ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2023


თავისთვისმობუტბუტე

გ.გ-ს მონათხრობიდან

,,თბილისის ერთერთ ძველ უბანში ვცხოვრობდი.
მაშინ, იქ, ყველაფერი ძველი იყო - სახლები, შენობა-ნაგებობები, კერძო სახლების ღობე,
ჭადრები, ცაცხვის ხეები,  დიდრონი ნაძვ-ფიჭვები. მაშინ, თითქოს ადამიანებიც ძველები იყვნენ, სამოსიც ძველი ეცვათ და, განსაკუთრებით შემოდგომა-გაზაფხულზე,  ქუჩაში ნაფტალინის სუნი, რომელსაც ქალები ,,კრასნია მასკავა,,-თი ჩახშობას ლამობდნენ, მაინც იგრძნობოდა.
სწორედ იმ თაობის ორი ქალბატონის შესახებ მინდა მოგითხროთ.
ევა და მარია.
ასე ერქვათ დებს.
კონტურებიანი კვასკავაწითელი ტუჩსაცხით, ასევე კონკტურში მოქცეული ოდნავზემოთ აწეული  წარბებით, თეთრად დაპუდრული პირსახით, და, როგორც წესი გიპიურისსაყელოიანი ერთნაირი კაბებით.
რა თქმა უნდა, მაღალ ქუსლებიან ფრანცუსკებზე და ხელში ამოქარგული ცხვირსახოცით.
რა საკითხავია რომ ამგვარი ჩაცმულობის მუდმივი ატრიბუტი შლაპა აუცილებელი ელემენტი გახლდათ.
იმ დროს იმ ძველ უბანში ორი ხანში შესული და ევა და მარია უფრო ქრისტიან დიორისგან იყვნენ, ვიდრე კოკო შანელისგან.
არავინ ღებულობდა მათი ჩაცმულობის არც სტილს და, სათანადოდ, არც მათ.
ევას და მარიას ეს სულაც არ ანაღვლებდა.
ორი გაუთხოვარი  თავისი იდუმალი ცხოვრებით ცხოვრობდა. განცალკევებით და მცირედი ურთიერთობის გარეშეც კი.
საქმე ის გახლავთ, რომ მათდამი  გარშემომყოფთა სკეპტიკურ  დამოკიდებულებას  მათი გარეგნობის გარდა კიდევ ერთი ფაქტი განაპირობებდა.
ერთად თუ მარტო, დები განუწყვეტლივ  ერთმანეთში საუბრობდნენ, ან თავისთვის ბუტბუტებდნენ.
ერთხელ მეეზოვე ფაზესგან გავიგე
- ნეტა ამდენს რასა ლაპარაკობენო-
და იმ დღიდან იდეა გამიჩნდა რომ  რაიმე ხერხით მომესმინა მათი ბუტბუტი ან დიალოგი.
მე პატარა ვიყავი.
ასე, შვიდი-რვა წლის.
მუდამ ვაკვირდებოდი ევას და მარიას და შევამჩნიე რომ უკან არცერთხელ, არასოდეს მოუხედავთ.
სწორედ ამ ნიუანსმა გადამაწყვეტინა რომ ერთ შაბათ დილას დებს თავის ეზოიან სახლთან ჩავუსაფრთი.
დიდხანს ლოდინი არ მომწევია.
ჭიშკრისიქიდან ჯერ საუბარი გავიგონე:
- ევა, საყვარელო,  საყელო როგორ მაქვს?
- მოხდენილად, მარია.
აბა, მე შემათვალიერე.
- ნეატრაზიმა, გალუბუშკა.
- მიყვარხარ, დაიკო.
- მეც.
ჭიშკარი გაიღო და გადმოვიდნენ მოსაუბრეები და რუსთაველის გამზირისკენ გემართნენ.
მე თამამად გავყევი უკან  და ისეთ მანძილს ვინარჩუნებდი რომ მათი საუბარი გამეგო.
- ჯერ ბუკინისტებში?
- იყოს ბუკინისტები საყვარელო.
- ნეტა რამდენს მოგვცემს?
- რა მნიშვნელობა აქვს, დღეს ხომ გვეყოფა.
- ჰო. მხოლოდ პიტნის წვეთები და შაქრის ნატეხები გვესაჭიროება.
- მხოლოდ, საყვარელო
- ის გიზოა?
ლაბადიან მოხუცზე მიუთითა ევამ.
- გიზოა. მოტეხილა.
- მივიდეთ?
- რა საჭიროა.
- ღმერთმა დალოცოს.
- ღმერთმა დალოცოს.
- მაინც, ბანალურია ცვაიგი. საყვარელი, მაგრამ ბანალური.
- ჰო. ბორხესი ვერ არის.
- ვერა, საყვარელო.
ბორხესი სვეწილაა.
- დიახ, ფიოდორს არაფრით ჩამოუვარდება.
- მარია, შეხედე რა უქნიათ?
- რა?
- ამ საფეხურზე ხომ მოზაიკის
SALVE იყო?
- ღმერთო!
როგორ ებრძვიან თბილ ესტეთიზმს.
- იცი? უაზრობაა, მაგრამ რატომღაც მედიჩები გამახსენდა.
- არც ისე უაზრობაა, საყვარელო.
ბუკინისტურ მაღაზიას მივუახლოვდით.
ევა და მარია  მაღაზიაში შევიდნენ და მეც შევედი და ვითომ გაცრეცილყდიანი წიგნების დათვალიერებას შევუდექი.
დები ჭაღარა
უცნაურადგამხდარ გამყიდველს მიუახლოვდნენ.
- სალამი, ვაჟა.
- გამარჯობა, ევა და მარია. ამჯერად რა მოგვიტანეთ?
- ბერძნული მითოლოგიის 1854 წლის პეტერბურგის გამოცემა.
ევამ  წიგნი გამყიდველს აჩვენა.
ვაჟამ ჯერ ყდა შეათვალიერა, შემდეგ გადაფურცლა და ბოლო გვერდს დახედა.
- ოთხი თუმანი გაწყობთ?
დებმა ერთმანეთს შეხედეს, მერე ერთხმად თქვეს:
- სამი თუმანი იყოს. - შენც ხომ უნდა დაგრჩეს რაღაც.
დასძინა მარიამ.
- რა თქმა უნდა.
დაეთანხმა ევა.
ვაჟამ დახლსქვემოდან  ოთხი წითელი  თუმნიანი ამოიღო, დებს ღიმილით გაუწოდა და უთხრა:
- არა, არა, ამჯერად ნუ დააკლებთ.
მე ამ წიგნს კარგად გავყიდი.
- როგორც ინებებ, ვაჟიკო.
ისევ ერთხმად თქვეს ევამ და მარიამ.
მაღაზიიდანგამოსულებს ისევ უკან მივყვებოდი.
- რა საყვარელია ვაჟიკო.
- ევა, შენ მაინც ხომ იცი რომ საყვარელი მამაკაცები არ არსებობენ.
- ჰო, მაგრამ ...
- არავითარი - მაგრამ!
მხოლოდ ჩვენი მამა იყო კარგი, მაგრამ ისიც არ იყო საყვარელი.
- ზოგჯერ დამაბნეველია შენი ობიექტურობა, მარია.
- ბარემ, თქვი, რომ მკაცრი ვარ
- არა, საყვარელო, შენ  ობიექტური ხარ და, მართალია, ეს ყველა დროში სიმკაცრედ ითვლება, მაგრამ მე ხომ ვიცი შენი გულჩვილობის ამბავი?
- აფთიაქი
- ჰო, შევიდეთ.
მე აღარ შევყევი და გარეთ დაველოდე.
ცოტახანში აფთიაქიდან
მოხუცი ქალი გამოვიდა.
უკან ევა და მარია მოჰყვებოდნენ.
მოხუცმა  მათ მადლობა რამდენჯერმე  გადაუხადა და აუჩქარებლად გაუყვა გზას.
ევას და მარიას ისევ უკან მივყვებოდი.
- როგორ გაეხარდა
- საყვარელი
- ჰო
- ევა, აი, ჩვენი მათხოვარი
ევა მათხოვარს მიუახლოვდა, ხურდა ფული მიაწოდა და ჰკითხა:
- რუსუდან, რატომ არ ჩანდი?
- ავად ვიყავი
- ახლა როგორ ხარ?
- ექიმებმა იცოცხლებო
- იცოცხლებ, აბა, რა
ისევ ერთად გამოუვიდათ დებს.
- გაიხარეთ, გოგოებო
- ევა, შეხედე, ვინ მოდის!
- ვინ? სად?
-  გალაკტიონი, მარცხნივ!
- ღმერთო! ჩვენი გენია!
და დებმა ხმამაღლა დაიწყეს:
- სიშორით შენი სიახლოვე, მარადის მძაფრი,
აბრუნებს ყნოსვას, ვარდო ტყიურო....
  ვიდრე ევა და მარია შუა რუსთაველზე ლექსს კითხულობდნენ, დიდი პოეტი იდგა და ყუარდღებით უსმენდა მათ.
მერე ორივე მასთან მივიდა და დავინახე მარიამ, ისე რომ ეს არავის შეემჩნია, როგორ ჩაუცურა გენიას ჯიბეში  წითელი თუმნიანი.
მერე ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ორივე სწრაფად გაეცალა იქაურობას.
დაბნეულმა გალაკტიონმა  სწორედ  იმ ჯიბისკენ წაიღო ხელი სადაც  ღვინის ფული უკვე იდო.
- გიჟები!
მომესმა ზურგსუკან.
მივიხედე და უბნელი ზაირა თავის ბუღალტერ ქმართან ერთად ევას და მარიას გასცქეოდნენ.
იმ დღის შემდეგ არასოდეს მომისმენია არც მათი საუბარი და არც მათი ბუტბუტი, რადგან ჩემთვის ყოველივე ნათელი გახდა.
ერთხელ, როდესაც სკოლა დავამთავრე, გამოსაშვებ საღამოზე მაგრად დავითვერი.
დილით ადრე ჩემს სახლთან ახლოს უკვე  წელში მოხრილები ძველი წიგნით ხელში
ევა და  მარია შემომხვდნენ.
ვთხოვე,  სულ ორი წუთი
გაჩერებულიყვნენ და  მოესმინათ ჩემთვის.
მოხუცები დამთანხმდნენ.
მე გალაკტიონის
,,ლურჯა ცხენები,,
წავუკითხე, მერე ხელზე ვეამბორე და ვუთხარი
რომ ორივე ძალიან მიყვარს.
- კი, მაგრამ, ყმაწვილო, თქვენ, ხომ არ გვიცნობთ?
ეს მარიამ თქვა.
მე ვიცრუე, რომ
ერთხელ გალაკტიონმა დუქანში წითელი თუმნიანის ამბავი მოჰყვა და როდესაც ეს ორი ქალბატონი აღწერა, მივხვდი რომ თქვენ იყავით, რადგან ამ ქალაქში  არავინ ისე გემოვნებით არ  იცვამს, როგორც ევა და მარია, არავის ისე არ უყვარს ერთმანეთი, როგორც ევას და მარიას და არავის არ აქვს ისეთი ფაქიზი სული, როგორც
მარიასა და ევას!
ისევ ერთდროულად მოხუცმა დებმა პატარა ზომის ჩანთებიდან, თეთრი  ცხვირსახოცი ამოიღეს და ჯერ ერთ ხოლო შემდეგ მეორე თვალზე მიიდეს.
- მარია, გესმის?  სახელებიც სცოდნია
- დიახ, ვიცი!
ვთქვი მე.
- როგორი მოულოდნელი და ამაღელვებელია, მარია!
- კარგი ახალგაზრდა ჩანხართ
მითხრა მარიამ
- და მგონი, საყვარელიც
დასძინა ევამ
- მგონი, კი
გაუღიმა მარიამ.
დიდხანს საზღვარგარეთ ვიცხოვრე და რომ დავბრუნდი მათი საფლავი მოვიკითხე.
თავისთვისმობუტბუტე
ევას და მარიას საფლავი დიდიხნისმოუვლელობის  გამო გაუუქმებიათ,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები