ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2023


* * *

ფიქრების ფარა შეეფინა ჩემი ტვინის ღრანტეებს.
იბორიალეს ცხვრებმა,
ყნოსვით გაიარეს ხევი
და მომშეულები
მინდვრის ძიებაში
უსიერ ტყეს მიადგნენ.

ტყემ უცნაური შეტყუება იცის,
მოშიებამ- სუნზე დაგეშვა,
მით უფრო,
თუ შენ ირგვლივ საკვები
პირის ერთ გაწვდენაზეა.
ამ დროს რისკ- ფაქტორებს ივიწყებ
და პირველყოფილური ინსტინქტით აგრძელებ სვლას,
ერთია მთავარი-ჭამო.

და ფიქრის ფარაც  გაიფანტა...

მე რისი მწყემსი ვარ,
ამათ თავი თუ ვერ მოვუყარე-მეთქი?!
ავდექი და კალმისგან სალამური გამოვთალე,
ჩაბერვა და ცხვრების შეგროვება ერთი იყო.
ყველა მათგანს ვცნობ,
ყველა მათგანი ვიცი.

სამი თეთრი კრავი აკლდა ფიქრების ფარას.
ალბათ ჩემი ტვინის ღრანტეებში
სამი რუხი მგელი რომ ბინადრობს,
იმათი ჩადენილი იქნება- მეთქი
და სამჯერ მოვიქნიე ბრაზის შოლტი.
მისმა შხუილმა ტყის  ყველა მცენარეს გაუარა,
ღრანტეებამდე ჩავიდა და
ბუმერანგივით დააბრუნა უკან.

იციან მგლებმა ეს ხმა და უმალვე ჩემ წინ გაჩნდნენ.
არ ყოფილან დამნაშავენი.
არც ჩიჩია აღმოაჩნდათ,
ვერც მატყლი ვიპოვეთ.
აკრძალული აქვთ: თეთრ ბატკნებს და ნერბებს ახლოსაც არ უნდა გაუარონ.
მათთვის შავი ვერძი შეიძლება მხოლოდ, თორმეტი წლისა,
და მხოლოდ მაშინ,
მყვირალობა რომ გაივლის...

იქით მივდექი,
აქით მოვდექი,
ტყე გადავატრიალე ძებნით,
ხევები დავათვალიერე,
თითქოს მიწამ უყოო პირი...
ჩემი სამი თეთრი კრავი არსად ჩანდა.
რა უნდა მექნა?
ტირილს ხომ არ დავიწყებდი ცხვრებისა და მგლების წინაშე?!

რისი მწყემსი ვარ,
გდადაგზა ვკარგო ცხვარი,
და ისიც,
ყველაზე თეთრი და პატარა ბატკანი?!
გამოვყე ერთი ნერბი და ერთიც ვერძი,
მგლები მცველებად გავაყოლე
და ვუბრძანე: არ გაებედათ
შინ კრავების გარეშე დაბრუნება!

სამი დღე და ღამე იარეს
სამი დღე და ღამე ძებნეს...
კვლა-შობის ჭურჭელ-ზიარად
გამოსდევნებოდნენ პეპლებს.
იგრძნეს და ვაი, რომ ემწარათ
ზეცამდე მანძილი, სიგრძე...
ქათქათა ბატკნები , უმწეო,
უწონო ღრუბლებად იქცნენ...

ხელმოცარული მწყემსი გამოვდექ.
ჩემივე უცოდველი ფიქრები გამიუცხოვდნენ...

მათი ადგილი  დედამიწაზე არ მოინიშნა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები