ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2024


ველოსიპედი


ვიღაცა რო წავა, რაღაცა აუცილებლად უნდა გააყოლო შვილო, შენი ნაწილი უნდა შასწირო მსხვერპლად, ოღონდ ისეთი რომ გეტკინოს, თვალებში რომ დაგიბნელდეს, თორე ვერ გადარჩებიო. ასე დაიწყო და მერე მომიყვა.

იმ აღმართს მივუყვებოდით, ჩვენს ქალაქში ყველაზე ციცაბო რომ არის. შვიდ-რვა ნაბიჯში, ქაქანს რომ სიტყვები არ ჩაეყლაპა ვჩერდებოდით. მე კი თხუთმეტი წლისა ვიყავი და ფეხის ერთ დაღლაში შემეძლო ამ აღმართის ავლა, წეღან რომ ავხედე და ჯომულუნგმასავით შეუძლებელი მეჩვენა, მაგრამ იქ მაინც აღარავინ მელოდებოდა სადაც ამ აღმართს მივყავდი, ამიტომაც ვუწყობდი მის ბებრულ ტემპს, ჩემს ნაბიჯს.

იმ წყალს რომ მივადექით, ყველა თელაველს ერთხელ მაინც რომ გაუსიჯავს, გულზე ხელი მოიკიდა. ცუდად ხო არ ხარ კარლო პაპათქო ვკითხე და მკლავში დავაპირე მხრის შედგმა, მაგრამ იქვე ბირჟის ერთ დიდ ქვაზე ჩამოჯდა და უხმოდ მეორეზე მანიშნა. მოვუჯექი და ცოტახანს ვუყურე, მის თავში ჩაძრომას და იმის გაგებას ვცდილობდი, საით წაიღო იმ ფიქრმა, სეტკიანი ეზოს შიგნით, იასამნისფერ ველოსიპედზე რომ გუშტერა თვალი.

მერე, თვალები რომ აუტოკდა, დანანებით დაირტყა მუხლებზე ხელი -განა სულ ასეთი კუტი ვიყავი, ჯეელობაში ველოსაპეტით ისე შემოვივლიდი მთელს ქალაქს, ცალი ფეხიც არ მეღლებოდა პაპა გენაცვალოსო. მთელი უბნის ბალღები გიჟებივით დავდიოდით აქეთ-იქით, ამდენი მანქანა კი არ ირეოდა როგორც ეხლაა. გულს კი, იცოცხლე შვილო, ბაგა-ბუგი გაჰქონდა, ის რო გამამიდგებოდა უკან და იმის სიცილი მესმოდა. როცა გავიცანი თავიდან, ყველასთან ერთად ვკატაობდით. მერე კიდევა, სულ მარტოებს მოგვწონდა ბოდიალი, ხან ჩემს წინაც მიდიოდა, ხან მხარსა მკრავდა, ხან უკან მამდევდა და ათას რამეს მიყვიროდა. ზოჯერ უკან შამამიჯდებოდა კიდეც, ორივენი გავუშვებდით ხელებს და ისე დავდიოდით, მენდობოდა და მამწონდა ჩემთან ერთად არაფრის შიში რომ არა ჰქონდა. იმას ის უფრო სიამოვნებდა როცა მეჯიბრებოდა, მეთამაშებოდა და გულს ახარებდა. მეც მიყვარდა რომ მასწრებდა, განა არა? რომ მჯობნიდა და უხაროდა, უკან რომ მაიხედავდა და თვალებით მეუბნებოდა, აბა თუ შეგიძლია დამეწიეო, კიდეც გავიგიჟებდი ხოლმე ამ დროს თავსა და სიყვარულით ძალა მოცემული, ისე ვატრიალებდი პედლებს, ქარი ვერ დამაწევდა მტვერსა. წამოდგა, ხელები დაისველა წყალში, სახეზე მოისვა, ჭაღარაც დაინესტიანა და თავი ღიმილით გააქნია.
-ხოდა იმას გეუბნებოდი ჩემო ნიკო, რომ გასაშვები უნდა გაუშვა, ოღონდ მსხვერპლიც უნდა გაატანო თანა. განაგრძო და მეც სმენად ვიქეცი. სხვანაირად ვერ გადარჩები და ვერ გაუძლებ. ხო გითხარი, მთელი ბალღობა ველოსაპეტით დავდიოდით ქალაქში მე და ისა, ველოსაპეტი გახდა ჩემი რელიგიაცა და ცხონებაც, ჩემი საბუთიცა და კალიცოც, აი თითზე რო წამააცვამენ ხოლმე ჯვრის დაწერაზე, ზუსტად ეგა. ყოველ დღე სათვალესავით ვაპრიალებდი, სადმე ბარდი თუ გამიჩხაპნავდა, აზიზადა ვკრასკამდი, ვუფრთხილდებოდი და ღამღამობით, როცა იმასთან ერთად წანწალს მოვრჩებოდი, ოთახში ამქონდა და საწოლის წინ ვაყუდებდი, გაღვიძებულს პირველი ეგ რომ დამენახა. განა ველოსაპედი მიყვარდა ეგრე? მაგრამ აბა ხო გითხარ, ის იყო ჩემი ჯვარიცა და კალიცოც, იმის თავს რომ მაკუთვნებდა და მე იმისად მხდიდა, აღარც სხვა მეგობარი მახსოვდა და არავინა, გავაქცევდით, იქით ეგეეეე, ალაზნის ხიდისკენ ჩვენს ველოსაპეტებსა და ყვარელის გზაზე ტყე რომ არის, იქ წამოვწვებოდით ხოლმე ბალახებზე და ბედნიერები ვიყავით. ბოლოსაც რომ წავედით გავასწარი. უკან როცა მოვდიოდით გორაობით, ეგრე მითხრა ხვალე უკვე მე გაგასწრებო. მერე მე ბეჩავი, მეზობლის გოგოს შევეჯიბრე, ესა კიდე ბალღი იყო და ვერ მაპატია, დაიკარგა თავის ველოსაპეტიანად და წაიყოლა მთელი ჩემი ბალღობა და სიხარული. ხან სადა ვდიე, ხან სად დავუხვდი და ვერაფერი გავახერხე. უფრო ვაფუჭებდი ყველაფერს, ამ დევნითა და თავის მოგიჟიანებით, უფროსიც ვიყავი ცოტათი და შავაშინე, გავამწარე. მერე კიდე მოხდა რაღაცეები პაპი, როცა დავიზარდეთ ორივენი, მაგრამ შენ ეგ არ დაგაინტერესებს. დიდხანს დავრჩი მარტოსული და იმის გარდა არც არავინ მდომებია. ცოტახანს გაჩუმდა და ისევ ველოსიპედს გაუშტერა თვალი.
-მეც შენსავით ცუდად ვიყავი პაპი, მეც არ მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არ უნდა გაგტეხოს ტკივილმა ბიჭოუ და როგორც გითხარი, თუ წასვლელია ისე არ უნდა გაუშვა, უმსხვერპლოდ, თან უნდა გააყოლო რაღაცა, რაც იმისიც არის და რისი მოკვეთაც გეტკინება და ცოტახანი თვალებს დაგიბნელებს. მერე კიდევ, როცა გამაიხედავ თვალებიდან, ვერ გეტყვი რო აღარ დაგენაღვლება, მაგრამ გადარჩები, გული არ გაგიჩერდება. ხოდა მეც ავდექი, იმ ღამეს, გამთენიამდე კენჭებს რომ ვესროდი მის ფანჯარას და არ გამაიხედა, მოვაჯექ ჩემს ველოსაპეტს, ალაზნის ხიდითან ჩავიტანე და მდინარეში გადავაგდე, იმის მერე არც ველოსაპეტზე ვმჯდარვარ და აღარც შემყვარებია ვინმე. უნდა დათმო პაპა, ასე ხდება, ასე იზრდებიან ადამიანები, ზოგი ლექსების წერას დანებებს თავსა, პოეტები კი არა, აი ისინი, სიყვარული რომ აწერინებთ მარტო, ანებებენ თავსა და იმ ერთს ატანს უმძიმოს და უწერტილოს. ზოგიც აღარა მღერის, ვიღაცეები დამალობანას აღარ თამაშობენ, ვიღაცეები ბურთსა. მე კიდე აგე, ჩემი ნალოლიავები ველოსაპეტი დავთმე, შენც შააბი ეგ ცხვირსახოცი აგე ამ ტოტსა, მუჭში რო ჩაგიკუჭია. ქარი უპოვის მიმართულებას, ვერ გაიგებ კარლო პაპა გენაცვალოს, სად წაიღებს. იქნება და, შენი ოთახის ფანჯრებსაც ააკრას ხვალე და დაგიბრუნოს შენი სიყვარულიანად, მაგრამ ეხლა უნდა გაიღო, ჯერ უნდა გაუშვა რომ დაბრუნდეს. აგე მე რამდენი წელიწადია ველოდები, რომ სადღაც რომელიმე მდინარე, ზედ ფეხებთან მამიტანს ჩემს დათმობილ ველოსაპეტსა, ველოდები და იმედს არა ვკარგავ ეს იმედი მაძლებინებს კარლო პაპა გენაცვალოს შენა. ნელა ადგა, შარვლის ტოტებზე სველი ხელი ჩამოისვა და დავიძარით, თეთრიანის აღმართი გოლგოთასავით ავიარეთ, მდუმარედ, ჩვენ ჩვენს ჯვართან ერთად.
მერე მეც კი წავედი ქალაქიდან და დიდი ხანი იყო გასული, აღარაფერი მსმენოდა, მოხუც თანაქალაქელზე, რომელმაც ერთი შეხედვით შემატყო დარდი, გამომელაპარაკა და მძიმე აღმართზე ქრისტესავით დამემგზავრა. თავიდან კი ვფიქრობდი, ნეტავ იმას თუ კიდევ ახსოვდა თავისი კარლო, ანდა ნეტავ მანაც თუ გადააგდო თავისი ველოსიპედითქო?! მერე ნელ-ნელა, მიმავიწყდა ეს ისტორია და ალბათ აღარც გამახსენდებოდა არასდროს, მშობლების საფლავზე ჩამოსულს, სრულიად შემთხვევით, ერთ გაუთიბავ, მოუვლელ და უსახელო საფლავზე, ბალახებში ჩამალული, მტკაველის ტოლი, რკინისაგან ჩამოსხმული, დაჟანგული ველოსიპედი რომ არ შემემჩია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები