ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2024


* * *

ჭის დაბურული თვალიდან ჩანს სამყაროს ცენტრი,
ჰორიზონტების ფიტულებთან თანაფარდობა.
*
იმ ქალაქში მისასვლელად, სანახებამდე,
კლდეებს გადიან,
ოცნებობენ, სულიც დალიონ.
დიდი ხანია
მკვდრებზე უკეთ ვერავის სცნობენ.
შენც მოგიცვია ვიღაც ქალის კაბა-ხალათი
და წყნარად წევხარ.
როცა ბუს ხმაზე იღვიძებენ ბრმა მეძავები,
კაცები მზეს დანით ფატრავენ,
რაც გამოტოვეს,
რაც ვერ ნახეს დაბადებამდე,
იმას ელიან ყოველ დილას,
როცა სუსხია
და გარდაცვლილებს სარკოფაგიდან ამოსული ძვლების მსხვრევის ხმები აწუხებთ.
ბრმა მეძავები უხმაუროდ ამოყრიან სამკაულებს ზარდახშებიდან,
ვაკუუმივით მუცლებს,
შიგ - უხერხემლო ფიტულებით,
მიუშვერენ
სხვა ქალაქში მიმავალ მგზავრებს.
განა ეგაა შენი სიზმარი?
ის ქალაქებიც მოძრაობენ,
მწყობრში დგებიან,
ტრიალებენ.
ამ მინდვრებში თხის მეწველი ქალები სხედან
და რძით გავსებულ, გახუნებულ სათლებში, როგორც ჭაში, უშვებენ წყევლას.
მერე სამჯერ იმეორებენ:
„წყევლა არის სამართებელი.
სამართებელი ვაკუუმის მუცლებს მწველი მზესავით ფატრავს.”
ტრიალებს ასე, წყევლასავით, სამართებელი,
წევხარ მინდორზე დახეული კაბა-ხალათით,
დაკარგულს, ყველას იგერიებ,
ანდა აგზავნი
სარკოფაგებში, მეძავებთან.
გარდაცვლილები წუწუნებენ დილის ხმაურზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები