ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2024


დაკარგული გაზაფხული

  რბილი და თბილი ხელები ჰქონდა. ძალიან თეთრი. კარგად მოვლილი ფრჩილები. მის თითებს ეტყობიდა, რომ არასოდეს, არასოდეს ეშრომა. მალიმალ გამირბოდა თვალი მისი ხელებისკენ. მამაჩემის ხელები მახსენდებოდა. მზენაკრავი, დახეთქილი კანი, ხელისგულებზე ამოსული მაზოლები, მიწის გაფხვიერებისგან დამსკადრი თითები. მე იმ ხელების მწამდა. იმ ძლიერი ხელების, იმ მიწასთან ნაჯახირები ხელების და გაუხეშებული კანის. ალბათ ამიტომ თუ იყო, რომ რაღაც ძალიან მაშინებდა, ამ პედანტურად მოწესრიგებულ კაბინეტში, ამ მანიაკალურ სისუფთავეში, ამ სითეთრეში, ამ მაგრად მიგმანულ ფანჯრებში, ამ ჩამოშვებულ მუქ ფარდებში. ცივ და ხელოვნურ სინათლეში.
  გარეთ გაზაფხული იღვიძებდა. ჯერ არ ამწვანებულიყო ბალახი. არ გაკვირტულიყვნენ ხეები. გკბენდა სიცივე, მაგრამ ცა სხვაგვარად იყო ნათელი, მზე გამოჩენილიყო. უყვარდა გაზაფხულის მზე მამაჩემს. თავადაც უნათდებოდა ზეცის ფერი თვალები. პაპაჩემის ნაქონ ქუდს დაიფარებდა. ბაღში დადიოდა, თითქოს მზეს შეჰხაროდა. აჰაა და მოვიდაო ისევ გაზაფხული, ამ მზეს მისი ვაზები უნდა გაეთბო, მისი ვაშლებისთვის გული გადახსნა, მისი ნალოლიავები ნერგები უნდა მოეღონიერებინა. უხაროდა მამას. მეც მიხაროდა.  გააღებდა დედა ფანჯრებს, გადასწევდა ფარდებს და გრძელი ზამთრისგან ჩამოღვენთილ კედლებს უთბობდა გვერდებს.
  გაზაფხულის პირველი მზეა. მაკრთობს ეს მიკეტილი ფანჯრები და ჩამოშვებული ფარდები. ეს ხელოვნური თეთრი სინათლე. ეს  თოვლისფერი პერანგი. ეს არამიწიერად თეთრი ხელები.  არ ვენდობი ამ ხელებს და მინდა გავშორდე, მინდა ამ კაბინეტს გავცდე, ეს საფეხურები ჩავირბინო, მივატოვო ეს ასფალტი და ჩემს მიწაზე დავდგა ფეხი. იქ, ჩემს სახლში, არ ემალებიან მზეს. ხარობენ გაზაფხულით. მეც მინდა  სიხარულის შეგრძნება.
  ვერ მივდივარ. მაგრად გადაურაზავთ კარი. მერე ეს ხმა, ძალიან ნავარჯიშები, დაბალი ბგერები, წინასწარ შერჩეული და ბევრჯერ გამეორებული ფრაზები. ეს სუნი. მისი სუნამოსა და ძვირადღირებული სიგარეტის სუნი. ძალიან ნაზი, თითქოს ცხვირის წვერს რომ    წაუღიტინებს, ეს ძლივსშესამჩნევი, მაგრამ ვერასოდეს დასავიწყებელი სუნი. და ხელები. მისი მოვლილი, თეთრი, რბილი და თბილი ხელები.
    -მხოლოდ ერთი კოცნა,- ამბობს და ხმა უთრთის, მეც მიკანკალებს სხეული შიშისაგან. კედელს ვეკვრების ზურგით, ვცდილობ სახე მის სურვილჩამდგარ თვალებს ავარიდო. „არ შეიძლება, ძალიან გთხოვ“,- ვემუდარები. მხოლოდ ეს სიტყვა: არ შეიძლება! სხვა ყველაფერი დამავიწყდა თითქოს. უღონო ვარ, ძალა წამერთვა. ვერ ვპოულობ ვერც ძალასა და ვერც სითამამეს  წინ აღვუდგე. უსუსრი ვარ ჩემი შიშით. მშიერი სვავის მზერით მითვალერებს  ჯერ კიდევ აღმოუჩენელ და უცნობ სხეულს, ჩემი შიში კვებავს თითქოს მის ფანტაზიას...
  მინდა გავიქცე, მინდა გავექცე ამ კედლებს და ამ კაცს, გავექცე უკანმოუხედავად, იქ სადაც ჩემი სახლია, ჩემი მიწა, იმ სახლის ფანჯრები ალბათ ფართოდ არის გამოღებული, მზეა ჩემს მიწაზე. მინდა გავიქცე, უკანმოუხედავად, რაც შეიძლება სწრაფად მიეფაროს მზერას ეს კაცი, ეს შენობა, ეს ქუჩა, ეს ქალაქები... ნელა ვეშვები საფეხურებზე, ძალა არ აქვს ჩემს სხეულს გაქცევის. ვბრაზობ. საკუთარ თავზე ვბრაზობ. სახეზე ცეცხლი მეკიდება, სირცხვილს ვგრძნობ. 
  სირცხვილს ახლაც ვგრძნობ, იმის გამო, რომ არ მეყო ძალა, რომ დამავიწყდა ყველა სიტყვა, რომ არ მეყო გამბედაობა მეყვირა და ჩურჩულით ვევედრებოდი, ვთხოვდი, ვტიროდი. მერეც, როცა წლები ჩამომემარცვლა, როცა გავიზარდე, როცა ძალა მოვიკრიბე, მაინც არ მიყვირია, არასდროს მიყვირია! და ისევ, წლების შემდეგაც,  ახლა როცა ჩემს თმას ადევს თოვლისფერი, გაზაფხულის პირველ მზეზე, მე აღარ მახსენდება დედა, რომელიც ფანჯრებს აღებდა და გაზაფხულს უშვებდა სახლში, არ მახსენდება არც მამა, თავისი ზეცის ფერი თვალებით რომ შეჰღიმოდა მზეს, აღარ მახსენდება მათი სიხარული, მახსოვს მხოლოდ მისი ხელები, მისი თეთრი, რბილი და თბილი ხელები და ვგრძნობ, იმ თეთრ, ფანჯრებმიგმნულ ოთახში დასრულდა ჩემი გაზაფხული. მე იქიდან ვერ გამოვაღწიე, ისევ იქ ვარ, ისევ ვგრძნობ მისი სუნამოს სუნს, ისევ უმწეოდ ვეკვრი კედელს ზურგით და ისევ მინდა ვიყვირო, მაგრამ ხმა არ მაქვს და ვამბობ მხოლოდ ერთადერთ სიტყვას: არ შეიძლება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები