ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2023


კატინა

ნინო დარბაისელი

კატინა

მევალეები მოგვდგომიან ისევ, კატინა!
მოახლეს უხმე,
გააფრთხილე,
უთხრას,
ბატონი შინ არ ბრძანდება და არც ის ვიცით, დაბრუნებას როდის ინებებს,
ჩვენ - არაფერი დაგვიბარაო.

კატინა, მზითვის ოქრო-ვერცხლი - მზითვისა არის,
ხელის ხლება არ შეიძლება.
მე კი  მამისგან ამოტოლა ვალები დამრჩა,
რით გავისტუმრო,
ეს სიამაყე რომ დამეძლია
და შენს გენერალ მამას მართლა დავთანხმებოდი,
თავაზიანად კარიერული კიბისაკენ რომ მიმიძღოდა,
ზედსიძეობის  დამამცირებელ ზედწოდებას რომ მოვრეოდი…
მაგრამ კატინა, არის რაღაც,
რაც  უარაფრო, მაგრამ ამაყ კაცს არ შეუძლია.

და ურჩევნია,
გააუკვდავოს  ჰანგი ერთი,
პიანინოზედ აჟღერებული,
ანდაც საყურე,
ბიბილოსთან რომ ირხეოდა,
როგორც პეპელა.

კატინა, არის ოცნებები და იმედები,
ხელი კიდევაც რომ გიწვდებოდეს,
ასრულებით  არ უნდა მოსპო!

გესმის, კატინა,
დაე, ჩვენ შორის პოეზია იყოს საზღვარი,
გამტარი ღარიც,
ზიარჭურჭელიც,
ჩემს ლექსში დარჩე შენ დაუფრჭვნელი,
მარად უცვლელი,
დაუცლელი,
კვლავ  ხმანარნარი,
დაუმჭნარი,
უსაბაბო და უღაბაბო,
გესმის, კატინა!
მე პოეზიამ  წამიერი შენი ხატება
სამარადისოდ დამახატინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები