ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2023


მზის ჩასვლა

ზღვა ჩემი სტიქიაა. მიყვარს მისი ხმა, სუნი, მიქცევა და მოქცევა. თითქოს მე მგავს. ჩემსავითაა, ხან მშვიდი, ხან ბობოქარი. ხან მიგიშვებს თავისთან ახლოს, ხან არ მიგიკარებს. მიყვარს, როგორ დავდივარ ფეხშიშველი ქვიშაზე და როგორ შლის ზღვის ტალღები ჩემს განვლილ გზას. მოვიხედავ და აღარსად არის ის ნაფეხური რომელიც წამის წინ  დავტოვე წყლის პირას. თითქოს არც ყოფილა. არსაიდან მოვედი და არსაით მივდივარ.
საათობით შემიძლია ვიჯდე სანაპიროზე, ვუყურო ტალღების მოძრაობას ან დაუღალავად ვისეირნო მთელი ღამე.
უზომოდ მიყვარს და მგონია, რომ ჩემია ზღვა. ყოველ წელს ჩავდივარ ზღვაზე. რომ არ ჩავიდე, ის წელი სულ უღიმღამოდ და უაზროდ მიდის. რაღაც მაკლია და ამ სიცარიელეს არაფერი ავსებს. იყო დრო, როცა მიჭირდა ზღვაზე წასვლა. ათასი მიზეზი იყო გასათვალისწინებელი. ახლა კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ხუთი თუ ექვსი წელია მარტო დავდივარ. უკეთაც ვისვენებ და მეტ სიამოვნებასაც ვიღებ.
იმ ზაფხულსაც მარტო წავედი. ავტობუსს ურეკის სადგურამდე გავყევი. ერთი საშუალო ჩანთა მქონდა. მაქსიმალურად ვამცირებ ხოლმე წასაღები ნივთების რაოდენობას. ტანსაცმელზე მეტ ადგილს წიგნები იკავებს ჩემს ჩანთაში და წამლებიც ასევე. ერთი აფთიაქი გაიხსნება იმდენი წამალი მიმაქვს თან. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის. სადგურიდან მარცხნივ დავუყევი გზას. მყუდრო სასტუმროს პოვნა მინდოდა. იმ დროისთვის უკვე აღარ იყო ბევრი დამსვენებელი. ორ დღეში სწავლა იწყებოდა და მოსწავლეები სრულად გაკრეფილიყვნენ ზღვიდან. მოხუცი და ასაკშეპარული ადამიანები იყვნენ შემორჩენილები, ისინი, ვისაც დასვენება უნდოდა. მეც ამიტომ ჩამოვდივარ წლის ამ მონაკვეთში. ცოტა ხალხია და სიმშვიდეა. სანაპიროც უფრო სუფთაა. მართალია ზღვა აღარაა ისე თბილი, მაგრამ ვეგუები.
სანაპიროსთან ახლოს, ნაძვნარში ერთი ლამაზი სასტუმრო შევნიშნე. სამსართულიანი იყო და ლამაზი აივნები ერტყა გარს. უკან ეზოც კი ჰქონდა შემოღობილი და მაგიდებიც  ლამაზად იყო  ჩადგმული. ნამდვილად ის იყო, რაც მე მჭირდებოდა. მისაღებში რომ შევედი,  ცოტა ხნის მერე შუახნის ქალბატონიც გამოჩნდა. ჩემი ჩანთა რომ დაინახა, მომესალმა, მიმიპატიჟა და ადმინისტრატორის მაგიდის მიღმა შეძვრა.
- ოთახი გნებავთ?
- დიახ.
- მარტო ბრძანდებით?
- დიახ.
- როგორი ნომერი გნებავთ?
- რას მთავაზობთ?
- მესამე სართულზე გვაქვს  ერთი თავისუფალი ორადგილიანი ნომერი, ხედით ზღვაზე. მეორე სართულზეც გვაქვს თავისუფალი ოთახები და შედარებით უფრო დაბალ ფასად.
- იყოს მესამე სართული. ხედით ზღვაზე გამავალს ავიღებ.
- კარგი. თქვენი პირადობა, თუ შეიძლება.
მივაწოდე პირადობა, უცებ გავიარე რეგისტრაცია. წინასწარი გადახდაც განვახორციელე და ქალბატონი ჩემი ნომრისკენ გამიძღვა. თან მიხსნიდა კვებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
- დილაობით, 8-11 საათებში არის საუზმე. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინა დღეს რისი მირთმევა გსურთ, ან იმავე დილას აირჩიოთ დღის მენიუს მიხედვით. სადილი არის 3 საათზე, ხოლო ვახშამი 8-ზე.
- ამჟამად ბევრი დამსვენებელი გყავთ?
- ორი ნომერია მხოლოდ თავისუფალი. ბავშვები არც-ერთ სტუმარს არ ახლავს, ამიტომ სიმშვიდეა და სიამოვნებით დაისვენებთ. - ნომრამდე მიმაცილა და დამემშვიდობა. თავი მშვიდად ვიგრძენი, ჩემი დასვენების ტკბილი წუთები იმ მომენტიდან დაიწყო, რა დროსაც ფეხი ამ სასტუმროში შევდგი. ოთახიც სასიამოვნო იყო, პატარა, მყუდრო: ორ, ერთმანეთისგან დაშორებულ  საწოლზე ნაზი ცისფერი პლედი იყო გადაფარებული. საწოლებს შორის ტუმბო  იდგა მაგიდის სანათით. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომეწონა. წიგნის საკითხავად კარგად მოვეწყობოდი. კედლები მომწვანო მოცისფრო ფერში იყო გადაწყვეტილი, თითქოს ცა და ზღვა ირეოდა ერთმანეთში, ისეთი შპალერი გაეკრათ. ფარდებიც ნაზი ცისფერი აივანზე გამავალი კედელი მთლიანად მინის იყო. ფარდებს თუ გადავწევდი, ზღვას ოთახიდანვე დავინახავდი. ძალიან ლამაზი იყო. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. აივანს  ქვის სვეტები  და განიერი ბორტები ჰქონდა, ზედ თავისუფლად დაიდებოდა ყავის ჭიქა. სიხარულისგან ლამის ტაში შემოვკარი, ისე მომეწონა. აივანზე ორი მოწნული  სავარძელი და პატარა მაგიდა იდგა. სავარძელში ჩავჯექი, - შევამოწმე, მართლა ისეთი  კომფორტული იყო თუ არა, როგორიც ჩანდა. უკვე ვგრძნობდი, რომ ეს ზაფხული, უფრო სწორად, ადრეული შემოდგომის ეს დღეები, რომლებიც უფრო ზაფხულისაა ვიდრე შემოდგომის,  გამორჩეული იქნებოდა.
ჩანთა არ ამომილაგებია, კარადის წინ დავდე და საცურაო კოსტიუმი ამოვიღე. სასწრაფოდ გამოვიცვალე. იმ წელს ერთიანი მოწითალო ბორდოსფერი საცურაო კოსტიუმი მეცვა. ზურგი ღრმად ჰქონდა ამოღებული და წელის დიდი ნაწილი შიშვლად მიჩანდა. ჭიპიდან მკერდამდე ქსოვილი ლამაზად იყო ამოჭრილი. სიამოვნებით შევავლე თვალი სარკეში საკუთარ ანარეკლს, უფრო საცურაო კოსტიუმს, ვიდრე ჩემს სხეულს. მერე ცისარტყელას ფერებიანი პარეო შემოვიფარე, მკერდთან გავნასკვე, ჩალისფერი ქუდი და კრემისფერი ფლოსტი ჩავიცვი. სახლში დავრეკე, ვუთხარი რომ კარგად დავბინავდი და ტელეფონს ოთახში ვტოვებდი. ასე, ზედმეტი ნივთების გარეშე გავედი ნომრიდან. გასაღებიც კი მიმღებში დავტოვე. სასტუმროდან რომ გავდიოდი, დავინახე, რომ კართან  ვიღაც კაცი იდგა. მივუახლოვდი, მაგრამ ნაბიჯების ხმა ვერ გაიგო, ჩემი ფეხსაცმელი ხმას არ გამოსცემდა და ფრატუნს ხომ არ დავიწყებდი?! არადა იმხელა ქუდი მეხურა, ვერც გვერდს ავუვლიდი, სხვა გზა არ მქონდა,  მივუახლოვდი და მორიდებით ჩავილაპარაკე:
- უკაცრავად, გამატარეთ, თუ შეიძლება.
- დიახ, დიახ უკაცრავად. - მითხრა მანაც.
საერთოდ არ ვიცი ხოლმე კაცების თვალიერება, მაგრამ, რატომღაც, მას ავხედე და მისი მზერა დავიჭირე. თბილი, თაფლისფერი  თვალები დავინახე. მაშინვე  ავარიდე თვალი, მაგრამ მაინც  შემოიჭრა ჩემში მისი სახის გამომეტყველება. საკმაოდ სიმპათიური იყო. ოდნავ შეჭაღარავებული ხვეული თმა ჰქონდა. აშკარად ვიღაცას მივამსგავსე. კინაღამ უკან მივიხედე, ისე დამაინტერესა, ვინ იყო. ზღვისკენ მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი, - გახსენებას ვცდილობდი ვის ჰგავდა.  ბოლოს, როგორც იქნა, მივხვდი, საიდან მეცნობოდა. ალენ დელონს ჰგავდა, ოღონდ ხუჭუჭი თმა ჰქონდა. გამეცინა, ამ სისულელეებზე რომ ვფიქრობდი. როგორც კი ზღვას მივუახლოვდი, მაშინვე დამავიწყდა, ალენ დელონიც და სასტუმროს შესასვლელთან მდგარი ის უცხო კაციც, რომელიც, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი დამსვენებელი იქნებოდა და თავის მეუღლესთან ერთად იქნებოდა ჩამოსული.
ფლოსტები და  პარეო სანაპიროზე დავტოვე და ზღვისკენ წავედი. ამ წუთს თითქმის მთელი წელი ველოდი. ნელ-ნელა მივიწევდი წინ და ყველა წვრილმანს შევიგრძნობდი. ვაკვირდებოდი შეხებას, როგორ ვხვდებოდით მე და ზღვა ერთმანეთს. ამ წუთებს ერთბაშად ზღვაში შევარდნით ნამდვილად არ გავაფუჭებდი. მე ნელა მივიწევდი ზღვისკენ, ზღვაც ნელა მოიწევდა ჩემკენ. თავიდან გავეთამაშე კიდეც. ტალღა რომ მომიახლოვდა, უკან გავხტი, რომ არ დავესველებინე. მერე ისევ მივიწიე მისკენ და ისევ გავექეცი ტალღას. ბოლოს, მაინც ზღვამ მაჯობა თამაშში, იმხელა ტალღა გამოგზავნა ჩემს შესახვედრად, კოჭებამდე სულ დამისველა ფეხები. მერე ნელ-ნელა შევედი ზღვაში, მუხლები დამისველდა და ბარძაყებს მოედო წყლის წვეთები. მეტი აღარ შევსულვარ დავიცადე, გავყურებდი როგორ იმზირებოდა ჩამავალი მზე ღრუბლებიდან. დავიხარე და ხელები ჩავყავი წყალში. ალბათ კიდევ ვიდგებოდი ასე რამდენიმე წუთს, ზღვას რომ სულსწრაფობა არ გამოეჩინა და  ისევ დიდი ტალღა არ გამოეგზავნა ჩემთან. ერთბაშად დამასველა წელამდე. წამოვიკივლე კიდეც. კიდევ კარგი, ახლოს არავინ იყო და ვერ გაიგო, თორემ იფიქრებდა სულ გაგიჟდა ამხელა ქალიო. რაღას ვიზამდი, წყალში შესვლა დავიწყე. წინ და წინ მივიწევდი. მშვიდი  ტალღები მელამუნებოდა ჯერ მკერდზე, შემდეგ უკვე კისერზეც. ოდნავ სუსხიანი წყალი ტანზე ტაოს მაყრიდა. მაინც მომწონდა. ჩავყვინთე და ცურვით გავუყევი სანაპიროს. მეტად ღრმად აღარ შევსულვარ. ცურვა კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მირჩევნია ფეხქვეშ მიწას ვგრძნობდე. გავცურე და გამოვცურე. ოსტატურად ვუვლიდი გვერდს წყალში მოტივტივე ხალხს. მერე ნაპირზე ამოვედი და ჯერ კიდევ სითბოშემორჩენილ ქვიშაზე გადაფენილ პარეოზე დავწექი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. მზე თანდათან ზღვისკენ მიიწევდა. წამოვიწიე, რომ ეს სანახაობა არ გამომრჩენოდა. იდაყვებზე დაყრდნობილი გავცქეროდი ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტს, რომელშიც ცეცხლმოკიდებული მზე ნელა ეშვებოდა. რკალებად გამომავალი სინათლე  ზღვის ტალღებს ნაპირამდე გამოჰქონდა. ნელ-ნელა მიილია ცეცხლოვანი ბურთის სინათლე და სიმხურვალე, ისე ჩაიკარგა ზღვაში, თითქოს არც ყოფილიყოს. ასეა, ზღვა ყველაფერს შლის...
საშინელი შიმშილი ვიგრძენი. წამოვდექი, ქვიშა ჩამოვიფერთხე და სასტუმროსკენ გავეშურე. ნომერში რომ შევედი, პირველად ტელეფონი შევამოწმე, რვას თხუთმეტი წუთი აკლდა. მოწესრიგებას და სავახშმოდ ჩასვლას მოვასწრებდი.  ნაჩქარევად შევედი საშხაპეში და ცხელი წყალი გადავივლე. ნამდვილი სიამოვნება იყო. მუხლამდე შორტი და მოკლემკლავიანი მაისური ჩავიცვი, კეტები ამოვიცვი და სასადილოსკენ წავედი.
დილას მერე, მშიერი ვიყავი. ისე მშიოდა, მეგონა მთელს მენიუს გადავჭამდი.
სასადილო ოთახში მაგიდაზე დაწყობილი ჭურჭლიდან თეფში ავიღე და დახლ-მაცივრისკენ გავეშურე. არჩევანი დიდი არ იყო. კიტრი-პომიდვრის სალათი და ორი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე. ეზოში ყველა მაგიდა დაკავებული დამხვდა, ამიტომ სასადილოშივე დავიკავე ადგილი.
ჩემი საყვარელი მწვანე ჩაი არ ჰქონდათ. მაშინ კაკაოს დალევა გადავწყვიტე,  თან კი  გავიფიქრე, რომ თავად მეყიდა ჩემთვის ჩაი და ჩამომეტანა-ხოლმე. 
ისეთ ადგილზე ვიჯექი, ყველა მაგიდას ვხედავდი. თან ვჭამდი და თან ხალხს ვაკვირდებოდი. ერთგვარ გამოცნობანასაც კი ვთამაშობდი, ვცდილობდი, გამომეცნო, ვინ-ვინ იყო ან სტუმრები ვინ იქნებოდნენ ერთმანეთისთვის. გამიტაცა სხვებზე დაკვირვებამ. ამასობაში დროც გავიდა. ჭამა დავასრულე. გემრიელად დავნაყრდი.
სანამ ნომერში დასასვენებლად ავიდოდი, გადავწყვიტე, ცოტა გამევლო.  ქუჩაში გამოვედი და ჯერ სასტუმროს  მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერე, მერე - იმ ქუჩას დავუყევი, რომელზეც სასტუმრო იდგა.  დაღლილობა მომერია და მალევე დავბრუნდი უკან. სასტუმროს კართან მისულს მხიარული საუბარი და სიცილი შემომესმა. ფოიეში დამსვენებლები შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ოთხი მამაკაცი კარტს თამაშობდა, ორი  კი - ნარდით ირთობდა თავს. რამდენიმე ამ მონარდეებს ადგა თავს და ერთ-ერთის წაგებას ელოდნენ, რომ მისი ადგილი ახლა სხვას დაეკავებინა. ქალები სერიალს უყურებდნენ ტელევიზორში. თვალში მომხვდა მათი თბილი ურთიერთდამოკიდებულება და მათი ასაკი. ყველანი შუახანს გადაცილებულები იყვნენ. გავუღიმე. მივხვდი, რატომაც იყვნენ იქ, - მაგნეტიტის ქვიშა წამალი იყო მათი სახსრებისთვის და ძვლებისთვის.  თავი დავიმშვიდე, მე ხომ ჯერ არ ვიყავი მათი ასაკის?!. ან იქნებ ვიყავი კიდეც... ვინ იცის? ზოგ ადამიანს საერთოდ არ ეტყობა ასაკი, ზოგიც პირიქით,  უფრო ასაკოვანს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს, ალბათ, ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ხარ ადამიანი, მით უფრო გვიან ბერდები. გულღრძო და ბოღმიანი ადამიანები კი მალე ბერდებიან.
დასაძინებლად ჯერ ადრე იყო, ამიტომ კითხვა დავიწყე. მაგრამ, ნამგზავრი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მალევე ჩამეძინა. შუქიც კი არ გამომირთავს. სათვალეც ისევ ცხვირზე მედო...
რომ გამეღვიძა, დილით ცხრა საათი იქნებოდა. ავდექი, მოვწესრიგდი, ისევ ის საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, რაც წინა დღეს მეცვა. ჯერ კარგად გამშრალიც არ იყო, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. საუზმის მერე მაინც ბანაობას ვაპირებდი და დასველდებოდა.
ყავა დავისხი და სოსისები დავილაგე თეფშზე. ეზოში ისევ დაკავებული იყო ყველა მაგიდა. მიმოვიხედე და ის ადგილი დავინახე სადაც წინა საღამოს ვიჯექი. ჩემი საუზმე მაგიდასთან რომ მივიტანე, მერე გამახსენდა ხაჭაპურის აღება დამვიწყებოდა. ხაჭაპური ჩემი უსაყვარლესი საჭმელია, მის გარეშე ნამდვილად არ დავლევდი ყავას, ამიტომ მის ასაღებად გავემართე. საუზმე შუამდეც არ მქონდა შეჭმული, რომ ვიღაც მომიახლოვდა. ავხედე და ისევ ის თბილი მზერა დავიჭირე, თაფლისფერი თვალებიდან გამომზირალი. ხუჭუჭა ალენ დელონი იყო, წინა დღეს რომ სასტუმროს კართან იდგა.
- დილა მშვიდობისა. - მომესალმა ღიმილით.
- დილა მშვიდობისა. - ვუპასუხე ცივად. არ მიყვარს უცხო მამაკაცების აუდიენციები.
- შეიძლება თქვენთან დავჯდე? - მიმოვიხედე, მაინტერესებდა, სხვაგან  იყო თუ არა ადგილი. - არის ადგილი, მაგრამ მარტო ჭამა არ მიყვარს. - მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი.
- დაბრძანდით. - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. აშკარად გამოვხატე უკმაყოფილება, თან გავიფიქრე, რომ ასე სჯობდა, სხვა დროს აღარ შემაწუხებდა. მაგრამ ეტყობოდა, ჩემი რეაქცია დიდად არ ადარდებდა.
სოსისს სასწრაფოდ მოვაკბიჩე დიდი ნაწილი რომ საუზმობა მალე დამემთავრებინა და დროზე გავცლოდი „ძალად თანამაგიდელს“.
- შეიძლება, სახელი რომ გკითხოთ?
- ლალი.
- ლალი გქვიათ?
- დიახ.
- რა ლამაზი სახელია. განსაკუთრებული. - აღფრთოვანდა ის. მე კი გამიკვირდა, ასე რამ მოაწონა ჩემი სახელი-მეთქი. თუ თამაშობდა, მაშინ დიდი სამსახიობო ნიჭი ჰქონია.
- რა ვიცი, ჩვეულებრივი სახელია. არაფერი განსაკუთრებული.
- რას ამბობთ, როგორ არ არის განსაკუთრებული? უსმინეთ, რა კარგად ჟღერს, „ლა-ლი“. მაშინვე ძვირფასი ქვა ლალი ახსენდება ადამიანს და იფიქრებს, რომ თქვენც ამ ქვასავით და ამ სახელივით ძვირფასი ხართ.
- ღმერთო, ეს ვინაა?! - გავიფიქრე, აშკარად მოახერხა, პირველივე წინადადებით ჩემზე ზეგავლენის მოხდენა. მომეწონა მისი ნათქვამი და მგონი ლალივით გავწითლდი კიდეც. - თქვენ რა გქვიათ?
- ოთარი.
- მშვენიერი სახელია.
- სულაც არაა მშვენიერი, რამ გაამშვენიერა?! ერთი ძველმოდური სახელია და ეგაა. გადაკეთება მინდოდა, მაგრამ ბაბუას ერქვა და ვერ ვაწყენინე, ვფიქრობდი მისი სიკვდილის შემდეგ შევიცვლიდი სახელს, ის კი იმდენ ხანს იცოცხლა და ისე მოხუცი გარდაიცვალა, ჩემი სახელის შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა.
გამეღიმა. ისეთი ტონით და ინტონაციით საუბრობდა, ძნელი იყო ღიმილისგან თავის შეკავება.
- ახლაც არქმევენ ბავშვებს „ოთარს“ და შემოკლებით  „ოთოს“ ეძახიან. მშვენიერია, რას ერჩით?
- ეგ იმ შემთხვევაში არქმევენ, თუ ბაბუას ჰქვია ოთარი. საწყალი ბავშვები. - ამოიოხრა. 
აღარაფერი მითქვამს. ყავა მოვსვი და გონებაში ვიხსენებდი, ვინ მყავდა ირგვლივ ისეთი, ვისაც „ოთარი“ ერქვა. ვერავინ  გავიხსენე.
- აქ მარტო ჩამოხვედით, ლალი?
- დიახ. მაგრამ მეუღლე  მალე ჩამომაკითხავს. - ეს უკანასკნელი ნამდვილად  ვიცრუე. მეუღლე, ცოცხალი თავით, არ იყო ზღვაზე ჩამომსვლელი.
- მეც მარტო ვარ. ოღონდ მეუღლე არ ჩამომაკითხავს. არ უყვარს ზღვა. უფრო სწორად, ასთმა აქვს და არ შეიძლება მისთვის ზღვის სინესტე. ამიტომ სულ ორჯერ თუ იქნება ალბათ ზღვაზე ნამყოფი.
- ცუდია. ჩემს მეუღლესაც არ უყვარს ზღვა. მას მთა ურჩევნია და ლაშქრობები. - გამეცინა. გულში კი გავიფიქრე, „ჩემგან განსხვავებით-თქო“. მე კიდევ ლაშქრობებს ვერ ვიტან. ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა ვიარო ოღრო-ჩოღრო გზებზე. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ მთაზე ავიდე და ლამაზი ბუნება ვნახო?.
- მე და თქვენ ერთმანეთს ვგავართ, ლალი.
- ასე ადვილად ნუ გამოიტანთ დასკვნას.
- რატომ ადვილად? თქვენც მარტო ხართ აქ და მეც. არც თქვენს მეუღლეს უყვარს ზღვა და არც ჩემსას. ეს უკვე რამხელა მსგავსებაა?! - მე მხრები ავიჩეჩე. - თუ წინააღმდეგი არ იქნებით, „შენობით“ მიმართვაზე გადავიდეთ. - მითხრა მან. მე ისევ მხრები ავიჩეჩე. ზრდილობის გამო ოდნავ გავიღიმე. ისე, დიდად გულზე არ მეხატებოდა, ვიღაც უცხო კაცი რომ ცდილობდა სიმყუდროვე დაერღვია ჩემთვის. ჩემგან განსხვავებით მას საუბარი არ ეზარებოდა და, აშკარად, კომპანიონს ეძებდა.


ნაწარმოები მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი".

გთხოვთ მხარი დამიჭიროთ. ხმის მიცემა უფასოა და ტელეფონის ერთი ნომრიდან მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ დააფიქსიროთ.
ხმის მისაცემად იხილეთ ბმული https://shorturl.at/cdFQU


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები