ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2024


მოქცევა (გაგრძელება)

        მოქცევა (გაგრძელება)

              თავი  VI
იბერთა მეფე წაბრძანდა ურბნისს
და სახლეულიც იახლა ქალაქს,
ბრძანა შეკრება ასიოდ ურმის,
ციხისთვის დიდხანს არჩვდა ალაგს.
კლდეზე მიაგნო საჭირო ადგილს,
ზეცას შეზრდოდა ქარაფის წვერი,
არ დაივიწყა გაღება მადლის,
ხუროთმოძღვარი აავსო  ძღვენით.
სწრაფად შეუდგნენ საქმეს ოსტატნი,
კირითხურონი აგებდნენ კედლებს,
,,ციხეს გვიგებსო“! - მეფის ქომაგნი
მიმოდიოდნენ,  ქვეყანა შეძრეს;
მეეცხრე თვეში ,,ორკეცად იდგა“,
მოლოგინებას ელოდა ნანა,
მისი დანახვა ერთ რამედ ღირდა,
ედგა საოცრად ლამაზი ხანა.
მშენებლობიდან მობრუნდა მეფე,
ნანას ეახლა სასახლის ბაღში,
ხელი მოხვია, გამართა ფეხზე,
თავად შეუდგა მეუღლეს მხარში;
სურდა ეხილათ ბაღიდან ციხე,
შორიდან ჰგავდა ფრთაგაშლილ არწივს,
მაგრამ იტყოდა რაიმეს ვიდრე,
თვალი შეასწრო მომავალ დაჩის.
არ ეჭაშნიკა ძუძუმტის ხილვა,
წარბი აზიდა, შეხედა მწყრალად,
დაჩი შეჩერდა, წარმოთქვა სიტყვა:
- ხაზართ ბელადი გვესტუმრა ბარად!
ბევრნი არიან წყეულნი თურმე
და თანაც კარგი დაუდგათ დარი,
გვარამს გაღმამთის სანახზე ვუხმე,
რომ არ შელეწონ  ,,არაგვის კარნი“;
რა წუთს მოვიდა ამბავი ესე,
გამოვეშურე, დავტოვე მცხეთა,
თუ ნებას დამრთავ,  ვაახლებ დღესვე,
ათას მეომარს ჟალეთში სელთანს.
სამიათასი მხედარი მახლავს,
ორიათასსაც შევკრიბავ მალე,
თუ ამ ჟამიდან დავიწყებთ ათვლას,
ჩვენ მზად ვიქნებით ბრძოლისთვის ხვალე! -
- კარგია დაჩი,  ეგ დასაწყისი,
შველა სჭირდება უცილოდ სელთანს,
კაცი აფრინე ფეროზთან გიშში,
ხვალ დედოფალიც გავგზავნოთ მცხეთას! -
მეფემ შეხედა მეუღლეს მშვიდად,
იხმო თავისთან ძე თვისი რატიც,
მდინარის გაღმით, ჭანჭრობის მხრიდან,
დედალს უხმობდა მამალი ბატი.
         

            თავი  VII
მამლის ყივილმა შეაკრთო ღამე
შუქიც ნათლისა მედგრად იბრძოდა,
დღე თენდებოდა მთებს შორის მდარედ,
ოდნავი სიოც კი არ იძვროდა.
,,არაგვის კართან“ ეცვალათ მხარი,
ხაზართ ბანაკი ვიწრო ხევს კვეთდა,
დადევნებოდა მთიელთა ჯარი,
წყალგაღმით იდგა ერისთავ სელთან.
დამხვდურთ ეამათ დანახვა მეფის,
ფიცხლად ითხოვეს ბრძოლის დაწყება,
,,შევებათ წყეულთ! ვახსენოთ ღმერთი,
ნუთუ არმაზი ჩვენთვის გაწყრება“? -
ღდინი გასცლოდა კაცსაც და ცხენსაც,
ორი დღე-ღამის ჭენების გამო,
ხელმწიფემ ბრძანა: ,,წაგვივლენ ვერსად,
მივხედოთ ცხენებს,  ბალახი ჭამონ.
ჩვენც დავისვენოთ, დავნაყრდეთ მცირედ
და ბუკის ხმაზე დავეწყოთ მარდად,
მედგრად ვიომოთ, ვიცოცხლებთ ვიდრე,
ხაზართა  ჯავრი არ წაგვყვეს დარდად“! -
ბანაკი დასცეს,  დაიცხრეს ჟინი,
რიგი ჩამწკრივდა ფარ-შუბთა ძნების,
ფიქრი განაგდეს, გამართეს ლხინი,
მთლად გააოგნეს დამფრთხალი მტერი.
ხაზართა ბელადს შეუჯდა შიში,
მარჯვედ ცდილობდა შიშის დამალვას,
დარდს იქარვებდა ვაით და ვიშით,
ღამით ფიქრობდა ჩუმად გაპარვას; -
,,იქნებ,  ღამემდე ვაჯანჯლო საქმე,
იქნებ,  მოტყუვდეს ხელმწიფე მათი,
ხოლო მანამდე ვიღონებ რამეს“-
თქვა და მოიხმო მებრძოლი ათი:
- უჩუმრად წადით, იარეთ ფიცხლად! -
გასცა ბრძანება ბელადმა ხაკიმ:
- გზები დაზვერეთ, განაგრძეთ წინსვლა
და ჩამოწვება სიბნელე რაკი,
ცეცხლი აანოთოს ყველა მზვერავმა,
სწრაფად გვიჩვენოს ღამეში გეზი,
ახლა კი წადით, კარგად ვერა ვარ!
გვრემას მუცლისას დილიდან ვებრძვი! -
წინ წარსდგა ერთი მებრძოლი მკვირცხლად,
დადრიკა ქედი, თავი დახარა,
ის იყო ბელადს პირობა მისცა,
მსახურმა ხაკის უცებ ახარა:
- ბანაკდებიან იბერნი მარცხნივ,
არ აპირებენ დღეს ალბათ ბრძოლას ...
- რადგან ასეა! - დაასწრო ხაკიმ;
- ნუღარ ატეხავთ ისრების სროლას!
ნურც გამოიწვევთ წყეულებს ხრმალში,
მათ მიმართ არ თქვათ სიტყვები ავი! -
ანაზდად შიში გამოკრთა ხმაში:
- შეინარჩუნეთ დილამდე ზავი! -
მაგრამ სცდებოდა ბელადი ისევ,
ხრიკს უმზადებდა მეფე იბერთა,
მტერს აჩვენებდა თავს ვითომ მქისედ,
რომ შიშის გამო უკან იხევდა; -
მზე მოთმინებით ,,ჩამოდგა მთასთან“,
ხაზართა ბელადს დაუკლეს ცხვარი,
მოახლე ფრთხილად შევიდა მასთან
და შეუტანა იღლიით კვარი;
- ცხვრის მწვადი მინდა, უკვე მომშივდა! -
წყენით წარმოთქვა ბელადმა ხაკიმ:
- გაპარვის ჟამი უკვე მოვიდა,
აღარ მეცლება დავიძვრით რაკი; -
გარეთ გავიდა მსახური სწრაფად,
მზარეულს უხცმო თავისთან სტვენით,
ვიღაც  მოფრინდა კარავთან და თქვა:
- თვალი შევასწარ უამრავ ქვეითს!
ბელადს უთხარი, რომ თავს უშველოს,
მცირედი რაზმი გაგზავნოს ზურგში,
ხევის ნაპირთან იქნებ უყელონ,
მტერი ახლოა, ხმა გვესმის სუნთქვის!
სიტყვა გაუწყდა ისარი მოხვდა,
ბრძოლის ყიჟინამ დაფარა ველი,
მეფის მხედრებმა ,,დაიდეს ცოდვა“,
ბოლო კაცამდე  გაჟლიტეს  მტერი.
       

        თავი VIII
მოითქვეს სული, ალაფიც გაყვეს,
დილით  გაგზავნეს მცხეთაში მაცნე,
ველზე დაყრილი მკვდრებიც დამარხეს,
დედოფალს ბრძოლის მოგებაც ამცნეს. -
- რად არ მეახლა მმართველი რანის? -
იკითხა მეფემ სიძე თავისა; -
სელთანმა ჰკადრა: ,,მცირე დრო არის,
ვერ მოასწრებდა მოსვლას ამ ხნისად“.
- ერისთავ სელთან, რად ეძებ მიზეზს?
შორი გზა არის ეს მართალია,
მაგრამ, თუ გული ბრძოლისკენ გიწევს,
თან დახმარებაც მეფის გწადია,
ცხენის სირბილი ამოკლებს მანძილს
და ერთგულებას გამოცდის ჟამი,
თავის მართლება არაფერს არ ცვლის,
რანიდან მცხეთას დღე უნდა სამი.
ანაზდად მეფემ იცვალა მხარი,
ლაშქარს უბრძანა სასწრაფოდ აშლა,
ზლაზვნით გაუყვა ვიწრობებს ჯარი
და ხეობაში სიმღერით გაძვრა.
მეფე რატომღაც აშარდა გზაში,
სიტყვა დაუგდო დაჩის და სელთანს:
- თქვენ ჯართან ერთად ჟალეთში დარჩით,
მე  კი გავუტევ ამალით მცხეთას! -
თავქვე დაეშვა იგი ჭენებით,
ატყდა გნიასი, ჭიხვინი ცხენთა,
გულის ფარცქალით, შიშისფეთებით,
გამოედევნა კოჰორტა მცველთა.
დიდხანს მისდიეს, გატოპეს ღელე,
გუნდად შეიკრნენ, შენივთდნენ ერთად,
ველზე გავიდნენ და შედგნენ მერე,
რადგან ფლოქვების ხმაური ესმათ.
ქვემოთ გამოჩნდა მხედართა რიგი;
იკითხა მეფემ: ,,ნეტავ ვინ არის? -
აჰა, შევიცან, არ უნდა ფიქრი,
ეს ფეროზია, მმართველი რანის“! -
ფეროზმაც იცნო პატრონი თვისი,
დგომა უბრძანა ხმამაღლა მხედრებს,
დეზი ჰკრა ულაყს, ,,გაფანტა ნისლი“,
არ დააცალა  თამაში ნერვებს. -
ცხენს გადმოევლო, დაეცა მუხლზე,
გესლი და შუღლი მარჯვედ დაფარა,
წარმოთქვა: ,,მეფევ! მოგისწარ სულზე“! -
მერე ბექარის შობა ახარა;
- ხომ ტანმრთელია ჩემი ძე, ბექა? -
მეფის სახეზე გამოკრთა სხივი; -
- დიახ!  პატრონო! ზეიმობს მცხეთა,
გრძელია ჩვილის მნახველთა მწკრივი. -
ხელით ანიშნა, წამოდგა ფეროზ,
მეფეს ესროლა ბოროტი მზერა,
მერე მიმართა გამოცდილ მეთოდს,
დააგუგუნა ბრძოლის სიმღერა.


        თავი  IX
ცხრა დღეს ილხენდა სრულიად მცხეთა,
გამარჯვებას და ბექას გაჩენას,
რანის მმართველმა ჟამი იხელთა:
- ვეღარ შევძლებო თქვენთან დარჩენას! -
სთხოვა დედოფალს: ,,გამიშვით ხვალე,
სვენებ-სვენებით გავუტევ რანში,
რაღაც ციება შემიჯდა მავნე,
უჟმური სენი ჩასახლდა ტანში. -
ფეროზის სახე  ,,სევდამ გაწურა“,
ცრემლები ღვარა ,,უცრემლო კაცმა“,
უბიდან ფრთხილად ამოაცურა,
ნანას ფირუზის აჩუქა აცმა.
თანხმობა უთხრა ნანამ ერისთავს,
აუწყა პატრონს, დაძლია შიში,
მეფე გაბრაზდა, უხმო ბერიკაცს,
მოურიდებლად მოუგო ნიში:
- ჯერ ვინადიროთ, იმძლავრე სენზე,
მერე კი ვჭამოთ ,,ცვრიანი მწვადი“,
ამის შემდგომად, თუ მოხვალ ფერზე,
საითაც გინდა,  იქითკენ წადი! -
არ ეჭაშნიკა ხელმწიფის სიტყვა,
მაგრამ დათანხმდა რანის მმართველი:
- რადგან მეფეო! შენ ასე გინდა,
რა უნდა მქონდეს მეტი სათქმელი?
როდემდეც მეტყვი, დავრჩები მცხეთას,
თუ სენი დამძლევს გამიშვი მაშინ,
ეს გული კვლავაც იმედით ფეთქავს,
თუმც შეუმჩნევლად შევედი ხანში.


        თავი  X
გათენდა დილა, შეიმღვრა ბინდი,
მწევრებმა ფიცხი ატეყეს ყეფა,
მარეკნი მწევრებს იკრებდნენ ირგვლივ
და მზის სხივებმაც დაიწყეს ფეთქვა.
მონადირენი ამხედრდნენ მკვირცხლად,
მათმა ყიჟინამ გაფატრა ზეცა,
არაგვის ჭალებს  ,,ბუკის ხმა“ მისწვდა,
,,გერში დაიკრა“  კაცმაც და მხეცმაც.
შეცვივდნენ ტყეში, გამართეს მშვილდი,
გამოედევნენ შიშნაჭამ ირმებს,
ხეებს ებურა რძისფერი ნისლი,
გაუდიოდა წუილი ისრებს.
მოზიდა მშვილდი, ცხენი დაოთხა,
ქორბუდა ირემს სტყორცნა ისარი,
სტვენით გააპო სივრცე ნასროლმა,
მაგრამ წაუხდა მეფეს მიზანი.
კვლავ დაუმიზნა და ისევ სტყორცნა,
ნადირს ისარი დაასო მკერდში,
ზეცა გააპო, ბანი გამოსცა,
ირმის ბღავილი ჩაინთქა ხევში.
სულ ერთი წამით წამოიჩოქა,
მაგრამ იმძლავრა სიცოცხლის ძალამ,
მწევარი ღრენით წამოიქოჩრა
და მეფის ხელში იელვა დანამ.-
ტოტების მტვრევით შევარდა ტევრში,
მხედარიც მიჰყვა უკან ჭენებით,
მისჭირდა ნადირს, ისარით მკერდში,
ტყეს მიაპობდა სვენებ-სვენებით;
ორთავემ ბრძოლით ძლივს გააღწია
ტევრს და მინდორში შედგა ნადირი,
მეფემ ისარი კვლავ დააწია
და ცხენს მოზიდა მშვიდად აღვირი;
წინა ფეხებზე დაეცა ხარი,
გვერდზე გადაწვა, თავი ასწია,
,,სიცოცხლის ხათრით“  შეემღვრა თვალი,
ცრემლიც შენიშნა მეფემ პაწია.
ჩამოქვეითდა, მოიხსნა მშვილდი,
ბალახზე დადო, დაუდგა თავით,
დარდმა იმძლავრა, მოაწვა ფიქრი,
გულმა გაკენწლა სულ ერთი წამით.
მაგრამ დამშვიდდა და ასე ბრძანა:
,,ნადირის მოკვლა განა ბრალია“? -
ყელში აძგერა ანაზდად დანა,
ირემმაც სული უცებ დალია.
გახადა ტყავი,  ხორცი დაოთხა,
შიგანიც იქვე დააყრევინა,
უნაგირიდან თოკი ჩამოხსნა,
ყულფში ფეხები გააყრევინა.
ცხენს გადაჰკიდა მეფემ ნადირი,
სისხლი შეწმინდა ბალახით დანას,
თვალით გაზომა მერე მანძილი,
სიო არხევდა დაბლობში ყანას.
ორი მდაბიო ხის ჩეროს უჯდა,
ისიც წაადგა ორთავეს თავზე,
ძირს გაეშალათ პატარა სუფრა,
ცხვრის ტყავი ეცვათ მოხუცებს ტანზე.
წამოიშალნენ, დახარეს თავი,
ხეს გამოაბა ცხენის აღვირი,
მოუტრიალდა მათ მირიანი,
თითით უჩვენა მკვდარი ნადირი:
- მიდით,  გაყავით რჯულით და წესით
და ააჭერით ბარემღა სუკიც,
ერთად მივირთვათ სამთავემ ხემსი,
ტყეში მესამედ უკვე  ,,სცეს ბუკი! -
არ დაელოდა მწვადების შეწვას,
,,პური გატეხა“ მეფემ დამხვდურთა,
ღვინო დაისხა და ჯამიც შესვა,
ცოტაც კიდევ და ლხინიც გახურდა; -
საღამოს პირზე მიაგნეს მეფეს,
შეზარხოშებულ მოხუცთა შორის,
მზე  ნებივრობდა  ტყის გაღმით, სერზე,
მაღლით ისმოდა ჭიოკი ქორის.


        თავი  XI
ბაღში შენიშნა მეფემ ანასტა,
ცხარე ცრემლებით სტიროდა ,,ქვრივი“,
ცხენს გადმოევლო იგი ანაზდად
და ფეხით განვლო კოპიტის მწკრივი.
სახლში შეუძღვა დიაცი, პატრონს,
ცეცხლი ბუხარში არხევდა  ენას,
სევდას და ფიქრებს ვერცხლისფრად ნათოვს,
დამჭკნარი გულის ერთვოდა ძგერა. -
- იქნებ ჯერ ისევ სუნთქავს საურმაგ,
შენზე ფიქრებით  ამშვიდებს დღეებს?
ამ დიდ განსაცდელს ცრემლი არ უნდა,
ცრემლის გადმოღვრას მოვასწრებთ მერეც. -
- ეჰ, ვერ  გატეხა  იმდემა ნავსი,
გადამეწურა მეფეო ჟამი.
უმისოდ ყოფნას არა აქვს ფასი,
ყოველ  ცისმარეს მე ვხვდები მკვდარი; -
- ჰო, ეს ასეა! დრო გადის მძიმედ,
მე და საურმაგ ვართ ერთი ხნისა,
ასე აჯობებს, ნუ მოვკლავთ იმედს! -
ეს თქვა მეფემ და დატოვა ქისა.
გარეთ გამოსულს მსტოვარი დახვდა,
ქედდადრეკილმა აუწყა ესე:
- მგონი გვარამის ზმანება ახდა,
მტერი გადმოდგა ძირულის სერზე.
ლაზები სკანდას შეიჭრნენ ცეცხლით,
მცხეთას მოვიდა სისხამზე მაცნე,
სპერის ციხოინს თავს დასცეს მეხი,
წიფის მაღლობებს ბრძოლებით გასცდნენ. -
ცხენს შემოევლო მირიან მეფე,
დრო არ ითმენდა განსჯას და ლოდინს:
- ამქვეყნად მხოლოდ ვიშვებით ერთხელ,
დავუხვდეთ მედგრად,  თუ მტერი მოდის! -
თქვა და გაქუსლა მსტოვართან ერთად,
ცრემლით დასველდა ანასტას ლოცვა,
დიაცის გულში დატოვა სევდა,
დარდმა იმძლავრა, იმედი მოკვდა; -
მეფემ თათბირად მოუხმო დაჩის,
უნდა მიეღოთ ლაზებთან ომი;
მანაც ეს უთხრა: ,,ბედი კვლავ გაჭრის,
მტერი არ არის იბერთა სწორი.
შევყაროთ ჯარი, შევებათ მომხდურს,
ლაზებს ვუჩვენოთ ერთობის ძალა,
ჟამის სიმუხთლე ახარებს ორგულს,
მაგრამ მისი მზეც უცილოდ ჩავა.
ნაღდად შაჰ - ნარსემ  ააგულისა,
ჩვენი მოძმენი, ეგ, ლაზნი შტერნი,
ალბათ გუბაზმა ეს იგულისხმა,
რომ სპარსთა მხრიდან ვიქნებით  ძღვენი.
ის კი არ იცის სულელმა მეფემ,
ნარსეს ლაზეთი თავისთვის უნდა,
მინდა, რომ გუბაზს სკანდაში შევხვდე,
თუ ნებას დამრთავ, გავშალო სუფრა! -
- კარგი იქნება! ... მივენდოთ გუმანს!
მრავალი ღამე გავტეხეთ ერთად,
პირისპირ შეხვდი სკანდაში გუბაზს
და ძმობის ფრიცი თავიდან შევკრათ! -
ჩაფიქრდა დაჩი: ,,მაშ, თუ ასეა,
ხვალვე გავგზავნი სკანდაში მსტოვარს,
ჩვენი გული რომ ძმობით სავსეა,
სრულად ვაუწყებ მეფეო თხოვნას.
ამით შევუხსნი შებოჭილ ხელ-ფეხს,
მაგრამ თუ არ ჰქნა გუბაზმა ზავი!
ბრძოლის დაწყებას მაშინვე შევძლებთ,
შევუტევთ მედგრად, ვიბრძოლებთ ხრმალით! -
გუბაზს სიცილად არ ეყო თხოვნა
და დაეძგერნენ მოძმენი ერთურთს,
უსასტიკესი შეიქმნა ბრძოლა,
სპარსნი  სიცილით უვილდნენ ფერხულს.
იძლივნენ ლაზნი, გაიქცა გუბაზ,
ძმამ  გაიმარჯვა ბრძოლაში ძმაზე,
დევნა  აკრძალა ხელმწიფემ სრულად,
ლაშქარი იხმო საყვირის ხმაზე.
მაგრამ აუწყეს ამბავი ესე:
,,დაჩი დაჭრესო  ლაზებმა მკერდში,
სისხლი დაკარგა, არ არის ფერზე,
ორჯერ ჩაგვაკვდა კინაღამ ხელში; -
ეახლა დაჩის, ნუგეში მისცა,
ძლივს გაახილა დაჭრილმა თვალი:
- აღვასრულეო, რაც მქონდა მიზნად,
მოვიხადეო, მეფეო ვალი! -
თქვა და მილულა თვალები ისევ,
სული მიანდო ღვთაება არმაზს,
მეფე დაეშვა მუხლებზე მყისვე
და მის ცხედართან წარმოთქვა აღთქმა.

  (გაგარძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები