 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2023 |
გამოგიხედავს ნიჟარიდან? ხედავ, როგორ ჰგავს მისი თვალის კონტურები ჩემსას, ორივე კი -ჩიტს?! გადააფრინე მზერა მთიდან მთაზე, ციდან მიწაზე, ჰორიზონტიდან გულამდე... ხედავ? ჩიტსაც კი აჯობე სისწრაფეში, მაგრამ მას მაინც ვერ უტოლდები, ვერ ეწევი, ვერ !
გგონია ყველა ჩიტი თავისუფალია რახან ფრენა შეუძლია?! გალიის ჩიტებს რა დალევს, გალიაში რომ არ სხედან და მაინც გალიისა არიან... აი, ისეთებს- "ჯონათანს" რომ წრე შეუკრეს.
თუ ფრთები გაქვს, ნამდვილი ფრენაც უნდა შეგეძლოს, თუ თვალები გაქვს-თავისუფლება! ადამიანის ფრენაც ესაა! აღიქვას და შეიმეცნოს; განიფანტოს სამყაროში ისე, რომ მთელი სამყარო მისსავე არსებაში შეაგროვოს და დაიტიოს.
ისმინე! მხოლოდ თავისუფლებისას ჟღურტულებენ თვალები. სხვა შემთხვევაში გაქვავებული დუმილით დუმან.
როგორ მიყვარს ჭიკჭიკის მოსმენა...
ნიჟარიდან გამოგიხედავს? გადაგიფრენია მზერა სხვისკენ და სხვებისკენ? გინახავს მათი აღმართები? ღამეები? სხვა მზე ხომ არ უნათებთ?! ან გზებზე მარილი ხომ არ უყრიათ?!
ლოკოკინას ხომ მზიან გზებზე კვალი უშრება?!
ნიჟარიდან გამოსვლისას კვალს მხოლოდ ის ტოვებს, ვისაც ერთხელ მაინც მთელი გული ან სხეული ცრემლით დაუსველებია.
გამოგიხედავს ნიჟარიდან? -გამოიხედე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა ნამდვილია მართლაც, როგორი ფარდობითია ყველაფერი ყველა ჩვენი ნიჟარიდან ვხედავთ. რა ნამდვილია მართლაც, როგორი ფარდობითია ყველაფერი ყველა ჩვენი ნიჟარიდან ვხედავთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|