ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2024


არ დავწერ ლექსებს დედაზე

არ დავწერ ლექსებს დედაზე
არა იმიტომ რომ უკვე ბევრი დაიწერა, უკვე ბევრი ითქვა ან იმიტომ რომ ვერაფერს ვიტყვი ახალს.
არა!
უფრო იმიტომ რომ იმ დედების შემრცხვება , ვისაც ვერასდროს მიუძღვნიან ლექსებს შვილები.

არ დავწერ ლექსებს სამშობლოზე!
ვის ვეფიცო? რას ვეფიცო? როცა ჩემს სამშობლოში სახლის კიბეებზე ბალახი ბატონდება, მინდვრებში - მარმუჭი თუ ჭანგა, ქალაქში - გადამთიელი.

არ დავწერ ლექსებს სიყვარულზე.
არაფერს ისე არ ვნებს სიტყვები, როგორც სიყვარულს - ასე ვიცოდი და ასე მწამს ახლა, ალბათ ამიტომაც ის ავირჩიე მეწყვილედ, ვისაც არასდროს არაფერი დასცდენია სიყვარულზე.

არ დავწერ ლექსებს- მეთქი, არც დედაზე, არც სამშობლოზე, არც სიყვარულზე...
არამედ ავდგები, დილას ოჯახს საუზმეს მოვუმზადებ, მერე წავალ სამსახურში, ვიმსახურებ.... საღამოს კი სახლში წასვლამდე  ძლიერ ჩავეხუტები ჩემს დედას და ვეტყვი რომ ძალიან მჭირდება.
განა ამაზე დიდი პოეზია სხვა რა უნდა დავწერო?!

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა პედაგოგს, ჩემი დედიკოს თამადობით❤️

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები