ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2024


შვილმკვდართა და უდედოთა საკითხავი

უგაზაფხულო დღეების
უფერუმარილო სევდას
როგორ დაატარებ ჩია ტანით,
გიყურებ და სირცხვილით ვიწვი.
მოდი და ნუ შეგრცხვება  უტეხი მზერა,
გაზაფხულმკვდარ დედას რომ გაყოლებ და
ხერხემალგადატეხილ ზურგზე ნეკნებთან გამოშვერილ,
დარჩენილი უღიმღამო დღეების წყებას, 
"სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირივით" ვითვლი...
თვალის თვალში გასწორებას რომ  ვერ გიბედავ,
მგონია, ჩემი ბრალია ,
ერთადერთი შვილი რომ მიწას მიაბარე,
იმ მიწას,
ადრე გაზაფხულის უსირცხვილო სიხალისით
რომ შეუხსნია გულისპირი და
იასამნისფერკაბიანი ია-იები
ურჩად აუყვავილებია.
ისღა შემიძლია,
დამჭკნარი ხელები დაგიკოცნო,
ხელები, რომლითაც, ვინ იცის,
რამდენჯერ უსწორებ მიწის საბანს
ერთადერთი შვილის
მარადიულ განსასვენებელს.
ახლა ვიცი,
იები დედის ცრემლებს კი არ ამოჰყავთ,
გაზაფხულჩამქრალი შვილების
ძვლებიდან იზრდებიან,
რომლებსაც უსათუოდ
ხერხემალმოხრილი
დედების ცრემლები რწყავენ და
თავიანთ  ძაძისფერ სევდას
მათ იასამნისფერ კაბებში აქსოვენ.
ახლა ზუსტად ვიცი,
ჩემი ძვლებიდან იები
არასოდროს ისურვებენ ამოყვავილებას,
რადგან მათ ვერასდროს დაარწყულებს
შავოსანი დედაჩემი,
რადგან მისი ცრემლების გემო
არც სიცოცხლეში მიგემია.
სამაგიეროდ, კაკტუსები გაიხარებენ,
უწყლობას და უცრემლობას რომ უძლებენ და
დამტირებელარყოლის სევდას
ეკლების ჯავშანში (ჩა)მალავენ.
უგაზაფხულო დღეების
უფერუმარილო სევდას
როგორ დაატარებ ჩია ტანით,
გიყურებ და სირცხვილით ვიწვი.
თვალის თვალში გასწორებას რომ  ვერ გიბედავ,
და მე, ცოცხლადმკვდარს,
მტკივა უდედობა და მეწვის უიაიობა,
ყოველი შეხვედრისას,
იმ დამჭკნარ ხელის მტევანზე გკოცნი იუდასავით,
რომლითაც ერთადერთი შვილი  მიწას მიაბარე.
მიწას კი, ჩემნაირ ცოცხლადმკვდართა ჯიბრზე,
ადრე გაზაფხულის უსირცხვილო სიხალისით
შეუხსნია გულისპირი და
იასამნისფერკაბიანი ია-იები
ურჩად აუყვავილებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები