ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2023


ლექსაობა სამხრეთამერიკულად და დათო წერედიანი

#კალეიდოსკოპი
Manana Gharibashvili

      ლექსაობა სამხრეთამერიკულად და დათო წერედიანი

    ახლა არ მითხრათ, რას არ მოიგონებ!
რა შუაშია ჯერ ლექსაობა, მერე სამხრეთი ამერიკა და თანაც დათო წერედიანიო.
    რა ჩემი ბრალია, ადამიანის აზროვნებაა მოწყობილი ასე,  ნეირონთა ბუდეებს მხოლოდ ლოგიკური კი არა,  მრავალგვარი და მათ შორის, ასოციაციური ბმებიც ახასიათებს.
      ლექსით გაპაექრება -  მხოლოდ ქართული ფოლკლორის სპეციფიკური ჟანრი  როდია.
  მაგალითად,  სამხრეთ ამერიკაშიც  მეტად პოპულარულია იგი    და ეწოდება კონტრაპუნტეოსი - სიტყვიერი დუელი, რომელში  მონაწილე  თითოეულ მხარესაც კოპლეროსი ეწოდება.
  ეს  ხალხური  ლექსად გაპაექრების მოდელი უდევს საფუძვლად  ალვერო ტორეალბას  ძალზე ცნობილ პოემას ,,ფლორენტინო და ეშმაკი”. (1940)
ხოლო ამ  ნაწარმოებზე მუსიკალური საგუნდო ინსტრუმენტული ნაწარმოებიცაა შექმნილი -  ,, კანტატა კრიოლა”  - ანტონიო ესტივეზის მიერ (1947- ში) და დიდი წარმატებით სრულდება ყველგან.     
    გუნდია რაღაც სასწაული, დღეს ვიყავი კონცერტზე და ვიფიქრე, დაგაინტერესებდათ.
პოემის ავტორი არა მხოლოდ სახელგანთქმული პოეტი,  არამედ იურისტი და დიპლომატი იყო. კათოლიკე ქრისტიანი, შემოწმებაც არ მიღირს ამ ინფორმაციისა, რადგან ახლა მოკლე შინაარსს გადმოგცემთ და ფინალიდან დასკვნამდე თავად  მიდით.
    შინაარსი ასეთია:
    ფლორენტინო - ერთი კაუბოი, ანუ ძროხების მწყემსი, მარტო, მოწყენილი, ხრიოკ ადგილას მიერეკება თავის ნახირს. გზად ერთი კაცი შემოეყრება და ლექსაობას დაუწყებს. ფლორენტინო კი არის ენა და გონებამახვილი კაცი, მაგრამ ტოლს არც ის კაცი უდებს,  დიდი პაექრობა მიდის ლექსებად,  ლექს-გამოცანას გამოცანაზე უცვლიან ერთმანეთს, სადაცაა  დაღლილი ფლორენტინო უნდა  დანებდეს კიდეც, რომ ღვთისმშობლის სახელი  წამოსცდება, გაიმეორებს და  გაიმეორებს.
    მოესმება თუ არა ეს სახელი მეორე კოპლეროსს, ნამდვილი სახე გამოუჩნდება და აღმოჩნდება, რომ ჩვენი ქაუბოი  ფლორენტინო ამდენხანს  ვინმე კაცს კი არა, თვით  ეშმაკს  ეპაექრებოდა. მაგრამ ეშმაკი  ღვთისმშობლის ხსენებით დამარცხებულია.
  ფოლკლორულ მოტივებზე რომაა პოემა აგებული, ეს ცხადია, მაგრამ რაკი ეშმაკთან პაექრობის ამბავი შემხვდა, ერთი მოგონება წამომიტივტივდა.
    იქნებ ადრე დავწერე კიდეც. დათო წერედიანი იყო მთარგმნელი, რომელიც ძირისძირამდე სწავლობდა ყველაფერს იმ ნაწარმოების შესახებ, რასაც ხელს მოჰკიდებდა.  გოეთეს “ფაუსტს” წლები შეალია და იმიტომ გამოუვიდა თარგმანი- შედევრი.
    ერთხელ ვეუბნები, დათო, იცი, რას ვფიქრობ,  მგონი აღმოჩენა გავაკეთე, ბიბლიას ვკითხულობდი და ნამდვილად  იობის  თემა უდევს ფაუსტს საფუძვლად, ორივე ღმერთისა  და ეშმაკის დაპირისპირებით იწყება-მეთქი.
  მიყურებს  თვალებმოჭუტული, თავისებურად  მღიმარი. მერე წყნარად ჩაილაპარაკა რაღაც ასეთი -  ,საკუთარი აღმოჩენილი რომ მაინც სხვააო”.
  ცოტა არ იყოს, მეწყინა, ეს ჩემი დიადი აზრი ასე  გულგრილად რომ  გაატარა.
  ერთი დანჯღრეული კომპიუტერი გვქონდა ოთახში,  ბედად მუშაობდა და დავგუგლე.    ვაიმეეე, შემრცხვა მაგრამ რა შემრცხვა!  გამოკვლევები კი არა და ტომები ყოფილა დაწერილი ამის თაობაზე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში…
    ხმას როგორ-ღა ამოვიღებდი,  საკუთარ თავზე გავბრაზდი:
- ხომ იცი,  შე დალოცვილო, ვის ელაპარაკები,  რაც აზრი მოგივა,  ეგრევე კი არ უნდა დაანარცხო! ჯერ დაჯექი, მოძებნე და გაარკვიე წესიერად!
    ისევ  კონცერტს დავუბრუნდეთ!

    სურათის გადაღება მსვლელობისას  მკაცრად აკრძალულია, მე მაინც გადავიღე, ოღონდ როგორც კი ორკესტრანტები აიშალნენ. ხარისხი ამის გამო არ დამიწუნოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები