ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2023


პითაგორა და კარკასი

#მემორია


ნინო დარბაისელი

პითაგორა და გაზონი
(კიდევ ერთი მოგონება აკაკი გაწერელიაზე)

    ქალბატონი ნინოო - ასე პირველად აკაკი გაწერელიამ მომმართა და რამდენი წლის ვიყავი მაშინ?!
- ასე ოცდაოთხი- ოცდახუთისა.
      მას რომ უნდოდა, ვინმე,  ერთი  კარგი ლექსმცოდნე- კრიტიკოსი-პოლემიკოსი გამოეზარდა და ეძებდა, ეს ადრე მოვყევი.
  ახლა როგორ მოგატყუოთ, გამესაუბრა თუ არა, ჩემით აღტაცდა და პირველი და ერთადერთი ვიყავი-მეთქი…
    ჩემამდე ჩემივე ცოტა უფროსი მეგობარი - თემურ ქორიძე ჰყავდა შეგულებული, მაგრამ ეს ის წლებია, თემურმა  ლიტერატურას პოლიტიკა რომ არჩია და უკვე ვეღარ იცლიდა ისე ლექსმცოდნეობისთვის. ხშირად მოკითხვის შემოთვლის მეტი არაფერი შეეძლო, არადა ბატონ კაკოსთან ინახებოდა ერთი სამლიტრიანით შავი ღვინო,  სამტრედიიდან ჩამოტანილი, კარგად დახუფული და ერთ დღესაც ამ შავ ღვინოზე ერთად  კარგი ქეიფი ჰქონდათ დაგეგმილი  როლანდ ბერიძესთან ერთად და მე ვპირდებოდი, ჩემთან სახლში ხინკალი გავაკეთოთ და იქ წამოიღეთ- მეთქი.
    არ მგონია, ბატონ კაკოს ხინკალზე ძალიან სხვა რამ კერძი ჰყვარებოდა, ყოველ შემთხვევაში, ხშირად ახსენებდა. ახლა,  შავი ღვინო დიდად არ უხდება, ხინკალს, მაგრამ ვფიქრობდი, ეგეც იყოს და ლუდს და რაღაცეებს მე დავამატებ - მეთქი.
    რამდენჯერაც დავგეგმეთ, სულ რაღაცა ჩაგვეჩხირა!
    სხვათა შორის,  ძირითადად თემურის მხრიდან.
    მერე ქვეყანაც აირია და არ გამოგვივიდა….
    ჩვენი ურთიერთობა  კი როგორც დაიწყო დისტანციურად, ასევე დისტანციურად გრძელდებოდა.
    ბატონ კაკოს არ უყვარდა ვინმეს მაინცა და მაინც ახლოს მიშვება.
    ჩემთაობელებიდან არავინ დაიბრალოს, იმაზე ახლო ვიყავიო, რასაც მე მოვყვები.
  სხვა თაობებისას - ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ფიქრით, არც ჭაბუკობისას იქნებოდა დიდი თაფლი და შაქარი  ჩვენი ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოებისთვის.
  საუკეთესო მთხრობელი იყო. კი გვიამბობდა  მახვილგონივრულ, მახვილსიუჟეტიან ისტორიებს  თავისებური, ირონიაში შერეული ემოციურობით, მაგრამ  ეს მაინც მონოლოგები  უფრო იყო და შენ - მეორე მოდიალოგე მხარედ, მსმენელად გგულისხმობდა.
  ეს ისტორიები  ისეთი იყო, რომ  კი გამახსოვრდებოდა სამუდამოდ, მაგრამ შენ რომ გაგემეორებინა, არაფერი რჩებოდა. ალბათ იმიტომ, რომ მასსავით უნიკალურ აქცენტებს მაინც ვერ დასვამდი.
  ერთ დღეს ჩვეულებრივ მივედი და რაღაც, ხასიათზე ვერ დამხვდა. ჩემი ქებით  დიდად არც მანამდე შეწუხებულა, მაგრამ იმ დღეს  მის ოთახში შევედი და სკამზე დავჯექი თუ არა, რაღაც არ მოეწონა,  მისი წიგნიდან ,,ქართული კლასიკური ლექსი” ერთი მონაკვეთი უნდა დამემუშავებინა და მგონია, მზად ვარ!
    ძლივს ლაპარაკი დავიწყე და -  შუა სიტყვაზე გამაჩერა - ასეთ რამეს სხვა დროს არაფრის დიდებით არ იზამდა.
    უკვე ვფიქრობ, სად რა შემეშალა ისეთი, რომ ეს დავიმსახურე.  ან ვინმესთან რამე ზედმეტი ხომ არ ვთქვი, რა ვიცი!
    წინ თაროებიანი კედელი იყო და მზერა წიგნებზე გადავიტანე უხერხულობის გასაფანტად.
  უცებ ირონიულად მეუბნება,  ტყუილად უყურებთ მაგას, თქვენ მაგისი წამკითხავი და გამგები მაინც არა ხართ და ისევ საკითხი განაგრძეთო.
    როგორია!
  მიდი და განაგრძე!
  არადა სათქმელი მახსოვს.
    რაც არის, არის- მეთქი ვიფიქრე და ავრატრატდი.
  დრო ამოიწურა, ახალი დავალება მომცა, ჩვეულად, ცივი თავაზიანობით დამემშვიდობა და შინ წავედი.
    წესად მქონდა, ყოველი შეხვედრის მერე მის უახლოეს ლექსმცოდნე-მეგობართან - როლანდ ბერიძესთან ვყვებოდი ყველაფერს და ვარჩევდით.
  მივედი ბატონ როლანდთან და  ვერა ვარ ხასიათზე მაინცა და მაინც, ის კი გაცინებული მხვდება და მეუბნება.
  ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ!
  კაკოს ველაპარაკე და მითხრა, გუშინ პითაგორას მეთოდით გამოვცადე და გამოდგება, კარგი გოგოაო.
  პითაგორა ხომ იცი, რას აკეთებდაო, გაიყვანდა მოწაფეს ყველას წინ, მისცემდა ძნელ ამოცანას და დანარჩენებს უნდა რაღაცეები ეძახათ და რამენაირად მოთმინებიდან გამოეყვანათ, მას კი ყურადღება არ უნდა გაფანტვოდა და ამოცანა  მაინც ამოეხსნაო.

***
  ზემოთ როგორ მოკრძალებულ და გულმოდგინე ადამიანად წარმოვსახე ახალგაზრდობაში თავი, არა!
არც მთლად ეგრე იყო.
“გაზონი” იცით რა არის?
როგორც ბატონი კაკო იტყოდა, ,,ააარ იციიით!”
ეს ჩვენი შინაურული სლენგი იყო, სამმა, ….არა, ოთხმა, ბატონი როლანდის გარდა, თემურმაც იცოდა.
    მე თავისებური დაიჯესტების მომზადება მევალებოდა  იმდროინდელი ახლადგამოქვეყნებული ლიტმცოდნეობით-კრიტიკული მასალებისა.
ლექსმცოდნეობა, ალბათ ისევე, როგორც მეტ-ნაკლებად, სხვა რამ მცოდნეობები, რეალურად რუტინული დარგია.
  ციფრებთანაც გიხდება ურთიერთობა…
  არადა,  რამეს რომ გამოაქვეყნებ, მკითხველიც ხომ გინდა, არა?
      ვის ეხალისება შენი მახვილიანი და უმახვილო მარცვლები და სქემები,  შენ რომ  ტვინი გაქვს შიგ ჩაწურული.
      ლექსმცოდნეები დამეთანხმებიან, რომ ჩვეულებრივ,  ჯერ ლექსმცოდნეობით კარკასს ვაგებთ, რამე კვლევით მეთოდს ვუსადაგებთ საკვლევ მასალას , შენობას ,, ვდგამთ” და მერე, ლამის ბოლოს ვცდილობთ,  კრიტიკა-ესეისტიკის სილბილე “დავადოთ”, მკითხველთან გაღწევის, კომუნიკაბელურობის თვისება შევძინოთ ტექსტს.
        იმთავითვე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ იდეალური ლექსმცოდნეობითი წერილი უნდა იყოს მეთოდურად გამართული, აზრობრივად ლოგიკური, მაგრამ მკითხველისთვის გასაგები, აღსაქმელად - ადვილი.
    შეიძლება, ჯერ გაზონი ახარო და მერე სახლი დადგა?
    არ გამოვა!
    მარტო გაზონი  - უსახლოდ,  იქნებ ლამაზია, მაგრამ მთავარი არა აქვს.  მინდვრის ყვავილებიც რომ ახარო, ცარიელი სიტყვაკაზმული რიტორიკაა, ტრიალი მინდორი.
  ერთხელ  გაზაფხულია და პოეტმა ბადრი გუგუშვილმა  მის სახლამდე ლაპარაკ-ლაპარაკით მიმაცილა. სოფელ დიღომში  დიდი სახლის აშენებაზე ლაპარაკობდა  ჩვეული მგზნებარებით და სულ კარკასი-გაზონი, გაზონი-კარკასი იძახა.
ეტყობა, ტვინში გამეჭედა და კრიტიკულ წერილზე საუბრისას წამომცდა, კარგია, მაგრამ შიგ არაფერი არაა, ცარიელი გაზონებია-მეთქი.
    ვაიმეე, რა გულით გაიცინა  ბატონმა კაკომ! … და იმის მერე პირდაპირ გაზონებს ვუწოდებდით უშინაარსო, მაგრამ შესახედავად კარგ ლიტერატურულ წერილებს, რომელიც უხვად იყო და დღემდეც  უხვადაა ჩვენს ლიტერატურულ გარემოში.
  თუ რაღაც თეორია კი იყო მოხსენიებული, მაგრამ ავტორს მეთოდი ბოლომდე ვერ გაჰყავდა,  დასკვნებს ვერ აყალიბებდა, უკვე ვამბობდი, რომ გაზონი და  კარკასია.  მეტი არაფერი!- (ეს გაზონზე უარესია, სხვათა შორის).
  იყო რამდენიმე კრიტიკოსი, რომელზეც გვითქვამს, სახლიც დგას და გაზონიც კარგია.
დღემდე ასე შემომრჩა, რამეს რომ ვკითხულობ.
ახლა  დავფიქრდი და დავღონდი:
აღარც აკაკი გაწერელიაა,
აღარც როლანდ ბერიძე,
აღარც თემურ ქორიძე და
ბადრი გუგუშვილი ხომ ყველაზე ადრე წავიდა ამქვეყნიდან,
თვითმკვლელობით…
ნათელი დაადგეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები