ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2023


სახლი

სახლი დაინგრა, სადაც იყო ჩემი ფესვები,
ყველა ბავშვობის მოგონება ნანგრევებს ჩაყვა.
შენ მეუბნები, — "მენატრება შენი ლექსები",
მე კი გპასუხობ, — "უცხო სახლში ვერ დავწერ ახალს".

სახლი დაინგრა, სახლი — ჩემი ბავშობის წლები,
ხეხილის ბაღი, უამრავჯერ ნატკენი მუხლი —
გაყვა ჩემს სახლს და შეგრძნებაა ისეთი მწველი,
რომ გეგონება ეს დაცემა ვიგემე წუხელ.

დაინგრა სახლი, აშენებენ ბეტონის ჯუნგლებს,
ახალ კორპუსში გადმოგვცემენ უახლეს ბინას.
ნაქირავებში ვუმკლავდები მოწოლილ წუხილს,
მაშინ, როდესაც მიუსაფრებს ქუჩაში სძინავთ.

იყინებიან ბებოები ზამთრის თბილისში,
თავს აფარებენ კარდონებს და ხანდახან ბანკებს...
და ეკრანებში გამოპრანჭულ ათას ვირიშვილს
ვატყუებინებთ თავს, რომ თითქოს კარგად გვაქვს საქმე.

სახლი დაინგრა, დაინგრევა კიდევ მრავალი
და კორპუსები ყვავილების ნაცვლად ამოვლენ.
ვის უნდა შენი ყვავილები, სხვაა მთავარი —
მაღაზიები, პარკინგი და იქვე სალონი.

სახლი ხანდახან არის ხოლმე ადამიანიც.
ჩემი სახლი ხარ, ჩემი ბუდე და სულ შინ მხვდები.
ერთად იმდენი დაბრკოლება გადავიარეთ...
სხვა სახლის მსგავსად შენ არასდროს არ დაინგრევი.

სახლი დაინგრა, სადაც იყო ჩემი ფესვები
და თითქოს ყველა მოგონება ნანგრევებს ჩაყვა.
შენ მეუბნები, — "მენატრება შენი ლექსები",
მე კი გპასუხობ, — "უცხო სახლში ვერ დავწერ ახალს".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები