ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2024


ღამე მონმარტრიდან

ხელმოცარულს ჰგავდა ღამე, მონმარტრიდან,
სულ ხატავდა ხეთა შიშველ ნატურას...
ვადაგასულს ჰგავდა მისი რომანტიკა,
დადიოდა შარფით, ელეგანტურად...
სვამდა ღამე დარდით სავსე ბოთლებიდან,
მერე იჯდა ქუჩის მაწანწალებთან...
იღვიძებდა ისე აზრებმოთელილი,
ამბობდა, რომ მეტს არასდროს დალევდა...
სიმარტოვეს რა მარტივად უყურებდა,
ღამის ტეხვის იყო ძველი ოსტატი...
შუაღამის ნაიდუმალ ლუსკუმაში
იწვა ხოლმე, ღიღინებდა  "ნოსტალჟის"...
ყველა ნახატს ჰქონდა თავის ისტორია,
ამ ღამესთან ღამეგანატარები...
ბრმა სიბნელის უცნაური მისტერიით
ღამეს უცებ ნებდებოდნენ ქალები...
ერთი ტილო სულ უყვარდა გამორჩევით,
შიშველი ხე, ცისკენხელებგაწვდილი....
ამ ნახატთან ჩერდებოდნენ გზაც, ქუჩებიც,
თითქოს შველა შეძლებოდათ კაცივით...
ხელმოცარულ მხატვარს ჰგავდა მონმარტრიდან,
ცას ხატავდა, ფერს არ ჰქონდა სასრული...
ვადაგასულს ჰგავდა მისი რომანტიკა,
თუმცა, ღამე თვითონ იყო გასული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები