ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2024


მოქცევა (პოემა)

  ვუძღვნი შვილიშვილებს: ანას, ავთანდილს და ელენეს

        პროლოგი
მძიმე ნაბიჯით
მივყვები ბილიკს,
შუქით ნაჯიჯგნი ილევა ღამე,
ვით შესაწირი უფლის ბატკანი,
ისე მორჩილად მომყვება მთვარე.
,,ცხოვრების ხურჯინს“
ქექავს ფიქრები,
ო, როგორ უჭირს
ცოდვიან სურვილს,
როცა  ვიქნები და არ  ვიქნენი,
ამ წუთისოფელს მოვუკლავ წყურვილს;
მრჩება  ტკივილი,
,,სიმღერა გედის“,
გზას მინათებდა შუქი ჩირაღდნის,
მამულის ბედის
ვარ მოზიარე,
მომყვება მადლი ჩემი წინაპრის;
წუთისოფელმა შემამკო  ვერცხლით,
,,თავს დამჩხაოდა შავი ყორანი“,
მე ამირანის მათბობდა ცეცხლი,
ღმერთებთან  ბრძოლით მონაპოვარი;
,,ოქროს საწმისი“  დავკიდე ხეზე,
,,აიას“ ბედი მივანდე ურჩხულს,
ნაცარქექიას ნატერფალს ვენდე
და ,,ბეწვის ხიდი“ გავდევი უფსკრულს;
როდესაც ეპყრა ველურ აზრს კვერთხი,
ფარნავაზ მეფემ მომიძღვნა წიგნი,
მაგრამ გამიწყრა მაღალი ღმერთი,
უღრუბლო ცაზე  ჩამოწვა ბინდი;
ხელის ცეცებით ვათენე ღამე,
,,გვირაბის ბოლოს“ ველოდი ნათელს,
,,ქვესკნელის კარნი“ ძალით განვახვნე
და დავუძვერი დაგებულ მახეს.
შუქი არ კრთოდა
წყვდიადში არსით,
არ ასდიოდა კერიას კვამლი,
შურით და ფარსით
ხარობდა ჟამი,
ბაყბაყ დევს ეპყრა ,,ცისკარას ხმალი“;
სულზე მომისწრო ,,სიტყვან დიადმა“,
ჯვრით შემობრძანდა მცხეთაში ნინო,
მართალი ვიყავ,
გონმაც მიაზრა,
ჯვარზე ვემთხვიე, უფალმაც მიძმო.
სვეტიცხოველში
დავფალი კვართი
და უფლის სახლი
ავაგე იქვე,
აღარ მოვიდე არმაზის ხათრი,
,,გაცი“  და ,,გაიმ“ დავამხვე პირქვე.
,,ფეხი დავადგი“  ზვიად იალბუზს,
,,მგლისთავა მეფეს“ ბრძოლაში ვახლდი,
სიმი გავუბი სვანურ ჭიანურს,
მახვილისცემით განვფინე ქართვლი;
ისევ ჯიუტად დავოთხე დღენი,
რადგან წარსული აწმყოს მწყემსია,
პირქუშ ეპოქას მოვთხოვე  ძღვენი,
ბოროტსა ვძლე,  ვიყავ მესია;
გობრონის რწმენა შევწირე მიზანს
და სარკინოზთა აღვკვეთე ფეხი,
კურაპალატის ოცნება ვიყავ,
მისი სატევრის ,,ციური მეხი“;
სისხლდაწრეტილი ვეახლე ბაგრატს,
,,ერთიან საყდარს“
დავადგი ჯვარი,
კავკასიონზე ,,დავადე ტორი“,
ურჯულოებზე ვიყარე ჯავრი.
ჭყონდიდს ვაახლე
მე მზეჭაბუკი
და მეწამული
გავფანტე ნისლი,
,,დიდგორის ველზე“ ვიყავ ყივჩაღი,
სიკვდილს სიცოცხლის დავუდე ფიცი.
,,აღმოცისკრებად
ისურვა მზემან“
და მტერზე ძლევამ
შემმატა რწმენა,
ტფილის-ქალაქში დავიდგი ტახტი,
კვლავ ავაბოლე მიმქრალი კერა.
ფუძე ვუკურთხე, გელათის ტაძარს,
იყალთოს მისწვდა ნათელი ფიქრი,
სწავლა მომწყურდა ,,ბრძოლებით მაძღარს“
და გადავშალე ,,ცხოვრების წიგნი“;
ძე არ მიბოძა გამჩენმა ქვეყნის,
გაორდა სული,
გადასწვდა წარსულს,
კვლავ გავიხსენე ,,საწმისი ვერძის“,
სკიპტრა ვუბოძე ,,ნათლისდარ ასულს“.
,,ვეფხი“ მოვაშთე, გავხადე ტყავი,
ტყავი, რომელიც ჩემს მიწას მოსავს,
ბედისწერასთან დავდევი ზავი,
,,ჯვრის მონასტერში“ გავყევი შოთას ...
ეჰ! მერამდენედ ვკიდივარ ბეწვზე,
სიკვდილის ლანდი, სიცოცხლეს უღრენს,
,,კოჭლი მონღოლი“ შემდგარა სერზე,
ნირშეუცვლელად მომავალს უმზერს.
ისევ  გავთვალე ბოროტი მზერა,
,,რვაჯერ გავტეხე“ ბრძოლებით ნავსი,
ღმერთმა მასწავლა ჭირი და თმენა
და ,,ფერფლში“ ვპოვე’სიცოცხლის არსი.
ძმამ არ მაცალა  ,,აღდგომა მკვდრეთით“,
ჟამმა  ცანცარამ
შემყარა ეშმას,
,,თავსა ვუხეთქე“  მოყვარეს ხმალი,
,,გული გამითბო“ ღალატის ეშხმა.
მაგრამ შემაკრთო ,,ყივილმა სისხლის“
და ,,ხელი ვკარი“ ქარაფით ღალატს,
არ ვარ დამთმობი არცერთი მისხლის,
მამულს არ შევყრი ჭირსა და ვარამს.
ვაჟკაცის სიტყვას დავადე ფასი,
ოცნებას მიმქრალს
შევასხი ფრთები,
ანის-ქალაქში წავისვი თაფლი,
ნოინის თვალწინ გავიკარ მხრები.
ამერ-იმერის დავლოცე მიწა,
,,ბრწყინვალე ჟამით“ ვახარე ქართვლი,
ისევ იყივლა წინაპრის სისხლმა,
მწამდა მომავლის, ვიყავი ნაღდი.
ერთაწმინდაა სიწმინდე ერის,
,,შვილო, გოგიავ“! - ქოთქოთებს ჩიტი,
,,მამულისათვის სიკვდილიც მღერის“ -
ამაყად ამბობს ,,პატარა ბიჭი“;
შირაზის მიწას ტკეპნის ჯალათი
და მშვიდად ფერავს
ძვლისმკვნეტელ მარწუხს,
ცეცხლში გიზგიზებს იფნის სანათი,
დედოფლის მზერა,
მზეს ეძებს ქართულს.
,,აქ, არს ცხირეთი“! - წარმოთქვამს ბერი,
ღიმილით ხვდება თურქმანის რისხვას:
,,ჩემი სიცოცხლე, ქართვლია ჩემი,
ამის უმეტესს არ დავძრავ სიტყვას“! -
,,კრწანისის ველზე“  ზუზუნებს ქარი,
,,დაჭრილი გული“ ძალუმად მიძგერს,
გრძნობას აფხიზლებს მოხდილი ვალი
და მომავლიდან მამული მიმზერს;
მძიმე ნაბიჯით
მივყვები ბილიკს,
შუქით ნაჯიჯგნი
თენდება  ღამე ...

        ნ ა წ ი ლ ი      პ ი რ ვ ე ლ ი
       
            თავი  I
აღმოსავლეთით ბინდი შეიმღვრა,
აუღაჟღაჟდა  ,,ლოყები“  ზეცას,
ბანაკი ველზე მძიმედ შეირხა,
ნისლებს მზის სხივის დანახვა  შერცხვათ;
ქექვა დაუწყეს მხედრებმა საგზალს,
ატყდა ყაყანი,  ჭიხვინი ცხენთა,
მეფე  ჩქარობდა ბანაკის აშლას,
მონატრებოდა მირიანს მცხეთა.
წრეში შეგროვდნენ ყველანი ერთად,
როგორც სჩვეოდათ ბრძოლის წინ მხედრებს,
სიცილს აყრიდნენ  ფეხოსნებს ერთხმად,
შამფურზე სწვავდნენ გაპუტულ დედლებს.
მეფეს მიართვა დაჩიმ ვარია,
მხედართმთავარმა იბერთა ჯარის,
მეფემაც ხათრი უხმოდ ,,დალია“
და აახია უსიტყვიდ ,,მხარი.’’
ითხოვა  ცხენი, მოევლო ზურგზე,
ხელი აღმართა, წინ გაიშვირა,
წამოიშალა ლაშქარი უცებ,
მეფის ნიშანზე ,,ბუკმაც იყვირა“;
ტაატით გაჰყვნენ კლდოვან ხეობას,
წამოეწია მირიანს დაჩი,
კითხვა შებედა, როგორც მეგობარს:
- მეფეო!  გუშინ აქ რატომ დავრჩით? ’-
- მხედართმთავარო! დაღლილი ვიყავ,
ჯარსაც ამიტომ მივეცი ნება,
ჩემს სახლეულს და ღმერთებს ვფიცავარ,
ყველა მეომარს ეკუთვნის ქება;
კი ენატრებათ თვისი სახლ-კარი,
მაგრამ ერთი დღე განა რამედ ღირს?
ბიზანტიელებს მაგრად დავკარით,
აღარ იზამენ ჩვენსკენ აწი პირს;
მაგაზე უფრო მე სხვა მადარდებს,
როდემდე უნდა ვიომოთ ასე?
ბერძენ-სპარსელთა ,,ჭამის მადაზე“
და ,,მოთმინების ფიალით“ სავსემ? -
- ვიდრე ვიცოცხლებთ, უნდა ვიომოთ,
ალბათ მეფეო! ასე არს ბედი! -
მიუგო დაჩიმ მეფე მირიანს
და დაანახა ქალაქის ხედი.
თვალი შეავლო ხელმწიფემ მცხეთას,
გაუქრა დარდი, აძგერდა გული,
მშვიდად უცქირა გაღმიდან ერთხანს,
ცხენს გადმოევლო, გამართა მუხლი.
ჩამოქვეითდა მხედართმთავარიც,
მეფეს შეხედა, წარმოთქვა სიტყვა:
- გამომივლია ჭირი მრავალი,
მამულის მიმართ გული მაქვს წმინდა.
ნუ მიწყენ თუ კი  სიმართლეს გეტყვი
და ნუ შემრისხავ,  ამისთვის მეფევ!
ერთი რამ არის, აქამდე ვერ ვსთქვი,
არმაზ-ღვთაება გყოლოდეს შემწედ!
ზოგი მთავარი ჩვენს რჯულს განუდგა,
გაუგზავნიათ უსტარი მტრისთვის,
თუმცა ვერ ვხვდები, ამით რა უნდათ,
რად ეპყრობიან ჩვენს ღმერთებს ზიზღით! -
ხელმწიფე შედგა გაოცებული,
დაჩის შეხედა მრისხანე სახით:
- ვითომ რადა ხარ დამორცხვებული?
რისი თქმა გინდა ნეტავი ამით? -
- მეფევ! განსაჯე სამართლიანად,
რომი კი იცი, თაყვანს სცემს ქრისტეს,
არ იქცევიან წაღმართიანად,
ფიქრებით ჭკუას დღედაღამ  ვიმტვრევ.
მსტოვარმა ასე მიამბო, თურმე,
იკრიბებიან მთავარნი ხშირად,
ამის გამგონე ,,გავსივდი გულზე“,
თუ ნებას დამრთავ დავუჯენ ძვირად! -
- მცხეთას მიამბე შენ დაწვრილებით,
მხედართმთავარო, რაც ახლა მითხარ,
უნებლიეთ თუ ვიღაცის ნებით,
ამაზე, დაჩი რად სდუმდი  დიდხანს? -
- პირველად მეფევ, ვერაფერს მივხვდი
და ყურადღება არ მივაქციე,
მაგრამ, როდესაც ღრმად ჩავუფიქრდი
ბიზანტიელნიც უკუვაქციეთ,
მხოლოდ მაშინღა გამიჩნდა აზრი,
რომ ყველაფერი რთულია ძალზე,
ბედმა გვიმუხთლა, გაწყრა არმაზი,
განკითხვის დღენი მოგვადგა კარზე;
თუ რომი შესძლებს, თუნდაც მალულად,
ქრისტიანობით იბერთა გარყვნას,
ზედმეტი განსჯა ამას არ უნდა,
წყალში ჩაგვიყრის ერისთვის ამაგს! -
ზურგში უეცრად ყაყანი  ატყდა,
წამოსწეოდნენ უკან მხედრები,
ვიღაც მებრძოლი ,,მუხლებში გატყდა“,
მეფეს შეხედა შიშისფეთებით.
- რა ხმაურია? - იკითხა დინჯად,
მანაც და სივრცე მზერით გააპო, -
- ჩვენო  პატრონო! გულში მაქვს ხინჯად -
მხედარმა  ქედში ხელი ჩაავლო
და დააჩოქა მეფის წინაშე,
მავედრებელი თვალებით მზერი -
- ხრმალი ვიშოვე ამის ჯინაზე,
როცა ავოტეთ ჭალაში მტერი;
ღამით მომპარა, დამტოვა სახტად,
დღეს წელს შეერტყა,  ყოფილა ურცხვი,
არმაზს ვფიცავარ, დამასვა დამღა,
რომაელ მხედარს ძლივს გადავურჩი.
- კმარა! - წარმოთქვა: არ მინდა ფიცი! -
მიუტრიალდა ხელმწიფე მპარავს:
- რად მოიპარე, განა არ იცი,
რომ გაგონებაც კი ამის მზარავს? -
- სადაური ხარ? - უსწორა თვალი -
- უჯარმელი ვარ! - იყო პასუხი;
- ყველა ბრძოლაში ვიქნიე ხმალი,
სახელი ჩემი გახლავთ სალუხი;
დუხჭირად ვცხოვრობ, დიდო მეფეო!
ექვსი შვილი მყავს, ქალია ყველა,
სხვა  გზა არა მაქვს,  უნდა ვეფერო,
მოგეხსენებათ : ძნელია რჩენა.
გუშინღამ ვნახე ხმალი კარავში,
გულმა არ მიყო, ამის თქმა მიჭირს,
მე შემჩნეული არ ვარ პარვაში,
არმაზს ვფიცავარ! ვფიცავარ სინდისს! -
ცხენზე ამხედრდა მეფე მირიან:
- მომეცით ხრმალი!- გასცა ბრძანება;
- ქურდობის ფასი მეტად ძვირია
და ვერ უშველის ბედი თავნება! -
თქვა და უჩვენა დაჩოქილ ქურდზე,
მხედარს მიმართა: ,,მოსხიპე  თავი!
ტანი მოიბი მაგ ცხენის კუდზე,
ნაალაფარი, შეირგე ხმალი!
ამის სახლეულს - მიმართა თითი,
დახედა ცერად თავდახრილ მებრძოლს:
- აჩუქეთ ქისა, მიეცით იფქლი,
რა დააშავეს? სიკეთე ერგოთ!

        თავი II
ზეიმით შეხვდა მირიანს მცხეთა,
ხარი შესწირეს ღვთაება არმაზს,
საჭეთმპყრობელი ,,ცეცხლთა და მეხთა“,
მარჯვნით და მარცხნით აბნევდა ალმასს.
სასახლის კართან მან თვალი ჰკიდა,
იღიმებოდა მშველივით მკვირცხლი,
მამულისათვის იმედად ზრდიდა,
რატის ძარღვებში უდუღდა სისხლი.
რევი დაარქვეს მშობლების იმედს,
რატის უხმობდნენ მას მოფერებით,
მღელვარებისგან სუნთქავდა მძიმედ,
მამას უცქერდა ყელმოღერებით.
ნანაც იქ იდგა, რატისთან ერთად,
სულგანაბული პატრონს ელოდა,
,,მუხლებს  იყვლეფდა“ სრულიად მცხეთა,
ღვთის საგალობელს ისე მღეროდა.
ცხენს გადმოევლო ხელმწიფე მყისვე,
თვალი შეავლო სასახლის სამანს,
ზურგი აქცია უცბად მცხეთის ერს
და მიეახლა დედოფალ ნანას.
ზღვისფერ თვალებში ცრემლი პაწია,
შენიშნა ნანას, მოწმინდა ცერით,
რატის დახედა, მაღლა ასწია
და მიუბრუნდა გართულებს მღერით:
- დღეგრძელი იყავ, იბერთა მეფევ!
გფარვიდეს არმაზ! - შეჰბღავლა ერმა:
- დრო გაგიგრძელდეს და შემწედ გვექმენ,
დიდხანს იბრუნოს შენს თავზე მზემან! -
- შევიდეთ დარბაზს! - გასცა ბრძანება:
- ერს კი მიეცით მოლხენის ნება! -
მხარზე შეისვა ,,ვაჟი თავნება
და გაიარა სვეტების წყება.
ბავშვი ძირს დასვა,  გადასცა დედას,
თითით მოიხმო მდუმარე დაჩი:
- დამტოვეთ მარტო! - მიმართა ყველას,
დაჩის უბრძანა: ,,ჩემს გვერდით დარჩი! -
დარბაზში ერთად შევიდნენ ორნი,
ტახტზე ჩამოჯდა ხელმწიფე დინჯად,
ეს უთხრა დაჩის:  ,,შეგრისხე მგონი,
დილით ნათქვამი არ დაგრჩეს ხინჯად;
შანთით ამოწვი მცხეთაში ქრისტე,
დასაჯე ყველა და ,,ძელზე გასვი“,
როგორც გადაწყვეტ მოიქეც ისე,
გამოიყენე ყოველი შანსი;
ახლა კი წადი,  ჩემო სარდალო!
ფიქრთან დამტოვე, მხევალს უთხარი,
რომ მომიმზადოს ცხელი აბანო,
წითელი ღვინო,  მცირე ნუგბარი;

      თავი  III
დამძიმებული გონებით მთვრალი,
ეწვია ღამით დედოფლის დარბაზს:
- ხვალ დილისსულზე შევწიროთ ხარი,
ყველანი ერთად ავიდეთ არმაზს! -
უთხრა ნანას და სარკმელთან დასვა,
მთვარეს ახედა მეფემ იბერთა,
თავი დახარა ითხოვა წასვლა,
დედოფლის სეფემ ჟამი იხელთა. -
და,  როგორც იქნა, პირისპირ დარჩნენ,
,,იმედის ნათელს“ ფიქრები სცრიდა,
სიოს გრიგალის  უშფოთველ  ნარჩენს,
ვერხვის ფოთლები ჰანგებად წნიდა.
კვარი კუთხეში ღამეს შეყროდა,
სული და ხორცი მღეროდა ერთად,
გულს,  გულისცემის ექო ესმოდა,
დედოფლის ცრემლი ჩამოდნა სევდად.
- თუ კი ოდესმე მიმუხთლა ჟამმა! -
მეფემ წარმოთქვა სიტყვები მშვიდად,
მთვარე ღრუბლებში ნაცრისფრად დადნა,
დრო  წყეულ წუთებს მარცვლებად ფშვნიდა;
,- არვინ დაჩაგროს, მიხედე რატის,
ის უნდა იყოს ტახტის მემკვიდრე,
მებაღემ იცის, სად დავფალ განძი,
არ  ჰკითხო, დრო არ დადგება ვიდრე;
გაჭირვებაში ენდე საურმაგს
და ჩააბარე შენ განძი სრულად,
ფიქრი და განსჯა ამას არ უნდა,
აქ შეიძლება მოგექცნენ მრტულად.
წადი თქვენებთან, გადადი პონტოს
რწმენით ელოდე ბედ-იღბლის ღიმილს,
ცხოვრებას ბრძოლა და ქიშპი მოსწონს,
მოსწონს თამაში, ,,გატეხა პირის“ -
შიშმა შეიპყრო, შეშფოთდა ნანა,
სრულად დაებნა საბრალოს აზრი:
- ნეტავ ვინ ლესავს მეფისთვის დანას?
შესაძლო არის სიძე ან მაზლი?
მაგრამ მეფის ძმა ხომ არ იკადრებს?
მაშინ ფეროზი, სიძე მეფისა,
თუმცა ფეროზმა ერის წინაშე,
მას ერთგულება ბევრჯერ შეჰფიცა.
გულბოროტია რანის მმართველი,
თვალი უჭირავს ტახტისკენ მუდამ,
როგორ გადარჩა მაშინ ჯანმრთელი,
როგორ იწივლა ისარმა ფუჭად.
ვისზეც დაიკრა მცირედი იჭვი,
მარგილზე გასვა, შეჰყარა სიკვდილს,
მაშინ დაუდო მეფესაც ფიცი,
რომ იცოცხლებდა მხოლოდღა მისთვის. -
გაფანტა დარდი, შეხედა პატრონს,
მოჰკიდებოდა გადაღლილს რული
და გონებაში ,,ფიფქებად ნათოვს“,
სევდას ეღვიძა  ფიქრების წნულით; - 
აშლილი გონი ძლივს ჩადგა  ,,ხნულში“,
ამობრწყინებულ მზეს მისცა სიტყვა,
სამარადჟამოდ დამარხა გულში,
რაც მეფის მხრიდან წუხილით ითქვა.

        თავი IV
ტახტზე დაბრძანდა მეფე მირიან,
,,დარბაზისერიც“ დასხდა  სელებზე,
ერისთავ გვარამ  თავი იწვია,
მიისვ-მოისვა ხელი წვერებზე:
- მეფეო, მინდა შეგკადრო სიტყვა,
ლაზნი ომისთვის შეუდგნენ გარჯას,
დაჩის წინაშე ამაზე ითქვა,
რადგან ვესწრაფი გუბაზის დასჯას! -
- ვერ გაბედავენ, შეშინდებიან! -
მშვიდად მიუგო ხელმწიფემ გვარამს; -
- არა, მეფეო! არ მშვიდდებიან,
ლაზნი უცილოდ შეგვყრიან ვარამს;
ასმა მებრძოლმა და მეისარმა,
ძირულის პირას დასცა ბანაკი; -
ხელი შემართა, თქვა ერისთავმა:
- ჩემი  თვალით მაქვს, ესე, ნანახი!
ორთავე ვითომ ვემხრობით სპარსელთ,
სპარსნი კი იცით ვინაც არიან,
წაგვაქეზებენ, ერთმანეთს დავცხებთ,
არ ინაღვლებენ ამას ძალიან! -
- ვეღარ შესძლებენ, რომ მაგ მზაკვრობით,
ომში ჩააბან ორივე მხარე,
ეს არ მოხდება ჩემი სარდლობით,
ვიდრე ზეცაში ჰკიდია მთვარე;
რადგან სპარსელნი არ მშვიდდებიან,
ძმობა შევფიცოთ დიდ კონსტანტინეს,
ამით ისინი დაშინდებიან,
ომს ავიცილებთ ძალიან მძიმეს! -
მეფის სიტყვებზე ყაყანი ატყდა,
არ მოელოდნენ რომაელთ ქებას,
მაგრამ, როგორც კი დარბაზი ,,გატყდა“,
დაჩი წარუდგა თავდახრით კრებას;
- დიდო მეფეო! იყავ დღეგრძელი,
შენი მეფობა იყოს სვიანი,
მამულის დაცვა თუ ვერ შევძელი,
არ გამითენდეს დილა მზიანი!
გვარამის სიტყვას მადლი აკლია,
თუმცა ერისთავს აზრები უჭრის,
ასეთ ყოფაში ნეტავ რა ყრია?
სპარსეთს ამჟამად თავისთვის უჭირს.
ეგ წყეულები დასუსტდნენ სრულად
და უნდა ითქვას მართალი სიტყვა,
ეს საქმე უნდა გადავჭრად ბრძნულად,
ჩვენი გზა იღბალს რომისკენ მიჰყავს.
თუ არ შევეკვრით რომაელთ სწრაფად,
ისარგებლებენ ჩვენი სისუსტით,
შემოგვიტევენ ლაზები მძაფრად,
დაასრულებენ საქმეს სიზუსტით.
არა, მეფეო! არამც და არამც,
არ შეიძლება სპარსელთა ნდობა;
შენც შეისმინე ერისთავ გვარამ,
უნდა შევფიცოთ რომაელთ ძმობა! -
ხელი აღმართა ხელმწიფემ ზემოთ,
თანხმობა უთხრა ერთგულ ძმადნაფიცს:
- ჩვენი ღმერთების წყალობას ვენდოთ,
ნუღარ  გადავდგამთ ისევ მცდარ ნაბიჯს!
ნუ დავუჩოქებთ სპარსელთა მიზანს,
ომს ვერ დაგვიწყებს, შიში დავძლიოთ,
თუ საჭიროა, იბერთა მიწას,
თავი შევწიროთ, სისხლი ვანთხიოთ! -

          თავი V
მაცნე მოვიდა სპარსთაგან მცხეთას,
ომში იწვევდა შაჰი მირიანს:
,,შევერკინოთო კეისარს მედგრად
და ჟამს ვენდოთო ჩვენთვის იღბლიანს“! -
ღიმილით შეხვდა შაჰის მოთხოვნას,
იბერიონთა დინჯი ხელმწიფე:
- გაუჭირდებათ ჩვენი მოთოკვა,
რადგან რომს ძმობა უკვე შევფიცეთ! -
თქვა და აახლა უსტარი მტკიცე,
შაჰ ნარსეს გული ბოღმით გასივდა,
მირიან მეფემ უარი თქვა ფიცზე,
სისუსტის წლები რადგან გაფრინდა;
სადარდებელი სხვა ჰქონდა მეფეს,
იწერებოდნენ მსტოვარნი წვრილად:
,,ლაზნი განუდგნენ საკუთარ ღმერთებს,
გონი დაებნათ, ტვინზედაც სცივათ;
ქრისტეზე ლოცვას შეუდგნენ ჩუმად,
ვიღაც ქადაგებს მოსული რომით,
ეგ წყეულები, გაგიჟდნენ სრულად,
ღმერთ-კაცს ჰმონობენ შიშით და ძრწოლვით“! -
ძლიერ შეაკრთო მსტოვართა არზამ
მეფე და მთელი ,,დარბაზის ერი“,
დაჩის მოუხმო, თათბირად დასვა,
ერთად გატეხეს დღე-ღამე მთელი; -
- საურმაგ უნდა გავგზავნოთ ლაზეთს! -
რჩევით მიმართა ხელმწიფეს დაჩიმ:
- შენი გულისთვის სიცოცხლეს დასდებს,
უფრო ერთგული არა მყავს კაცი! -
არ ეჭაშნიკა მონა რომ უქეს,
მეფე, მებაღეს შეჰყრიდა ხიფათს,
მაგრამ იცოდა რომ მასზე უკეთ,
ვერ მოირგებდა ვერავინ ნიღაბს; -
მეფესთან სწრაფად მოუხმეს მონას,
ისიც ,,მოფრინდა“, როგორც სჩვეოდა,
დაჩის კითხვაზე, შეუდგა  ,,მოთქმას“,
ქრისტიანებზე მასაც სმენოდა: -
- ხვალე გაჰყევი ქარავანს ბარემ,
შუშა წაიღე სავაჭროდ ურმით,
კარგად დაზვერე ფაზისის მხარე,
მერე  გადადი ბიჭვინტას ცურვით.
გზადაგზა შუშა აქციე ფულად
და მსტოვრის ხელით მოგვეც უსტარი,
ქრისტეს ამბავი გვაახლე სრულად,
კარგად შეიტყვე ვინ ჰყავს ,,მუშტარი";
ახლა კი ჩადი შენ  ,,მთვარის ველზე“,
შუშის ოსტატი  მოძებნე ბაქარ,
ვიცი, მიზნისთვის ყველაფერს შესძლებ,
ჩვენ შეგინახავთ მანამდე სახლ-კარს; -
დაჩიმ ღიმილით შეხედა მსტოვარს:
- დაგელოდება შენი ანასტა,
შეხვედრის ჟამი უცილოდ მოვა,
თუნდაც მახეში მოხვდე ანაზდად! -
მებაღე ღიმილს ღიმილით შეხვდა:
- რა მელოდება, წინასწარ ვიცი,
მე და ანასტამ არმაზთან ერთად,
სიცოცხლის დღენი შევკარით ფიცით! -
ნიშანი მისცა მეფემ საურმაგს,
მანაც ქარაგმა შეწყვიტა სწრაფად,
მერე, ორთავეს თავი დაუკრა,
მთავარსარდალი დატოვა სახტად;
,,სამეფო ბაღში“ დაუყვა კიბეს,
ქოხის წინ შედგა, შებოჭა დარდმა,
მიხვდა, ელოდა დღეები მძიმე
და გაწყდებოდა ,,ყისმათის აცმა:“ -
- რად გეძებდაო, პატრონი ჩვენი? -
მისვლისთანავე ჰკითხა ანასტამ;
- ხვალ  ლაზეთს მგზავნის, საქმეა გრძელი,
უნდა წავიღო ძღვენიც ამასთან; -
თქვა და მეუღლეს შუბლზე ემთხვია,
ფარულ მზერაში სევდა გამოკრთა,
სჯობდა, რომ ზეცა ჩამოექციათ,
რადგან ვარამი კართან ჩამოჯდა.
    (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს