ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2024


მტრედი წვიმაში ანუ ქვების მსუბუქი იავნანა



ფანჯრის ჩარჩო ქარის ხმას და ხედს
ერთმანეთის მიყოლებით ჩემსკენ
უშვებს, თუმცა გაფიქრება მიჭირს,
რომელს უფრო შეუძლია ადრე
დაახლოებით ან ზუსტად მომწვდეს,
წვეთებისგან გახშირებულ შხაპუნს,
თუ ელექტრო სადენს ბოძებს შორის
გაბმულსა და დაკონწიალებულს,
მტრედი ჩაბღაუჭებია კლანჭებით,
(ისე როგორც საკუთარ ბედს ვექცევი
ამინდის და წლების მიუხედავად,
თუმცა მისი შინაარსის მიჯნაზე
არაფერი მოჩანს სახარბიელო).
იმ ფეხებით შემაგრებულს ეტყობა,
მოღუშულა სველი ფრთების ალყაში,
მრგვალი მკერდით ცხვირწინ გამოზნექილა,
გეგონება ამ ქალაქის ჯინაზე,
საკუთარი თავი გადაუყლაპავს.
ყვითელ რკალში გამომწყვდეულ წერტილებს
დარცხვენილად იმ სხვენისკენ აპარებს,
რომლის გარდა სხვა გზა აღარ არსებობს.
წვიმს, სადღაა ამნაირი ჭიშკარი,
თუჯის მტრედებ წამომჯდარი რომ იყო,
გალუმპულმა ახლა აღმოაჩინა,
აღარ იცის სამტრედეებს მიადგეს
თუ დაუმშვენოს გვერდი  დანამდვილებით
არხეინად დასკუპებულ ფიგურებს.
აფრენამდე  გაფუებულ ბუმბულზე
დილის ნისლი ისე მშვიდად ედება,
როგორც ძილისპირულისას განაბულ
შვილს კისერში ჩაკეცილი საბანი.
ვთქვი - დრო არი წაიგრძელო კისერი,
საკუთარო თავო აბა რას ხედავ,
ან ამ რა-ში ნეტავ ვინმეს თუ ხედავ,
უხილავს და სმენადაქვეითებულს?
პირი ქვისკენ როცა აღარ ვიბრუნე,
დაიფშვნა და თვალწინ მიმოიფანტა,
აღარ ვიცი მტრედი საით გაფრინდა...
ამ ხმაურზე მკვდრებმა თავი წამოყვეს,
შემაშველეს დაცვენამდე მაჯები,
რადგან უკვე ქვაში გადავნაწილდი
უდროობის სიგლუვედ და ბზარებად,
თითოეულს ხელში მოვუკალათდი
სასროლად და წყალზე გასაცურებლად,
ტბის პირზე რომ ბავშვობაში უცდიათ,
რომელ სიპსაც დიდ მანძილზე შეძლებდნენ
გაექნიათ, მერე ჩაძირულისთვის
თვალი აღარ უნდა ედევნებინათ;
ფსკერი იყო მათი თავშესაფარი.
შარი არი ქვის გარსიდან დაღწევა
თავის, ხმის და სიტყვის ახმაურებით,
შარმა მხარი თუ არ შემომაშველა,
თავის დროზე ვეღარ მივუბრუნდები
ფარდებს ადგილ-ადგილ გადახუნებულს
ნეტავ ისე ვიღა ჩამოაფარებს
იმ ფანჯარას, რომლიდანაც მინდოდა
აღარავინ აღარ გადამხტარიყო
და მივიღე ნაწილ-ნაწილ პასუხად:
ფსკერი არი მათი თავშესაფარი,
ვინც შენ გგავდა, გიხილა და გეამა,
ვინც გისმინა, გისროლა და გეამა,
ვინც გილოცა თითქმის გაქვავებამდე,
ვინც ეცადა აღარ გამოეჩინე,
სათვალავშიც უნებლიედ ჰყოლოდი,
როგორც ერთ დროს სუსტი ადამიანი.

11 ივნისი 2024 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები