ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2024


თეთრი სიზმრები II. III.

II

ჩვენზე იტყვიან - ბინის ქირას
როგორ იხდიან?! (უკვირთ მართლა).
ნახატებს ვკიდებთ თავდაყირა,
„გოქსუს“ ვკითხულობთ უკუღმართად:

(სადაც თითები მთავრდებიან
და ყვავილები იშლებიან,
შენი ყვავილებით დაწყებული,
ჩემი გადარჩენის ნიშნებია).

მე ხომ იმ სახლის ფანჯარა ვარ,
მოსჩანს საიდანაც სადგურები.
ალხაზიშვილი, კაჭარავა
„დიაგნოზს მისვამენ, მატყუებენ“.

რომ ისევ დილის გათეთრებით,
მზე დაეცემა სახურავებს.
ჩვენი გაიხსნება კათედრები
და სხვა კათედრებს დახურავენ.

მაგრამ, წიგნების გარეკანი
ცუდად მენიშნა ამასწინათ.
იმ წიგნებს აღარ გავეკარე,
მერე მესამედ დამაწვინეს.

ვუცქერ გისოსებს, ბარიკადებს-
გმინვის დროიდან ოხვრის დრომდე.
ნეტავ, დილამდე დარეკავდე.
ნეტავ, თოვლივით მოხვიდოდე.

ნეტავ, ცოცხალი გყავდეს დედა,
სულ შენი იყოს „წერო“, „ქუჯი“...
ლაღიძის წყლებთან მიცდიდე და
შენთან მოვრბოდე ლადოს ქუჩით.

ნეტავ, თაროზე შემოდებით,
ორივე ვიყოთ რეფრენამდე,
ჩანთებითა და ჩემოდნებით
ცივი ქვეყნებისკენ მივფრინავდეთ.

III

ესმის ავსტრალიურ ლივისტონებს
ფლამინგოების ღაღადი
და შენ, ჯონათან ლივინგსტონი,
სიზმარი თეთრი და ქაღალდის,

დაფრინავ, თითქოს ალუბლები
დაგეპნა ქარაფთან მერნისა,
ყოველ მეორეს ეუბნები-
ნახვამდის, შევხვდებით მერმისად.

და შენ, ყველაზე თბილს და ლამაზს,
გხიბლავენ ჩვევები მეფური,
შენთვის აცხობდა შაქარლამებს
სევილიელი მეპურე.

ჯეინ ოსტინი - იდეალი,
გიხდება ჰაერი ურეკის,
სახლის ნომერზე ვუდი ალენს
შობის მისალოცად ურეკავ.

ივ სენ-ლორანმა შემოგგქარგა,
ან იქნებ ჟან პოლ გოტიემ,
მაგრამ, იცოდე, ჩემო კარგო,
მეც არ ვარ, ასე ვთქვათ, ოტია.

თუმცა, კარგად ვიცი ასტრის ფასიც,
და მეც ძაღლივით ვიცრები.
მეც არ ვარ, ასე ვთქვათ, დასწრებაზე,
თუ იქნა მიწა და ფიცრები.

როგორც მაისზე ენაგეთი,
ყვავიან გულისთვის არაფრის,
ჩემი ნივთები ხელნაკეთი,
ჩემი მიუვალი ქარაფნი.

სადაც ფასკუნჯები არიანო,
სადაც ოქროს ფული იჭრება.
მოვა ელენე დარიანი,
მერე თვითმფრინავის ბიჭები.

დავსხდეთ, მოვწიოთ თითო ღერი,
ფიქრებით გადავწვდეთ ქურაბაღს,
ფიქრებს დაგვიშლის ვინ ოხერი?!
ჩაისთან მარწყვის მურაბას.

და რომ გაფრინდები, იმისთანა-
ქარებით მოსული მაღალ მთის,
გეტყვი: ნახვამდის, ლივინგსტონო!
სიზმარო, თეთრო და ქაღალდის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები