაიჯერო, რომ კურდღელს უხარია , როცა მელია საჭმელად მისდევს. არ დაიჯერო, რომ რახან გული არ აქვს ქვა არ ნერვიულობს, როცა ნაფლეთებად აქცევენ და მისგან ეკლესიას აშენებენ. არც კიტრს და პომიდორს სიამოვნებთ მათზე მოსხმული ძმრის სუნი, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირი არ აქვთ. აი ცაში აიხედე, ხედავ მთვარეს, მზეს... მაგრამ მარსი? ხედავ? ვერა! მაგრამ ხომ იცი, რომ იქ არის? მაგრამ საიდან იცი... გინახავს? - მოკლედ, არ გწყინთ, რომ ხორცს აღარ ვჭამ ხომ? და არც კიტრი ვჭამო? - ცოტა ხმამაღლა გავუცინე, უაზრო ხუმრობის გასამართლებლად. - ხომ გითხარი შვილო! რაც გინდა ის ჭამე, ვერაფერს შეცვლი. აი როგორც ოთხი მხედრის დაცვის შემთხვევაში, პაიკების სტრუქტურა გაფუჭდა და შენ ვეღარაფერს უშველი! მაგრამ პლიუსები ხომ გახსოვს? - კი! b - ხაზი იხსნება ეტლისთვის! - ხოდა წარმოიდგინე, ხორცს თუ არავინ შეჭამთ დედამიწაზე, როგორ გაიაფდება საჭმელი?! რამდენი ცხოველი აღარ მოკვდება და საკუთარ სისხლში არ დაიხრჩობა? თუ საერთოდ ვეგანები გახდებით ყველა, მერე ამ კიტრის ქერქს სად წაიღებთ ამდენს?... თქვი უბრალოდ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის და მორჩა! სულელია ყველა, ვინც ფიქრობს რომ რაიმეს შეცვლის... მაგრამ, წარმოიდგინე რა კარგი ადამიანები არიან, თუ მართლა სჯერათ, რომ ასე უკეთესია, კი! სულელები და გულუბრყვილოები, მაგრამ ხომ ჯერათ? ხოდა დაიჯერე შენც! მე, რომ ადამიანი ვიყო... დავიჯერებდი, გეფიცები! -მეც ვეგანი გავხდე? - მშიერი მოკვდები შე საცოდავო - ხმამაღლა გაეცინა. -თუმცა რატომაც არა, ოდესმე თუ შეძლებ გახდი! დაფიქრდი, შენ სავარაუდოდ უბრალოდ მოკვდები თუ ამას გააკეთებ, მაგრამ ხომ არსებობენ ძალიან ბევრნი, ვისაც შეუძლიათ? იმდენი ფული აქვთ, სპეციალურად მათთვის, ჩარტერული თვითმფრინავით მოაქვთ ცოცხლად მოხარშული ლობსტერი! არადა უდაოდ შეუძლია, რომ გახდეს. თან ცხოველები უყვარს. მცენარეები არა! მაგრამ მაინც ცხოველებს ჭამს?! მე მგონი ძალიანაც ლოგიკურია არა? ადამიანებმაც შეწყვიტეს ადამიანების მოკვლა "ლეგალურად"... ამით ჰგონიათ, რომ უკეთესები გახდნენ. ძალიან ცდებიან შვილო! მაგრამ 10 მცნება ხომ წაგიკითხავს? ხოდა ყველა რაღაც პლიუსს ხედავს დარღვეულ პაიკების სტრუქტურაში, თორემ ვინც ვერ ხედავს ისევ კლავს, არა? ხოდა პლიუსი არის, თუ ვეგანი გახდები გაფუჭებულ სტრუქტურაში b-ხაზი გაგეხსნება. თუ არ გახდები და გააგრძელებ ხორცის ჭამას, ისიამოვნებ... ანუ შემდეგ c6-გაორებული პაიკით d5-ს გაატარებ და ცენტრს დაიკავებ! - ოჰო, რა მაგარი რაღაცეები გისწავლიათ. - ჰო, რატომაც არა?! სხვათაშორის 1-2 შენი პარტიაც შემხვდა "ბაზაში" - და მუხლზე დამარტყა მეგობრულად ხელი. --- - რამდენი ვილაპარაკე არა? - უჰ... მაგრამ მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. - მიხარია შვილო! წამოდგა, მთელი ოთახი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და თავის სკამზე ჩამოჯდა. მამაშვილური გამომეტყველება გაუქრა , ისევ ღმერთი გახდა. მეც წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი. ჩვენ იშვიათად ვემშვიდობებით ერთმანეთს ადამიანურად. თვალებით ვანიშნე, რომ - წავედი მე! - ნოდარ!! - პირველად მომმართა სახელით და კარის ზღურბლიდან შეშფოთებული მოვტრიალდი. -დიახ.. - დაანებე იმ გოგოს თავი! - ოდნავ ბრაზიანი სახით მიყურებდა! - ვინ გოგოს... - და თვალებში მივაშტერდი -... რამდენიმე წამი ვიყავით ასე... ვუყურებდით დაჟინებულად ერთმანეთს თვალებში და უცებ აკანკალებული ხმით ვუთხარი: - არ დავანებებ! თითქოს ელოდაო ამ პასუხს და თითქოს გაუხარდა კიდეც, მთელი სახე ნათლად და სათნოდ მოეფინა... გამიღიმა - მაშინ, ლექსებს გამოგიგზავნი და წაუკითხე, ვითომ შენ დაუწერე... აბა შენ რისი დამწერი ხარ შე შტერო - და ხმამაღლა გაეცინა. მიყვარს მე ჩემი ღმერთი! და მიყვარს მისი სულელური იუმორი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|