ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2024


მიტოზის ფაზები

( ეძღვნება უძღებ ... ს)




მე შენ,
როგორც კაცი და როგორც პოეტი,
მაშინაც მომწონდი,
როცა ჩემი პირადი კაცი და პოეტი მყავდა.
მომწონდი ჩემთვის,
მომწონდი ჩუმად
და მომწონდი ჩემს პირად პოეტ კაცთან შეუწონავად.
ოდნავადაც არ გამომქცევია ალმაცერი მზერა შენსკენ,
ოდნავადაც არ გაუკენწლავს ჩემი გული შენს სურვილს,
ოდნავადაც არ დამნესტრვია სული შენზე ნეტარი სურვილებით...
უბრალოდ ურვა შემიჩნდებოდა ხოლმე შენთან პოეზიაზე საუბრის,
მაგრამ მაშინვე მახსენდებოდა
რომ შენზე კარგი პოეტი მყავდა სახლში და
უბრად მყოფი,
უმძრახად ჩავძახოდი ჩემს ზრახვებს
და ძახველივით დარცხვენილი თვალს ვარიდებდი პირად კაცს, პირად პოეტს ...

მერე, როცა გავიდა ხანი,
როცა ჩემს პოეტს ჩემს სიყვარულზე მოეცარა ხელი და სხვაზე აეცრა,
როცა ჩემთან მოშვებით სხვაგან გაიმყარა იმუნიტეტი,
ავიყარე მასზე გული
და გაყალბებულ საბუთივით შემოგაპარე საკუთარი თავი.

განა რამე ისეთი მსურდა,
განა ახალ შეგრძნებებს ვეძებდი,
განა რამე მაკლდა ან მეწადა?
უბრალოდ ,
შენ რომ ოდესღაც მომწონდი როგორც კაცი და როგორც პოეტი,
მაგრამ ხელს მიშლიდა ის,
რომ თავადაც მყავდა კაცი, თანაც პოეტი
და ეს ფაქტორი აღარ იყო ამ ეტაპზე ხელისშემშლელი,
ეს მომენტი ვიშიშვლე ხმალივით და შენს წინ გავშიშვლდი...

განა ისევ და ისევ რამე ისეთი?!...
არც არაფერი დამიშავებია და არც თავი შემიზღუდავს.
რა დოზითაც დუღდა სისხლი,
იმ დოზით ამოვუშვი ორთქლი და დავიცალე.

წადილასრულებულმა ორ პოეტს შორის წილადებად დაყოფილი თავი წამოვკრიფე,
ფაქიზად ავაწყე ფაზლივით და
თქვენს შორის მიტოზის ფაზებად დაყოფილმა,
პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა ასკინკილით გავიარე
და ინიციაციის შემდგომ ვაღიარე,
რომ არ ღირდა შენი მოსურვილება,
შენი შეცნობა,

ჩემი კაცი,
ჩემი პოეტი უპირობოდ - დობორიპუ გჯობდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები