ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2024


ისტორიები ზედა თაროდან I (სიყვარული გარდერობიდან)

კიტელს უყვარდა ლურჯი ხიფთანი
და მიკერილი ნაჭრის გულიდან-
თეთრი გულიდან ნაჭრის,
ის ააფრენდა ჩიტებს სახლის წინ,
მის სადარბაზოს გვერდს რომ უვლიდა
და უყურებდა ფანჯრებს.

იმ ლურჯ ხიფთანსაც, ალბათ, უყვარდა
და შეკერილი თეთრად კიტელი,
როცა ტოვებდა უჯრას-
სულ შავი იყო ბოლო ქალაქის,
მხოლოდ ფოთლები იყო ყვითელი,
ზღვა კი შორი და ლურჯი.

თეთრ კიტელს სურდა, სადმე, ორივეს,
ერთი ჰქონოდათ სახლის კარადა
და საკიდარიც ერთი.
გულგატეხილი იყო კიტელი,
ღმერთს უწყრებოდა, ღმერთი არადა,
კეთილი იყო ღმერთი.

ჰგავდა მადლობას გულით წარმოთქმულს,
შეკედლებული თბილად იროსის,
ან გახსენებას ამბის,
ისეთი კარგი იყო ხიფთანი,
როგორც შეხვედრა სანაპიროზე,
როგორც ნაყინი ბამბის.

იმ ლამაზ ხიფთანს, დიდიხანია,
აუხდენელ და ლამაზ ოცნებად
მოგზაურობა ჰქონდა.
მაგრამ, თბილისის ერთ-ერთ მეტროსთან,
სადაც ეყარა დახლზე მოცვები,
კიტელი ყიდდა ქონდარს.

გულის სიღრმეში კარგად იცოდა,
რომ იმ შორეულ არქიპელაგებს,
ვერ ანახებდა ხიფთანს
და გულმოკლული, როგორც თალხები,
თვალს აყოლებდა ძვირფას პერანგებს,
გალაკტიონის ხიდთან.

კიტელი თითქოს თავსაც იხრჩობდა,
როცა ცხელ წყალში ხელით რეცხავდნენ,
ვეღარ უძლებდა ამდენს
თუმც გაფენილი მისი სახელო
მიუწვდებოდა პირველ მერცხლამდე,
მიუწვდებოდა ცამდე.

იქ, იალქანი თეთრი ზეწარის
იმ დაუვიწყარ ამბავს იხსენებს,
როგორ უკვირდა ყველას-
სველი კიტელი ქუჩის გადაღმა
ხიფთანს ეძახდა: მოდი, მიხსენი!
და ისიც თხოვდა შველას:

ნახე, ეს სურო ჩემს ძველ აივანს,
ჭამს შეწამლული ჟღიას ვაზივით.
გაფენილი ვარ მარტო.
ძირს ჩამოყარე რკინის სარჭები,
გადმოიფრინე ქარში გამზირი,
ჩემო გულო და დარდო!

უძლური იყო თეთრი კიტელი,
მასზე ფიქრობდა გაუთავებლად
და იღვრებოდა კიდეც,
ჩამოხსნიდნენ და აუთოვებდნენ,
აუთოვებდნენ, აუთოვებდნენ-
ამ ერთ საცოდავ კიტელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს