ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 ოქტომბერი, 2023


სიცოცხლის სირცხვილი

სირცხვილია იცოცხლო.

როცა უმწეო ბავშვებს, - ამ ცოდვიან სამყაროზე გაცილებით დიდ უმწეო პატარებს, - უმოწყალოდ კლავენ, სირცხვილია იცოცხლო. ეგ ბავშვები აქ არიან უმწეო, თორემ  იმქვეყნად რომ იკითხავენ - რა ცოდვებისთვის მოვიკალითო , მაშინ უკვე ცოდვილები დამუნჯდებიან და ხელები და გულები აულაპარაკდებათ, რათა მკაფიოდ გადმოსცენ პატრონთა დანაშაულები, თვითონ პატრონები კი ინატრებენ - ნეტა ქვად გავჩენილიყავითო, მაგრამ ამაოდ - გულქვათა სამყარო უკვე იქნება სამარადისოდ აღსრულებული.

უსამართლობა მოედინება დიდი სიმდიდრისა და გავლენების სათავიდან. ისინი, ის გულქვა მილიარდელები, წინასწარ შედგენილი მზაკვრული გეგმებით, მოხერხებულად ცდილობენ, მილიარდობით ადამიანი გადაამტერონ ერთმანეთს, თვითონ კი არხეინად მოკალათდნენ რომელიმე ცათამბჯენში და იქიდან ისეირონ ამ ხოცვა-ჟლეტაზე. გადამტერების ხრიკები იმდენად ეშმაკურია, რომ დაკარგულია ყოველგვარი ადამიანურობა, რაც კეთილ ადამიანსაც გულქვას გახდის და სიკეთეს ისევ სიკეთე დაუპირისპირდება. ძალიან მიმძიმს კერძო მაგალითების ჩვენება ან გააზრება. უკრაინელი ბავშვი რომ ვიღაცისთვის ბავშვია და პალესტინელი ბავშვი რომ ბავშვი არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი ბავშვიც არაა ბავშვი, ებრაელი ბავშვიც არაა ბავშვი, არცერთი ბავშვი არაა ბავშვი იმ ვიღაცისთვის, ვისთვისაც მხოლოდ საკუთარი თავია ყველაფერი, საკუთარი თავი, რომელიც დამალულია ცათამბჯენებში, მაგრამ მისი ბოროტება - ჩანს და გვღუპავს.

უსამართლობაში გამარჯვება არ ნიშნავს გამარჯვებას. როცა ჯვაროსნები უბრალო ხალხს უმოწყალოდ ხოცავდნენ, მაშინ სხვა, ლმობიერად ცნობილი მეფეებიც კი, ან აშკარად უჭერდნენ მხარს, ან დუმილით, ხოლო როცა ჯვაროსანთა ხელი მათაც შეეხოთ, მაშინ მიხვდნენ, რომ განადგურებაში კი არ იყო გამარჯვება, არამედ სიკეთეში შეჯიბრებას მოჰქონდა იგი.

არსებობს განსხვავებები რწმენასა თუ წარმომავლობაში, მაგრამ საერთო გამოცდა სწორედ ის არის, რომ ადამიანები დიდსულოვნებაში მიებაძონ ერთმანეთს და სწორედ ამ დიდსულოვნებამ ილაპარაკოს მათ რწმენაზე, მათ ეროვნულობაზე. ესაა საერთო გამარჯვება. ესაა გამარჯვების გამარჯვება. როცა შენი სიტყვა არის ტყუილი; როცა შენი საქმე არის უსამართლო; როცა შენი დუმილი არის უსამართლო, - მაშინ შენ ხარ ურწმუნო. ესაა ურწმონოება. სიტყვიერ ბრძოლაში  (ინფორმაციულ ომში) გამარჯვება ის კი არ არის, რომ სხვისი სიმართლე ან შენი უსამართლობა მიჩქმალო და გადაკარგო, არამედ მიუკერძოებლად მიიტანო სხვასთან შენი სინამდვილე. ესაა გულწრფელობა.

ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ ომში ფიზიკურად; ვინც ამ ომში მონაწილეობს, ისიც არ არის ძირითადი გამომწვევი, არამედ ომი ჭირდებათ იმ გულქვა უჩინართ, ვისთვისაც საკუთარი თავია ყველაფერი, თუნდაც ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა ამქვეყნად. ამიტომ ჩვენ, სხვა დანარჩენმა, ერთიანად და  ყოველდრიურობაში: უნდა დავფიქრდეთ, ღრმად დავფიქრდეთ და ვისწრაფოთ იმისკენ, რომ დაპირისპირებას ავერიდოთ; ვისაუბროთ ისე, რომ ომის ხსენებაც გვეთაკილებოდეს; განსხვავებების მიუხედავად, ჩავწვდეთ იმ საერთო მხარეებს, რითაც მოვიკრებთ ძალას ურთიერთგახარებაში.

ბავშვებო, მოგვიტევეთ. სადაც ამდენი ბავშვი კვდება, არც არსებობს იქ დიდი ადამიანი.
ის, ვინც დიდია, სირცხვილია იცოცხლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები