ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიმონე
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2024


კიშ ლორენი და კაპუჩინო

აჩქარებით იცვამდნენ და ნელ-ნელა ირთვებოდნენ, ნაძვის ხესავით. ირგვლივაც ახალი წლის ატმოსფერო სუფევდა-ჰაერს სამზადისის ფაცი-ფუცით გაჯერებული ქალური სითბო ავსებდა-გულებით გაფორმებული კოსმეტიკის ჩანთები, ქოქოსის კრემები, მბრწყინავი პომადები და ვარდისფერკანტიანი, ფუშფუშა ბიუსტჰალტერები ჟონგლიორის მოძრაობებივით იელვებდნენ ჰაერში და პანტენის და ქლორის ერთმანეთში არეულ სურნელთან ერთად უჩინარდებოდნენ.

“ სამჯერ გადავღებე კედლები, ფორთოხლისფერი მოუხდა”

“მე პრეტენზიებით მოვედი, ეს სარკე გვატყუებს, ნეტა მართლა ასეთი გამხდარი ვიყო”

.”ვინმემ სთხოვეთ, გათბობას აუწიონ, დამემართა ფილტვების ანთება”

სოკო, ხახვი.. ზემოდან სულგუნს ვაყრი..

მესამე დღის წვნიანს აღარავინ ჭამს
..

“დედაჩემმა რომ გამაჩინა, 30-ის იყო და გვიანი მშობიარობა ჩაუწერეს, ახლა სხვა დროა..”

“24 საათიანი იმისთვის ავიყვანე, რომ მე ვიძინო.. მაგანაც თუ იმაზე იწუწუნა, ბავშვები ადრე რატომ იღვიძებენო, რად მინდა..”

“თუ მიღალატებს, გააჯვამს, რა საჭიროა ბევრი ლაპარაკი”..


მხატვრობაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ასე მგონია, ნახატის შექმნა ფონით იწყება- მეთქი. შეიძლება ვცდები, თუმცა შემთხვევითი არც ის იქნება, სულ “ბექგრაუნდი  ბექგრაუნდიო”, რომ გავიძახით.
ეს ისეთი რამაა, რაც სურათის არსებით ნაწილს გამოკვეთს, მის გაგებაში გვეხმარება.
ამ ქალებს რომ ვუსმენდი, ფონად იმას ვხედავდი, რაც მუდმივობა-კონსტანტა იყო- ფუმფულა ბარძაყები, წვრილი კოჭები და მომხიბვლელი ძუძუები, მზრუნველი მკლავები, პრეტენზიულად გამობურცული ზედა ტუჩი, შფოთი ტრივიალურ თემებზე-“გარეთ ისევ წვიმს”?

რეცენზიებსაც ასე არ წერენ ხოლმე? აიღებენ ერთ წიგნს ან ფილმს და მეორეს ადარებენ, ფონი რომ შეუქმნან. მოკლედ, ყველაფერი, რაც გვაწუხებს, ცვლადია-ყველაზე ღრმა ეგზისტენციალური წუხილიდან ყველაზე მსუბუქ, ვარდისფერ კაპრიზებამდე. საკუთარი არსით მაინც ის ვართ, რასაც ვერსად გავექცევით, რაც გვაერთიანებს. ჰეგელი ამბობს, ადამიანი საკუთარი ნიჭით იმდენად იქნება განსაზღრული, რომ ის მის ბედისწერად იქცევაო (შეიძლება ნიცშეა). ასევეა ყოველგვარი ფიზიკური მახასიათებელიც. ჩვენი ბედისწერის წიგნი ჩვენი დნმ-ია.


ამიტომ არ მიკვირდა, ძლიერი, დაკუნთული სხეულები ზანტად რომ ცვლიდნენ ადგილებს ორთქლის აბანოში და არც ამინდი აღელვებდათ, არც სადილი და ვახშამი. ეს სულელური თავდაჯერებაც ჩაფსკვნილი აღნაგობიდან და დაბალი, ძლიერი ხმებიდან მოდიოდა, საამოდ რომ ჩაგესმის და სიმშვიდის და დაცულობის განცდას გიტოვებს.

“-ეს ვალენტინობა რას ნიშნავს ხო არ იცით?”
-რაღაც კომუნისტური გამოგონებაა, საჩუქრები, ყვავილები, მე არ მადარდებს ეგეთები, ცდილობენ ეს გასაყიდი პროდუქცია შემოგტენონ რა”..
-რას ამბობთ, საჩუქრები, ყვავილები და რეკლამები ზუსტადაც რომ კაპიტალისტური ფენომენია- ურცხვად ჩავერიე და სამოთხის ჩიტები მყუდრო, თბილი ბუდიდან ისე ავაფრინე, როგორც ჭეშმარიტ ევას შეეფერება.

წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა. დაბნეულობის მოკლე ეპიზოდის შემდეგ მხურვალე დისკუსია განახლდა.

-გოგოც ყოფილა აქ. კიდე კაი რამე ზედმეტი არ წამომცდა.

-უცებ ვალენტინა ტერეშკოვაზე წავედი, მართალი ხართ, მართალი.
-8 მარტი და კლარა ცეტკინი კიდე.. კაცების დღე რატო არ არსებობს?..

აქაც შევეკამათე, მაგრამ ძველი ამბების წვლილი ამჯერად სწორად გაახსენდათ და არმიის დღის საკუთარ დღედ მიჩნევა იუკადრისეს.

ხო, არ ვიყავი მართალი.



“გოგომ იცი რა გამიკეთა? ოცი წუთი ველოდე გასაჩერებელ ადგილს და გზა რო დავუთმე რო გაევლო, იმ ადგილას დააპარკინგა..

ჰაჰა იქნებ ეგონა რო იმას უნახავდი..
ისე სწრაფად გავარდა აუზზე, ვერაფრის თქმა მოვასწარი, სადღაც აქ არის..”



ხო, ის გოგოც არ იყო მართალი, რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი იმ ფაქტის სიცხადეს, რომ ზემოთ აღნიშნულმა საქციელმა ძალიანაც აღაფრთოვანა ეს პატიოსანი ბიჭი. გულში ოცნებობდა, სადმე გადაყროდა იმ ზეციდან მოვლენილ დემონს.

როგორც Pლაცებო-ს “შპაცე მონკეყ”-შია-ერთად ვართ შეკერილები და გადმოგდებულები ამ პლანეტაზე. არაა გამორიცხული, რომ ვიღაც საიდანღაც აკვირდება ჩვენს უსასრულო შეხლა-შემოხლას.

შესვლისას ისიამოვნო, გამოსვლისას იტანჯო, ძალიანაც სულელური სქემაა, მე თუ მკითხავ.
ეგ სიამოვნება ტანჯვად არ ღირს. ტანჯვის მცირე ალბათობადაც კი.

დაბადება და სიკვდილი..გროშებად შეძენილი შესაწირი სანთლის ორი ბოლო, გულგრილმა მოხუცმა რომ ჩამოასხა ჭუჭყიანი ფანჯრებით შემინულ სათავსოში, თავისი დაკოჟრილი, ქალური ხელებით.
პასტერნაკი წერს “ექიმ ჟივაგოში”, არაფერია ქვეყნად იმაზე საშინელი, როცა ცოლი ქმარს მხოლოდ იმიტომ უყურებს გაბოროტებით, რომ ორსულადააო.
არაა გასაკვირი ხელში ჩვილაპყრობილობის პროპაგანდა ეკლესიის კედლებზე..ყველაფერი, რაც ევოლუციის ბნელი ჯურღმულების გავლით გვიკეთებია, იმას ემსახურება, რომ არ გადავშენდეთ. ადამიანის გონება გადასარჩენადაა დაპროექტებული.

სულ ერთია, ნეიტრალურ დამკვრვებლად ყოფნა არც ისე ცუდია.




ჩემს ახალ ნაცნობს დაკუნთული მხარ-ბეჭი და ჟღალი თმა ჰქონდა. მაღალი იყო, ყოველთვის ბევრს ვარჯიშობდა და ლამაზად ცურავდა. იქვე- კაფეში, მადიანად შეექცეოდა ხოლმე ყველიან ბლინებს. ზოგჯერ ჭიქა კაპუჩინოზეც არ ამბობდა უარს. მარცხენა მხარეს, ნეკნების ჩაყოლებაზე, რაღაც გაურკვეველი ეგვიპტური იეროგლიფი ეხატა.
დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ.


-ყავას ხომ არ დალევთ?-ისე ტკბილად ჩამესმა ეს სიტყვები, როგორიც ფიჭიდან წვეთ-წვეთად გამომდნარი ოქროსფერი თაფლია.

-ლატე მაკიატო- ვთქვი მყარად და ის დაბნეულობა არ შევიმჩნიე, რომელიც ყველა ადამიანურ კომუნიკაციას ახლავს ჩემთვის.

ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ბიჭებზე გარდა იმისა, რომ მემკვიდრეობით მიღებულ სახლებს აქირავებდნენ და ახალი კორპუსების აშენების, ქალაქის ჩაბეტონების ბიზნესში იყვნენ გახვეულები. ქვეყნის ბედი არ აღელვებდათ. სხვები რომ პარლამენტთან იდგნენ და მორიგ უკუღმართობას აპროტესტებდნენ, ესენი საუნაში ისხდნენ და ხუმრობდნენ.
ისეთი ხალხის მიმართ ჩემი ახლადნაპოვნი პატივისცემით ვტკბებოდი, ვინც იმ დამღუპველ ილუზიაში არაა, რომ რამის შეცვლა შეუძლია.
მეზიზღებოდნენ პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები.. აღარ მინდოდა დრამატურგიული გარდატეხები.

  …..


ქუჩა ნელ-ნელა ეხვეოდა მოხდენილად გამოწყობილი ახალგაზრდების თავდაჯერებული ნაბიჯების ხმაურში. მე ერთ ადგილას ვიჯექი და ფასადური სიმშვიდით ვაკვირდებოდი, როგორ იელვებდა ზოგიერთი ნაცნობი სახე ტალღებიდან ამოტივტივებული გამჭვირვალე მედუზასავით და ისევ უთქმელად უჩინარდებოდა უსახელო ოკეანის ამოუცნობ სიღრმეებში.

მარტო ვიყავი, ამიტომ პროტესტს დროებით გავერიდე და ფრანგულ საცხობს შევაფარე თავი. ვანილის სურნელსა და ცხელი ტოსტების ოხშივარში რომ მივიკვლევდი გზას, ჩემამდე ნაცნობმა სალამმა მოაღწია და ისევ ყავა შემომთავაზა.

არ ვიცი, როგორ აღიწერება ადამიანის ცხოვრების უბედნიერესი წამები, რადგან ეს ყოველთვის მეხის დაცემასავითაა, იმდენად სწრაფად და მოულოდნელად ხდება, ანალიზს ვერ გაუკეთებ- გაიელვებს და მორჩა. მოუხელთებელია რაიმე კალაპოტში მოსაქცევად, ყალიბში ჩამოსასხმელად, თხელ ნაჭრებად ასათლელად და მიკროსკოპის ქვეშ შესასწავლად. თხევადი შხამივით ცირკულირებს სისხლში და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ კვალს ტოვებს უჯრედებში, თუმცა ზოგჯერ ბრუნდება და საამო შეგრძნებად დაგივლის ძვლებში, მოულოდნელ ჟრუანტელად გადაურბენს კანს, ბოლო გაჩერებას კი რა თქმა უნდა, აფართხალებულ გულში პოულობს.

-რა ლამაზი ხარ, გვერდით მომიჯექი..
-თავს ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობ, ეგ კომპლიმენტი რომ მიხარია.
-არაა შენი ბრალი, ჩაგეხუტები..

ქუჩა გუგუნებდა, ერთ მუშტად შეკრული სამყარო ბრუნავდა, მე კი ადგილიდან არ ვიძვროდი იმ ტკბილი შეხების მოლოდინში.

მომიახლოვდა და მსუბუქად მიმიხუტა, ჩემი ლოყა მის მოწითალო წვერს შეეხო-სხეულში სითბო ჩამეღვარა და ჭირვეულად ავჭყიპინდი- “სენდვიჩი სალიამით, ერთი ჭიქა წყალი, კიშ ლორენი და კაპუჩინო..”

მიხაროდა მისი აქ პოვნა-ეს ნიშნავდა, რომ იცოდა ბრძოლის სიხარული და თანაგრძნობის სიამე. ხვალინდელი დღე სიკვდილია, უკვე მწარედ ვართ დასპოილერებულნი, მაგრამ დღეს რამე ხომ უნდა შევიგრძნოთ?

“ათასი მოელვარე მზის ექსტაზი”.. ასე უწოდა ჰენრი მილერმა ღამის თამაშებს, რომელთა შესაძლებლობაც ყველაფერს ასატანს ხდის ჩვენს სისხლით გაფერადებულ პლანეტაზე.

“სიცოცხლე ჯოჯოხეთია, წარმტაცი ჯოჯოხეთი. ხოლო ყოველივე წარმტაცი ღმერთს ეკუთვნის”-აპდაიკის კენტავრს თავი ცისთვის მიუბჯენია, ფლოქვებით კი ტალახის ზელაშია გართული.
სომხები, ჩვენგან განსხვავებით, ქრისტეს ადამიანურ ბუნებას არ აღიარებენო, რელიგიის მასწავლებელი გვეუბნებოდა დაწყებით კლასებში, ან იქნებ პირიქით იყო. იმ სუფთადგაპარსული, გაფითრებამდე ყელში ჰალსტუხწაჭერილი ბიჭის სახელმა დიდობაში მხოლოდ ერთხელღა გაიელვა ჩემს ყურთან- ჭორები მოსწავლესთან შეუფერებელ კავშირს ემართლებოდნენ. ღმერთმანი (!) კარგი მაგალითია ადამიანური ბუნების მნიშვნელობის შესახსენებლად.



მეც სულით ხორცამდე ადამიანი ვიყავი.
ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი.
უღმერთოდ მოსაწყენი.

  ჩვენს ქალაქს ქალები მფარველობენ-ერთი, სადღაც მწვერვალზე შეყენებული, ცალ ხელში სტუმართმოყვარე თასით, რომელიც ყოველ წამს შეიძლება შხამით აივსოს, თუ შურისგება გახდება საჭირო, მეორე ხელში კი საფრთხისშემცველად ალაპლაპებული ხანჯლით, რომელიც პირს მოირბილებს და ლოგინზე მიესვენება, მის წინაშე მართალი თუ იქნები.

მეორე- ანცი მუზაა ქალაქის გულში, ხელში ძაფზე ჩურჩხელებივით ასხმული ნიღბები უპყრია და სულ იმ ფილმს მახსენებს, ქალი რომ შთაგონების ზებუნებრივი წყარო ჰგონიათ, როცა ერთი უბრალო, კლინიკიდან გაქცეული პაციენტია.


ამ ორიდან, მეორედ თუ გამოვდგები (უფრო ზუსტად კი- მესამედ)

თმაგაშლილი ვიჯექი და გაზაფხულის ქარებს ვისრუტავდი ჩემი კანის ვიწრო ფორებით. ვგრძნობდი, როგორ ხვავდებოდა სიმბოლოები თოვლის ფიფქებივით, თითქოს ახალ ფენებს ქმნიდა თავის ტვინის რუხ ნივთიერებაზე. თავისუფლება ავსებდა ჩემს სულში უხსოვარ დროს გაჩენილ შავ ხვრელს.

სულ ერთი იყო ჰიტლერი და სტალინი, ბომბების ცვენა, ექსტრემისტების სისასტიკე, ცეკვა-თამაშთან შერწყმული ძალმომრეობა, გაუნელებელი უკმაყოფილება და ყვირილისგან ჩახლეჩილი მარადიული ხმები- სამართლიანობას რომ ითხოვენ..



თვალწინ ჰემინგუეი დამიდგა, იარაღთან დამშვიდობება..

არ წამიკითხავს უფრო ლამაზი სიტყვები:


“ფიქრისთვის არა ვყოფილვარ გაჩენილი. ჭამისთვის გავჩენილვარ. ასეა, მე და ჩემმა ღმერთმა. ჭამე, სვი და ქეთრინთან დაიძინე.”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს