ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2024


ცხოვრების ძალა

იმ წელს ძალიან წვიმიანი იყო ივლისი. ზღვაზე წასასვლელად გამზადებულმა ბევრმა ადამიანმა გააუქმა ჯავშანი. წასულებიდან ზოგიერთი სამი-ოთხი დღის ლოდინის შემდეგ დაბრუნდა უკან, ზოგიერთები კი გამოდარების იმედით ყოველ დილას ღიმილით იწყებდნენ და აცეტილ ტალღებს შორიდან ეალერსებოდნენ. შვებულების დღეებს თავისებურად ირგებდნენ დასაქმებულები, ნესტიან სურნელს სასიამოვნოდ იყნოსავდნენ გამოცდებგამოვლილი აბიტურიენტები და კურსდამდავრებულები. მშვიდად უცქერდნენ შვილებს ერთფეროვან ყოველდღიურობას დროებით მოწყვეტილი დედები. ამ ადამიანებს ნაკლებად ადარდებდათ ამინდი. მათთვის მთავარი გარემოს გამოცვლა იყო და ახლა, საკუთარი სახლებისგან საკმაოდ მოშორებულ სივრცეში მოდუნებული, მოშვებული, მათრობელა ემოციებით ტკბებოდნენ.
სულ სხვანაირი ხიბლით უცქერდნენ შავ ზღვას წყვილები. სულ სხვანაირი გზნებით ეჩურჩულებოდნენ მას, საბედისწეროდ ეთამამებოდნენ...
მერე რა რომ გადაუღებლად წვიმდა?.. მერე რა რომ ნაცრისფერი ემოსა ბუნებას?.. მერე რა რომ ცხოვრება სევდისფერ ტანგოს ცეკვავდა?.. -სიცოცხლე მაინც ჩქეფდა, სისხლი დუღდა, თვალებში მზე იდგა, გულში კი... გულში, როგორც ფურცელზე მელანი, ისე უსასრულოდ იღვრებოდა მაამებელი, მსუყე მელოდიები სიყვარულზე, ვნებებზე, მარადიულობაზე შექმნილები.
წვიმდა... შეუსვენებლად წვიმდა...
---
იმ წელს ცისფერი სახლიდან, ცისფერ ტალღებთან შესახვედრად, ყოველ დილით, თითქმის ერთსა და იმავე დროს, თბილი, გადამდები ენერგიებით "დატვირთული" ახალგაზრდა (ალბათ 18-19 წლის) გოგო-ბიჭი გამოდიოდა. მათ მზერაში ბავშვურობა, სილაღე და საოცარად სუფთა, სამომავლო მიზანი მონაცვლეობით იკითხებოდა. ერთმანეთის არსებობით ბედნიერები ირგვლივაც უმწიკვლო სურნელებას აფრქვევდნენ და მიღვენთილ სამყაროს შეძლებისდაგვარად აღვივებდნენ.
ყოველთვის, ვიდრე ამ ორის ნაბიჯები სანაპიროს "ტრამალებს" შეერეოდნენ, ჯერი სხვადასხვა სანოვაგით ავსებულ მოვაჭრეებზე დგებოდა. ძირითადად ბავშვებისა და მოხუცებისაგან იძენდნენ შეყვარებულები უმ სიმინდს, მოსახარშ ყავას, ცივ სასმელებს და ა.შ. როგორი წვიმაც არ უნდა ყოფილიყო, ისინი მაინც ახერხებდნენ კოცონის დანთებას, ტაროს შეწვას, ქვიშაზე ყავის მოდუღებას და ერთმანეთის ცქერით დანაყრებას. განა მზა პროდუქტების ყიდვა არ შეეძლოთ?- უბრალოდ თავიანთი ხელითა და წრფელი გრძნობით მომზადებული უფრო ეგემრიელებოდათ. ასე უფრო ეტკბილებოდათ ყოფა, ეთბილებოდათ ცივი გარემო და ეძვირფასესებოდათ ურთიერთობა. წყვილი ყველა განვლილ წამს წარმოსახვით ყუთში ინახავდა ფერად საგანძურად, რათა შემდეგ,  მომავალში, ძლიერი ხელჩასაჭიდი ჰქონებოდათ ზოგიერთი, გარდაუვალად ბინდიანი დღის გასამზიანებლად.
ასეთი იყო მათი საზაფხულო არდადეგები, თითქოს არაფრით გამორჩეული, მაგრამ მაინც განსხვავებული ყველასგან, ყველაფრისგან.
ერთ დილას გოგონას ადრიანად გაეღვიძა, გვერდით საწოლზე შეყვარებულს გადახედა, კედლისკენ გადაბრუნებულს ისე მშვიდან ეძინა, შეენანა გამოსაფხიზლებლად. ფრთხილად ადგა, ფრთხილადვე ჩაიცვა, ოთახიდანაც ფეხაკრებით გავიდა და სანაპიროს გზას დაადგა. გამოდარების ნაცვლად ამინდი გაუარესებულიყო, ბნელი ღრუბლები ეს-ესაა გამსკდარიყვნენ და საშიშ მორევად ჩაკონებოდნენ დედამიწას. თუმცა გოგოს ნამდვილად არ აღუქვია ეს მდგომარეობა საშიშად. პირიქით, სიამოვნებდა კიდეც მხრებსა და სახეში უხეში წვეთების "ალერსი". შეყვარებული სული ხომ ყველაფერში რომანტიკას ხედავს?.. ღიმილით გაუყვა ვიწრო ხეივანს, ცოტაც და უკვე ტალღებთან იყო. გიჟად ქცეულიყვნენ ცისფერი ზვირთები. ქუხდნენ, ღრიალებდნენ, კიოდნენ... მხოლოდ ერთხელ, წამიერად შეკრთა ახალგაზრდა ქალი, ეს იყო და ეს. შემდეგ კი ახლოს მივიდა ზღვასთან, კიდევ უფრო ახლოს, კიდევ და კიდევ,  თითქოს ეჯიბრებოდა სილურჯეს სიგიჟეში, სიძლიერეში, ვნებათღელვაში. თვითონაც აცეტდა, მღეროდა, ცეკვავდა, ტრიალებდა, ტოლს არ უდებდა ბუნების დიად ქმნილებას. უცებ ყოველგვარი ქმედება შეწყვიტა, თავბრუ დაეხვა, თვალთ დაუბნელდა, ჩურჩული დაიწყო, თუ ლოცულობდა ალბათ. მერე კი... მერე გაიღიმა, გაიღიმა და თავადაც წვიმად შეერია დაუღლელ სივრცეს... უსასრულოდ, უმისამართოდ...
---
გაღვიძებისთანავე, სიყვარულით ანთებული მზერა გვერდით საწოლისკენ გააპარა ბიჭმა. ლოგინი ალაგებული დახვდა, საყვარელი ადამიანი კი არსად ჩანდა. ყველაფერს მიხვდა, რადგან შეყვარებულის ხასიათს ძალიან კარგად იცნობდა. მიხვდა და იმ წამსვე სანაპიროსკენ გაიქცა. დაგვიანებული იყო... მაშველებს უკვე დაეწყოთ ძებნა.
ვერ ქნა... ვერ გაყვა... ვერ გაეკიდა... ვერ დაეწია... თავიც ვერ მოიკლა, თუმცა მაინც მოკვდა... ადგილზე... სულით!
მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო უსაყვარლეს, უსახურ, ცივ სხეულთან უკანასკნელი ჩახუტება თვითონაც ჩაფერფლილმა, ჩრჩილად ქცეულმა არსებამ!
---
იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა. ზღვას არ გაკარებია, არც კი გაუხედავს იმ მხარეს. არც რომელიმე ქალისკენ გაუხედავს სერიოზულად. მხოლოდ შარშან, სამსახურმა მივლინებით გაუშვა ზღვისპირეთში. არ უნდოდა, მაგრამ... ოდესღაც ხომ უნდა მორეოდა თავს? იქ ჩასულმა წარსულ ტკივილთან შეხვედრა გადაწყვიტა, თვითონაც არ იცოდა რატომ.
საღამო იყო, მზე მშვიდად იძირებოდა მთებს მიღმა. სანაპირო ნელ-ნელა იცრიცებოდა სხივებისგან... ადამიანებისგან... მხოლოდ ერთი გოგონა შეცქეროდა ჩამავალ მნათობს ფეხმოუცვლელად. იმ ადგილას იჯდა-კოცონის ადგილას! მოულოდნელად წვიმა წამოვიდა. თხელი სარაფანი ტანზე მიეკრა ქალიშვილს, არ იმჩნევდა, არც ადარდებდა. ბიჭის მისალმებაც არად ჩააგდო, არც შეთავაზება- იქაურობა დაეტოვებინათ. ტალღები თანდათან გადიდდნენ, იქუხეს, იყვირეს... წარსულიც აყვირდა გაუსაძლისად. კაცის ძლიერ მკლავებს დამორჩილდა ჯიუტი ქალბატონი. ზღვა მარტო დარჩა, მარტოსულად ბნელში, ხმაურში... გასულმა წლებმა დაწყნარება დაიწყეს!
---
ახლაც ზაფხულია, ახლაც წვიმაა... ეს ნაწვიმარი ამბავიც სწორედ ამ ამინდმა გამახსენა...
---
ასეთია ცხოვრება... რაღაც ძალით ის მაინც გრძელდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები