ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2024


ერთხელაც...



ერთხელაც...
მარტის დილა რომ გათენდება,
მზე ჩემს აივანს რომ შემოანათებს
და მე ფანჯარასთან აღარ დავხვდები,
ეგონება რომ
ჯიუტ ლექსთან დავა-ჭიდილში,
შევუამქარდი მარადიულ ძილს
და გადახაზვით გამომაკლებს ცოცხლების სიას,
მერე კი, მწველ შუბლს,
ცხრა თვალსა და
ღიმილიან პირს,
იბრუნებს უმალ ცოცხლებისა და ცოცხალ-მკვდრების აივნებისკენ.

ერთხელაც...
მარტის დილა რომ გათენდება,
ყავასთან ერთად ინტერნეტში რომ შეაბიჯებ,
გეტყვის და გამცნობს
ფეისბუქის ცხელი ნიუსი,
რომ მე მოვკვდი და გარდავიცვალე,
შენ–ჯერ ქალი და მერე ქალღმერთი,
აკრილის ფრჩხილით და თლილი თითით,
სამძიმარის პოსტს,
მეგობართა ჯგუფისგან მოძღვნილს,
შენივე ნებით, უნებლიეთ თუ უნებურად,
უკომენტაროდ, (როგორც ფრენდი), დაალაიქებ.

ერთხელაც...
მარტის დილა რომ გათენდება
და ღმერთი მესაფლავედ გადაიქცევა,
გაიღვიძებენ მკვდრები სასაფლაოზე,
ნახავენ ჩემს სახლს,
ახლად შეზვინულს
და როგორც თვისტომს, როგორც მეზობელს,
ფოსფორის სანთლით
ჩონჩხად ქცევას მომილოცავენ.

ერთხელაც...
მარტის ღამე რომ გათენდება,
სქემატური სიმშრალითა და რუტინის წვენით
მთვრალი სამყარო,
საწამლავივით მალულად დალევს,
უკანასკნელი პოეტის ცრემლს და,
სიკვდილს კი არა,
დაშორდება ბირთვულ სიგიჟეს,
გაბავშვდება და გაპოეტდება.

ერთხელაც...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები