ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2024


ჩაფარი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩაფარი

ჩვენში - ყოფილი პოეტები -
- დაუნდობელი პოლიტიკოსები ხდებიან,
ხოლო თუ ძალაც ხელთ ჩაუვარდათ,
სულ ტირანებად ყალიბდებიან
იმ  სივრცეებში,
იმ საზღვრებში,
სადამდეც გასდით.
თითქოს გარემოს ეუბნებიან,
ის  - კარგი იყო?!
მთელი ღამე
გაყინული,
მშიერ-მწყურვალი მთვარეზე ჩრდილებს  რომ ვეძებდიო?
აბა, იგემე, ნახე ერთი, როგორიაო! -
სულით მუსიკა რომ დაგაქვს და  ჰანგებს  ხმაურით გიხშობენო,
წადი და ახლა შენ უყურე,
ვარდს რომ კოკორი გაეფურჩქნა,
იას რად გადახვეოდაო.

თუკი პოეტი ცოცხლად გადარჩა,
ეს იმას ნიშნავს,
რომ იწვალა და პოეტად ყოფნა აიტანა  ყოფის ბოლომდე.
მაგრამ იცოდეთ,
ყოფილ პოეტზე ვერაგი და ცინიკოსი ქვეყნად არასდროს
ჯერ არავინ დაბადებულა!
სხვა თუ გაგყიდის,
ის  - ისეთ იერს მიეფარება,
რომ მუქთად გაგცემს,
თან სუყველას დაამუნათებს,
გარედან მარად პირმოჩახჩახე,
სიბნელეში - კი, როგორც იტყვიან, ყველაფერზე ხელის მომწერი.

თუ სადმე ვერაგს გადაეყარე,
ჰკითხე,
- თქვენ  ადრე ლექსებს წერდით
თუ ხატავდით?
(აქ - ხელოვანი იგულისხმეთ - გაფართოებით!)
დიდი შანსია, რომ კითხვაზე არც გიპასუხონ
და ეს შანსია  - უტყუარი დადასტურება,
რომ ყოფილ პოეტს ესაუბრებით.
პროზის?! -
ამბები მე არ ვიცი!

…და ბოლოს თურმე
საბოლოოდ რომ რწმუნდებიან,
საიქიოში,  ნემსი რა არის,
იმის ყუნწიც  კი დღემდე ვერავის წაუღიაო,
გაახსენდებათ, რომ პოეტებად დაიბადნენ,
და ახლა ისევ
პოეტად სიკვდილს ნატრულობენ,
ცდილობენ კიდეც,
მაგრამ პოეტად - ერთხელ მკვდრები
მეორეჯერ ვეღარ  კვდებიან!

შენ, პოლიტიკავ,
შესასვლელად -  ღობევ დაბალო,
როგორ გაგივა, რომ კლანჭები შენი  დაფარო,
დაგაბრალებენ, შენში მთელი ნიჭი ჩავფალო,
შენ - მოთვალთვალევ,
ჩასაფრებულო მარად  ჩაფარო,
ო, პოლიტიკავ,
ხელმოცარული პოეტების
უკანასკნელო  თავშესაფარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები