ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ოქტომბერი, 2023


George Gordon Byron - To Thyrza: And Thou Art Dead

ჯორჯ გორდონ ბაირონი - თირზას

ასეთი ნორჩი და მშვენიერი
მოგონებადღა დარჩი წარსულის,
მიწამ ჩაგიკრა - ნაზი იერის
და იშვიათი ხიბლის ასული,
გადაგეფარა მრუმე ნამქერად;
ბრბო ალბათ საფლავს ფეხით გაქელავს
უდარდელად, ან  სიმხიარულით,
არ შეუძლია ჩემს თვალს წამითაც
სამარის მზერა, ძრწოლა ამიტანს.

თვალიერება არ მსურს ალაგის,
სადაც ჩაგმარხეს დასამიწებლად,
ყვავილი ხარობს იქ, თუ ბალახში
სიმყრალისმფრქვევი ნარი ირწევა,
მტკიცებულებად ის მეკმარება,
ვინც მიყვარდა და კვლავ მეყვარება,
მიწაში მწოლი რომ გაიხრწნება
და არ მწადია მითხრას მარმარმა -
ავჟამმა რარიგ დაგასამარა.

მიყვარდი ძლიერ, დაუცხრომელად,
დაგიდასტურე ტრფობა შეფიცვით,
არც შენ შეგცვლია გრძნობა, რომელსაც,
ახლა სიკვდილით ვეღარ შეიცვლი.
რასაც დალუქავს კვდომა ნატვიფრით,
დრო ვერ დალეწავს და ვერც რაყიფის
ცილი წარგვტაცებს, მრუდი, ბრეცილი;
არ გდომებია ნაკლის დამნახავს
ჩემში გეძებნა ავი განზრახვა.

მორჩა საამო  წლები ნათების,
დაიწყო ჟამი დამწუხარების,
შუქმფინარი მზით ვეღარ გათბები,
არ ჩაგესმება ჩქამი ქარების.
უსიზმრო ძილის დამდუმარება
გულს შეშურდება, ამდუღარდება,
აქვითინდება გაუხარები;
გადაქცეულხარ მიწის ნაწილად,
მემახსოვრები მიწყივ ყმაწვილად!

ყვავილს, სიტურფით შეუდარელსაც,
ორომტრიალი ბედის დანავსავს,
თუნდაც დაინდოს იგი მსახვრელმა,
აღარ შეარჩენს ეშხის ნასახსაც.
სანახავია თავზარდამცემი,
როცა ვარდს ხედავ ფურცლებდაცვენილს,
სჯობს დრომ მოწყვიტოს ჯერაც ხასხასა;
თვალს განა ძალუძს იმის ყურება,
შნო ნება-ნება ვით ნადგურდება.

ვეღარ შევძლებდი ალბათ ატანას,
თუ გახმებოდი ნელა ნარნარი,
დილამ მცირე ხანს მხოლოდ გასტანა,
ღამემ დაფარა ტურფა ბაღნარი,
ქუფრის ღრუბლები ცაზე გასქელდა,
ამიკაშკაშდი უკანასკნელად
გადამქრალი და ჯერ არ დამჭკნარი;
მსგავსად ვარსკვლავი ჩამოწყვეტისას
აკიაფდება გამოკვეთილად.

როგორც ძალმედვა სულისშემძვრელი
გლოვა, ეს ცრემლი ზღვაში წვეთია,
ფიქრი მაძრწუნებს, რომ ვერ შევძელი
მომაკვდავისთვის ღამე მეთია,
რათა მხურვალედ შენთვის მელოცა,
სახე ბოლოჯერ გადამეკოცნა
და მხარზე ხელი  გადამეხვია;
ამგვარ სიყვარულს, მწველი ლაციცით,
მე და შენ უკვე ვეღარ განვიცდით.

თუმც სიყვარულის ხუნდი ამხსენი,
არ მიხარია გააზატება,
ისევ მეწვევა შვება დამხსნელი,
როცა ვიხსენებ ძვირფას ხატებას
და რაც ბნელით ვერ გაანადგურა
მკვდართა საუფლოს ქუშმა სადგურმა,
მოგონებებად აფარფატდება;
მაგრამ ზეიმი სულთა სიმორცხვის,
ვერ შეცვლის დღეებს შენი სიცოცხლის.

4 ოქტომბერი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/43822/and-thou-art-dead-as-young-and-fair

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები