ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ნოემბერი, 2023


გალაკტიონ, მტრები არ დაგლეოდეს!

#გალაკტიონი

    ნდს

    გალაკტიონ, მტრები არ დაგლეოდეს!

დღეს შენი დაბადების დღეა, გალაკტიონ!
ეს იმას ნიშნავს ჩემთვის, რომ  ამსიშორესაც კი მთელი დღე შენი პოეზიით და შენზე ფიქრებით ვარ სავსე, ჩემი ახლო მეგობრებივით.
    თუმცა მანძილი აქვს  მხოლოდ სხეულს, სულმა  - მანძილი - არ იცის!
    წარმომიდგენია, რა ძნელია,
შენ რომ ადამიანს მეგობრად მიიჩნევ,  ნათესავ-ახლობელთა სიაშიც რომ  ჩაწერ,  და გულსაკლავად იტყვი:
“აქ ოდესმე  ჯანსაღი 33 კაციდან 20 ცოცხალი აღარ არისო”. (1954 წ. 24 ნოემბერი)  შენი შთამომავალი- მკვლევარებიც, “შენი პატრიოტები”, როგორც  თავად მოიხსენიებდი ასეთ ადამიანებს,  სადმე კომენტარებში მიუთითებენ,  იოსებ მჭედლიშვილი - გალაკტიონის მეგობარიო, გავა წლები,  ათწლეულები, ნახევარი საუკუნე, სამოცი წელი  შენი გარდაცვალებიდან და გამოსცემენ იმ ადამიანის დღიურებს, სადაც შენზე უსაზიზღრესობა უწერია, თანაც არა ერთგან.
    შენ რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილიყავი, დაიმკვიდრებდი სასუფეველს სადმე და იქნებ ვერც ვერაფერი გეგრძნო, მაგრამ გალაკტიონ, შენი სული ხომ  ჩვენში მარად მიმოიქცევა, აქაა, არასოდეს გვტოვებს!
    ხანდახან ჩვენ თუ გავექცევით, ან გვგონია, მართლა გავექეცით,  მიწიერი საზომებით, თითქოს დავშორდით კიდეც, თავსაც ვიჯერებთ, მაგრამ როგორ ვგრძნობთ ასეთ დროს შენს მოწყალე ღიმილს!
    და იცი, ამ დროს რა შეგრძნებაა? 
    ქვების მძიმე ქუსლებით პოლიუსს კი ეყრდნობოდი და ეყრდნობი, მაგრამ მაინც არ გეცოდინება შენ სპორტის ეს სახეობა, შედარებით ახალია,  უკვე საქართველოშიც მისდევენ ახლა, “იქსტრიმ ჯამფინგი” ჰქვია ზოგან.   
      მოგაბამენ წელზე  კარგად უსაფრთხოების ელასტიკურ ქამარს,  უნდა გადახტე  სიმაღლიდან წყლის ან რამე უფსკრულის თავზე,  “იო-იოსავით” ზემოთ-ქვემოთ მოძრაობ, ფრენის რისკსა და აღტაცებას განიცდი, ადრენალინი - უხვად!…მაგრამ დროის ლიმიტი ამოგეწურება და საწყის წერტილში აგქაჩავენ.
    დღეს მე ამ საწყის წერტილში ვარ ამოქაჩული და ახლოს გგრძნობ.
  ახლოდან გელაპარაკები.
    ჰო, მე საერთოდ, არ ვემხრობი აზრს, რომ  ნებისმიერი ხელნაწერი ტექსტი, მუზეუმში  რომ ინახება,  უნდა გამოიცეს წიგნად და ტირაჟირებული ფართო მკითხველი საზოგადოების წინაშე დაიდოს.
    ვთვლი, რომ მუზეუმში დაცული ორიგინალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეცნიერ-მკვლევარისთვის,  ადამიანისთვის, რომელსაც ელემენტარული ცოდნა-გამოცდილება გააჩნია ხელნაწერებისადმი მოპყრობისა.
  ამის გამო ძველმოდური და ჩამორჩენილი ვარ, ცენზურას ვუჭერ მხარს?
    ვიყო!
  აი, სულ არ მედარდება, ასე იტყვიან თუ არა ჩემზე ისინი, ვინც  წიგნის ბაზარზე  და უფრო ფართოდ, საზოგადოებაში გამორჩენითი ან თუნდაც  კომერციული მოსაზრებით,  სკანდალურ გზას ირჩევენ.   
    მესმის, წიგნი - პროდუქციაა, მის წარმოებაზე - თანხა იხარჯება და  დამხარჯავი - რაღაც სახის მოგებას რომ მოელოდეს, არც გაემტყუნება, მაგრამ ამაზე აქვთ დიდ მოაზროვნეებს ნათქვამი, “რასაც ვერ მოიცავს კანონი, იმას - მორალი განაგებსო”.
    დავსვათ საკითხი პირდაპირ ასე:
    რაც ამ წიგნის გამოცემა  დაჯდა, იმ ფასისა რა შეიძინა ქართულმა ლიტერატურამ და კულტურამ? 
    მე თუ მკითხავ, ზედ გადასხმული ბალღამის მეტი - არაფერი!
  საერთოდ, დღიურები, პირადი მიმოწერა, მოგონებანი ვინმე სახელოვანი პირის შესახებ - დიდი სიფრთხილით გამოსაყენებელია წყაროდ.  მათი არსობრივი მახასიათებელი, - სუბიექტური ხედვა საგანთა  და პრობლემათა,  რაოდენ გულწრფელადაც არ უნდა იყოს გადმოცემული ყველაფერი, სანდოობის ხარისხს უკიდურესად დაბლა სწევს და ხშირ შემთხვევაში აუქმებს კიდეც. 
    ეს მით უფრო საფრთხილოა, როცა ინფორმაციის ვერიფიცირება არ ხერხდება. 
    ამისგან განსხვავებით,  დოკუმენტები - სხვა ამბავია!
    თუმცა რაიმე მოტივით ფალსიფიცირების საფრთხე -  მეტადრე დღეს, ფოტოშოფის არსებობისას, აქაც გასათვალისწინებელია.
    კარგი ტექსტოლოგივით, მსჯელობამ გამიტაცა და არ მინდა,  შენი ყურადღებით
უდიერად ვისარგებლო, უბრალოდ, იმ მომენტებს წაგიკითხავ იოსებ მჭედლიშვილის დღიურიდან (2014), სადაც შენზე ლაპარაკობს, (დანარჩენი - ფოტოებზეა):
  ,, გუშინწინ წავიკითხე “მნათობში” გალაქტიონ ტაბიძის უგუნურება. კაცს ფულს აძლევენ იმისთვის, რომ თავისი თავი დაამახინჯოს და თავისი დამახინჯებული თავი მოეწონოს. ესეც ცოტაა; იმისთვის აძლევენ ფულსა, რომ სხვასაც მოაწონოს, მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მილიონებსაც მოუწოდებს სიმახინჯის მოწონებისათვის - მათ ასწავლის მახინჯობას.”

    ახლა,  ხომ წარმოგიდგენია,  შენზე
მსჯელობისას ამას რომ პირდაპირ ენდოს და დაეყრდნოს ვინმე ახალთაობელი მკითხველი, რომელიც საქმეში ჩაუხედავია, სპეციალისტობას ხომ ყველას ვერ მოსთხოვ, წიგნს კი ტირაჟი აქვს და ყველას შეუძლია შეძენა!
    ვინმემ რომ ჩათვალოს, ადამიანი საკუთარ დღიურში ტყუილს ხომ არ ჩაწერდაო, თან რა ბიოგრაფია აქვს თვითონ!  რამდენჯერ დასჯილ-რეპრესირებულიც ყოფილა!
(ვდებ ბიოგრაფიის ფოტოებსაც)
ხანდახან არ მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი მართალია, რასაც მტრებზე ამბობდი. მაგრამ ალბათ ეს მტრები იყვნენ, პირში მოცინარენი და გულით შენი… შენი…ალბათ ასეთები იგულისხმებოდნენ, როცა ამბობდი, ო მებრალება ჩემი მტრები, არ ვიცი მტრობაო.
    მაგრამ დღეს ხომ შენი დღეობაა!
    იცი, რა გამახსენდა?
  ერთხელ გურჯაანში, ნათესავებში ქეიფისას თამადამ ერთ ცნობილ კაცს  უთხრა: - გისურვებ, მრავალჟამიერ,  მოყვრები რომ თავისთავად და, მტრები არ დაგლეოდესო.
    მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გამიკვირდა. ასე მტერი დაგეცალოსო,  დაცლილი ჭიქის ცერზე დაპირქვავება ბევრჯერ მენახა.
    ახლა მინდა, იგივე გისურვო:
  - მტრები არ დაგლეოდეს!
  დაკლებით - შენ ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს და საკუთარი ნათქვამით,  არსებობით კი შენდამი ქართველი  მკითხველის თაობათა  ყურადღებას ააქტიურებენ, ,,ცინცხლად ინახავენ”!
  ბრალი იმისი, ვისაც ამქვეყნად  მტერ- მოშურნე არა ჰყოლია და არც დარჩენია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები