ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2022


ჩემო თანაკლასელებო...

ჩემო თანაკლასელებო:
გოგონებო, ბიჭებო,
ვიდრე ვცოცხლობთ ქვეყანაზე,
ვიმღეროთ და ვიჭექოთ.

დავულოცოთ ქალს მანდილი,
მთას - ქორბუდა ირმები,
ვით თინათინს - ავთანდილი,
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.

მინდა გული ავამღერო
ცხადია თუ ზმანება,
ჩემს წინ ყელი მოიღერონ
ჩვენმა ლამაზმანებმა.

ალალი ვარ დედისერთა,
გულს ვიჯერებ ოცნებით,
მსურს ჩვენივე გოგონებმა
გამაბრუონ კოცნებით...

თორემ მიჰქრის ასაკი და
მეც ნელ - ნელა ვბერდები,
სადმე გამიფრინდებიან
მოღუღუნე მტრედები.

გამამდიდრეთ ფოტოებით,
გაღიმება მინდება...
ისევ ამბობს ფოტოგრაფი:
,,ჩიტი გამოფრინდება!“

ჩემო თანაკლასელებო
მზე კვლავ აღმობრწყინდება,
როგორც ნესტანს - ტარიელი,
ერთმანეთი გვჭირდება.


ოთარ რურუა

2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები