ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიმი
ჟანრი: თარგმანი
21 ნოემბერი, 2023


ბრენდონ სანდერსონი - მეფეების გზა (თავი 57 - აფრამალი)

“ძუძუთა ბავშვი მიწევს ხელებში, ყელზე დანას ვაბჯენ და ვიცი - ყოველი ცოცხალი ნატრულობს, რომ დანა გამექცეს. რომ მისი სისხლი ძირს დავაქციო: ხელები მოვითხვარო, რათა სულისხდა გადაგვივადდეს.”
-თარიღი: შაშანანი, 1173, სიკვდილამდე 23 წამით ადრე. სუბიექტი: ჩვიდმეტი წლის მუქთვალა ახალგაზრდა. ნიმუში გამორჩეულად საგულისხმოა.


-და მთელი მსოფლიო დაილეწა! -წამოიყვირა მეპსმა, ზურგმორკალულს, თვალები გაფართოებოდა და ლოყები წითელი დუჟით დაწინწკვლოდა, -მათ ნაბიჯებზე ქვები შეიძრა და ლოდები ზეცამდე შესწვდა. ვკვდებით! ვკვდებით!

მას ბოლოჯერ წამოუარა კრუნჩხვამ და თვალები ჩაუქრა. კალადინი იქვე ჩაჯდა, ხელები ალისფერი სისხლით ჰქონდა გაწებილი. ხანჯალი, რომელსაც ქირურგის სკალპელად იყენებდა, თითებიდან გაუსრიალდა და ქვაზე აწკარუნდა. მხიარული კაცი უსულოდ იწვა ქვის პლატოზე და მკერდში, მარცხნივ, გახსნილი ნაისრალი მოუჩანდა. ტყირპი, რომელზეც იჩემებდა, ალეთკარს ჰგავსო, ჭრილობას შუაზე გაეპო.

სათითაოდ მეცლებიან ხელიდანო, გაიფიქრა კალადინმა. გაკვეთე, სისხლი გამოუშვი. სისხლით სავსე ტიკები ვართ და მეტი არაფერი. მერე ვკვდებით და ქვებზე ზენაავდრის ნიაღვრებივით მოვედინებით.

სანამ მხოლოდ მე არ დავრჩები. მე სულ ვრჩებიო.

კანის ფენა, ცხიმის ფენა, კუნთის ფენა, ძვლის ფენა. ადამიანები სულ ეს იყვნენ.

ხრამის გადაღმა ბრძოლა მძვინვარებდა. გინდაც მეზობელ სამეფოში ყოფილიყო, მეხიდეები არც ისე ანაღვლებდა და არც ასე. უნდა დახოცილიყვნენ, დახოცილიყვნენ  და მერე განზე გაწეულიყვნენ.

ხიდი მეოთხეს წევრები კალადინის გარშემო პირქუშ წრედ იდგნენ.

-ბოლოში რა თქვა? -იკითხა სკარმა, -ქვები შეიძრაო?

-არაფერი, -უპასუხა სქელმკლავა იაკმა, -უბრალოდ, მომაკვდავის ბოდვა იყო. ათასში ერთხელ მოუვლით ხოლმე.

ამ ბოლო დროს უფრო ხშირად, როგორც ამბობენ, -დასძინა ტეფტმა. ხელი მკლავზე მოეკიდებინა, სადაც სახელდახელოდ შეხვეული ნაისრევი მოუჩანდა. ახლო მომავალში ხიდის ამწევი არ იყო. მეპსის და არიკის სიკვდილმა ოცდაექვს წევრზე ჩამოიყვანათ. ეს ძლივს იქნებოდა ხიდის ტარებისთვის საკმარისი. მომატებული სიმძიმე ძალიან შესამჩნევი იყო და დანარჩენ მეხიდე ჯგუფებს ძლივს ეწეოდნენ. კიდევ ერთი-ორი დანაკარგიც, და ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ.

უფრო სწრაფი უნდა ვყოფილიყავიო, გაიფიქრა კალადინმა, გახსნილ მეპსს დაჰყურებდა, გაშიშვლებულ შიგნეულობას მზე რომ უშრობდა. ისრისთავს ფილტვი გაეხვრიტა და ხერხემალში გაჭედილიყო. ნეტა, ლირინი შეძლებდა მის გადარჩენას? კალადინს რომ კარბრანთში ესწავლა, როგორც მამამისს სურდა, ისწავლიდა იმდენს - ეცოდინებოდა იმდენი - რომ ასეთი სიკვდილები აღეკვეთა?

ხანდახან ხდება, შვილოო...

კალადინმა სისხლიანი, აკანკალებული ხელები სახესთან მიიტანა და თავზე წაივლო, მოგონებადატეხილმა. პატარა გოგო, გაბზარული თავი, მოტეხილი ფეხი, გაბრაზებული მამა.

სასოწარკვეთა, სიძულვილი, დანაკლისი, იმედგაცრუება, შეძრწუნება. როგორ შეეძლო ვინმეს ასე ცხოვრება? ქირურგად ყოფნა და იმის ცოდნით სიცოცხლე, რომ ზოგის გადასარჩენად მეტისმეტად სუსტი იქნებოდი? თუ სხვა ხალხს მოუვიდოდა მარცხი, ყანას მატლი უჩნდებოდა. თუ ქირურგს მოუვიდოდა მარცხი, ვიღაც კვდებოდა.

უნდა ისწავლო, როდის განიცადოო...

თითქოს შეეძლო, აერჩია. ფარანივით ჩაექრო და გვერდით გადაედო. კალადინი ტვირთქვეშ მოიხარა. 

“უნდა გადამერჩინა ისინი, უნდა გადამერჩინა, უნდა გადამერჩინა...”

მეპსი, დანი, ამარკი, გოშელი, დალიტი, ნალმა. ტიენი.

-კალადინ, -სილის ხმა, -სიძლიერე გამოიჩინე...

-სიძლიერე რომ გამომეჩინა, -დაისისინა კალადინმა, -ცოცხლები იქნებოდნენ...

-დანარჩენ მეხიდეებს ისევ სჭირდები. მათ ხომ შეჰპირდი, კალადინ. შენ ფიცი დადე!

კალადინმა ამოიხედა. მეხიდეები შეშფოთებული და ანერვიულებული ჩანდნენ. აქ მხოლოდ რვანი იყვნენ; კალადინმა დანარჩენები სხვა ჯგუფებიდან დაშავებული მეხიდეების მოსაძებნად გაგზავნა. თავდაპირველად სამი იპოვეს, მსუბუქი ჭრილობებით, რომელთა მიხედვა სკარსაც შეეძლო. შიკრიკი არავის გამოუგზავნია. დანარჩენ მეხიდე ჯგუფებს მეტი დაჭრილები ან არ ჰყავდათ, ან ისეთები, რომლებსაც აღარ ეშველებოდა.

ალბათ ჯობდა, თვითონაც წასულიყო დასახედად, ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ თითქოს დამბლა ჰქონდა დაცემული - არ შეეძლო დანახვა კიდე ერთი მომაკვდავისა, რომელსაც ვერ გადაარჩენდა. ძლივძლივობით წამოდგა და ცხედარს გაშორდა. ხრამის პირას მივიდა და თავი აიძულა, ტუკსისგან ნასწავლი ძველი დგომი მიეღო: ფეხები განზე, ხელები ზურგსუკან, მაჯებით დაჭერილი. გამართული ზურგი, მზერა წინ. ნაცნობმა შეგრძნებამ ძალა შემატა.

ცდებოდი, მამაჩემოო, გაიფიქრა. ამბობდი, რომ სიკვდილებს მივეჩვეოდი. მაგრამ აი, აქა ვარ. წლები გავიდა და არაფერი შეცვლილაო.

მეხიდეები გვერდით ამოუდგნენ. ლოპენი წყლიანი ტიკით მოუახლოვდა. კალადინი შეყოყმანდა, შემდეგ ტიკი გამოართვა და სახე და ხელები დაიბანა. თბილი წყალი კანზე ჩამოეღვარა და აორთქლებისას სასიამოვნო სიგრილე დაუტოვა. მან ღრმად ამოისუნთქა და ტანდაბალ ჰერდაზელს მადლობით დაუქნია თავი.

ლოპენმა წარბი ასწია და თავის ქამარზე ჩამოკიდებულ ტომსიკაზე უჩვენა. მოეხერხებინა და ამოეღო ახალი სფეროებიანი ტომსიკა, რომელიც მანამდე ხიდზე ისრით მიამაგრეს. ამას უკვე მეოთხეჯერ აკეთებდნენ და ოთხივეჯერ გამოუვიდათ.

-რამე ხომ არ გაგიძნელდა? -ჰკითხა კალადინმა.

-არა, განჩო, -ფართოდ გაუღიმა ლოპენმა, -რქაჭამიასთვის კვანტის დადებაზე ადვილი იყო!

-ეგ გავიგონე, -დაიბუხუნა ლოდმა, რომელიც ცოტა მოშორებით, გაჭიმული იდგა.

-და თოკი? -ჩაეკითხა კალადინი.

-მთელი ხვეულა მეორე მხარეს გადავაგდე, -თქვა ლოპენმა, -მაგრამ ბოლო არაფერზე მიმიბამს. ზუსტად ისე, როგორც მითხარი.

-კარგია, -თქვა კალადინმა. ხიდიდან ჩამოკიდებული თოკი მეტისმეტად აშკარა იქნებოდა. თუ ჰაშალი ან გაზი იყნოსავდა, კალადინი რას გეგმავდა...

ისე, გაზი სადააო? გაიფიქრა კალადინმა. ხიდის გასვლაზე რატომ არ წამოვიდა?

ლოპენმა სფეროებიანი ტომსიკა კალადინს ისე მიაჩეჩა, თითქოს პასუხისმგებლობის მოშორება ეჩქარებოდა. კალადინმა გამოართვა და შარვლის ჯიბეში ჩაიტენა. 

ლოპენი გაბრუნდა და კალადინი სამწყობრო დგომს დაუბრუნდა. ხრამის გადაღმა მდებარე პლატო გრძელი და ვიწრო იყო, ორივე მხარეზე ციცაბო ფერდობით. დალინარ კოლინი, როგორც წინა რამდენიმე ბრძოლისას, ახლაც სადეასის ძალებს ეხმარებოდა. ყოველვის გვიან მოდიოდა. შეიძლება, ამას თავის ჩულებშებმულ ნელ ხიდებს აბრალებდა. საკმაოდ ხელსაყრელი კი იყო. მის მეომრებს ისრების წვიმაში არ უწევდათ ხიდებზე გადავლა.

სადეასი და დალინარი ამ ხერხით მეტ ბრძოლას იგებდნენ. მეხიდეებისთვის მაინც სულ ერთი იყო.

ხრამის გადაღმა ხალხი კვდებოდა, მაგრამ კალადინი მათ მიმართ არაფერს გრძნობდა. არც მათ სამკურნალოდ ექავებოდა ხელები, არც დასახმარებლად. შეეძლო, ამის გამო მადლობა ჰავისთვის ეთქვა, რომელმაც “ჩვენად” და “იმათად” დაყოფას მიაჩვია. რაღაც მხრივ, კალადინმა ისწავლა ის, რაზეც მამამისი ელაპარაკებოდა. არასწორად, მაგრამ ესეც საქმე იყო. “ჩვენ” დაგეცვა, “ისინი” გაგენადგურებინა. ჯარისკაცს ასე უნდა ეფიქრა. ჰოდა, კალადინსაც სძულდა პარშენდები. ისინი მტრები იყვნენ. გონების ასე გაყოფა რომ არ ესწავლა, ომი გაანადგურებდა.

შეიძლება, მაინც გაანადგურა.

ბრძოლის ცქერისას სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება, რომ გული გადაეყოლებინა. როგორ ეპყრობოდნენ პარშენდები თავიანთ მკვდრებს? მათი მოქმედებები უწესრიგო ჩანდა. პარშენდი ჯარისკაცები დაცემულ მკვდრებს არ აწუხებდნენ; შეტევის გეზს იგრძელებდნენ, რათა გვამებს მორიდებოდნენ. და როდესაც ალეთები მკვდარ პარშენდებზე გადადიოდნენ, ამ ადგილებში საშინელი სისხლისღვრა იმართებოდა.

ამჩნევდნენ ამას ალეთები? ალბათ ვერა. მაგრამ კალადინი ხედავდა, რომ პარშენდები თავიანთ მიცვალებულებს მოწიწებით ეპყრობოდნენ - იმდენად, რომ ცოცხლებს საფრთხეში აგდებდნენ დაცემულთა დასაცავად. კალადინს შეეძლო, ეს გამოეყენებინა. როგორღაც.

თანდათანობით ბრძოლა ალეთებმა მოიგეს. ცოტა ხნის შემდეგ კალადინი და მისი გუნდელები პლატოზე უკანვე მიათრევდნენ თავიანთ ხიდს, სამი დაჭრილი ზემოდან დაებათ. მხოლოდ ეს სამი იპოვეს და კალადინის ერთი ნაწილს სინდისი ქენჯნიდა, როდესაც გააცნობიერა, რომ მის მეორე ნაწილს გულზე მოეშვა. სხვა ხიდების ჯგუფებიდან უკვე თხუთმეტი კაცი ჰყავდა გადარჩენილი და ტომსიკებიდან ამოღებული ფულის მიუხედავად, მათი გამოკვება უკვე უჭირდათ. მათი ყაზარმა დაჭრილებით იყო სავსე.

ხიდი მეოთხე მორიგ ხრამს მიადგა და კალადინმა ტვირთი დაუშვა. ეს პროცესი უკვე გათავისებული ჰქონდა. ხიდის დაშვება, დაჭრილების უცებ მოხსნა, ხიდის მიწოლა ხრამზე გასადებად. კალადინმა სამი დაჭრილი შეამოწმა. ყველა, ვინც ამ გზობაზე გადაარჩინა, მისი ნამოქმედარით გაოგნებული ჩანდა, არადა, უკვე კვირები იყო, რაც ამას აკეთებდა. დაჭრილების მდგომარეობით კმაყოფილმა, გვერდზე გაიწია და სამწყობრო დგომი მიიღო, ვიდრე ჯარისკაცები ხიდზე გადადიოდნენ.

ხიდი მეოთხეს წევრები მის გარშემო ჩადგნენ. ხიდზე გადამავალი ჯარისკაცები - მუქთვალებიც და ნათელთვალებიც - მათ უფრო და უფრო მტრულად უბღვერდნენ.

-ასე რატომ იქცევიან? -ხმადაბლა იკითხა მოაშმა, როდესაც ჩავლილმა ჯარისკაცმა მეხიდეებს გადამწიფებული გორგალვაზის ნაყოფი ესროლა. მოაშმა ძაფოვანი, წითელი ხილი სახიდან მოიწმინდა, შემდეგ კი ამოიოხრა და დგომს დაუბრუნდა. კალადინს არასოდეს უთხოვია, გვერდით ამოსდგომოდნენ, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე უერთდებოდნენ.

-როცა ამარამის ჯარში ვიბრძოდი, -თქვა კალადინმა, -ვოცნებობდი, დალეწილ ვაკეებზე წასულ მებრძოლებს შევერთებოდი. ყველამ იცოდა, რომ ალეთკარში დატოვებული ჯარისკაცები არაფრად ვარგოდნენ. წარმოგვედგინა, სადღაც, შორს, როგორ ომობდნენ ნამდვილი ჯარისკაცები იმათ დასასჯელად, ვინც მეფე მოგვიკლა. ეს ჯარისკაცები თავისიანებს სამართლიანად მოექცეოდნენ. დისციპლინას მტკიცედ დაიცავდნენ. ყოველი მათგანი შუბის ოსტატი იქნებოდა და ბრძოლის ველზე მწყობრს უნაკლოდ შეინარჩუნებდნენ.

გვერდით ტეფტმა წაიფრუტუნა.

კალადინი მოაშს მიუბრუნდა:

-რატომ გვექცევიან ასე, მოაშ? იმიტომ რომ, იციან, იმაზე უკეთესები უნდა იყვნენ, ვიდრე არიან. იმიტომ, რომ მეხიდეებში დისციპლინას ხედავენ და ეს არცხვენთ. იმის ნაცვლად, რომ უკეთესები გახდნენ, იოლ გზას ირჩევენ და ჩვენ გვაძაგებენ.

-დალინარ კოლინის ჯარისკაცები ეგრე არ იქცევიან, -წამოყო თავი სკარმა კალადინის ზურგსუკან, -მისი ჯარისკაცები შეკრულ მწყობრად დადიან და ბანაკში წესრიგი აქვთ. როცა მორიგეობენ, ფორმაც ბოლომდე შეკრული აცვიათ და არც უსაქმურობენ.

ოდესმე დამასვენებენ ამ მამაავდრიანი დალინარ კოლინის ქებისგანო? გაიფიქრა კალადინმა.

ხალხი ამარამზეც იმავეს ამბობდა. რა ადვილი იყო, შავი გული არ შეემჩნიათ, თუკი მას მოტკეცილი უნიფორმით და პატიოსანი რეპუტაციით დაფარავდი.

რამდენიმე საათის შემდეგ გახვითქული და ქანცგაწყვეტილი მეხიდეები ხისსაჭრელ მოედნამდე ალასლასდნენ. ხიდი თავის ადგილზე დააგდეს. უკვე ბნელდებოდა. კალადინს მალევე უნდა ეყიდა საკვები, თუ უნდოდათ, საღამოს წვნიანის მომზადება მოესწროთ. პირსახოცით ხელები გაიმშრალა, სანამ ხიდი მეოთხის წევრები მწყობრში დგებოდნენ.

-საღამოს საქმეებისგან თავისუფლები ხართ, -გამოაცხადა. -ხვალ, ადრიანად, ხრამში მორიგეობა გვიწევს. ხიდით დილის ვარჯიში ნაშუადღევს უნდა გადავიტანოთ.

მეხიდეებმა თავი დაუქნიეს, შემდეგ კი მოაშმა ხელი ასწია. ყველა მეხიდემ, როგორც ერთმა, ისე ასწია ხელები, მუშტები შეკრა და მაჯებით გადააჯვარედინა. ჩანდა, ეს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. ამის შემდეგ დაიშალნენ.

კალადინმა წარბი ასწია და პირსახოცი ქამარში ჩაიჩურთა. ტეფტი შორიახლო იდგა და ეღიმებოდა.

-ეს რაღა იყო? -იკითხა კალადინმა.

-ხალხს სალამი უნდოდა, -უპასუხა ტეფტმა, -ჩვეულებრივი სამხედრო სალმის გამოყენება არ შეგვიძლია - შუბოსნებს უმაგისოდაც ჰგონიათ, რომ თავს გავედით. ჰოდა, ჩემი ძველი რაზმის სალამი ვასწავლე.

-როდის?

-ამ დილით. სანამ ჰაშალს ჩვენს განრიგზე ეკითხებოდი.

კალადინს გაეღიმა. უცნაური იყო, რომ ეს კიდევ შეეძლო. შორიახლო, დანარჩენი ცხრამეტი მეხიდე გუნდი თავიანთ ხიდებს სათითაოდ აგდებდა ძირს. ნუთუ ერთ დროს ხიდი მეოთხეც მათსავით გამოიყურებოდა, გაბურძგნული წვერებით და გაწამებული სახეებით? ერთმანეთს არავინ ელაპარაკებოდა. ზოგმა კალადინისკენ გამოიხედა ჩავლისას, მაგრამ მაშინვე ძირს დაიხედა, როცა მის მზერას წააწყდა. ფეხს აუჩქარეს, რომ თვალში არ მოხვედროდნენ.

საცოდავებიო, გაიფიქრა კალადინმა. ნეტა, თუ იქნებოდა შესაძლებელი, ჰაშალი დაეყოლიებინა მათგან რამდენიმეს ხიდ მეოთხეში გადმოყვანაზე? დამატებით ხალხი სჭირდებოდა. ამ თავჩამოყრილი ფიგურების ცქერამ გული მოუწურა.

-ვიცი ეგ გამომეტყველება, ბიჭო, -დაილაპარაკა ტეფტმა. -ყველას შენ უნდა უშველო?

-ბაჰ! -შეეპასუხა კალადინი, -ხიდი მეოთხეს დაცვასაც კი ვერ ვახერხებ. მოდი, შენს მკლავზე შემახედე.

-კარგადაა, არაფერი უშავს!

კალადინმა მაინც წაავლო მკლავში ხელი და სისხლშემხმარი სახვევი მოხსნა. ჭრილობა გრძელი იყო, მაგრამ არა ღრმა.

-ამისთვის ანტისეპტიკური საშუალება გვჭირდება, -წაილაპარაკა კალადინმა, როდესაც ჭრილობის გარშემო რამდენიმე მხოხავი ლპობსპრენი შენიშნა, -და ალბათ ჯობია, გავკერო...

-არაფერი უშავს!

-მაინც, -კალადინმა ტეფტს ანიშნა, წამოჰყოლოდა და ხის საჭრელი მოედნის გაყოლებაზე ჩამწკრივებული საწვიმე კასრებიდან ერთ-ერთთან მიიყვანა. ჭრილობა უმნიშვნელო იყო და ტეფტი სავარაუდოდ შეძლებდა, ხვალ ხრამში მორიგეობისას დანარჩენებისთვის შუბით ძგერება-ფარვები ეჩვენებინა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, ყურადღება არ მიექციათ, სანამ არ დაჩირქდებოდა ან იარას დატოვებდა.

საწვიმე კასრთან კალადინმა ჭრილობა მობანა, შემდეგ კი ყაზარმის გვერდით, ჩრდილში მდგარ ლოპენს დაუძახა, სამედიცინო აღჭურვილობა მოეტანა. ჰერდაზელმა ამჯერადაც სალამი მისცა (თუმცა კი ერთი ხელით) და ჩანთის მოსატანად გასწია. 

-ჰოდა, ბიჭო, -დაილაპარაკა ტეფტმა. -თავს როგორ გრძნობ? ბოლო დროს რამე უცნაური ხომ არ მოგსვლია?

კალადინი მოიღუშა და მკლავს მზერა მოაშორა.

-ეს მამაავდრიანი, ტეფტ! ამ ორი დღის განმავლობაში უკვე მეხუთედ მეკითხები! რას მანიშნებ?

-არაფერს, არაფერს!

-რაღაცას მანიშნებ, -თქვა კალადინმა. -რისი გამოცნობა გინდა, ტეფტ? მე--

-აი, განჩო, -მოუახლოვდათ ლოპენი, სამედიცინო ჩანთა მხარზე შემოეგდო, -მოვიტანე!

კალადინმა გახედა და ყურადღებაგაფანტულმა, ჩანთა გამოართვა. თასმების გახსნას შეუდგა:

-წესით, ახლა რაც დაგვჭირდება-

ტეფტმა ანაზდად სწრაფი მოძრაობა გააკეთა, ისე, თითქოს მუშტი მოიქნიაო.

კალადინი თავისით ამოძრავდა: მკვეთრად შეისუნთქა და დაცვითი დგომი მიიღო - ერთი ხელი მომუშტა, მეორე დარტყმისგან დასაცავად ასწია.

მის შიგნით რაღაც გაიფურჩქნა: ღრმა ჩასუნთქვასავით, პირდაპირ სისხლში შეშვებული სასმელივით. სხეულში ძლიერი ტალღა დაუდიოდა: ენერგია, ძალა, სიფხიზლე. ეს ხიფათზე სხეულის ბუნებრივ პასუხს ჰგავდა, ოღონდ ასჯერ უფრო მძაფრი იყო.

კალადინმა ტეფტის მოქნეული მუშტი ისე სწრაფად დაიჭირა, რომ თვალიც ვერ შეასწრეს. ტეფტი გაშეშდა.

-რას აკეთებ? -პასუხი მოითხოვა კალადინმა.

ტეფტი იღიმებოდა. ნაბიჯით უკან დაიხია და ხელი გაითავისუფლა.

-კელეკ, -ჩაილაპარაკა და ხელი გაამოძრავა, -კარგად მოჭერა კი გცოდნია...

-დარტყმა რატომ სცადე?

-რაღაცის ნახვა მინდოდა, -უპასუხა ტეფტმა, -საქმე ისაა, რომ ლოპენის მოცემული სფეროებიანი ტომსიკაც გაქვს და საკუთარიც, ბოლოს მოგროვებული სფეროებით. იმაზე მეტი ავდარშუქია, რაც ოდესმე გიტარებია, ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო დროს.

-ეგ საერთოდ რა შუაშია? -ჩაეძია კალადინი. შიგნით მხურვალებას რატომ გრძნობდა, ძარღვებს მოდებული ეს წვა რაღა იყო?

-განჩო, -დაილაპარაკა გაოცებულმა ლოპენმა, -ანათებ!

რას გულისხმობსო, მოიღუშა კალადინი.

და მაშინ შეამჩნია. ძალიან მკრთალად, მაგრამ მაინც ჩანდა, მანათობელი კვამლის ხვეულები როგორ ასდიოდა კანიდან. ზამთრის ცივ ღამეში ცხელი წყლით სავსე თეფშიდან ამოსული ორთქლივით.

აკანკალებულმა კალადინმა სამედიცინო ჩანთა საწვიმე კასრის ფართო კიდეზე ჩამოდო. კანზე სიცივე იგრძნო. ეს რაღა იყო?  სახტად დარჩენილმა, მეორე ხელი ასწია და ზედ ადენილ ხვეულებს შეხედა. 

-რა მიქენი? -ტეფტს ახედა კალადინმა.

მეხიდე ისევ იღიმებოდა.

-პასუხი გამეცი! -კალადინმა ნაბიჯი გადადგა და ტეფტს პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი.

ავდარმამავ, ეს რა ღონეზე ვარო!

-მე არაფერი მიქნია, ბიჭო, -თქვა ტეფტმა, -უკვე კარგა ხანია, ამას აკეთებ. სიცხე როცა გქონდა, მაშინ შევასწარი თვალი, რომ ავდარშუქით იკვებებოდი.

ავდარშუქით. კალადინმა ტეფტს ხელი უშვა და ჯიბეში სფეროების ტომსიკა მოიძია. ამოაძრო და გახსნა. 

შიგნით სიბნელე დახვდა. ხუთივე სპეკალი დაცლილიყო. კალადინის კანიდან ადენილი თეთრი შუქი ოდნავ ანათებდა პატარა ტომარას.

-ოო, ერთი ამას შეხედე, -წაილაპარაკა გვერდით ლოპენმა. 

კალადინი შემოტრიალდა და აღმოაჩინა, რომ ჰერდაზელი დახრილიყო და სამედიცინო ჩანთას უყურებდა. ასეთი საინტერესო რა იპოვა?

და მაშინ დაინახა. ეგონა, რომ ჩანა კასრის კიდეზე დადო, მაგრამ სიჩქარეში, უბრალოდ, კასრის ფერდზე მიუდია. ჩანთა ფიცარზე მიკრულიყო. იქვე იყო მიწებებული, თითქოს უხილავი კაუჭით ჩამოუკიდიათო. კალადინივით, ჩანთასაც მკრთალად ასდიოდა შუქი. სანამ კალადინი უყურებდა, შუქი გამოილია, ჩანთა მოეშვა და ძირს ჩამოვარდა. 

კალადინმა ხელი შუბლზე მოისვა. გაკვირვებულ ლოპენს და ინტერესით შეპყრობილ ტეფტს გადახედა. შემდეგ ხის საჭრელ მოედანს გამწარებით მიმოავლო მზერა. არავინ უყურებდათ: მზის შუქში ორთქლი მეტისმეტად მკრთალი იყო, რომ შორიდან შეემჩნიათ.

ავდარმამავ... რა... როგორო...

კალადინმა თავზემოთ ნაცნობი ფიგურა დალანდა. სილი ქარს აყოლილი ფოთოლივით ფარფატებდა: ხან აქეთ შექანდებოდა ზარმაცად, ხან იქით.

ამან ქნა! გაიფიქრა კალადინმა. მაინც რა დამმართაო?

იგი ლოპენს და ტეფტს არეული ნაბიჯით გამოეცალა და სილისკენ გაიქცა. ფეხები მეტისმეტად სწრაფად მიაქანებდნენ წინ.

-სილ! -დაიყვირა, როცა სპრენის ქვემოთ შეჩერდა.

სილი ადგილიდან მოწყდა და მის წინ ჩამოეშვა. ფოთლიდან ჰაერში მდგარ გოგონად გადაიქცა.

-დიახ?

კალადინმა მიმოიხედა.

-წამომყევი, უთხრა და ყაზარმებს შორის მოქცეულ ერთ-ერთ ვიწრო შუკაში შევარდა. ჩრდილში, კედელს მიეყრდნო და ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა გააგრძელა. აქ ვერავინ დაინახავდა.

სილი მის წინ აენთო ჰაერში. ხელები ზურგსუკან წაიღო და ყურადღებით დააკვირდა:

-ანათებ.

-რა მიქენი?

-გოგონამ თავი გვერდზე გადახარა, შემდეგ მხრები აიჩეჩა.

-სილ... -მუქარით დაიწყო კალადინმა, თუმცა, დარწმუნებული არ იყო, რომ სპრენისთვის რამის დაშავება შეეძლო.

-არ ვიცი, კალადინ, -გულწრფელად უპასუხა სილმა და ჩამოჯდა. ფეხები უხილავი მოაჯირიდან გადმოკიდა, -ძალიან... ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, რაც ადრე კარგად ვიცოდი. ეს სამყარო, ადამიანებთან ურთიერთობა...

-მაგრამ რაღაც გააკეთე.

-ჩვენ გავაკეთეთ. მე არ ვყოფილვარ, არც შენ. მაგრამ ერთად... -მან ისევ აიჩეჩა მხრები.

-ეს არაფრის გაგებაში არ მეხმარება.

-ვიცი, -გოგონას სახე შეეჭმუხნა, -ბოდიში.

კალადინმა ხელი ასწია. ჩრდილში მისგან ადენილი შუქი კიდევ უფრო აშკარა იყო. თუ ვინმე ახლოს გამოივლიდა...

-ეს როგორ მოვიშორო?

-მოშორება რატომ გინდა?

-იმიტომ... იმიტომ, რომ...

სილს ხმა არ ამოუღია.

კალადინს თავში რაღაცამ გაუელვა. იმან, რაც ალბათ კარგა ხნის წინ უნდა ეკითხა:

-ქარსპრენი არა ხარ, ხომ ასეა?

სილი შეყოყმანდა, შემდეგ თავი გააქნია:

-არა.

-მაშინ რა ხარ?

-არ ვიცი. მე შეკვრა შემიძლია.

შეკვრა. როცა სილი ოინებს აწყობდა, ნივთებს ერთმანეთზე აწებებდა. ფეხსაცმელი მიწაზე ეკვრებოდა და პატრონებს აყირავებდა. ხალხი კავებზე ჩამოკიდებულ ქურთუკებს ექაჩებოდა და ვერ აძრობდა. კალადინი დაიხარა და ქვა აიღო. მისი ხელისგულისხელა იქნებოდა, ზენაავდრის ქარებისა და წვიმისაგან გლუვი გამხდარიყო. ყაზარმის კედელზე მიაბჯინა და თავისი შუქი ქვაში შეუშვა.

სიცივემ დაუარა. ქვამ მანათობელი ორთქლის გამოშვება დაიწყო. როცა კალადინმა ხელი მოაშორა, ქვა ადგილზე დარჩა, შენობის კედელზე მიკრული.

კალადინი მიუახლოვდა და თვალები მოჭუტა. ძლივს გაარჩია პაწია, მუქ-ლურჯი სპრენები, რომლებსაც დაქცეული მელნის პატარა წვეთების ფორმა ჰქონდათ. იმ ადგილის გარშემო შეგროვილიყვნენ, სადაც ქვა კედელს ეხებოდა.

-კვრასპრენები, -სილი მოახლოვდა და კალადინის თავთან დადგა.

-ქვას ადგილზე აკავებენ.

-შეიძლება. ან შეიძლება, იმან მიიზიდათ, რითაც ქვა დაამაგრე.

-ეგ ეგრე არ მუშაობს. ...ხომ ასეა?

-ლპობსპრენები იწვევენ ავადმყოფობას, -თავისთვის თქვა სილმა, -თუ ავადმყოფობა იზიდავს ლპობსპრენებს?

-ყველამ იცის, რომ თვითონ იწვევენ.

-და ქარსპრენები ქარს იწვევენ? წვიმასპრენები წვიმას? ალსპრენები ცეცხლს აჩენენ?

კალადინი შეყოყმანდა. არა. ასე არ იყო. თუ იყო?

-უაზროდ ვმსჯელობთ. ამ შუქის მოშორება მინდა, მისი შესწავლა კი არა!

-და მოშორება რატომ გინდა? -გაიმეორა სილმა. -კალადინ, ხომ მოგისმენია ამბები. ადამიანები, რომლებიც კედლებზე დადიოდნენ, ადამიანები, რომლებიც ავდრებს იმორჩილებდნენ - ქარმსრბოლელები. რატომ გინდა, ასეთი რამ მოიშორო?

კალადინს გაუჭირდა, ეს სიტყვებად ჩამოეყალიბებინა. განკურნება, ის, რომ მისთვის არასდროს მოურტყამთ ხიდის თავში სირბილისას... ჰო, აქამდეც იცოდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. ეს ასე რატომ აფრთხობდა? იქნებ იმიტომ, რომ ეშინოდა, განცალკევებულად არ დარჩენილიყო, როგორ მამამისი იყო ყოველთვის, კერისქვის ქირურგობისას? თუ კიდევ რამე უარესის?

-იმას ვაკეთებ, რასაც სხივმოსილები აკეთებდნენ, -თქვა.

-ახლა მეც იგივე არ გითხარი?

-მიფიქრია, ცუდი იღბალი ხომ არ ამყვა, ან რამე ძველი მაგიის მსგავსში ხომ არ გავეხვიე-მეთქი... იქნებ, ახსნაც ესაა! ყოვლადძლიერმა დაკარგული სხივმოსილები დაწყევლა, რადგან მათ კაცობრიობას უღალატეს. იქნებ, მეც დაწყევლილი ვარ იმის გამო, რასაც ვაკეთებ?

-კალადინ, -თქვა სილმა, -დაწყევლილი არ ხარ.

-ახლა არ თქვი, არ ვიცი, რა ხდებაო? -კალადინი შუკაში ბოლთის ცემას მოჰყვა. გვერდით ქვა როგორც იქნა, გათავისუფლდა და მიწაზე გაირაკუნა, -შეგიძლია, დარწმუნებით თქვა, რომ რასაც ვაკეთებდი, უიღბლობა არ დამატეხა? იცი იმდენი, რომ ეს სრულიად უარყო, სილ?

სილი ჰაერში იდგა, ხელები დაეკრიფა და ხმას არ იღებდა.

-ეს... რაღაც, -თქვა კალადინმა და ქვაზე უჩვენა, -ეს ბუნებრივი არაა. სხივმოსილებმა კაცობრიობას უღალატეს. ძალები დაკარგეს და დაიწყევლნენ, ეს ლეგენდები ყველამ იცის. -მან ხელებზე დაიხედა, რომლებიც ჯერაც უნათებდა, თუმცა მანამდელზე სუსტად. -რაც გავაკეთეთ, რაც დამემართა, ამით როგორღაც იგივე წყევლა დავიტეხე თავს. აი, რატომ კვდება ყველა ჩემ გარშემო, როდესაც მათ დახმარებას ვცდილობ.

-და ფიქრობ, რომ მე წყევლა ვარ? -ჰკითხა სილმა.

-მე... ხომ თქვი, ამის ნაწილი ვარო, და...

სილი წინ წამოვიდა და თითი მიუშვირა - ჰაერში გამოკიდული, პაწია, განრისხებულ ქალად ჩანდა.

-ესე იგი, ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე? შენი მარცხები? სიკვდილები?

კალადინს პასუხი არ გაუცია. თითქმის იმწამსვე გააცნობიერა, რომ სიჩუმე შეიძლებოდა, ყველაზე უარესი პასუხი ყოფილიყო. სილი - რომლის ემოციებიც საოცრად ადამიანური ჩანდა - გულნატკენი გამომეტყველებით დაბზრიალდა ჰაერში და შუქის ლენტად გადაქცეული გასხლტა სადღაც.

ზედმეტად მწვავედ გადამაქვსო, გაიფიქრა კალადინმა. უბრალოდ, თავს ისე არეულად გრძნობდა... უკან კედელს მიეყრდნო და თავზე ხელი მიიდო. ვიდრე აზრებისთვის თავის მოყრას მოასწრებდა, შუკის შემოსასვლელი ჩრდილებმა ჩაამუქა. ტეფტი და ლოპენი.

-ქვათმოუბრებო! -წამოიძახა ლოპენმა, -ჩრდილში კი მართლა ასხივებ, განჩო!

ტეფტმა ლოპენს მხარზე მოუჭირა ხელი:

-არავის ეტყვის, ბიჭო. მაგაზე ვიზრუნებ.

-ჰო, განჩო, -დაამატა ლოპენმა, -დავიფიცე, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი. შეგიძლია, ჰერდაზელს ენდო!

კალადინი გაშტერებულივით შეაცქერდათ. ხელი ჰკრათ, შუკიდან გამოვარდა და ხის საჭრელი მოედანი გადაირბინა, რათა მაყურებლებს გარიდებოდა.




***

იმ დროისათვის, როცა ღამე მოახლოვდა, კალადინს კარგა ხანი იყო, შუქი აღარ ასდიოდა სხეულიდან. დასუსტებული ცეცხლივით მიილია და ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა.

კალადინი სამხრეთით მიაბიჯებდა. დალეწილი ვაკეების კიდეს მიუყვებოდა, საომარ ბანაკებსა და დალეწილ ვაკეებს შორის გარდამავალ არეში. ზოგან - როგორც სადეასის ხისსაჭრელის ახლოს, ასაწყობ ნაწილში - ეს ორი სივრცე ოდნავ დახრილი ფერდობით ერთდებოდა. ზოგ ადგილას მოკლე სერი წამომართულიყო, რვა ან ათი ფუტის სიმაღლის. მან ერთ-ერთ ასეთ სერს ჩაუარა: კალადინის მარჯვნივ ქვები იყო, მარცხნივ - გაშლილი ვაკეები.

ქვა ღრმულებით, ნაპრალებით და ღარებით დასერილიყო. აქ ზოგან, ჩრდილებში, ჯერაც იმალებოდა რამდენიმე დღის წინანდელი ზენაავდრისგან დარჩენილი წყლის გუბეები. ქვებს შორის ჯერაც დაფუთფუთებდნენ პატარა არსებები, თუმცა საღამოს ცივი ჰაერი მალე დამალვას აიძულებდათ. კალადინმა პატარა, წყლიანი ხვრელებით დაჭორფლილი ადგილი გაიარა: მრავალფეხა და პაწია-მარწუხა ქრემურები, გრძელი ტანები ხოკით რომ ჰქონდათ დაფარული, ხვრელების კიდეებს დასეოდნენ და წყალს სვლეპდნენ. უცებ პატარა საცეცი გამოსხლტა და ერთი მათგანი შიგნით ჩაითრია. ალბათ უსხლიკუდა იყო.

მის გვერდით მდგარი სერის ცალ მხარეზე ბალახი იზრდებოდა და ღერებს სოროებიდან თავები გამოეყოთ. თითახავსის კონები ყვავილებივით გაშლილიყო სიმწვანეში. მათი ვარდისფერი და იისფერი პწკალებიც საცეცებს ჰგავდა, რომლებსაც კალადინს ნიავში უქნევდნენ. მისი ჩავლისას მფრთხალი ბალახი დაიმალა, მაგამ თითახავსი უფრო თამამი იყო. კონები ბაკანში მარტო მაშინ შეიმალებოდა, თუკი ახლოს, ქვაზე დაუკაკუნებდა.

მის ზემოთ სერზე რამდენიმე მზვერავი იდგა და დალეწილ ვაკეებს გადაჰყურებდა. სერის ქვეშ ეს მიდამო რომელიმე მაღალპრინცს არ ეკუთვნოდა და მზვერავებს კალადინისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მხოლოდ მაშინ შეაჩერებდნენ, თუ საომარი ბანაკების დატოვებას სამხრეთის ან ჩრდილოეთის მხრიდან შეეცდებოდა. 

მეხიდეებიდან მის მოსაძებნად არავინ მოსულა. კალადინი დარწმუნებული არ იყო, რა უთხრათ ტეფტმა. ალბათ ის, რომ კალადინი მეპსის სიკვდილმა დააღონა.

მარტო დარჩენა უცნაური განცდა იყო. მას შემდეგ, რაც ამარამმა უღალატა და მონად აქცია, სულ სხვების გარემოცვაში იყო. მონების, რომლებთან ერთადაც გაქცევის გეგმებს აწყობდა. მეხიდეების, რომლებთან ერთადაც შრომობდა. ჯარისკაცების, რომლებიც დარაჯობდნენ, ზედამხედველების, რომლებიც სცემდნენ, მეგობრების, რომლებიც მის იმედად იყვნენ. ბოლოს მარტო იმ ღამით დარჩა, როდესაც შებოჭილს, ზენაავდარში სიკვდილი მიუსაჯეს. 

არაო, გაიფიქრა. იმ ღამით მარტო არ ყოფილა. სილიც იქ იყო. თავდახრილმა, მარჯვნივ მიწაში გაჩენილ პატარა ბზარებს ჩაუარა. ეს ხაზები აღმოსავლეთით თანდათან ხრამებად იქცეოდნენ.

რა ხდებოდა მის თავს? მოლანდებები არ ჰქონდა. ტეფტმა და ლოპენმაც ხომ დაინახეს. ტეფტი თითქოს ამას მოელოდა კიდეც.

კალადინი იმ ზენაავდარში უნდა მომკვდარიყო. ამის მიუხედავად, სულ მცირე ხანში წამოდგომა და სიარული შეძლო. ფერდები ჯერაც დალეწილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ კვირები იყო, აღარ ასტკივებია. მისი და ახლოს მყოფი მეხიდეების სფეროები გამუდმებით იცლებოდა ავდარშუქისგან.

იქნებ იგი ზენაავდარმა შეცვალა? მაგრამ არა, სფეროების დაცლა იქამდეც შეამჩნია, ვიდრე სასიკვდილოდ დაკიდებდნენ. და სილი... თვითონვე აღიარა თავისი წვლილი იმაში, რაც მოხდა. ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ დაწყებულა.

კალადინი ქვის გაშიშვლებულ ქანთან შეჩერდა და მიეყრდნო, რამაც ბალახს შემალვა აიძულა. მან აღმოსავლეთით გაიხედა, დალეწილ ვაკეებს შეაცქერდა. საკუთარ სახლს. საკუთარ სამარეს. აქ არსებობით იგი ნაწილ-ნაწილ იფლითებოდა. მეხიდეები იმედით შესცქეროდნენ, თავიანთ მეთაურად, მხსნელად აღიქვამდნენ. მაგრამ კალადინს ბზარები ჰქონდა, ისეთივე ბზარები, როგორც აქაურ, ვაკეების პირა ქვას. ეს ბზარები იზრდებოდა. თავს გამუდმებით აღუთქვამდა დაპირებებს, როგორც კაცი, დიდ მანძილზე სარბენი ძალ-ღონე რომ აღარ შერჩენია. კიდევ ცოტაც. მხოლოდ იმ გორამდე მიირბინე. მერე შეგიძლია, დანებდე... პაწაწინა ნაპრალები, ქვის ნარღვევები.

აქ სწორად მოვედიო, გაიფიქრა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, შენნაირი ვარო. კი მაგრამ, რამ გატეხა ეს ვაკეები? რაღაც დიდმა წონამ?

შორს მელოდია გაისმა და ვაკეებზე ალივლივდა. კალადინი ამის გაგონებაზე შეხტა. ისეთი მოულოდნელი, ისეთი უადგილო იყო, რომ მშვიდი ხმიანობის მოუხედავად, დამაფრთხობელი ჩანდა.

ხმები ვაკეებიდან მოდიოდა. კალადინი შეყოყმანდა, მაგრამ ვერ გაუძლო და მათკენ გაემართა. აღმოსავლეთით, ბრტყელ, ქარდაკრულ ქვაზე გავიდა. ხმებმა მოიმატა, მაგრამ ისევ გულშიჩამწვდომი, უცნაური დარჩა. ფლეიტას ჰგავდა, თუმცა უფრო დაბალტონიანს, ვიდრე უმეტესობა, რაც მოესმინა.

მიახლოებისას კალადინს კვამლის სუნი ეცა. წინ შუქი თამაშობდა. პაწია კოცონი.

კალადინი ნახევარკუნძულის კიდეზე გამოვიდა. აქ ბზარებიდან ნელ-ნელა ხრამი იზრდებოდა და ბოლოს წყვდიადში ეშვებოდა. ნახევარკუნძულის ისარა წვერზე - რომელსაც სამი მხრიდან ხრამი ერტყა - კალადინმა იპოვა ლოდზე მჯდარი კაცი, რომელსაც ნათელთვალების შავი უნიფორმა ეცვა. მის წინ ქვისკვირტას ქერქისგან დანთებული ცეცხლი ტკაცუნებდა. კაცს მოკლე და შავი თმა ჰქონდა, სახე - კუთხოვანი. წელზე წვრილი, შავქარქაშიანი ხმალი ერტყა.

ღია-ცისფერი თვალები ჰქონდა. კალადინს არასოდეს გაეგონა, ნათელთვალა მამაკაცს ფლეიტაზე დაეკრა. მუსიკას ქალურ საქმიანობად არ თვლიდნენ? ნათელთვალა კაცები მღეროდნენ, მაგრამ თუ გზნებულად არ იყვნენ აღკვეცილი, არ უკრავდნენ.

ეს კაცი ძალიან ნიჭიერი ჩანდა. მისი უცნაური მელოდია უცხოდ, თითქმის არარეალურად ისმოდა: თითქოს სხვა ადგილიდან და დროიდან ყოფილიყო. ხრამში ექოდ ჩადიოდა და უკანვე ბრუნდებოდა; ლამის გეფიქრა, რომ საკუთარ თავთან დუეტს უკრავდა.

კალადინი ახლო მანძილზე შედგა. გააცნობიერა, რომ უკანასკნელი, რაც ახლა უნდოდა, ნათელბატონის ატანა იყო, განსაკუთრებით - ისეთი ახირებულის, შავ ტანსაცმელს რომ ჩაიცვამდა და დალეწილ ვაკეებზე ფლეიტაში სავარჯიშოდ გაისეირნებდა. კალადინი წასასვლელად მიტრიალდა.

მუსიკა გაწყდა. კალადინი შედგა.

-სულ ვღელავ, რომ დამავიწყდება, როგორ დავუკრა მასზე, -წარმოთქვა უკნიდან რბილმა ხმამ, -ვიცი, სისულელეა, იმის გათვალისწინებით, რაც ვივარჯიშე. მაგრამ ბოლო დროს იშვიათად თუ ვანებივრებ ისეთი ყურადღებით, როგორსაც იმსახურებს.

კალადინი უცნობისკენ მიბრუნდა. მისი ფლეიტა მუქი ხისა იყო, თითქმის შავი. საკრავი მეტისმეტად უბრალო ჩანდა იმისთვის, რომ ნათელთვალას საკუთრება ყოფილიყო, მაგრამ კაცს მაინც მოწიწებით ეჭირა.

-აქ რას აკეთებ? -ჰკითხა კალადინმა.

-ვზივარ. შიგდაშიგ ვუკრავ...

-ის ვიგულისხმე, აქ რატომ ხარ-მეთქი?

-აქ რატომ ვარ? -კაცმა ფლეიტა დაუშვა, უკან გადაწვა და ტანი მოადუნა. -რატომ არის ნებისმიერი ჩვენგანი აქ? ეს საკმაოდ ღრმა კითხვაა პირველი შეხვედრისათვის, ახალგაზრდა მეხიდევ. როგორც წესი, თეოლოგიამდე თავის წარდგენა მირჩევნია. საუზმეც, თუკი საშუალება იქნა. ცოტა თვალის მოტყუებაც? მართალი გითხრა, თეოლოგიამდე ყველაფერი ჯობია. მაგრამ განსაკუთრებით - თავის წარდგენა.

-კარგი, -დაიწყო კალადინმა, -ესე იგი, შენ...?

-ვზივარ. შიგდაშიგ ვუკრავ... მეხიდეების ნერვებზე.

კალადინი წამოჭარხლდა და წასასვლელად შეტრიალდა. დაე, ამ სულელ ნათელთვალას ეთქვა და ექნა, რაც უნდოდა. კალადინს რთულ გადაწყვეტილებებზე ჰქონდა საფიქრი.

-ჰოდა, კარგად მეყოლე, -წარმოთქვა უკნიდან ნათელთვალამ, -მიხარია, რომ მიდიხარ. არ მინდოდა, ახლოს მოსულიყავი. გასანიავებელი ავდარშუქი სად მაქვს!

კალადინი გაშეშდა. შემდეგ მოწყვეტით შემოტრიალდა:

-რაო?

-ჩემი სფეროები, -უცნაურმა კაცმა რაღაც ასწია, რაც ბოლომდე გაჟღენთილ ზურმუხტის ბრომს ჰგავდა. -ყველამ იცის, რომ მეხიდეები ქურდები ხართ, ან უკეთეს შემთხვევაში - მათხოვრები...

რა თქმა უნდა. სფეროებს გულისხმობდა. კალადინის... მდგომარეობაზე არაფერი ეცოდინებოდა. ხომ არ ეცოდინებოდა? კაცს თვალები ისე უციმციმებდა, თითქოს სასწაული ხუმრობა ეთქვა.

-არ გეწყინოს, ქურდი რომ გიწოდე, -თითი ასწია კაცმა. კალადინი მოიღუშა. სად გაქრა სფერო? მანამდე ამ ხელში ეჭირა, -შექება მინდოდა.

-შექება? ადამიანისთვის ქურდობის დაბრალება?

-რასაკვირველია. მე თვითონაც ქურდი გახლავარ.

-ჰო? და რას იპარავ?

-სიამაყეს, -კაცი წინ გადმოიწია. -და შიგდაშიგ მოწყენილობასაც, თუკი სიამაყეს არ დამაბრალებ. მე მეფის ჭკუა ვარ. უფრო სწორად, აქამდე ვიყავი. მგონი, წოდებას მალე დავკარგავ...

-მეფის რა?

-ჭკუა. ჩემი საქმე სიჭკვიანე იყო. 

-არეულ-დარეულად ლაპარაკი სიჭკვიანე არაა.

-აჰ, -კაცს თვალები აუციმციმდა, -უკვე იმაზე მეტ სიბრძნეს იჩენ, ვიდრე ბოლო დროს გაცნობილთა უმრავლესობა. აბა, რა არის სიჭკვიანე?

-მოსწრებული ლაპარაკი.

-და მოსწრებულობა რაღაა?

-რა და... -ეს რა საუბარში გაეხვა? -ალბათ, იმის უნარი, სწორი რაღაც სწორ დროს თქვა და გააკეთო.

მეფის ჭკუამ თავი გვერდზე გადახარა, შემდეგ გაიღიმა. ბოლოს კალადინს ხელი გამოუწოდა:

-და შენი სახელი, ჩემო ფიქრიანო მეხიდევ?

კალადინმა ყოყმანით გაუწოდა ხელი:

-კალადინი. და შენი?

-ბევრი მაქვს, -კაცმა კალადინს ხელი ჩამოართვა. -მე სიცოცხლე დავიწყე, როგორც ფიქრმა, ცნებამ, სიტყვებმა ფურცელზე. ეს კიდევ ერთი რამ იყო, რაც მოვიპარე - ჩემივე თავი. ერთ დროს ქვის სახელიც მერქვა. 

-იმედია, ლამაზის.

-ულამაზესის, -წარმოთქვა კაცმა, -და ისეთის, ჩემი ტარების გამო ყოვლად უსარგებლოდ რომ იქცა.

-კარგი, და ახლა რას გიწოდებენ?

-ბევრ რამეს, და მათგან ზრდილობიანს - ცოტას. თუმცა, სამწუხაროდ, თითქმის ყველა სიმართლეა. შენ კი შეგიძლია, ჰოიდი დამიძახო.

-შენი სახელია?

-არა. იმის სახელია, ვინც უნდა მყვარებოდა. კიდევ ერთი რამ, რაც მოვიპარე. ქურდებს ასე გვჩვევია, -მან აღმოსავლეთით, ვაკეებისკენ გაიხედა, რომლებიც სულ უფრო ბნელდებოდა. ჰოიდის ლოდის გვერდით დანთებული ცეცხლის გარემოს ოდნავ, წითლად ანათებდა ნაკვერჩხლებით.

-სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა, -თქვა კალადინმა, -დროა, მე წავიდე...

-ჯერ არა, ვიდრე რაღაცას არ მოგცემ, -ჰოიდმა ფლეიტას მოჰკიდა ხელი, -გთხოვ, მოიცადე.

კალადინმა ამოიოხრა. გრძნობდა, რომ ეს უცნაური კაცი წასვლას არ დაანებებდა, ვიდრე არ მორჩებოდა.

-ეს მგზავრის ფლეიტაა, -ჰოიდმა მუქი ხის საკრავი შეატრიალ-შემოატრიალა, -ამბის მთხრობელისთვისაა, მოყოლისას ზედ რომ დაუკრას...

-ის იგულისხმე, რომ ამაზე სხვამ უნდა დაუკრას, სანამ მთხრობელი ამბავს ჰყვება, არა?

-სხვათა შორის, ის ვიგულისხმე, რაც ვთქვი.

-როგორ უნდა მოჰყვე ამბავს, თუ ამავდროულად ფლეიტაზე უკრავ?

ჰოიდმა წარბი ასწია, შემდეგ კი ფლეიტა ტუჩებთან მიიტანა. კალადინის ნანახი ფლეიტებისგან განსხვავებულად იყენებდა - წინ გაშვერის მაგივრად, ჰოიდმა გვერდულად მიიტანა ტუჩებთან და ზემოდან ირიბად ჩაბერა. რამდენიმე ნოტი გამოსცადა. ამათაც ისეთივე ნაღვლიანი ხმა ჰქონდათ, როგორიც კალადინს ცოტა ხნის წინ მოესმა.

-ეს ამბავი, -წარმოთქვა ჰოიდმა, -დერეთილსა და აფრამალზეა.

მან დაკვრა დაიწყო. ნოტები წინანდელთან შედარებით უფრო სწრაფი, მახვილი გახდა. ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდნენ, თითქოს გასწრობანას მოთამეშე ბავშვებივით გამორბოდნენ ფლეიტიდან. კილო ხან მაღლა ადიოდა, ხან დაბლდებოდა - წკრიალა, ლამაზი ხმები იყო, ნაქარგი ხალიჩასავით დახვეწილი.

კალადინი ადგილზე მიეჯაჭვა. მუსიკა ძლიერი, ლამის მომთხოვნი იყო. და ყოველი ნოტი, თითქოს კაუჭად ქცეულიყო, ისე ესობოდა კალადინს სხეულში და ახლოს იზიდავდა.

ჰოიდმა დაკვრა მოულოდნელად გაწყვიტა, მაგრამ ნოტებმა ხრამიდან ექოდ დაბრუნება განაგრძეს. იგი ისევ ალაპარაკდა:

-დერეთილის შესახებ ბევრგან იციან, თუმცა აქ, აღმოსავლეთში, მასზე იშვიათად მსმენია. იგი უხსოვარ, ჩრდილდღეთა დროინდელი მეფე იყო. ძლევამოსილი კაცი - ათასთა მეთაური, ათიათასთა წინამძღოლი. ტანმაღალს, მეფური შესახედეობა ჰქონდა, ფერღია იყო და თვალნათელი. შესაშური ვაჟკაცი გახლდათ.

როგორც კი ქვემოდან ექოები მიწყდა, ჰოიდმა ისევ დაიწყო დაკვრა და რიტმი ააჩქარა. ზუსტად იმ ადგილიდან გააგრძელა, სადაც ექოდ გამოცემული ნოტები მეტისმეტად დასუსტდა, ასე რომ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მუსიკა არც შეწყვეტილიყო. ნოტები შერბილდა, თითქოს მეფე მხლებლებთან ერთად მიაბიჯებდა თავის კარზე. თვალდახუჭული ჰოიდი, რომელიც დაკვრას აგრძელებდა, ცეცხლისკენ დაიხარა. ჰაერი, რომელსაც ფლეიტაში უბერავდა, კვამლში აირია და აამოძრავა.

მუსიკა უფრო მშვიდი გახდა. კვამლი დატრიალდა და კალადინს მოეჩვენა, რომ კვამლის ნაყშებში კაცის სახე გამოიკვეთა, წვეტიანი ნიკაპითა და მაღალი ღაწვებით. რასაკვირველია, ამას ნამდვილად არ ხედავდა. უბრალოდ, წარმოიდგინა. მაგრამ გულშიჩამწვდომი სიმღერა და მოტრიალე კვამლი თითქოს მის წარმოსახვას აქეზებდა. 

-დერეთილი უფსკრულმდევებს ჰერალდთა და სხივმოსილთა დროში ებრძოდა, -ჰოიდს თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, ფლეიტა ტუჩებთან, ოდნავ დაბლა ეჭირა. სიმღერა ხრამში ექოდ ტრიალებდა და თითქოს მის სიტყვებს ელოდებოდა, -საბოლოოდ, როდესაც მშვიდობა ჩამოვარდა, მან აღმოაჩინა, რომ მოსვენებას ვერ პოულობდა. თვალები მუდამ დასავლეთით გაურბოდა, დიდი, ღია ზღვისაკენ. მან საუკეთესო გემთმშენებლები მოიძია და უზადო ხომალდის აგება დაავალა, რომელსაც შეეძლებოდა ის, რაც იქამდე არავის გაებედა: ზენაავდარში ზღვაზე გაცურვა.

ექოები მიწყდა და ჰოიდმა ისევ განაგრძო დაკვრა, თითქოს უხილავ მეწყვილეს შეენაცვლაო. მოტრიალე კვამლი მაღლა ადიოდა და ჰოიდის სუნთქვისგან იკლაკნებოდა. და კალადინმა იფიქრა, რომ ლამის დაინახა უზარმაზარი ხომალდი გემთსაშენში, სახლისხელა აფრით, რომელიც ისრის ფორმის კორპუსზე მიემაგრებინათ. მელოდია სწრაფი და წყვეტილი გახდა, თითქოს ჩაქუჩების ცემასა და ხერხის ხმას ბაძავდა.

-დერეთილის მიზანი, -ჰოიდი შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო, -უფსკრულმდევების დასაბამი იყო - ადგილი, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ. ბევრმა სულელი უწოდა მას, მაგრამ დერეთილს შეჩერება არ შეეძლო. მან ხომალდს აფრამალი დაარქვა და უმამაცეს მეზღვაურთაგან ეკიპაჟი შეკრიბა. შემდეგ, ერთ დღეს, ზენაავდრის მოახლოებისას, გემმა ნაპირი დატოვა და ზღვაში შეცურა, ფართოდ გაშლილი აფრით, ავდარქარების შესაგებებლად გაწვდილ ხელებს რომ ჰგავდა...

შემდეგ წამს ფლეიტა ისევ ჰოიდის ტუჩებთან გაჩნდა. მან ქვისკვირტას ქერქს მიჰკრა ფეხი, რითაც ნაკვერჩხლები აურია. ალის ნაპერწკლები ჰაერში ავარდა და მომატებული კვამლი დაბზრიალდა, რადგან ჰოიდმა თავი დაბლა დასწია და ფლეიტის ხვრელები კვამლს მიუშვირა. სიმღერა მძაფრი, ბობოქარი გახდა. ნოტები სწრაფად ცვიოდნენ და მოულოდნელად იტალღებოდნენ. კილო მაღლა-მაღლა ადიოდა, ვიდრე ქარის კივილს არ დაემგვანა.

და კალადინმა გონების თვალით დაინახა: დიდი ხომალდი, რომელიც ზენაავდრის საოცარი ძალის წინაშე თითისოდენად ქცეულიყო. მოწყვეტილი, უსასრულო ზღვას გაეტაცა. ეს დერეთილი რას იმედოვნებდა, ან რისი პოვნა უნდოდა? ზენაავდარი ხმელეთზეც კი საშინელი რამ იყო. მაგრამ ზღვაში?

ხრამის კედლები ხმებს ექოდ აბრუნებდა. კალადინმა აღმოაჩინა, რომ ქვებში ჩამჯდარიყო და მოტრიალე კვამლსა და მოთამაშე ალებს მიშტერებოდა. ხედავდა პაწია გემს, რომელიც მძვინვარე მალშტრემს მარწუხებში მოექცია.

თანდათან ჰოიდის მუსიკა შენელდა, მძაფრი ექოები მიწყდა და ადგილი გაცილებით ნაზ სიმღერას დაუთმო. ეს მოლამუნე ტალღებს ჰგავდა.

-აფრამალი თითქმის მთლიანად დაიმსხვრა, მაგრამ დერეთილი და მის მეზღვაურთა უმეტესობა გადარჩა. ისინი პატარა კუნძულების წრეზე აღმოჩნდნენ. კუნძულები გარს ერტყა უზარმაზარ მორევს, სადაც, გადმოცემათა მიხედვით, ოკეანე ჩაედინება. იქ დერეთილსა და მისიანებს უცნაური ხალხი დაუხვდა: ტანმაღალნი და მოქნილნი იყვნენ, სამოსი ერთი ფერისა ჰქონდათ, ხოლო თმებში - ბაკნები, რომელთა მსგავსი აქეთ, როშარზე არსად იზრდება.

ამ ხალხმა გადარჩენილები შეიფარა, დააპურა და უვლიდა მათ, ვიდრე არ გამოჯანმრთელდნენ. კვირების განმავლობაში, სანამ ჭრილობებს იშუშებდნენ, დერეთილი აკვირდებოდა ამ უცნაურ მოდგმას, რომელიც თავს უვარას - დიდი ჯურღმულის ხალხს უწოდებდა. ისინი უცნაური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. განსხვავებით როშარელი ხალხისაგან, რომლებიც გამუდმებით კინკლაობენ, უვარებს მუდამ თანხმობა ჰქონდათ. ბავშვობიდან მოყოლებული, კითხვებს არავინ სვამდა. უკლებლივ ყველა თავის საქმეს აკეთებდა. 

ჰოიდმა ისევ განაგრძო დაკვრა და კვამლს მაღლა ასვლა აცადა. კალადინმა გაიფიქრა, რომ მასში ხალხს ხედავდა - მუყაითებს, მუდამ მომუშავეებს. მათ შორის შენობა ამოზრდილიყო, სარკმელთან მდგარი ფიგურა - დერეთილი - ხალხს უცქერდა. მუსიკაში სიმშვიდე, ცნობისმოყვარობა ისმოდა.

-ერთ დღეს, -განაგრძო ჰოიდმა, -როდესაც დერეთილი და მისი ხალხი ძალების აღსადგენად ვარჯიშობდა, მსახურმა გოგონამ ცივი სასმელი მოუტანათ. გოგონას არათანაბარ ქვაზე ფეხი დაუცდა, თასები ძირს დაუცვივდა და დაემსხვრა. თვალის დახამხამებაში, დანარჩენი უვარები უბედურ გოგონას დაესივნენ და შეუბრალებლად მოკლეს. დერეთილი და მისი ხალხი ისე განცვიფრდა, რომ ვიდრე გონს მოეგებოდნენ, ბავშვი უკვე ცოცხალი აღარ იყო. განრისხებულმა დერეთილმა მოითხოვა, ამ უსამართლო მკვლელობის მიზეზი ეთქვათ. ერთ-ერთმა კუნძულელმა ასე უპასუხათ: “ჩვენი იმპერატორი მარცხს არ მოითმენს.”

მუსიკა ისევ გაგრძელდა, ამჯერად - მწუხარედ, და კალადინს გააჟრჟოლა. დაინახა, როგორ მოკლეს ქვების ცემით გოგონა, და ამაყი დერეთილი, ცხედრის წინ მუხლებზე რომ იდგა.

კალადინი ამ მწუხარებას იცნობდა. მწუხარება იმის გამო, რომ დამარცხდი, რომ ვიღაც მოგიკვდა და შენ ამისთვის ხელის შესაშლელად ვერაფერი იღონე. იმდენი ადამიანი, რომელიც უყვარდა, მოკვდა... და ახლა ამის მიზეზი იცოდა. კალადინმა ჰერალდებისა და ყოვლადძლიერის რისხვა გამოიწვია. ეს იქნებოდა მიზეზი, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო?

იცოდა, რომ უკვე უნდა წასულიყო, ხიდ მეოთხესთან დაბრუნებულიყო, მაგრამ ადგილს ვერ სწყდებოდა. მთხრობელის სიტყვებს დაეტყვევებინა.

-დერეთილი ამის შემდეგ ყურადღებით აკვირდებოდა მათ, -მუსიკა ჰოიდის სიტყვებს ნაზ ექოებად ეხამებოდა, -და სხვა მკვლელობების შემჩნევაც დაიწყო. ამ უვარებს, ამ დიდი ჯურღმულის ხალხს, საოცარი სისასტიკის გამოჩენა შეეძლო. თუკი მათგან ვინმე რაიმეს დააშავებდა - სულ ოდნავ შეუფერებელ ან არასასურველ რამეს მაინც თუ ჩაიდენდა - დანარჩენები სიცოცხლეს ასალმებდნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც დერეთილი ამის შესახებ იკითხავდა, მათი მომვლელი ქალი ერთსა და იმავეს პასუხობდა: “ჩვენი იმპერატორი მარცხს არ მოითმენს.”

ექოდ მობრუნებული მუსიკა მიილია, მაგრამ ჰოიდმა კიდევ ერთხელ ასწია ფლეიტა, ზუსტად იმ წამს, როდესაც იგი მეტისმეტად მისუსტდა. მელოდია წყნარი გახდა. ნაზი, ჩუმი, როგორც გარდაცვლილზე გლოვის სიმღერა. თუმცა, მასში ოდნავ შერეულიყო იდუმალი, სწრაფი ბიძგები, რომლებიც საიდუმლოებებზე მიანიშნებდა.

კალადინი მოღუშული შეაცქერდა დახვეულ კვამლს, რომელშიც რაღაც კოშკის მსგავსი გამოჩნდა. მაღალი და წვრილი, თავზე - ღია შენობით.

-დერეთილმა გაარკვია, რომ იმპერატორი კოშკში ცხოვრობდა, უვარების ყველაზე დიდი კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

კალადინი სიცივემ აიტანა. კვამლში სურათებს ხომ უბრალოდ, მისი გონება ქმნიდა ამბის მიხედვით? ნუთუ მართლა იქამდე დაინახა კოშკი, ვიდრე ჰოიდმა ახსენა?

დერეთილმა გადაწყვიტა, ამ სასტიკ იმპერატორს შეხვედროდა. რა ურჩხულს უნდა მოეთხოვა, ასეთ მშვიდობისმოყვარე ხალხს ერთიმეორე ასე ხშირად და საშინლად ეხოცა? დერთილმა შეკრიბა თავისი გულმაგარი მეზღვაურების გუნდი, და მათ იარაღი აისხეს. უვარებს მათი შეჩერება არ უცდიათ, თუმცა შიშნეული მზერით უცქერდნენ, როგორ შეიჭრნენ უცხოები იმპერატორის კოშკში.

ჰოიდი დადუმდა და არც ფლეიტას მიჰბრუნებია. ამის ნაცვლად, მუსიკას ხრამში ყოფნა აცადა. ამჯერად ექომ უფრო დიდხანს გაძლო. გრძელ, ავბედით ნოტებად.

-ცოტა ხნის შემდეგ დერეთილი და მისი მეზღვაურები კოშკიდან გამოვიდნენ და ძვირფას სამოსსა და სამკაულებში გამოწყობილი, ხმელი გვამი გამოიტანეს. “ეს არის თქვენი იმპერატორი?” დაიძახა დერეთილმა. “მარტო ვიპოვეთ, ყველაზე ზემოთა ოთახში!” როგორც ჩანდა, ეს კაცი წლების წინ მომკვდარიყო, მაგრამ მის კოშკში შესვლა ვერავის გაებედა. მეტისმეტად ეშინოდათ მისი.

როდესაც დერეთილმა უვარებს გვამი უჩვენა, მათ მოთქმა-გოდება ატეხეს. მთელი კუნძული ქაოსმა მოიცვა, რადგან უვარები საკუთარ სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ, შმაგდებოდნენ, ანდაც დრტვინვით ეცემოდნენ მუხლებზე. განცვიფრებულმა და დაბნეულმა დერეთილმა, თავისიანებთან ერთად, უვარების ნავსადგომებამდე გაიკვლია გზა, სადაც აფრამალი იდგა შესაკეთებლად. მათი მეგზური და და მომვლელიც თან გაედევნათ და შეევედრათ, მეც წამიყვანეთო. ასე შეუერთდა ეკიპაჟს ნაფტი. 

დერეთილმა და მისმა მეზღვაურებმა აფრა გაშალეს და, რადგან ქარი არ ქროდა, აფრამალით მორევს გარშემო შემოუარეს. ამით აჩქარებულნი, კუნძულებს მოსწყდნენ და გაშორდნენ. მიმავლები, დიდი ხნის განმავლობაში ხედავდნენ, როგორ ადიოდა კვამლი მანამდე მშვიდობიანი მიწებიდან. მაცქერლები, გემბანზე შეგროვდნენ, და დერეთილმა ნაფტის ამ საშინელი მღელვარების მიზეზი ჰკითხა.

ჰოიდი დადუმდა და მისი სიტყვები უცნაურ კვამლთან ერთად ღამეში ჩაიკარგა.

-მერე? -წამოიწია კალადინი, -რა უპასუხათ?

-ქალმა, რომელსაც საბანი მაგრად შემოეხვია და თავის კუნძულებს გაწამებული მზერით შესცქეროდა, უპასუხა: “მოგზაურო, ნუთუ ვერ ხვდები? თუკი იმპერატორი მკვდარია და მთელი ეს წლები არც უცოცხლია, მაშინ ჩვენი მკვლელობები მისი პასუხისმგებლობა არ ყოფილა. ისინი ჩვენით ჩაგვიდენია.”

კალადინი ისევ ჩაჯდა. აღარსად იყო გამომწვევი ტონი, რომლითაც ჰოიდი მანამდე ათამაშებდა. აღარავითარი დაცინვა. აღარავითარი ენამახვილობა დასაბნევად. ეს ამბავი მისი გულიდან ამოვიდა, და კალადინმა აღმოაჩინა, რომ არაფრის თქმა არ შეეძლო. იგი უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა კუნძულზე: საშინელებებზე, რომლებიც იქ დატრიალდა.

-ვფიქრობ... -როგორც იქნა, მშრალ ტუჩებზე ენა მოისვა კალადინმა, -ესაა სიჭკვიანე.

ჰოიდმა წარბი ასწია და ფლეიტას მზერა მოაშორა.

-ასეთი ამბის დამახსოვრება, -თქვა კალადინმა, -და ასე გულით მოყოლა.

-ეგრე იოლადაც ნუ იტყვი, -ღიმილით თქვა ჰოიდმა, -სიჭკვიანისთვის მარტო კარგი ამბავი თუ კმარა, მაშინ სამუშაოს გარეშე დავრჩები...

-თვითონვე არ თქვი, სამუშაო უკვე დავკარგეო?

-მართალია. როგორც იქნა, მეფეს ჭკუა აღარ ჰყავს. ნეტავ, თვითონ რა გამოდის ამით?

-ჰმ... უჭკუო? -შეაშველა კალადინმა.

-გადავცემ, რომ ეს შენ მითხარი, -შენიშნა თვალებაციმციმებულმა ჰოიდმა, -მაგრამ, მგონი, ეს არასწორია. შეიძლება, ჭკუა გყავდეს, მაგრამ უჭკუობა ხომ ვერ გეყოლება? რა არის ჭკუა?

-არ ვიცი. ალბათ, თავში მობინადრე რაღაც სპრენი, რომელიც ფიქრის საშუალებას გაძლევს?

ჰოიდმა თავი გვერდულად გადახარა, შემდეგ კი გაეცინა:

-რატომაც არა, სხვა ახსნაზე ნაკლები არც ესაა!

იგი წამოდგა და თავისი შავი შარვალი ჩამოიფერთხა.

-ეს ამბავი სიმართლეა? -წამოდგა კალადინიც.

-შესაძლოა.

-მაგრამ, ჩვენ საიდან ვიცით? ნუთუ დერეთილი და მისი ხალხი დაბრუნდა?

-ზოგი ამბის მიხედვით, კი.

-კი მაგრამ, როგორ? ზენაავდრები მხოლოდ ერთი მიმართულებით უბერავს.

-რა მეთქმის, მაშინ ეს ამბავი ტყუილი გამოდის.

-მე ეგ არ მითქვამს.

-არა, მე ვთქვი. საბედნიეროდ, ეს საუკეთესო სახის ტყუილია.

-და როგორი სახის ტყუილია საუკეთესო?

-როგორსაც მე ვყვები, რასაკვირველია, -გაეცინა ჰოიდს. მან ცეცხლს ფეხის ცემა დაუწყო და ბოლო ნაკვერჩხლები ქუსლით ჩააქრო. ამ ცეცხლში ნამდვილად არ ჩანდა იმდენი საწვავი, რომ ცოტა ხნის წინ ამხელა კვამლი წარმოექმნა.

-ცეცხლში რა ჩაუმატე, იმ უცნაური კვამლის გამოსაშვებად?

-არაფერი. ეს ჩვეულებრივი ცეცხლი იყო.

-მაგრამ, დავინახე...

-ის, რაც დაინახე, შენ გეკუთვნის. ამბავი სიცოცხლეს ვერ შეიძენს, ვიდრე მას ვიღაცის გონება არ წარმოიდგენს.

-მაშინ რას ნიშნავს ეს ამბავი?

-იმას, რასაც გინდა, ნიშნავდეს, -თქვა ჰოიდმა. -მთხრობელის დანიშნულება ის კი არაა, გითხრას, როგორ იფიქრო, არამედ - დასაფიქრებლად კითხვები გაგიჩინოს. ეს მეტისმეტად ხშირად გვავიწყდება.

კალადინი მოიღუშა, დასავლეთს გახედა, საომარი ბანაკების მიმართულებით. ისინი ახლა სფეროებით, ფარნებით და სანთლებით გაშუქებულიყო.

-ეს ამბავი პასუხისმგებლობის აღებაზეა, -თქვა კალადინმა, -ეს უვარები სიხარულით კლავდნენ და ხოცავდნენ, სანამ ამაში იმპერატორის დადანაშაულება შეეძლოთ. სინანული მხოლოდ იმის შემდეგ გამოიჩინეს, რაც გაიგეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავის დააკისრებდნენ.

-ერთ-ერთი ახსნა ესაა, -თქვა ჰოიდმა, -სხვათა შორის, კარგი ახსნაც. აბა, რა არის ის, რის გამოც პასუხისმგებლობის აღება არ გინდა?

-რაო? -კინაღამ შეხტა კალადინი.

-ადამიანები ამბებში იმას ხედავენ, რასაც თვითონ ეძებენ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, -ჰოიდმა ლოდის უკან გადაყო ხელი, პატარა ჩანთა ამოიღო და მხარზე მოიგდო, -მე შენთვის პასუხები არა მაქვს. უმეტესი დროის განმავლობაში ვგრძნობ, რომ არც არასდროს მქონია პასუხები. თქვენს ქვეყანაში იმიტომ მოვედი, რომ ძველ ნაცნობს ვეძებდი, მაგრამ ახლა ჩემი დროის უმეტეს ნაწილს მისგან დამალვაში ვატარებ.

-მითხარი, რომ... ჩემზე და პასუხისმგებლობაზე...

-უბრალოდ, უაზრო შენიშვნა იყო, მეტი არაფერი, -იგი მოახლოვდა და კალადინს მხარზე ხელი ჩამოადო, -ჩემი შენიშვნები მუდამ უაზროდ დაყიალობენ: ვერაფრით ვაიძულე, რამე საქმეს მოჰკიდონ ხელი. ნეტავ, შემეძლოს, რომ ჩემს სიტყვებს ქვები ვაზიდვინო. კარგი სანახავი კი იქნებოდა... 

მან მუქი ხის ფლეიტა კალადინს გამოუწოდა:

-აჰა. მე იმდენი ხანი ვატარე, სიმართლე რომ გითხრა, არ დამიჯერებ. ახლა შენი იყოს.

-მაგრამ ამაზე დაკვრა არ ვიცი!

-ჰოდა, ისწავლე, -ჰოიდმა კალადინს ფლეიტა ხელში მიაჩეჩა, -როდესაც მოახერხებ, მუსიკამ აქეთ გიმღეროს, მაშინ შეგეძლება, თქვა, რომ დაოსტატდი, -იგი წასასვლელად მიტრიალდა, -და იმ ჩემს ოხერ მოწაფეს კარგად მოუარე. ჯობდა, ეცნობებინა, ცოცხალი თუ იყო. ალბათ შეეშინდა, რომ ისევ მოვბრუნდებოდი მის გადასარჩენად.

-მოწაფეს?

-უთხარი, რომ მისი სწავლა დასრულებულია, -გამოსძახა მიმავალმა ჰოიდმა, -უკვე სრულფასოვან მსოფლმღერლად ითვლება. ყურადღება მიაქციე, არავის შემოაკვდეს. მეტისმეტად ბევრი დრო დავხარჯე, რომ მის ტვინში რაღაც მაინც ჩამეტენა...

სიგზილიო, გაიფიქრა კალადინმა.

-ფლეიტას გადავცემ! -დაუძახა ჰოიდს.

-არა, არ გადასცემ, -ჰოიდი შემოტრიალდა და უკან-უკან სიარულით განაგრძო დაშორება, -ეს შენი საჩუქარია, კალადინ ავდარნათლულო. მოველი, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისას მასზე დაკვრა შეგეძლება!

ამ სიტყვებთან ერთად მთხრობელი მიბრუნდა და სირბილზე გადავიდა, საომარი ბანაკების მიმართულებით. ოღონდ ბანაკებში არ შესულა: მისი ჩრდილებიანი სილუეტი სამხრეთით შეტრიალდა, თითქოს ბანაკებიდან გასვლას აპირებსო. სად მიდიოდა?

კალადინმა თავის ხელში ფლეიტას დახედა. უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. რომელი ხისგან იყო? ჩაფიქრებულმა გადაუსვა ხელი გლუვ საკრავს.

-ეგ კაცი არ მომწონს, -მოულოდნელად გაისმა სილის ხმა უკნიდან, -უცნაური ვინმეა.

კალადინი მოტრიალდა და სილი იმავე ლოდზე მჯდარი აღმოაჩინა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჰოიდი იჯდა.

-სილ! -წამოიძახა კალადინმა. -რამდენი ხანია, აქ ხარ?

მან მხრები აიჩეჩა:

-ამბავს უყურებდი. არ მინდოდა, შემეწყვეტინებინა, -გოგონას ხელები მუხლებზე დაეწყო და შეწუხებული ჩანდა.

-სილ...

-მე ვარ იმის მიზეზი, რაც გემართება, -ჩუმი ხმით თქვა, -ამას მე ვაკეთებ.

კალადინი მოიღუშა და მისკენ გადადგა ნაბიჯი.

-ამას ორივენი ვაკეთებთ, -თქვა გოგონამ, -მაგრამ ჩემ გარეშე შენში არაფერი შეიცვლებოდა. მე... შენგან რაღაცას ვიღებ. და სანაცვლოდ რაღაცას გიბრუნებ. ადრე ეს ასე მუშაობდა, ოღონდ აღარ მახსოვს, როგორ ან როდის. უბრალოდ ვიცი, რომ ასე იყო.

-მე...

-ჩუ, -გააჩერა სილმა, -მე ვლაპარაკობ.

-ბოდიში.

-თუ გინდა, შემიძლია, შევწყვიტო ეს, -განაგრძო მან, -მაგრამ ისევ ისეთი გავხდები, როგორიც ადრე ვიყავი. ეს მაშინებს. ქარში ფარფატი, რამდენიმე წუთზე დიდხანს ვერაფრის დამახსოვრება. ჩვენი ამ კავშირის წყალობითაა, რომ ისევ შემიძლია, ვიაზროვნო, შემიძლია, მახსოვდეს, რა და ვინ ვარ. თუ დავასრულებთ, ამას დავკარგავ.

მან კალადინს მწუხარედ ახედა.

კალადინმა მის თვალებს შეხედა, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქა.

-წამომყევი, -კალადინი შეტრიალდა და ნახევარკუნძულს დაბლა დაუყვა, გასასვლელისკენ.

სილი აფრინდა და შუქის ლენტად ქცეული, მის თავთან სრიალს მოჰყვა. მალე მათ სერისქვეშა ადგილამდე მიაღწიეს, რომელიც საომარ ბანაკებამდე მიდიოდა. კალადინი ჩრდილოეთით შემოტრიალდა, სადეასის ბანაკის მიმართულებით. ქრემურები უკვე თავ-თავიანთ ბზარებსა და სოროებში შემალულიყვნენ, მაგრამ ბევრი მცენარე ფოთოლა ტოტებს ჯერაც არწევდა ცივ ქარში. კალადინის ჩავლისას ბალახი შეიმალა. ღამეში სალასის შუქით განათებული ბალახი რომელიღაც შავი მხეცის ბეწვივით ჩანდა.

“რა პასუხისმგებლობას ირიდებ...”

კალადინი პასუხისმგებლობას არ ირიდებდა. მეტისმეტად ბევრ პასუხისმგებლობას იღებდა! ლირინი გამუდმებით ამას უმეორებდა და უბრაზდებოდა, როდესაც კალადინს სინდისი ქენჯნიდა იმ სიკვდილების გამო, რომელთა აცილებაც არ შეეძლო.

თუმცა იყო ერთი რამ, რასაც ვერ ელეოდა. თავის გასამართლებელი საბუთი, ისეთივე, როგორც მკვდარი იმპერატორი. ეს უბადრუკის სული იყო, აპათია. რწმენა, რომ არაფერი იყო მისი ბრალი, რწმენა, რომ ვერაფერს შეცვლიდა. თუკი კაცი დაწყევლილი იყო, თუ თავს დააჯერებდა, რომ ერჩივნა, გულს აღარ შემოსკდომოდა, მაშინ როდესაც მარცხს იწვნევდა, ტკივილს აღარ იგრძნობდა. ყველა ეს მარცხი გარდაუვალი იყო. ისინი ვიღაცამ ან რაღაცამ განუსაზღვრა.

-თუ დაწყევლილი არ ვარ, -ჩუმად თქვა კალადინმა, -მაშინ რატომ ვრჩები ცოცხალი, როცა სხვები კვდებიან?

-ჩვენ გამო, -უპასუხა სილმა, -ამ კავშირის გამო. ეს გვაძლიერებს, კალადინ.

-მაშინ რატომ არ შეუძლია, იმდენად გამაძლიეროს, რომ სხვებს ვუშველო?

-არ ვიცი, -თქვა სილმა, -იქნებ, შეუძლია...

“თუ ამას მოვიშორებ, ისევ ჩვეულებრივი გავხდები. რისთვის... რომ სხვებთან ერთად მოვკვდე?”

იგი სიბნელეში მიაბიჯებდა, შორეულ შუქებქვეშ, რომლებიც მის წინ ქვებზე გაუგებარ, მკრთალ ჩრდილებს აფენდნენ. გროვებად შეჯგუფული თითახავსის პწკალები. მათი ჩრდილები ხელებს ჰგავდა.

ხშირად ფიქრობდა მეხიდეების გადარჩენაზე. მაგრამ ახლა დაფიქრებისას მიხვდა, რომ მათ გადარჩენას ხშირად თავის გადარჩენასთან აიგივებდა. თავს ეუბნებოდა, რომ მათ სიკვდილს არ დაუშვებდა, რადგან იცოდა, რაც დაემართებოდა ამ შემთხვევაში. როცა ხალხს კარგავდა, ლამის ისევ უბადრუკად გადაქცეულიყო, იმდენად სძულდა მარცხის განცდა.

ნუთუ ეს იყო მიზეზი? იქნებ ამიტომ ეძებდა დაწყევლილობის საბუთებს? საკუთარი მარცხის გასამართლებლად? კალადინმა ფეხს აუჩქარა.

მეხიდეების დახმარებით კარგს აკეთებდა - მაგრამ ეგოისტურადაც იქცეოდა. ძალების ქონამ ააფორიაქა, იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობას ნიშნავდა.

იგი სირბილზე გადავიდა. ცოტა ხანში უკვე მთელი სიჩქარით მიქროდა.

მაგრამ თუ მიზეზი საკუთარი თავი არ იყო - თუ  არა იმიტომ ეხმარებოდა მეხიდეებს, რომ მარცხის განცდა არ უნდოდა, ან არა იმიტომ, რომ მათი სიკვდილის ცქერით გამოწვეული ტკივილისა ეშინოდა, მაშინ გამოდიოდა, მიზეზი ისინი იყვნენ. მოაშის სიმძაფრე, ტეფტის გულღია სიტლანქე და პიტის ჩუმი საიმედოობა. რას იზამდა მათ დასაცავად? შეძლებდა ილუზიების, თავის გასამართლებელი საბუთების დათმობას?

შეძლებდა, გამოეყენებინა ნებისმიერი უპირატესობა, იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიცვლებოდა ამით? იმის მიუხედავად, თუ როგორ აძრწუნებდა ტვირთი, რომელსაც ეს უპირატესობები უსახავდა?

მან ხის საჭრელი მოედნის ფერდობზე აირბინა.

ხიდი მეოთხე საღამოს წვნიანის მომზადებით იყო გართული. საუბრობდნენ და იცინოდნენ. სხვა ჯგუფებიდან აკრეფილი დაჭრილებიც, ასე, ოცამდე კაცი, მათთან ერთად ისხდა და მადლიერი სახით შეექცეოდა წვნიანს. გაგიხარდებოდა, ისე სწრაფად გაუქრათ ცარიელი მზერა და დანარჩენებთან ერთად გაცინება შეძლეს.

ჰაერში რქაჭამიური ცხარე წვნიანის სუნი ტრიალებდა. კალადინმა სირბილს უკლო და მეხიდეებთან ახლოს შეჩერდა. აქოშინებული და ოფლად გაღვრილი რომ დაინახეს, ზოგს შეშფოთება დაეტყო. სილი მის მხარზე დაეშვა.

კალადინი თვალებით ტეფტს ეძებდა. ხანშიშესული მეხიდე მარტო იჯდა ყაზარმის საჩიხის ქვეშ და ქვას დასჩერებოდა. კალადინის მოსვლა არ შეუმჩნევია. კალადინმა დანარჩენებს ანიშნა, გაეგრძელებინათ, შემდეგ კი ტეფტთან მივიდა და მის გვერდით ჩაიმუხლა. ტეფტმა გაკვირვებულმა ამოხედა.

-კალადინ?

-რა იცი? -ჩუმად, დაჟინებით ჰკითხა კალადინმა, -და საიდან?

-მე... როცა პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი სექტას ეკუთვნოდა, რომელიც სხივმოსილების დაბრუნებას ელოდა. ყმაწვილობაშივე დავანებე თავი. გადავწყვიტე, რომ უაზრობა იყო.

რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა - კალადინი მის ხმაში ყოყმანს გრძნობდა.

“პასუხისმგებლობა.”

-რამდენად ბევრი იცი ჩემს შესაძლებლობებზე?

-ბევრი არა, -უპასუხა ტეფტმა, -მარტო ლეგენდები და ამბები. დანამდვილებით არავინ იცის, რა შეეძლოთ სხივმოსილებს, ბიჭო.

კალადინმა მას თვალი გაუსწორა, შემდეგ კი გაიღიმა:

-ჰოდა, გავარკვიოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები