ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2023


რაციო

#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ნინო დარბაისელი

რაციო

იზა ორჯონიკიძის მონატრებამ ისევ წამომიარა.
ერთხელ ახალ ლექსს ვუკითხავ, აღტაცებული ვარ საკუთარი ქმნილებით.
ზუსტად ის გამომივიდა, რაც მინდოდა. დავამთავრე კითხვა და დაძაბული ველი, რას მეტყვის.
  მეუბნება, შენი, როგორც პოეტის პრობლემა იცი, რა არისო?
შენს რაციოს მეტისმეტად კარგად უჭირავს შენი ემოციები.
  რაღაცნაირად, სულ შებოჭილი ხარ, თავისუფლება, სილაღე გაკლია,
  ლექსს ახრჩობო…

  მას შემდეგ თხუთმეტი წელიც გასულა და ამას წინათ ერთი  საზოგადოებრივად ცნობილი მეგობარი, რომელსაც ამ შემთხვევაში ინკოგნიტოდ დარჩენა  ურჩევნია და რომელიც იზას ალბათ გამარჯობით თუ იცნობდა,  სრულიად დამოუკიდებლად მეუბნება, შენი, როგორც პოეტის  მთავარი ნაკლი,  იცი, რა არისო? ის,  რაც შენი, როგორც კრიტიკოსის მთავარი ღირსებააო.
    დარწმუნებული ვარ, იზასავით ,, რაციოს” გულისხმობს.
  ერთსაც ვიტყვი და კმარა.
საკუთარ ლექსებზე რომ კრიტიკულ რეფლექსიებს ვწერ, ამის გამო ძვირფასმა უფროსმა კოლეგებმა ჯერ კიდევ როდის პრესაში მისაყვედურეს.
    აი, დედაჩემს რომ ვუკითხავ რამეს, მეუბნება, ვერ გავიგე და ცოტა ამიხსენიო. რომ ავუხსნი, სრულიად გულწრფელად მეკითხება:
- არ შეიძლება, რაც მე ახლა ამიხსენი, ის დაწერო და ლექსი დაარქვა,  ეხლანდელი ლექსები მაინც ურითმო და ურიტმოა, თავისუფალს რომ ეძახით და ვინ დაგიწუნებს, პირიქით, ყველას  უფრო მოეწონებაო…
  და საერთოდ, დედაჩემი აქტიურად ერევა ჩემი ნაწერების თემატიკაში.
    ესმის ქალს პოეზია, უყვარს, ზეპირად სწავლობს, ხმამაღლა წარმოთქმა სიამოვნებს …  (ოღონდ სხვისი ლექსებისა) და რა ქნას!
 
    მე კი მგონია, მჯერა, ზუსტად ისეთი პოეტი ვარ, როგორის მკითხველიც თვითონ ვიქნებოდი. ჩემისთანებით სავსეა დასავლური პოეზია, საქართველოს რაც შეეხება,  პოეტი გენიოსის პარაფრაზს რომ მივმართო ,,ვწუხვარ, ჯერჯერობით  ასეთი მართლა ერთადერთი ვარ!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები