სოკრატეს და სილამაზის არ იყოს, ადამიანი ძნელია! ზოგმა გენიოსმა შეძლო ადამიანის მხეცური ბუნებისთვის განმარტება მიეცა. მისი გაღვიძების წინასწრ განჭვრეტა კი - ვერავინ.
საპატიმროში უამრავი ციტატა ამოვიწერე, ამ თემაზე. წარმოდგენა არ მქონდა, თუ გამოვიყენებდი,მაგრამ დრო მქონდა და ვიწერდი და ვიწერდი.
"საძაგელი მხეცი ზის ადამიანში, მაგრამ, თუ ამ მხეცს ამჩნევ შენი სულიერი სიმაღლიდან და ზიზღით დაჰყურებ მას, როგორც არ უნდა დაეცე, მაინც იმად რჩები, რაც ხარ. ხოლო თუ ეს მხეცი ამოეფარა ცრუ ესთეტიკურ, პოეტურ გარსს და მოგთხოვა, რომ თაყვანი სცე მას, მაშინ მხეცის გაღმერთებისთანავე შენც მხეცად იქცევი და ვეღარ გაარჩევ ავსა და კარგს." (ტოლსტოი "აღდგომა." ) ჩემს შემთხვევაში ურჩხულ - მეს არანირი თაყვანისცემა მოუთხოვია. სიძულვილი მჭამდა შიგნიდან, იქამდე, სანამ, სპონტანურობამ დაუსვა წერტილი ყველაფერს და ახალი მეს დაბადება დაიწყო. ღმერთმა ნუ გამაგებინოს, თუ ისევ მოვხვდი მსგავს სიტუაციაში, შევძლებ, თუ არა მეს მაღლა დაჭერას.
"არ იფიქროთ, რომ უკეთურ ადამიანებს თავისთავისადმი პატივისცემა არ გააჩნით. ისინი თავს იმართლებენ თავიანთი საქციელის გამო, მაღალფარდოვან მონოლოგებს წარმოთქვამენ" ( ჰიუგო"კაცი, რომელიც იცინის").
არ ვიცი, ამის ემპირიული ცოდნა ჰქონდათ, თუ გენიოსებს ეხერხებათ ნებისმიერი ტყავის მორგება, მაგრამ ზუსტი ნათქვამია წლების მანძილზე ვატრიალებდი კადრს, ვცდილოვდი ძაფების ბადედ აკინძვას, რომ ჩემივე თავი ფსკერზე ჩაშვებისგან დამეჭირა,
დააკაკუნა. რომ არ გამეღო მეზობლებს შემიყრიდა. ვიფიქრე, ერთხელ კიდევ ვცდი ახსნას. იქნებ გამოიჩინის ადამიანობა და გამიგოს. ვუხსნიდი: ვიცი ცუდად მოგექეცი, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც ჩადექი. მეგონა სამუდამოდ წავიდა, ან, სულაც ცოცხალი აღარ იყო. ბევრმა ქალმა დაკრგა სამუდამოდ,ამ წლებში რუსეთში სამუშაოდ წასული ქმარი.ის კი დაბრუნდა. მართალია, - შვიდი წლის მერე, მაგრამ დაბრუნდა. ერთმანეთი გვიყვარს. ბავშვიც ბედნიერია მამის დაბრუნებით. ვეღარ შეგხვდები. არაო! შენი გულისთვის ბინა ვიქირვე. შეგიძლია ფარულად შემხვდეო. თუ არა და ოჯახს დაგინგრევო. მაშინ მოგადგები კარს, როცა ისიც სახლში იქნებაო. ნეტავ, აქიდან გასულს თავს დაესხან და მოკლან! გავიფიქრე. ( იმ წლებში ხშირი იყო ბნელ ქუჩებში ძარცვა და მკვლელობა.) ნეტავ, აგური დაეცეს და მოკლას! სულელური „იმედი“ იყო. ... მრისხანება დამეუფლა. რაღაც ძალამ მაგიდიდან ბასრი დანა ამაღებინა. მან სამზარეულოს ფანჯრიდან გაიხედა. დრო ვიხელთე და ჩავარტყი... არა! ზუსტი სურათი ასეთია: დანა დიდხანს იდო მადიდაზე. სხვა დროს უჯრაში ვინახავდი. რატომ მაშინ არ მქონდა შენახული?! -რა ჭირად?! დიდხანს ვუყურებდი. დავიჭირე ჩემი თავი ცუდ ზრახვაში. „რას უყურებ?! მკვლელი ხომ არ ხარ?! „ - ჩემს თავს ვკითხე. თვალი მოვაშორე. ისევ შევხედე. ის თავისას აგრძელებდა. მაგიდაზე მუშტი დაარტყა... ჩემსკენაც წამოიღო მუშტი და ჰაერში შეაჩერა... მერე ფანჯრიდან გაიხედა, ჩემი ქმრის დაბრუნების ეშინოდა... დანა იქვე იყო... მის თვალებში გაკვირვებამ გაიელვა და ჩაქრა. მასზე მეტად მე ვიყავი გაკვირვებული. გონება დავკარგე. გონება-დროებით. ცხოვრება-სამუდამოდ. უჩემოდ გაიზარდა გეგა. ახლა ემიგრაციაშია.
ერთი ციტატაც გამახსენდა: "შეიძლება განსჯა ისეთი თვალსაზრიზით, რომ თითქმის იძულებული იქნები გაამართლო დამნაშავე, მაგრამ არსებობს ზოგიერთი ისეთი დანაშაული ყველგან და ყოველთვის, ქვეყნის დასაბამიდან რომ ითვლება უდავო დანაშაულად" (დოსტოევსკი "მკვდარი სახლის ჩანაწერები.")
ის ამბავიც, რომლის თხრობაც, ასე შორიდან დავიწყე, ასეთ, უდავო დანაშაულს ეხება. „უდავო“ რბილი ნათქვამია. ალბათ უფრო მართებული იქნება, თუ ამ აბმავს დაუჯერებელს ან გაუგონარს ვუწოდებ. წლები მტანჯავდა ამაზე ფიქრი. მეც კი, მკვლელი, ვერ ვაწყობდი ფაზლს ნაწყვეტ-ნაწყვეტი აზრებისგან, თუ როგორ შეძლო ადამიანმა ამის ჩადენა. ვნახოთ, იქნებ ფურცელზე უფრო მარტივად დალაგდეს აზრები და მეც გავთავისუფლდე ამ მოგონებისგან. მწერალი რომ ვიყო, ეს ციტატა ზედ დააკვდებოდა ამ ახირებას: „მწერალს რაღაც ინსტიქტი აიძულებს შეუნელებელი ინტერესით დააკვირდეს უცნაურ და მანკიერ ადამიანებს...აინტერესებს ამ მანკიერების წარმოშობის მიზეზები. არამზდის ლოგიკური და დასრულებული ტიპი უფრო ხიბლავს.“ სომერსერ მოემი. „ მთვარე და ექვსპენიანი“ მაგრამ, მწერალი არ ვარ და რაც გამოვა - გამოვა.
ჯაჭვის ფურცელზე აკინძვა მურას დედობამ მიკარნახა. სასჯელის მოხდის შემდეგ მარტო ვცხოვრობთ, თითქმის მიტოვებულ სოფელში მე და ჩემი მურა. ბუნებასთან, მის ჰანგებთან ჰარმონიას ვგრძნობ. ვხარობ საკუთარი შრომით მოწეული მოსავლით. გავსრისე ჩემში მოულოდნელად გამოჩენილი მხეცი. ბუნების მშვენიერებამ გასრისა. მურას სამი თვის წინ ლეკვები შეეძინა. საოცარი დედაა. საჭმელს პირს არ დააკარებს, სანამ ლეკვები არ დანაყრდებიან. როცა ლეკვებს თამაში ჩხუბში გადაეზრდებათ, მურა შუაში ჩაუდგება და ისეთი მკაცრი მზერით გადახედავს ორთავეს, როგორც ეს მზრუნველ, გონიერ დედებს სჩვევიათ.
ისიც დედა იყო. მასზეც დედა ითქმის. „დედა“ - დღეში უამრავჯერ ეძახდა შვილი, ხუთი წლის მანძილზე.
მეზობელ, სამარტოო საკანში იჯდა. სამუდამო ჰქონდა მისჯილი ქმრის და 5 წლის შვილის მკვლელობისთვის. თავიდან გამოძიების კრახი და შეცდომა მეგონა. ზედამხედველს ესმოდა წამოძახილები, მისი კოშმარული სიზმრებიდან. ხან ვფიქრობდი, რომ სიგიჟის შეტევისას ჩაიდინა ეს. შეუძლებელია ზუსტი მექნიზმის გამოცნობა. პრეტენზიულად იქცეოდა, ისე ითხოვდა, რომ მისთვის პატივი ეცათ, მის უდანაშაულობაში ეჭვი შემეპარა. ჩვეულებრივ, შვილმოკლულ დედას საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის თავი არ აქვს. ვერ ექნებოდა მის აზრებში ადგილი, საპატიმროშო დაწესებული ყველა უფლებით სარგებლობა მოეთხოვა, გამუდმებით პრეტენზიები გამოეთქვა. თანაც გაზეთებში ვკითხულობდი მის ინტერვიუებს (რამდენიმე გაზეთი დაინტერესდა მისით) და დეტალებს ყველას განსხვავებულად უყვებოდა. იმდენად მაინტერესებდა ეს საიდუმლო, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მის სოფელში წავედი. იქნებ იქ გამეგო რამე. გამიმართლა. ნათესავებს სულ რამდენიმე დღის წინ გაეყიდათ მისი სახლ-კარი. ახალ მეპატრონეს სახლი დაელაგებინა და ძველი მეპატრონის ნივთებით სავსე ცელოფნის ტომრები გადასაყრელად, გარეთ, ჭიშკართან დაეწყო. ქუჩაში მეზობელ, ასაკოვან ქალსაც შევხვდი და რამდენიმე წლის წინანდელ ტრაგიკულ ამბავზე ვკითხე. - ჟურნალისტი ხარ დედა?- მკითხა მან კი მეთქი, მოვატყუე. - ეჰ, მტერს და ავს არ ვუსურვებ რაც მაგათ დაემართათ შვილო. - თქვენი აზრით, შეიძლებოდა მკვლელი ის ყოფილიყო?- ჟურნალისტური შეკითხვა დავუსვი. - გეტყვი დედა, როგორც მოხდა და შენ მითხარი, სხვა ვარიანტი თუ რჩება: საღამოს, ბოლო რეისის ავტობუსი რომ ჩამოვიდა ქალაქიდან, ამან ისტერიკები ატეხა, - მიშველეთ, ჩემი ქმარ -შვილი არ ჩამოყვა ავტობუსსო. დილით წავიდნენ ქალაქშიო. გოგო, შეიძლება დასთან დარჩა ბიჭი, რა გატირებს წინასწარ მეთქი. აგერ, იმ მეზობელს -ხელი ერთერთი ჭიშკრისკენ გაიშვირა. - ჟიგული ყავდა. წავიდა ქალაქში. დასთან არ იყო. მერე პოლიცია ჩაერია. მიიკითხმოიკითხეს. მერე ამასთან დაბრუნდნენ მაგათ ხო თავისი ხეხრხები და მაქინაციები აქვთ. შეიყვანეს ეგ სახლში. ორი საათი რა ილაპარაკეს, კაცმა არ იცის. გამოვიდნენ და სარდაფში იპოვეს დამარხულები, ორივე. ერთი ორი დღით ადრე ბიჭებისთვის ეთქვა, საცოდავს, ერთი კვირაა ცოლი სარდაფში ორმოს მათხრევინებს კარტოფილის შესანახად, შემიკლა ხელშიო. - გაჩუმდა, თავი გადააქნია.- ისეთი კარგი ბიჭი იყო, ისეთი ანგელოზივით შვილი ყავდათ, ესეც ისეთი მზრუნველი დედა იყო, რა გადაუტრიალდა ტვინში, ვერ ვიგებ... ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ექსპერტიზით დაადგინეს , კაცი დარუშხანით იყო მოწამლული, ბავშვი კი - გაგუდული.
მადლობა გადავუხადე. ერთ პარკში, ძველ გაზეთებს შორის გაცრეცილი, 48 ფურცლიანი რვეულის ყდას დავადგი თვალი, ამ საუბრის დროს. რვეული ამოვიღე და კარგი კალიგრაფიით შესრულები ხელნაწერი შემრჩა. ჩანთაში ჩავიდე და წამოვედი.
სახლში მუსულმა აღმოვაჩინე, რომ ხელთ მისი დღიური ჩამვარდნია, რომელიც რამდენიმე წელს მოიცავდა. ზოგ ჩანაწერს რუტინული ხასიათი ჰქონდა. ზოგან კი წყდებოდა და კვირეების და თვეების მერე გრძელდეოდა. პირველი ჩანაწერი ასეთი იყო:
" ჩემო ახალო დღიურო, მუდამ ბედნიერი განცდები გამენდოს შენთვის. არც წინა დღიურია ტკივილებით გადაჭედილი, მაგრამ ბრძოლა ხომ მომიხდა ჩემი ბედნიერებისთვის?! ის საზიზღარი თინა კბილებით ეჭიდებდა ირაკლისთან ურთიერთობას. ეგონა, რახან შეყვარებულები იყვნენ, მისი იყო და მორჩა. არასდროს, არაფერში არ დამითმია პირველობა მისთვის, ირაკლის თავს დავუთმობდი?! ის, რომ პირველად თინა შეუყვარდა, შეცდომა და შემთხვევითობა იყო. ძლივს, დიდი ძალისხმევით შევძელი, რომ ირაკლის დაენახა, რამდენად ვჯობივარ მის პირველ შეყვარებულს. " შემდეგი ჩანაწერები ყვებოდა თუ როგორი ბედნიერი იყო, როგორ უყვარდა ირაკლის, დედამთილთან კინკლაობისას როგორ იჭერდა მის მხარეს და როგორ აბედნიერებდა მას დედამთილთან ჭიდილში მუდმივი გამარჯვება. ამ ჩანაწერებს მოსდევდა ორსულობის თანმდევი დისკომფორტის მცირე აღწერა. შემდეგი, რამდენიმე ფურცელი დედობით აღფრთოვანებისა და პატარა, ვარდისფერლოყება არსების - ანას გაღმერთებისა და გულიდან გადმოღვრილი გრძნობების დაფიქსირებას ეთმობოდა. ვკითხულობდი და ჩანაწერების ავტორთან ერთად გავიოდი მის განვლილ დღეებს, ვხედავდი, როგორ შეიძლება ახალშობილის გავლენით ამოყირავდეს ცხოვრებაზე შენი წარმოდგენა. როგორ ხდება შვილი დედისთვის სამყაროს ცენტრი და რამდენი "საკაცობრიო" მნიშვნელობის მოვლენა ტრიალებს ამ ცენტრის გარშემო. მაგალითად პირველი კბილის წკარუნი კოვზზე, პირველი სიტყვის წარმოთქმა, პირველი ნაბიჯები. ასეთივე სიდიადისაა ბაღში გამართულ ზეიმებზე მის მიერ წარმოთქმულ ლექსი, ან შესრულებლი ცეკვა. ამ ჩანაწერებს შორის სამი-ოთხი ჩანაწერი იყო გაბნეული მასა და ირაკლის შორის გრძნობის გაციების შესახებ. "ვერასოდეს წარმოვიდგენდი ყოფით წვრილმანებზე ასეთი შეხლა-შემოხლა თუ მოხდებოდა ჩვენს შორის. ერთმანეთს ვუყვირით, ვლანძღავთ, ერთმანეთის პატივისცემა დავკარგეთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს!"
მომდევნო ფურცლებიდან ჩანდა, რომ მას ინტერესის ახალი ობიექტი გაუჩნდა. ახლა ის იყო ჩანაწერთა ღერძი. "ლუკა სულ სხვანაირი ადამიანია. როცა მასთან ერთად ვარ, ვგრძნობ, რომ იმ კაცს შევხვდი, ვისაც ვიმსახურებ. მისთვის მსოფლიოში ულამაზესი და უსაყვარლესი ქალი ვარ. უსიტყვოდ ესმის ჩემი. ვუყვარვარ. ისე ვუყვარვარ, როგორც არასდროს არავის ვყვარებივარ. რამდენი წელია ირაკლი ჩემს სილამაზეს ვეღარ ხედავს. ლუკა კი ჩემს გარეგნობაში უმცირეს ცვლილებასაც ამჩნევს და აღფრთოვანებულია ხალი ვარცნილობით, თუ მაკიაჟში ახალი დეტალის შეტანით. მეც სიგიჟემდე მიყვარს. მისი გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი. რა ბედნიერი ვიქნებოდი, მას რომ ირაკლიზე ადრე შევხვედროდი!
" გუშინ მე და ირაკლიმ საშინლად ვიჩხუბეთ. მთელი ხმით მიყვიროდა, მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებდა. მერე, როცა დავწყნარდით, ვუთხარი უნდა გაგშორდე - მეთქი. არაო, სანამ ცოცხალი ვარ ჩემი ცოლი იქნებიო. აღარ მიყვარხარ- მეთქი. წავიყვან ანას და წავალ, შენც დამშვიდდები და მეც- მეთქი. არ გაბედო, მოგძებნი და ძალით დაგაბრუნებო. ანას ორივე მშობელი სჭირდებაო. შვილი მაინც არ მყოლოდა მისგან. ნეტავ შემეძლოს წარსულში დაბრუნება. ნეტავ შემეძლოს ორთავეს ამოშლა ჩემი ცხოვრებიდან.
ანას ვკითხე, რას იზამდა მამიკოსგან რომ გავპარულიყავით და სადმე, სხვაგან გვეცხოვრა მშვიდად და ბედნიერად. ტირილი დაიწყო, მე ჩემი მამიკო მიყვარსო. თუ გინდა შენ წადი და მოგვშორდიო. სულ არ მომენატრებიო. სულელი ბავშვი! რამდენი ტკივილი ავიტანე მის გამო, რამდენი ღამე ვათიე თეთრად და რისთვის! რატომ არ შეიძლება წარსულში დაბრუნება, რატომ! რა ბედნიერი ვიქნებოდი გათხოვილი რომ არ ვყოფილიყავი, შვილი რომ არ მყოლოდა. რომ შემეძლოს საერთოდ წავშლიდი ჩემი ცხოვრების ბოლო ხუთ წელს, წავშლიდი და სუფთა ფურლიდან დავიწყებდი ლუკასთან ურთიერთობას. ჩვენ ვიქნებოდით უბედნიერესი წყვილი დედამიწაზე.
ბოლო ჩანაწერი: "ღმერთო, რა დაგიშავე, ასეთი ქმარ-შვილით რომ დამსაჯე. რამდენ ხანს უნდა ვიყო უბედური? სანამდე უნდა ვიტანო ასეთი ყოფა? რატომ არაფერს აკეთებ ჩემთვის? ერთხელაც ავდგები და თვითონ დავუბრუნდები იმ სუფთა ფურცელს, იმ ათვლის წერტილს!"
ხუთი წლის ანა ვარ. დედა ჩემი სამყაროს ცენტრია. დედას არ ეზარება ყველაფერი დაწვრილებით ამხსნას, რაც ჩემთვის გაუგებარია. დედა ჩემი ტკივილების დამაამებელია. დავეცემი, მუხლს გადავიტყავებ? დედა მოირბენს და მისი ფრთხილი ხელებით მომიშუშებს. მეგობარი მაწყენინებს? დედა მოვა და შეგვარიგებს. შემცივდება? დედა ღუმელს ამიგუზგუზებს და გამათბობს. დედა! დედა! დედა! დღეს დედა სხვანაირია. მამა ცუდადაა. დედა ისე არ ეფოფინება, როგორც - ადრე. შორიდან უყურებს. მამამ დაიძინა. დედა კი ბალიშს მისწორებს.
დედა! ასე უცნაურად რატომ მისწორებ ბალიშს! ბალიში თავქვეშ უნდა ამომიდო, სახეზე რატომ მადებ? დედა, შენ ხომ ყოველთვის უსიტყვოდ იგებდი ჩემს სურვილებს, რა მოგდის? რატომ ვერ ხვდები, რომ ვიგუდები? ვერ ვსუნთავ, დედა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მკვლელები იბადებიან მკვლელებად.
მკვლელები იბადებიან მკვლელებად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|