ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 მაისი, 2024


ის აქ არის

#მემორია
#ოპუსები

ნინო დარბაისელი

ის აქ არის

(ვ.აზარაშვილის ხსოვნას)

      კიდევ ერთი დიდი ადამიანი დააკლდა სამშობლოს.
      კიდევ ერთი ადამიანი დავიტირე ოკეანის გაღმა, სიმარტოვეში.
    ვიდრე საქართველოში ვიყავი, წლების განმავლობაში უფაქიზესი  მეგობრობა მაკავშირებდა დიდ მაესტრო  ვაჟა აზარაშვილთან.
    დავაზუსტებ, მეც ერთი იმათთაგანი გახლდით, ვინც თავს მის  ახალგაზრდა მეგობრად მიიჩნევდა, სიყვარულითა და მუდმივი აღტაცებით შეჰხაროდა და მისგანაც სითბოს გრძნობდა. ასეთნი კი ცოტანი როდი ვიყავით.
  იგი მუდამ  ის პიროვნება იყო, სხვისი მცირე წარმატებაც რომ გულს უხარებდა.
  თვით კოლეგებისაც კი, - რაც საქართველოში,  სახელოვნებო გარემოში უიშვიათესი ამბავია, სხვაგანაც ალბათ, მეტნაკლებად ასეა.
    ჩვენს “ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტში” ხომ გენიოსი -  ყველა  მხოლოდ თვითონაა;
    უნიჭიერესი - მისი უახლოესი მეგობარი/ მეგობრები, ნათესავები და ა.შ.;
    ისე, რა!  - საზოგადოებრივად აღიარებული დიდი სახელები,  მთლად უარყოფაც რომ არ გამოდის,
ხოლო დანარჩენები  - ყურადღებასაც არ იმსახურებენ  ან უბრალოდ, უნიჭონი არიან.
  ბატონ ვაჟას ფართო საზოგადოება  ძირითადად საყვარელი საესტრადო პოპულარული სიმღერების ავტორად იცნობდა, არადა,  ოდენ კოლეგებმა  და  ნათესავებმა, ახლო მეგობრებმა  და ზოგიერთებმა თუ  იცოდნენ, რომ  იგი კონსერვატორიის  პროფესორი,  ქართული კლასიკური მუსიკისთვის დიდად მნიშვნელოვანი  მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია.
      მისი საყოველთაოდ პოპულარული ,, სამტიმენტალური ტანგო”,  ჩემი და არა მხოლოდ ჩემი რჩეულია და ქალბატონი ბელა მახარაძის სავიოლინო რეპერტუარის წყალობით  - საერთაშორისოდაც კარგადაა ცნობილი.
    მე  ბუნდოვნად მახსოვდა მისი ნათქვამი, რომ ამ მელოდიას საფუძვლად გალაკტიონის ლექსი დაედო ,,ქარი დაცხრა სიბობოქრის”, მისით იყო ინსპირირებული. ერთხელ დაზუსტებაც მოვიწადინე, მაგრამ აქედან ხმა ვერ მივაწვდინე. არ ეტანებოდა ინტერნეტს, საქართველოსთან ჩემი კომუნიკაციის საშუალება კი ესაა.
ვგულისხმობ ამ ლექსს:

გ. ტაბიძე

* * *
ქარი დასცხრა სიბობოქრის...

ქარი დასცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
          ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას
        ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
        ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

      ვაჟა აზარაშვილის  “სანტიმენტალური ტანგო”  ჟღერს  რეზო თაბუკაშვილის რომანტიკულ ფილმში  “მზე შემოდგომისა”,
აქვე იყოს აღნიშნული,  რომ ბიძინა კვერნაძესაც აქვს  გალაკტიონის ამ ლექსით ინსპირირებული საფორტეპიანო ნაწარმოები, ჟანრი  აღარ მახსოვს.
    ქართული პოეზიისთვის უჩვეულო ამ ლექსის რიტმი თავის მხრით,  თითქოს გენეტიკურად , რუსთველური მაღალი  შაირი (4/4/4/4) თავისი “ სხარტად  მარცვალმოკვეცილი” დაბოლოებით ( 4/4/3) -  მე ტანგოს პოპულარულ მელოდიებს მაგონებს.   
      ვვარაუდობ, რომ გალაკტიონმა რიტმულ მოდელად აიღო  არგენტინული ტანგო, მაგრამ  მე ამას  მხოლოდ ვვარაუდობ.

    ***
    ერთხელ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში  ბატონ ვაჟას სიმღერის ტექსტიც კი დავუწერე და ეს მთელი ცხოვრება საამაყოდ მექნება.
    ჩვენი  პირადი მეგობრობაც -  იქიდან დაიწყო.
  უნდა ვაღიარო, ძალიან ძნელია პოეტისთვის მზა მელოდიაზე კარგი ტექსტის “ დასმა”.
    ძალიან გამიჭირდა, სამაგიეროდ,  კარგი ცოდნა მივიღე მისგან, რომელიც  შემდგომში არაერთგზის გამომდგომია.
    სიმღერაზე ერთად მუშაობისას იყო მომენტები, რომ თავი  სრული იდიოტი მეგონა.  ვწვალობდი და არაფერი გამომდიოდა. ალბათ ერთ-ერთი  ასეთი მომენტი იყო, როცა მოინატრა მორის ფოცხიშვილი. მეწერა ამაზე პატარა მოგონება სადღაც.
    პეტრე გრუზინსკიზე, როგორც საესტრადო სიმღერების ტექსტთა ავტორზე  რა აზრისა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მისი ლექსის სტრიქონს განუწყვეტლივ იმეორებდა.
      ,,ის აქ არის”! - მისი საყვარელი პერსევერირებადი ფრაზა იყო.
    “მაესტრო ის აქ არის” - ასე მოვიხსენიებდით    მას საერთო ნაცნობები საუბრისას.
      ის აქ არის!-
      ამას  ამბობდა, როცა რამე ან თვითონ, ან სხვას კარგად გამოუვიდოდა, სხვაფრივ, უფრო ხშირად რაღაცნაირი გულდაწყვეტილი ინტონაციით ჩაილაპარაკებდა - ,, არააა, ის - აქ არ არის”.
      ეს ფრაზა პ. გრუზინსკის ლექსიდანაა. მუსიკა ამ  ლექსზე, როგორც მე მახსოვს, კომპოზიტორმა გია ყანჩელმა საგანგებოდ დაწერა რეზო გაბრიაძის სცენარით  ( ,, უცხო ჩიტი”) ელდარ შენგელაიას ფილმისთვის ,,შერეკილები”.
    თუმცა,  რაკი  მათს შემოქმედებით ლაბორატორიაში  ჩახედული არა ვარ და ვერ ვიტყვი, რომელი - რომელს მოერგო, რომელი დაიწერა პირველად, ლექსი  თუ სიმღერა?
ქვეყნად ერთროულად გაჩენილებს კი ჰგვანან!
      პეტრე გრუზინსკი დახვეწილი ლირიკოსი იყო. მის სტილს ახასიათებდა:
    კარგი ქართული (ასე სანატრელი დღეს!), ხალხური ზეპირსიტყვიერებითი, მოქნილი ფრაზები,  საერთოდ, ფრაზის სიმსუბუქე,  რემინისცენციები -  ქართული კლასიკური მემკვიდრეობიდან, ძირითადად სევდა და არა  ნაღველი, არა ტრაგიზმი, ოდნავი, ელეგანტური  ირონია, აჟურული ტექსტურა….
    კმარა!
      მოკლედ, მეც  კი მიყვარს გრუზინსკი.
    გავიხსენოთ  მისი ლექსის ტექსტი:
 

პეტრე გრუზინსკი

***

სევდიანი მოლოდინის დასასრული
თვითონ მოდის!

ეს ლოდინიც  დასრულდება,

დაბრუნდები, მაგრამ როდის?!

მღერის ქარი, მღერის ქნარი

და სიჩუმეც ჩამჩურჩულებს: -

ის აქ არის!

ის აქ არის -

ამბობს მტკვარი,

გული ყვირის საგულედან

ის აქ არის!

ვფიქრობ,  აქ გრუზინსკის ყველა  ზემოთ ჩამოთვლილი  სტილური მახასიათებელი ვლინდება.
  არ შეიძლება, მკითხველს არ დაებადოს კითხვა “ის” - ვინ?
  ვინ უნდა დაბრუნდეს? როდის?
  რაკი ,, შერეკილებში”  თამუნიასადმი  სიყვარულია  შემკრავი თემა, შეგვეძლო მარტივად ჩაგვეთვალა, რომ “ის” უკეთეს ქვეყნად წასული თამუნიაა და ამაზე გავჩერებულიყავით, მაგრამ…
    ზემოთ რაღაცეები კი ჩამოვთვალე, პ. გრუზინსკის  ლექსების მთავარი სტილური მახასიათებლის შესახებ  კი არაფერი მითქვამს, ამ მომენტისთვის შემოვინახე.
    ხომ გახსოვთ ვეფხისტყაოსნიდან ,  “სილბო ჰქონდა ქსოვილისა და სიმტკიცე ნაჭედისაო”?!
    გრუზინსკის სტილს ამაზე უკეთ ვერაფერი ერგება, ვერაფერი დაახასიათებს.
    წინა პლანზე - აქ ყოველთვის ნაქსოვის სილბოა, ხოლო ნაჭედის სიმტკიცის მქონე კონცეპტუალური სიღრმე  - მეორე პლანიდან ,, მუშაობს”.
    ეს რომ  ლიტონი სიტყვები არაა და ნამდვილად ასეა, ვფიქრობ, ამ მაგალითითაც შეიძლება დადასტურდეს.
მივუბრუნდეთ კითხვას!
    ვინ “ის” არის აქ? ვის დაბრუნებას ელის ლირიკული სუბიექტი?
    გავიხსენოთ სახარება. კერძოდ, ეპიზოდი, როცა შესუდრული მაცხოვარი, უკვე შესვენებული,  სატირლად მისულ ქალებს იქ არ დაუხვდათ.  შესასუდრი სახვევები იქვე იყო.  ანგელოზმა, რომელმაც ჰკითხა, ვის ეძებთო და  მათი პასუხი მოისმინა, მიუგო:

“ის აქ არ არის, რადგან აღსდგა, როგორც ამბობდა”  (მათე 28:6)

      მაცხოვრის აღდგომა  ცისა და მიწის დიდი, საერთო ზეიმია.
      ქრისტიანშია  ცოცხალი ღმერთი.
ანუ “ის აქ არის!”
    ეს მორწმუნის გვიანი, აღდგომისშემდგომი  პასუხია ანგელოზის სიტყვებზე, რომ ,,ის აქ არ არის!”
    ბატონ ვაჟასთან ბიბლიაზე არასოდეს მისაუბრია,
    მჯერა,  ისიც ამას გულისხმობდა, როცა
რაიმე კარგს,  განსაკუთრებულს, ნიჭიერების  რაიმე გამოვლინებას აღტაცებით ეგებებოდა:
,, ის აქ არის!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები