ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2023


მზის ჩასვლა 2.

ოთარი ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა, თავისუფლად გამოხატავდა თავის აზრს. შემიყოლია, ასეთ ადამიანთან საუბარში ჩაბმა ადვილია. სხვადასხვა ამბების მოყოლით ცდილობდა თავისი თავის ჩემთვის წარდგენას და შიგადაშიგ კითხვებს ისე ოსტატურად მისვამდა, რომ დაუყოვნებლივ ვპასუხობდი. თან ვხვდებოდი რომ ჩემს უკეთ გაცნობას ცდილობდა. თავად ორი შვილი ჰყოლია, ცოლი გვიან შეურთავს, შვილები ჯერ დასაოჯახებლები ჰყავდა და უახლოეს მომავალში მსგავსი პერსპექტივაც არ ჩანდა. „წარმომიდგენია რა საყვარელი იქნება პატარა შვილიშვილი რომ მეყოლებაო...  არავითარ შემთხვევაში ოთარს არ დავარქმევინებო“ - ამბობდა.
- მე კი უკვე მყავს შვილიშვილი. - ვუთხარი მე.
- რას ამბობ?! - შეიცხადა მან. - უკვე ბებია ხარ?
- კი, უკვე ბებია ვარ!
- საერთოდ არ გეტყობა, ლალი. ისე ახალგაზრდად გამოიყურები, რომ ძნელი დასაჯერებელია, ბებია იყო. - გამეცინა და არაფერი მითქვამს. - მასაც ლალი ჰქვია?
- არა. გოგოს შვილია და ბავშვს მამამისის დედის სახელი დაარქვეს - ნატალია.
- რამხელაა?
- სამი წლისაა.
- ეგ ერთი გყავს?
- კი, ერთი შვილი მყავს.
- ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ... რამდენი წლის ხარ?
- მამლის წელში ვარ დაბადებული... - არ მიფიქრია დამემალა და არც არასდროს დამიმალავს ასაკი.
- ღმერთო! არა! არ მჯერა! - ემოციას ვერ მალავდა ოთარი. მომერიდა კიდეც ყველა ჩვენ გვიყურებდა. უხერხულად ვიგრძენი თავი. – 48 წლის ხარ?
- არა, არ ვარ 48 წლის, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიქნებოდი...
-გამოდის, რომ  60 წლის ხარ?.. დაუჯერებელია!
- ისე სწრაფად გამოითვალე, გამოდის, შენც მამლის წელში ხარ დაბადებული და... 48 წლის არ იქნები, იმიტომ რომ 48 წლის ასაკში ბევრად ახალგაზრდული შესახედაობა გექნებოდა. ალბათ 60 წლის ხარ. - ჩემს სიტყვებზე საოცრად გამხიარულდა ის და მეც გულიანად გამეცინა.
- კიდევ ერთი მსგავსება ჩემსა და შენს შორის ლალი. ორივე მამლის წელში ვართ დაბადებული და ორივე 60 წლისები ვართ.
- არა, მე ჯერ 60 არ შემსრულებია. 59 წლის ვარ.
- ანუ ჩემზე პატარა ხარ. საერთოდ არ გეტყობა ასაკი, ლალი. ძალიან ლამაზი ხარ.
- ოჰ! კარგი ერთი, რაღა დროს სილამაზეა ამ ასაკში? - მართლაც დავიმორცხვე, რაღაცნაირად დავპატარავდისავით. მგონი გავწითლდი კიდეც ამხელა ქალი.
- რას ქვია „ამ ასაკში“? არავითარი ასაკი! ეგ მეორედ არ თქვა, ძალიან გთხოვ. ასაკი არის მხოლოდ არითმეტიკა და პირობითი მცნება, მეტი არაფერი.
- არც მთლად მასეა საქმე, ჩემი აზრით.
- ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ყველაფრის უფლება გვაქვს. ყველაფერი გვეპატიება. ასე რომ არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა. ცხოვრებით უნდა ისიამოვნო ბოლომდე.
- რა უცნაური შეხედულება გაქვს ასაკზე.
- არა, რატომ?! როდისმე გაგიგია, ჩვენი ასაკის ადამიანები ქცევის გამო გაეკრიტიკებინოთ?
- რა ვიცი, აბა?  არ დავკვირვებივარ. არ ვინტერესდები სხვების ცხოვრებით.
- მაშინ მენდე, ლალი. ჩვენი ასაკი არის ყველაზე კარგი და თავისუფალი პერიოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ, უკვე „დიდები“ ვართ და ჭკვიანები, ჭკუადამჯდარები და სერიოზულები. შვილები გზაზე დგანან, საქმეები დასტაბილურებულია. ასე რომ, რაც არ უნდა გავაკეთოთ,  ყველაფერი ნებადართულია. ახლა საკუთარი თავისთვის ყველაზე მეტი დრო გვაქვს და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი გვეპატიება და ყველაფრის უფლება გვაქვს... და ეს ყველაფერი სწორედ ამ ასაკის გამო... შენ მართლა ძალიან ლამაზი ხარ და საერთოდ არ გეტყობა წლოვანება. ასე რომ, არ არსებობს არავითარი ასაკი და არც შეზღუდვა არსებობს ასაკის გამო.
გამაოცა მისმა მსჯელობამ. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, რომ შეკამათების სურვილიც კი არ გამჩენია. იმ წუთებში იმდენად ვიყავი მისი გავლენის ქვეშ მოქცეული, ალბათ, ჩემთვის ნებისმიერი რამის დაჯერებას შეძლებდა. მივხვდი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის განსაკუთრებულ უნარს ფლობდა. ცოტა შევშინდი კიდეც... თან მესიამოვნა.  მის გვერდით თავი მართლაც იმაზე ახალგაზრდად ვიგრძენი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. ის დრო გამახსენდა, სუსტი და უსუსური, ადვილად რომ ვექცეოდი სხვების გავლენის ქვეშ და მარტივად შეეძლოთ ჩემთვის ყველაფრის დამტკიცება. მაშინ ასაკის სიმცირის გამო მომდიოდა ეს. ახლა კი - ასაკის სიდიდის გამო შეგნებულად ვიჯერებდი და... მომწონდა!
- მუშაობ? - ამ კითხვამ ცოტა გამომაფხიზლა.
- ჰო,  ვმუშაობ.
- სად?
- ბუღალტერი ვარ და რამდენიმე ობიექტი მაქვს აღებული.
- მართლა?! პროფესიაც რა კარგი გქონია, ლალი. - მე ისევ მხრები ავიჩეჩე, თან გავიფიქრე, რას ვიჩეჩავ ამ მხრებს პატარა გოგოსავით-თქო. გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე. - მე ოთხი ბუღალტერი მყავს.
- სად მუშაობ?
- საკუთარ ბიზნესს ვმართავ. ორი რესტორანი და ერთი ჩაიხანა მაქვს. „საბატონო“ ჰქვია, გაგებული გექნება.
- კი, ვიცი „საბატონო“. ჩაიხანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მგონი რესტორანშიც, ზუსტად არ მახსოვს. ამ სასტუმროსაც ხომ „საბატონო“ ჰქვია?!
- კი, ესეც ჩემია. კიდევ ერთი ასეთი სასტუმრო მაქვს გუდაურში, იმასაც „საბატონო“ ჰქვია.
- ძალიან კარგი.
- ჰოდა, იმას ვამბობდი -  ოთხი ბუღალტერი მყავს. ოთხივე ობიექტზე მორიგეობით მუშაობენ და პერიოდულად ვანაცვლებ. ყველაზე მთავარი, რაც მათ ავალიათ, რა არის, თუ იცი?
- რა?
- ერთმანეთს აკონტროლებენ.
- რატომ?
- არ მინდა, რომ მომატყუონ. ამიტომ სულ ვაკონტროლებ.
- თუ არ ენდობი თანამშრომელს, რატომ აჩერებ სამსახურში?
- არა, აქ სხვა ამბავია. ვენდობი და მაგიტომ ავიყვანე, მაგრამ კონტროლი მუდამ სჭირდებათ. ბუღალტერს შეუძლია აწყობილი საქმე ისე გააფუჭოს, თვეები დასჭირდეს მის გამოსწორებას. საკმაოდ მაღალ ხელფასს ვუხდი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ.
- ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია ბუღალტრებზე. მათთვის არ იქნება სასიამოვნო შენთან მუშაობა.
გავბრაზდი. ერთიანად გააფუჭა შთაბეჭდილება რაც თავის თავზე შემიქმნა. წამოვდექი.
- მე დაგტოვებ. საუზმე დავასრულე და ზღვაში უნდა ჩავიდე.
- მოიცადე, ლალი, მგონი არასწორად გამიგე. მე ცუდი არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ პატიოსნებას ძალიან ვაფასებ და არ მინდა მატყუებდნენ.
- გასაგებია. დაგემშვიდობები...
- ლალი, ძალიან გთხოვ. შენი წყენინება არ მინდოდა. ცოტა ხნით კიდევ გაჩერდი.
- არა, ოთარ, არ მწყენია. უბრალოდ, ზღვაში ჩასვლა უნდა მოვასწრო, სანამ ჯერ კიდევ დილაა.
- კარგი. მაშინ სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი.
მე უკვე წასული ვიყავი, ეს სიტყვები რომ მომაძახა. უკან აღარ მიმიხედავს, არც პასუხი გამიცია. გულში კი გავიფიქრე: „წადი შენი... გაზულუქებულო მდიდარო ბებრუხანავ! ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს“.  საკუთარ თავზე გავბრაზდი. „რას ვეჯექი და ვუსმენდი ამდენი ხანი?“
გადავწყვიტე, საერთოდ აღარ დავლაპარაკებოდი.
ზღვა გრილი იყო. ნელ-ნელა ჩავედი და შევეგუე ტემპერატურას. თანდათან ბრაზიც მინელდებოდა და ოთარის არსებობასაც ვივიწყებდი.
ბევრი ვიცურე. დავიღალე.  ნაპირზე რომ ამოვედი ცხელ ქვიშაზე გავიშხლართე. მზე უკვე კარგად აცხუნებდა. მოვეშვი და მოვდუნდი. ჩამეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, სიზმარსაც ვხედავდი, ოღონდ აღარ მახსოვს, რას... სიზმრიდან მამაკაცის ახალგაზრდულ ხმას გამოვყევი, მეძახდა... თავიდან ვერ გავერკვიე. მერე ნელ-ნელა მოვედი გონს და გამოვფხიზლდი.
- ლალი, გაიღვიძე, დაიწვები! - ეს ოთარი იყო.
- რა? - გაოცებული წამოვიწიე. ვერ მივხვდი, რა უნდოდა.
- ჩემს აივანზე ვიყავი და იქიდან გიყურებდი. დიდი ხანი არ განძრეულხარ და ვიფიქრე, რომ ჩაგეძინა. შემეშინდა, არ დამწვარიყავი. მოვედი და მართლაც გეძინა.
- ჰო, ჩამძინებია. მითვალთვალებდი? - სასტუმროს გავხედე, იმდენად ახლოს იყო, რომ თავისუფლად შეძლებდა ჩემს დანახვას.
- არ გითვალთვალებდი, - მითხრა ღიმილით. - აივანზე ვიჯექი და ვმუშაობდი. პერიოდულად ზღვას და სანაპიროს ვუყურებდი და გხედავდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ გითვალთვალებდი.
- გასაგებია. - ჩემს სხეულს დავუწყე თვალიერება.
- ხომ კარგად ხარ?
- მგონი, გადავრჩი.
- ახლა ისევ ზღვაში ჩადი და გაგრილდი.
- რომელი საათია?
- უკვე ორია.
- გმადლობ, ოთარ. - წამოვდექი და ზღვისკენ წავედი.
- არაფერს. - მითხრა და სასტუმროსკენ გაემართა. მე ზღვაში შევედი. გახურებულ სხეულზე ზღვის სიგრილე ძალიან მესიამოვნა. შემოვბრუნდი და ოთარს თვალი გავაყოლე. ნელი ნაბიჯით მიდიოდა. მოკლე კრემისფერი შორტი და თეთრი მაისური ეცვა. ვერ იფიქრებდით, თუ 60 წლის იყო. ისეთი აღნაგობა ჰქონდა, საერთოდ არ ემჩნეოდა ასაკი. ეტყობა აქტიურად ვარჯიშობდა, რადგან მკლავებზე კუნთები ამობურცვოდა და, რაც მთავარია, მაისური მუცელთან არ იყო გამობერილი ღიპის გამო. თმაც ახალგაზრდული ჰქონდა, ხუჭუჭი, საფეთქლებთან შეჭაღარავებული. მართალია, ცოტა შეთხელებული და შუბლთან ოდნავ გაცვენილიც, მაგრამ მაინც არ ემჩნეოდა რომ 60 წლის იყო. სანამ თვალს არ მიეფარა, ვაკვირდებოდი. რაღაცას ვეძებდი მასში, თავადაც არ ვიცოდი, რას. რაღაც მიზიდავდა და მაინტერესებდა. თითქოს მისგანაც მოდიოდა ფარული ძაფები, რომლებიც ჩემს გაბმას ცდილობდნენ. მართლაც უცნაური შეგრძნება მქონდა. რაც თავი მახსოვს, მსგავსი არაფერი დამმართვია. სხვა მამაკაცებს ჩემკენ „სხვა“ თვალით არასდროს გამოუხედავთ, არა თუ ფლირტი გაუბედავთ. უცნაური იყო...
სადილზე რომ ჩავედი და იგივე, უკვე ჩემად დასაკუთრებული ადგილი დავიკავე, სტუმრების თვალიერება დავიწყე. მერე მივხვდი, ოთარს რომ ვეძებდი. ის იქ არ იყო. სადილობა რომ დავასრულე და გამოვედი, სასტუმროს ფოიეში შევხვდით ერთმანეთს.
- უკვე ისადილე, ლალი?
- კი.
- მე ახლა მივდივარ. საქმეებს შევყევი და დამაგვიანდა. - არ გავჩერებულვართ ისე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. მე ნომერში ავედი და აივანზე წიგნის კითხვა დავაპირე, მაგრამ გული ვერ დავუდე. გონება სადღაც დაფრინავდა. აზრიც ვერ მოვუყარე ფიქრებს. ისევ ზღვაზე გასვლა დავაპირე და ჩანთაში მეორე საცურაო კოსტიუმის ძებნა დავიწყე. მეორეც ერთიანი, ოღონდ ჭრელი, ღრმად ამოღებული ზურგით და გრძელტოტიანი ტრუსით იყო. ჩავიცვი და სარკეში რომ ჩავიხედე არ მომეწონა ჩემი თავი. წინა ზაფხულს მეცვა ეგ საცურაო კოსტიუმი. „ეს რამ მომაწონათქო?“, გავიფიქრე და გავიხადე. ისევ სველის ჩაცმა ვამჯობინე. ვიდექი სარკეში და ვუყურებდი ჩემს სხეულს, ეს ის შემთხვევა იყო, სარკეში საცურაო კოსტიუმს კი არა, საკუთარ თავს რომ ვუყურებდი... ვუყურებდი უცხო თვალით და ვაფასებდი: მკლავებს, ფეხებს, მხრებს. ყოველთვის გამხდარი ვიყავი. მომატებული წონის პრობლემა არასდროს მქონია. პირიქით უფრო იყო, - ნერვიულობის დროს ისე ვხდებოდი, ლამის ძვალი და ტყავი ვრჩებოდი. კარგია, სიგამხდრე ასაკს ამცირებს. ამიტომ იყო, წლოვანება რომ არ მეტყობოდა. ჩემი აზრით, მოკლე, კარედ შეჭრილი და შავად შეღებილი თმაც მაკლებდა ასაკს. ძალიან მომინდა ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა. ბოლო წლები სულ ერთიანს ვიცვამდი, ვთვლიდი, ჩემი ასაკისთვის დახურული უფრო შესაფერისი იყო.
გინდა ეს თუ არ გინდა, ასაკი მაინც თავისას შვება. ასაკიც და სტატუსიც. ბებია რომ გავხდი, მეორე დღეს, სამსახურში წასვლის წინ, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი, რომელიც ხშირად მეცვა მანამდეც. სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მემოკლა. სხვა დროს, მსგავსი არაფერი მიფიქრია, მაგრამ იმ დღეს სარკეში რომ ვიყურებოდი, „დედის“ ნაცვლად „ბებიას“ ვხედავდი... უკვე ბებია ვიყავი და ისე უნდა მცმოდა, როგორც ბებიებს შეეფერებათ. ამიტომ გამოვიცვალე კაბა და აღარც ჩამიცვამს. ბევრი რამ შემიცვალა შვილიშვილის დაბადებამ. სრულად გადავერთე მის გაზრდაზე და ჩემი გოგოს დახმარებაზე. ყოველ თავისუფალ წუთს მათთან ვატარებდი...
იმ დღეს კი, სარკეში სველ „ლალისფერ“ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ საკუთარ თავს რომ ვხედავდი, ბებია კი არა, ვიღაც ახალგაზრდა ქალი იდგა იქ და მეგონა ეს ქალი სიცოცხლით და სურვილებით იყო სავსე. ეს მირაჟი იყო, რომელსაც არა მარტო ვხედავდი, არამედ შევიგრძნობდი კიდეც. მაშინ გადავწყვიტე, შავი, მოხსნილი საცურაო კოსტიუმი მეყიდა. სარაფანი გადავიცვი და სასტუმროდან გავედი. პატარა ჯიხურები სავსე იყო საზღვაო ატრიბუტებით და აქსესუარებით. მესამე მაღაზიაში მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი და ბევრი არც მიფიქრია. შავი ქსოვილის სულ სადა საცურაო კოსტიუმი, ზუსტად ჩემი ზომის იყო, არც კი მომიზომავს ისე ვიყიდე. საკმაოდ ძვირი გადავიხადე, თან ისე, ფასის დაკლებაზე კრინტი არ დამიძრავს.
ძნელია გადააბიჯო იმას, რისიც გჯერა და გწამს. მაგრამ სურვილი მაინც ყველაზე მთავარია, ყველაფერს შეგაძლებინებს, თუ ძალიან მოგინდება. მეც ასე დამემართა. მივდიოდი ზღვისკენ და მერიდებოდა პარეოს მოხსნა, ლამის მუხლამდე შევედი წყალში ისე რომ პარეო არ მომიხსნია. საკუთარ თავს ვებრძოდი... „მეკადრება? რა შუაშია „მეკადრება“? არ შეიძლება! თუმცა, რა მოხდა მერე? ხო, მართლაც, რა მოხდა? მე ხომ ზღვაზე ვარ, სადაც ყველა გახდილი დადის და მე რატომ არ უნდა გავიხადო?! უფორმო და მსუქანი ხომ არ ვარ?“
მოკლედ გადავლახე კომპლექსები, ვაჯობე ბებიის ინსტინქტს, შემოვიხსენი პარეო, დავახვიე და ნაპირისკენ მოვისროლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები