ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 მაისი, 2024


იმავე პაკეტიდან ანუ რატომ იცვამენ (იხდიან) სოცქსელებში ქალები გამომწვევად

#ოპუსები

ნინო დარბაისელი

იმავე პაკეტიდან

(ანუ რატომ იცვამენ (იხდიან)  სოცქსელებში ქალები გამომწვევად)

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა ფეისბუქზე ფოტოები, რომელზე გამოსახული ქალებიც თავად ავრცელებენ  საერთო კედელზე საკუთარ … როგორც ახლა იტყვიან,  ,,თამამ” თუ “გულახდილ” გამოსახულებებს,  ხშირ შემთხვევაში, “ფოტოშოფით” ან სხვა მსგავსი პროგრამებით  დამუშავებულს.
არ არის გამორიცხული, რომ  ეს - საქართველოში ექსტენსიურად განვითარებული სექსბიზნესის  გაინტენსიურების  საშუალებაც იყოს,  კლიენტთა მოსაზიდად, მისი გავირტუალურების გზით.
შეიძლებოდა, უბრალოდ, ქალური ეკზიბიციონიზმის  თავისებურ სახედაც მიგვეჩნია.
    აქ  უნდა გავითვალისწინოთ საკითხის სოციალური პლანიც.
    ქართული სექსუალური კულტურა საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე მიეკუთვნებოდა  არა ორგიასტულ, არამედ რეგრესულ ტიპს და ამ რეგრესული სექსუალური კულტურის სადარაჯოზე ორივე ფუნდამენტური სარწმუნოება მყარად იდგა და დგას!
    დემოკრატიული პროცესების განვითარებამ კანონზომიერ შედეგად მოიტანა ქალთა მიერ სექსუალურ ტაბუთა ნგრევა-გაუქმებისკენ სწრაფვა, რაც თუ არსით ორგიასტული კულტურებისთვის  - ნაკლებ აგრესიულად წარიმართა და არა არსობრივ, არამედ უფრო  - სოციალურ პლანს  შეეხო, ჩვენში კომპლექსური,  სიღრმისეული, არსობლივი ძვრები  გამოიწვია და რაკი ეს ყველაფერი საბჭოური კონსერვაციის გამო,  პოსტსაბჭოურ პერიოდში გვიან შეეხო ქართულ გარემოს, დასავლური ფემინიზმი და სექსუალურ უმცირესობათა პრობლემატიკა ერთმანეთში  ისე აილუფხა, არცთუ იშვიათად,  კონკრეტული პრობლების სიღრმეს თუ არ ჩასწვდი და მეთოდოლოგიურადაც, საგანგებოდ არა ხარ მზად საამისოდ, უმჯობესია, თუ პირადად არ გეხება, არც შეეხო!

***
    ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე პასუხს შევეცდებოდე, მოკლედ მიმოვიხილავ  ჩვენში ქალიშვილობის ინსტიტუტის  ოდენ სოციალურ პრობლემატიკას.
    არც თუ დიდი ხნის წინ ცხარე დებატებისთვის მომიკრავს ყური თუ თვალი,  ტელევიზიებით განიხილებოდა, უნდა იყოს თუ არა ქალი ქალიშვილი გათხოვებისას, შეირთავდა თუ არა ვინმე ახალგაზრდა არა- ქალიშვილს ცოლად და ა.შ.
    საზოგადოებრივი აზრის მარდად შესაქმნელად ჟურნალისტები ქუჩაში აჩერებდნენ  ნაივური ჰაბიტუსის გოგონებს და ეკითხებოდნენ, რას ფიქრობდნენ ისინი ქალიშვილობის ინსტიტუტზე და  მერე სოციალურ ქსელებში საკუთარი მინაპოვრის ატვირთვით, ამ სფეროში დიდად “ედვანსდებსა” თუ  ,,პრადვინუტებს” გულიანადაც აცინებდნენ.
  საერთოდ,  აქსიომაა, რომ კამერით ჩაწერილი  ,,ქუჩური ინტერვიუები”  მოქნილ საშუალებას აძლევს ჟურნალისტს, მაგალითად, ათი ჩანაწერიდან აირჩიოს ერთი, რომელიც მის ინტენციას შეესაბამება და ის ერთიც ისე დაამუშაოს, არასასურველობები, ,,ზედმეტობები” მოაშოროს, სასურველი აქცენტები კი მეტად გამოკვეთოს და ისე გააცნოს ფართო აუდიტორიას.
  მაგალითად, მე ვიტყვი:
“მაწონი შავი არ არის”
შეუძლია წააჭრას  ბოლო “…რ არის”
და რა გამოდის?
გამოდის , რომ  თითქოს მითქვამს, “მაწონი შავი..ა!”.
აი, ამიტომ უნდა იყოს ჟურნალისტი არაანგაჟირებული, ნეიტრალური პროფესიონალი… მაგრამ საქართველოში ამაში საარსებო ფულს არავინ იძლევა.
საზოგადოებრივი დაკვეთა პატიოსნებაზე -  არცერთ სფეროში არ არსებობს (ალბათ ზოგიერთ დაწესებულებაში კია)  და ჟურნალისტმაც რა ქნას!
    თავი რითი გაიტანოს!
ვერ ვიტყოდი, რომ ვამტყუნებ.
  ქალიშვილობას დავუბრუნდეთ.
როგორც მე ვხედავ,    ახლა ,,უჟე პერებესილის”( დროდადრო რუსულს რატომ მიმართავსო,  ვინც დამამუნათებს, იმათ გასაგონად ვამბობ,  ინგლისურამდე ყველა ჩემთაობელივით  მე,  მინდოდა თუ არა, ძირითადად რუსული განათლება მქონდა და  ეს  ისეთი რამეა,  ნებისმიერ ასაკში ამომიტივტივდება).
  დღეს ადამიანის თავისუფალი არჩევანია, იყოს თუ არა ქალიშვილი ან  ირჩიოს თუ არა ცხოვრების თანამგზავრად  ქალიშვილი და ამ მხრივ მისი საჯარო კილვა, -  პროგრესისა და პროგრესულობის სახელით - ბულინგია.

***
  ახლა მთავარი საკითხი, როს გამოც ამ ოპუსის წერა დავიწყე.
არსებობს ასეთი ანდაზა: “კაცს თვალებით უყვარდება და ქალს - ყურებითო”.
  ამ მარტივ ხალხურ გამონათქვამში ნამდვილად დევს გამოცდილებისეული სიბრძნე.
  თვალს მამაკაცისთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი რომ არ ეკისრებოდეს ათასწლეულთა მანძილზე,  ფალოცენტრული, მარტივად მამაკაცური კულტურა ამდენ არტეფაქტს არ შემოგვინახავდა, შიშველი ქალის სხეულს რომ გამოსახავს,  რაოდენობრივად, შიშველი მამაკაცის გამომსახველი ნიმუშები ამას ალბათ ისე შეეფარდება, როგორც ერთი ასს ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ერთი ათასს.
    კაცის თვალზე რომ არ იყოს გათვლილი, არც მთელი ამხელა  პორნოინდუსტრია  იარსებებდა, ამ ინდუსტრიის მიერ გამოსახული ობიექტი ხომ ძირითადად ქალია!
  ამას წინათ გავიხსენე, ერთი  წასული მეგობარი  პოეტი მამაკაცი სერიოზულად და ამაყად, საკუთარი კეთილშობილების გამოსავლენად, რომელიც მართლა არ აკლდა, მიმტკიცებდა, მე ქუჩის პროსტიტუტი ქალებიც კი მიყვარსო და ვუპასუხე - მჯერა! მამაკაცი ხარ და მამაკაცებს რომ პროსტიტუტები არ უყვარდეთ, ეგ უძველესი საქმიანობა არც იარსებებდა, ოღონდ ქუჩასთან - მაინც, ფრთხილად იყავი- მეთქი.

***
ეს ხუმრობით, ახლა კი სერიოზულად.
  დღესდღეობით სექსოლოგია ძალზე განვითარებულია.
გავრცელებული და მიღებული კონცეფციის თანახმად,  ქალისა და მამაკაცის, ორივეს სექსუალური აგზნება -  ზოგადად,  მსგავსად რთული,  კომპლექსური ფსიქო-ფიზიოლოგიური (!!!) პროცესია, თუმცა  მათ შორის განსხვავება იწყება იმის გამოვლენით, რომ თუ ქალის აგზნება უფრო ფსიქოლოგიური, ემოციური და გარკვეულწილად,  რაციონალური ნიშნებით იმართვის და  სუბლიმაციას მეტად ექვემდებარება (მარტივად -  ქალის სექსუალური ენერგია  - ადამიანური საქმიანობის  სხვა, რაიმე სფეროში შემოქმედებით ენერგიად  გარდაიქმნება), მამაკაცის შემთხვევაში -  აგზნების გამომწვევ ძირითად  მიზეზთა მთელს კასკადში  ფიზიოლოგიაა წინ წამოსული და მასში ვიზუალურ სტიმულაციას  (ფიზიკურთან ერთად) ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
    აქ და მუდამ  ამ დელიკატურ თემაზე საუბრისას არ  უნდა დაგვავიწყდეს აღნიშვნა, რომ  მოდელად აღებული გვაქვს  სექსუალურობის ნორმალური გამოვლინება, გარკვეულწილად თეორიული მოდელი.
    რაც შეეხება  მამაკაცის თვალს, საკუთრივ,  ვიზუალურ სიგნალზე -  მისი აგზნებადობის მთელი კომპლექსის აქტივიზაცია იწყება და მიდის  კონკრეტული ინდივიდის სექსუალური შესაძლებლობის  დონემდე - მოცემული,  კონკრეტული მომენტისათვის.
    მე აქ “შესაძლებლობათა დონე” შემთხვევით როდი ვახსენე.
    თუ  ეს დონე არ შეესაბამება სრულყოფილ ციკლს, ანუ  აღმოცენებული აგზნება, (ერექციით არის  გამოხატული თუ უერექციოდ)  განტვირთვით არ სრულდება, -  სწორედ აქ იშლება მთელი  სპექტრი  ათასგვარი სექსო-პათოლოგიებისა,
უფრო პოპულარულად  და მოდურად რომ გამოიყურებოდეს  ჩვენი მსჯელობა, აქ უნდა ვთქვათ, რომ სექსო-პათოლოგიათა არე  ბოლო გამოკვლევათა წყალობით, უფრო და უფრო მცირდება.
  დავუბრუნდეთ კონკრეტიკას,
როდესაც გარემოში, რომელშიც მამაკაცს უხდება ყოფნა, ვლინდება  არა გაშიშვლებული, არამედ გატიტვლებული ქალის  ვიზუალური სიგნალი - გამოწვევა, ჯანსაღი მამაკაცის ფიზიოლოგიური კომპლექსი  ბუნებრივად ირთვება, ანუ იგი ბუნებრივად რეაგირებს მასზე.
  არა- რეაგირება - ან პროფესიონალური მოთხოვნის გამო  შეძენილი ჩვევაა (მაგალითად, კაცი - გინეკოლოგია და აშ.)
ან  ვიზუალური აპარატის, როგორც სექსუალური სიგნალის გადამცემის რაიმე უუნარობა.
    თუმცა აქვე აღვნიშნავ - თვალი რომ  ერთადერთი, ძირითადი ორგანო იყოს მამაკაცში სექსუალური აგზნების გამოწვევისა, ტაქტილურ პლანსაც რომ უდიდესი მნიშვნელობა არ ენიჭებოდეს, უსინათლოებს  - შვილები არ ეყოლებოდათ.
    ან ყურთასმენას  რომ ჰქონდეს ასეთივე მნიშვნელობა და ასე შემდეგ…
    აქ მნიშვნელოვანია აქცენტირება ერთი გარემოებისა - თუმცა თანდათან ჩნდება  და მრავლდება კარგი  აკუსტიკური პროგრამებიც,  თავსებადი აპარატურებიც, ვიბრაციულიც, ტაქტილურიც , …სოციალური ქსელები მაინც თვალისაა!
    ანუ დღესდღეობით ვირტუალური სერვისები  მაინც, ძირითადად  ადამიანის ვიზუალურ  შესაძლებლობებზეა გათვლილი.

***
  დავბრუნდეთ საკითხთან და გამოკვეთილად  ვთქვათ:
  სოცქსელი -  ჩვენთვის საინტერესო გაგებით, შესანიშნავი ვირტუალური  სტიმულატორია.
“ფეისზე” და სხვაგან -  ქალთა,  ახლა რომ უწოდებენ,  ,,თამამი ფოტოები” - მნახველ მამაკაცებში ვიზუალური სიგნალის აღძვრას ემსახურება.  მთელი ეპატაჟი მათ თვალზეა გათვლილი, ანუ ნორმალური კაცური რეაქციის იმედადაა გამოფენილი.
    ამ ნინოს რა მორალისტობა დაუწყია სიბერეში! აბა, რა ქნან, ჩადრი დაიფარონ და კოჭებამდე კაბით იარონო? -
    აუცილებლად იტყვის  ან გაიფიქრებს ვინმე.
    მე თვითონ გავჭედე ახლა ჩემი თავი ამ კითხვით.
    რა ვუპასუხო?
  ეს ხომ არა?
არავინ არავის სთხოვს, პირდაუბანლად და ჩამოწუწულად იარე,  თმას და ფრჩხილებს არ მიხედო, თავის მოვლის თანამედროვე კულტურაზე უარი თქვი, საკუთარ ფორმაზე არ იზრუნო, გემოვნებით არ ჩაიცვაო. ან თუ გაგიხარდება და საკუთარი თავისუფლების გამოხატვად მიგაჩნია, თავს კულტურის უარყოფის ნება არ მისცე, გარდა იმ ლოკალებისა, სადაც საკუთარ წესს იცავენ და ასე არ შეგიშვებენო.
    საზოგადოებაში,  წვეულებაზე, სადაც ყველა ჩაცმულია  ოფიციალურად (მაგალითად, მამაკაცები - “ტაქსიდოებში”,  ქალები - დახურული კაბებით, ორგანიზატორებს ასე  სურთ, ასეთი “დრესკოდია“), ყელზე ღილის შეხსნაც კი  - უკვე  მათი არად ჩამგდები, გამომწვევი, მეტიც,  მთელი  სოციალური გარემოს შეურაცხმყოფელი საქციელია, 
თორემ  სხვა დროს,  დისკოტეკაზე, პლიაჟზე  - იმავე საზოგადოების  წევრები  შეიძლება, სხვაზე მეტად  შიშვლებიც  იყვნენ.
საერთოდ, სოცქსელებს  კი ვირტუალურ შარაგზასაც უწოდებენ, მაგრამ ფეისბუქი - ვირტუალური საზოგადოებაა….ყოველ შემთხვევაში, მისი ასეთი სახის შესაქმელად და შესანარჩუნებლად მისი ადმინისტრაცია  მართლა ბევრს შრომობს.
   
***
მე აქ ბევრი ტერმინის გამოყენება დამჭირდა, რათა საკითხი, რამდენადაც შემეძლო, ამეხსნა. 
თან ეს ხომ  ჩემი სფერო არაა, არა!
შეიძლებოდა, მარტივად თქმა, რომ ეს ყველაფერი წიგნების უკითხავადაც კარგად იციან  საკუთარი “თამამი სურათების” გამომფენმა ქალებმა და მრავალი მათგანი პროფესიონალურ საქმიანობაშიც  შესანიშნავად იყენებს.
    ნაივური სახით  ფეისბუქზე იმის აღნიშვნაც ,,ღმერთო, რა უნდა ჩემგან ამ ხალხს,  სურათი ვერ დამიდია, ესთეტიკის განცდა  დაქვეითებული აქვთ , თუ სულ  არა აქვთ?  რა ყველაფერში გარყვნილება ეჩვენებათო!”-  როგორც ინგლისელები იტყოდნენ, “იმავე პაკეტიდანაა”!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები