ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2024


ქალმა უნდა მოყვეს ის, რაც აკრძალულია!

ქალმა უნდა მოყვეს ის, რაც აკრძალულია!

I

რაზეც აუჯანყდებიან, გატყიპავენ,
მუთაქასავით პირსაც ამოუკემსავენ,
მაგრამ მაინც უნდა მოყვეს -
იქამდე იკაკანოს, სანამ კრუხი არ ამოუვა ყელიდან და არ ჩაუნისკარტებს ქვეყნის მჭამელ ქორებს.
,,ჰაუ, ჰაუ ქორო, ნუ ფრენ"...

II
ქალმა უნდა მოყვეს ის, რაც აკრძალულია!
ქარიანზე - მოფრიალე კაბაზე.
სოფლის გამგებელზე,
ღობედან გადმოცვენილ მის ცოფიან თვალებზე.
ტაძარში - უკანალზე მოფათურე მამაოზე,
ყელში გაჩრილ სეფისკვერზე.
ზეწარზე მიხატულ იასამანზე,
თუ როგორ იხრჩობა საბნის ქვეშ.
სიცილ - ტირილზე,
ზურგიდან დანახულ ღალატზე,
ხელკეტიან ქმარზე,
მზიან სიზმარზე, სადაც გადარჩა,
ცხადში კი წამებით აუხდა.
დაადუმეს, როგორც სააღდგომო საკლავი
და მისი შესანდობარი ოჯახის სიწმინდის დღეს ჩაფებით აღნიშნეს.
ქალმა უნდა მოყვეს ის, რაც აკრძალულია! -

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები