ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2023


მამაჩემს

მამაჩემს

წლების წინ განგაშმა გაგვაღვიძა,
ომი დაიწყოო,
ცივი და უშველებელი.
შენ სამარცხვინოდ თვლიდი ამ ომს ყველას წინაშე.
თესავდი ყვავილებს,
უვლიდი ცოლსა და ერთ ძირ ატმის ხეს.
ვინ მოთვლის რამდენ რამეს...

ცხრა მხარე მოგივლია,
მე კი შენ დაგყვებოდი, თითქოს ომს გავდა ჩემი დაბადებაც.
შენ კი, როგორც ათასი მეომრისგან გამორჩეულმა რაინდმა, წინ გამიძეხი
და არაფერი გისწავლია,
არაფერი გაგიმეტებია, გარდა სიყვარულის.

ბოლოს სახლში პანაშვიდი გვქონდა მამაშენის,
შენ იდექი როგორც ძეგლი,
მე თვალს ვერ გწყვეტდი,
რიგში იდგნენ პედაგოგები
და ცრემლიანნი მიუყვებოდნენ გზას აღმართისკენ.
როცა უკანასკნელი სიტყვის დრო მოვიდა,
მხოლოდ ის იყო,
პაპაჩემი მოკვდაო
და ცხელი მზერა ჩააყოლე ფხვიერ მიწაში.

2

როცა ნელ-ნელა მოსაღამოვდა
და მგზავრი სინდისიერად დავტოვეთ სახლში,
ყველამ გეზი აიღო დაღმართისკენ,
გარდა ერთისა.

ჩამსხვრეულაო ჩვენი სახლის ფანჯრები,
ჩამოწოლილა სახურავი,
აწვიმს - ათოვსო.
აღარ იდებენო მერცხლები ბუდეს,
მერცხლებიც გრძნობენო ადამიანს.
მხოლოდ და მხოლოდ გუგულის ხმა ისმის,
გულს გაგიჩერებსო.

არ დაბერდე,
სანამ გული ისევ წვალობს,
გაბზარულ საფლავებს გავამთელებთ,
გავაშენებთ პატარა ბაღს,
საღამოობით დავსხდებით აივანზე,
მზერას გავაყოლებთ იქ,
საიდანაც კარგად ჩანს ის აღმართი.
მაშინ კაშკაშებდნენ სხვისი სახლებიც,
ახლა ბჭუტავენ
თითქოს სახლებსაც დავიწყნიათ თავისი ენა.

ვიცხოვრეთ ვარსკვლავზე და ჩამოვარდა,
შენ კი სურვილს ითქვამდი ზუსტად ასეთ დროს,
ენგურს გადაღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები