ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი პირველი -ავუყევი ჩემთვის ყველაზე ცნობილ, მაგრამ, ამავდროულად ყველაზე იდუმალ აღმართს. უკვე ჩვიდმეტი წელია ამ აღმართზე, თითქმის ყოველდღე, ავდი-ჩამოვდივარ. ვიწრო ჩიხია ჩემი აღმართი. თითქმის საუკუნოვანი ქვაფენილი სიმეტრიული წყობისაა, თუმცა, აქა-იქ, რამდენიმე ადგილას ქვა ამობრუნებულია და ძალითაა ჩაწნეხილი. ჩემს სამშობლოს მაგონებს ჩემი ქვაფენილიანი აღმართი. ყველაზე მეტად მიყვარს, მთელს დედამიწაზე, ჩემი აღმართი, თუმცა ხანდახან მაშინებს კიდევაც. ჩემს ერთადერთ გასართობს ქვების თვლა წარმოადგენდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ ვითვლი. მხოლოდ გასართობი როდი იყო? მიყვარდა კიდეც, ქვების თვლა. ქვებისა, რომლებიც დამოუკიდებლად უხეში, უშნო და არაფრისმომცემნი იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში ღვთაებრივ ჰარმონიას წარმოადგენდნენ. ახლა არათუ ვერ ვითვლი, ვერც კი ვუყურებ. თავისი დიდებულება მაინც არ დაუკარგავს; შელახული და შელანძღულია, მაგრამ თავისებურად დიდებული. ახლა ზეცაში ვიყურები. არა, არაფერს არ ვეჯახები. თურმე ფეხებს თავისი მეხსიერება ჰქონია და ზუსტად იცის რომ ჩემი სახლი ათას მეჩვიდმეტე ნაბიჯზეა. ამ აღმართზე დავიბადე, მაგრამ არც კი ვიცი ვისი ან რისი სახელობისაა ჩემი ჩიხი, ჩემი აღმართი. მთელი ქალაქი „ქვაფენილიან აღმართად“ იცნობს. თურმე, მთელს ქალაქში, ჩემი ჩიხი ერთადერთი ქვაფენილიანი ადგილი ყოფილა; ეს ძალიან გვიან გავიგე, თითქმის რამდენიმე თვის წინ. ჩემს აღმართს ერთი უცნაურობაც აქვს, არც მჭიდროდაა დასახლებული და არც განშორებულად. მეზობლები ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ თითქოს არ ვიცნობთ. ეზოები მაინცდამაიც დიდი არ გვაქვს. ზოგიერთი ეზოდან ლაჟვარდი სურნელი იღვრება. არ ვიცი იმ ყვავილს რა ჰქვია, არც ის ვიცი ყვავილია თუ არა, მაგრამ ზუსტად ოთხას სამოცდამეექვსე ნაბიჯზე ყველაზე მძლავრად იგრძნობა ეს ლაჟვარდი სურნელი. ოთხას სამოცდამეშვიდე ნაბიჯზე კი ეფემერულდება. ჰო, ეფემერულდება, ვინაიდან ოთხას სამოცდამეშვიდე ნაბიჯზე არანაირი ნიშანწყალი იმ დიდებული სურნელებისა არ იგრძნობა. საოცარია არა? თითქმის ყველა ეზოდან გაკულტურებული სუროებია გადმოფენილი. სახლები თითქმის არ ჩანს. არა, ეს სუროების ბრალი კი არა ეზოების სიმაღლის დამსახურებაა, რომლებიც ქვაფენილის დონიდან სამი მეტრის სიმაღლეზე არიან ამაღლებულნი. აი, ახლა ოთხას სამოცდამეექვსე ნაბიჯზე ვარ. რა დიდებულია. ჩემი ფილტვები თავისუფლად სუნთქავენ. ო, ღმერთო ჩემო, მწამხარ! ჰო, აქ, ოთხას სამოცდამეექვსე ნაბიჯზე რამდენიმე წუთს ვჩერდები ხოლმე; თავს მაღლა ვწევ, თვალებს ვხუჭავ და ვსუნთქავ, ვხედავ იმას, რისი დანახავაც არ შეიძლება. და რეალურიდან გადავდივარ ეფემერულში, ვაგრძელებ სვლას. ოთხას სამოცდამეშვიდე ნაბიჯზე ეჭვი მიპყრობს, ხოლო ოთხას სამოცდამერვეზე დარწმუნებული ვარ რომ ღმერთი არ არსე... ჩემს აღმართზე, ძირითადად, ქალაქის ინტელიგენცია ცხოვრობს. ყველაზე საქმიანი ხალხი, რომელიც სინამდვილეში უსაქმურია. შეიძლება ვცდები და მართლაც საქმიანები არიან, მაგრამ მეეჭვება ადამიანი საქმიანი იყოს და ამდენი დრო ჰქონდეს ყოველდღიურობისთვის; ისინი ყველაზე მეტ დროს სუნამოს არჩევაში ხარჯავენ. დაკვირვებული ვარ, ყოველდღე ახალ-ახალ სუნამოს იპკურებენ, მაგრამ მაინც ერთი სუნი ასდით, ყალბი საზოგადოებისა და... მოკლედ, ჩემს აღმართზე ყველას ვიცნობ, მაგრამ თითქოს არ ვიცნობ. ყველა მიცნობს, მაგრამ თითქოს არ მიცნობენ. არა, გამონაკლისი კი არ ვარ, საზოგადოდ ასეა, ყველა ყველას ცნობს, მაგრამ არავინ არავის იცნობს. ერთადერთი ვისაც ნამდვილად არ ვიცნობ, ჩემი აღმართის ბოლო სახლში მცხოვრები კაცია. ძალიან იშვიათად გამოდის სახლიდან. ჩვენს აღმართზე ერთმანეთის შესახებ არ ვსაუბრობთ, მაგრამ მშობლებმა მკაცრად გამაფრთხილეს იმას არ მიესალმოო, არ მიუახლოვდეო. ამასწინად, საკვრაო წირავზე, მღვდელმა ქადაგებისას თქვა ჩვენს ქალაქში ღვთისგან წყეული ცხოვრობსო. მე მივხვდი ვისზეც ამბობდა, მშობლებმაც მაგრად ჩამკიდეს ხელი, ეგონათ შევშინდი, მათ ავიწყდებათ რომ ჩვიდმეტი წლის ვარ და არაფრის მეშინია. ან რატომ უნდა მეშინოდეს იმისი? ჩვიდმეტი წელია დავიბადე და, ალბათ, მხოლოდ ოცჯერ თუ მყავს ნანახი. წყეულის და მკვლელის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. უცნაური ნამდვილად არის. მშობლებმა მითხრეს შენ ჯერ არ იცი წყეულები და მკვლელები როგორ გამოიყურებიანო. ნეტავ რამე განსაკუთრებული შეხედულება აქვთ? არამგონია, მაგრამ მშობლებს არ შევწინააღმდეგებივარ და იმის ნიშნად რომ არ ვიცი წყეულები და მკვლელები როგორ გამოიყურებიან, თავი დავუქნიე. აი, ახლა რვაას ოცდამესამე ნაბიჯზე ვარ. არა, კი არ ვითვლი, უბრალოდ, როგორც გითხარით, ფეხებს თავისი მეხსიერება აქვთ. თურმე, რაოდენ მშვენიერიც არ უნდა იყოს, ზეცაში ყურებაც გბეზრდება. ვგრძნობ, რა თქმა უნდა, მობეზრებასაც და დაღლასაც. ყველაზე მეტად კი ზუსტად ათას მეჩვიდმეტე ნაბიჯზე ვგრძნობ დაღლასაც და მობეზრებასაც. არა, ათას ჩვიდმეტი ნაბიჯის განმავლობაში სულ ზემოთ კი არ ვიყურები, წინაც და გვერდებზე გავიხედავ ხოლმე, მაგრამ მთელი ძალით ვცდილობ ძირს არ დავიხედო, არ დავხედო ჩემს ყველაზე საყვარელ და ამავდროულად ყველაზე საძულველ ქვაფენილს. დღეს შაბათია. შაბათი მიყვარს. რატომღაც სხვა მისტიკა აქვს შაბათს. სხვა დღეებისგან განსხვავებით, სხვანაირი სურნელიც კი აქვს შაბათს. ყოველთვის სხვადასხვანაირი სურნელი აქვს, მაგრამ კვირისგან განსხვავებით არასდროს ჰქონია ჭუჭყის, გახრწნილი გვამის, ვარდების ყალბი სურნელი. ყველაზე სუსხიან, საშინელ ამინდშიც კი სხვა სამოსს იცვამს შაბათი. მგონია რომ ადამიანი შაბათიდან შაბათამდე ცხოვრობს. შაბათი სიყვარულის დღეა. არა, სხვა დღეებშიც ბჟუტავს სიყვარულის ცეცხლი, ალბათ, მაგრამ შაბათს სხვა ძალით გიზგიზებს. ვიცი, ვიცი სისულელეს ვამბობ, მაგრამ დღეს შაბათია, შაბათს სისულელც კი სხვანაირად სულელურია. აი ისიც, ათას მეჩვიდმეტე ნაბიჯი. არა, კი არ ვითვლიდი, ხომ გახსოვთ, ფეხებს თავისი მეხსიერება აქვთ. -რატომ დაგაგვიანდა? სახლში ბოლომდე შესულიც კი არ ვიყავი, დედამ მკაცრი და შეუვალი ტონით რომ შემომაგება თავისი შეუცვლელი ფრაზა, რომელსაც უკვე დაკარგვოდა შეკითხვის ფუნქცია. -არა, მგონი არ დამგვიანებია, დედა. -ჰმ! - ჩაილუღლუღა დედამ, მერე კი სამზარეულოში შევიდა. -მე ჩემს ოთახში ავალ. - გავძახე და მგონი გაიგო კიდეც. -მკაცრი ქალის როლს თამაშობს დედა. - ფიქრებს მისცემოდა მატეო. - სინამდვილეში ასეთი არცაა. არასდროს მომფერებია, არასდროს ჩამხუტებია. არა, როგორ არ ჩამხუტებია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად დარწმუნდება რომ მე უკვე მძინავს, აი, მხოლოდ მაშინ შემოდის ჩემს ოთახში და მძინარეს მკოცნის, მეფერება, მეხუტება. საოცარი შეგრძნებაა დედის ჩახუტება. ალბათ უფრო თბილი იქნება მღვიძარესაც რომ მეხუტებოდეს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მამა კი ნამდვილად მკაცრია. უხეში, უტაქტო. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ სინამდვილეში ძალიან კეთილია, უბრალოდ... უბრალოდ... მოკლედ, მამა მკაცრი კაცია... მე თვითონ გამიკვირდა, როდესაც საკვირაო ქადაგებაზე მღვდლის წარმოთქმულმა შემაშინებელმა სიტყვებმა მათზე ასე იმოქმედეს და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ხელი მაგრად მომიჭირეს. ახლაც ვგრძნობ იმ მოჭერას. რაღა დროს ამაზე საუბარია, დღეს ხომ შაბათია. ჩემი ოთახი მეორე სართულზეა, ბიბლიოთეკის გვერდით, მამას სამუშაო კაბინეტის წინ. მეორე სართულზე ყველა ოთახს ხის დიდი კარები აქვს, რომლებიც ბავშვობაში ძალიან მაშინებდნენ. ახლა ხომ ჩვიდმეტი წლის ვარ, რისი უნდა მეშინოდეს? არც არაფრის, მაგრამ ამ კარების ნამდვილად მეშინია. ჩვენ დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს, რომელიც თითქმის თხუთმეტიათასამდე წიგნისგან შედგება. მამა მათემატიკოსია, დედა ფილოლოგი. დედისგან გასაკვირი არცაა, მაგრამ მათემატიკოსისგან ძალიან მიკვირს, ყოველ კვირას გრძელ რიგში რომ დგება ზიარების მისაღებად. მგონი თავად არ სწამს, უბრალოდ დედას სცემს პატივს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მე არც და მყავს და არც ძმა. სულ მინდოდა რომელიმე მათგანი რომ მყოლოდა, ალბათ, უფრო და, არა, შეიძლება ძმაც. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მინდოდა რომელიმე მათგანი მყოლოდა. არა, მთავარიც არაა, მოკლედ, მე დედისერთა ვარ. ბავშობაში ძალიან სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, სკოლაში გვიან შემიყვანეს, ამიტომ მომავალ წელს ვამთავრებ სკოლას. ჯერ არ ვიცი რა პროფესიის გამოვალ. ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჯერ ვერ მივედი პასუხამდე. მოკლედ დღეს შაბათია, ამაზე ფიქრის დრო და ადგილი არ არის. დღეს ის ვნახე. ქუჩის მეორე მხარეს, ჩემი საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა. მას არ ვუნახივარ. მე ვნახე და... მასაც ჩემსავით ცისფერი თვალები აქვს. ჩემსავით ქერა არაა, პირიქით, ძალიან შავი თმები აქვს. მიყვარს შავი თმები. ასე ყოფილა, თურმე, ქერებს უნდათ რომ შავი თმა ჰქონდეთ, ხოლო შავთმიანებს კი ქერა თმები. უცნაურია, ალბათ. დღეს შაბათია. აი, რატომაა ყველაზე ბედნიერი დღე შაბათი, დღეს ის ვნახე. ის... ის... ის... ძალიან დამწუხრებული მეჩვენა. გაყინული მიმიკა, აჩეჩილი თმები. როგორც ყოველთვის პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი, ძირს იყურებოდა და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. ქურთუკის მარცხენა ჯიბეში, მგონი, წიგნი ედო. ხშირად ვხედავ წიგნებით ხელში. დემონსტრაციულად კი არ ატარებს, აქაოდა მიყვარსო წიგნები, არა, არა, არა. პირიქით, ცდილობს ჯიბეში ჩაიდოს. აქამდე მკლავზე გადასაკიდი ტყავის შავი ჩანთა ჰქონდა; ბოლო დროა ჩანთით არ მინახავს. მგონი მართლაც დამწუხრებული იყო. შეორთქლილი სათვალე ეკეთა. ქუჩის მეორე მხრიდანაც კი დავინახე სათვალე შეორთქლილი რომ იყო. ნეტავ რაზე ღელავდა? რამე უჭირს? ჩემი დახმარება უნდა? არა, უნდა გადავსულიყავი და მეკითხა. ნამდვილად, ნამდვილად უნდა მეკითხა. იქნებ რამეში დავხმარებოდი. მაგრამ ის ხომ არ მიცნობს? სულ სამიოდეჯერ დავაძალე თავს და მივესალმე, ისიც მომესალმა. არა, დღეს არ მაქვს უფლება დასევდიანების, დღეს ხომ შაბათია! შაბათი შაბათია, მაგრამ ის... ო, ის... ის შაბათის გარეშეც დიდებულია. მისი თვალები, მისი თმები, მისი ნაკვთები, მისი სხეული... მაგრამ ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია, მთავარი მისი პიროვნებაა, მისი „მე“, მისი სული. ვაიმე, რა სულელი ვარ, არც კი გამოვლაპარაკებივარ არასდროს და საიდან ვიცი, ან მისი სული, ან მისი პიროვნება, ან მისი „მე“. ო, ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ. -მატეო! მატეო დუმს, ფიქრებში გარდასულმა ვერც კი გაიგო დედის ძახილი. -მატეო! - ისევ ამოსძახა დედამ. -დიახ, დედა! - ხმამაღლა გასძახა მატეომ. -ვახშამი მზადაა, ჩამოდი! -კარგი, დედა! - ჩაილაპარაკა მატეომ. -მატეო?! -მოვდივარ, დედა! - დაიყვირა მატეომ. კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ჩავიდა მატეო. მამაც მოსულიყო უნივერსიტეტიდან. დედას სუფრა, უკვე, გაეშალა. დედ-მამა სუფრას მისხდომოდნენ, მაგიდის თავსა და ბოლოში. მატეო მამას მიესალმა, მაგიდას მიუჯდა და ვახშმის დაწყებას აპირებდა, როდესაც დედამ ხმამაღლა შეჰყვირა: -მატეო! რა გჭირს ამ ბოლო დროს? ჯერ ხომ უნდა ვილოცოთ? -დიახ, უნდა ვილოცოთ! - გულგრილად ჩაილაპარაკა მამამ. -ხელები ჩამკიდეთ. - შეხედა ქმარ-შვილს; თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო. - მამაო ჩვენო, მადლობას გიხდით საკვებისათავის და არამხოლოდ საკვებისათვის! ჩვენი ცხოვრების გზაო, იმედო, მადლობას გწირავთ! - დედა აგრძელებდა და აგრძელებდა ლოცვას. ბოლოს როგორღაც დაასრულებს სადიდებელ-სამადლობელს. - შეგიძლიათ მიირთვათ! - თითქოსდა ბრძანება გასცა დედამ. როგორც კი ივახშმეს, მისაღებ ოთახში გავიდნენ; ცოტაც ისაუბრეს. მამა თავისი სამუშაო კაბინეტისაკენ წავიდა, მატეო თავისი ოთახისკენ. დედა მისაღები ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდას მიუჯდა, რომელზედაც ქაღალდების მთელი დასტა დააწყო. დედა რომელიღაც სალოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნზე მუშაობდა. უფრო სწორედ კი თავისი სულიერი მოძღვრის დაწერილ წიგნს არედაქტირებდა. თითოეულ გვერდს ისეთი სისათუთით ეპყრობოდა, საქმის არსში გაუცნობელ ადამიანს ეგონებოდა რომ ქალბატონი ელენა უძველეს და უიშვიათეს, ახლადაღმოჩენილ ხელნაწერს იკვლევსო. ყოველი გვერდის ჩამთავრებისას პირჯვარს გადაიწერდა და ისევ მადლმოსილი მზერით დახედავდა მომდევნო გვერდს, მერე კი კორექტურების შესორებას იწყებდა. ქალბატონი ელნა ძალიან მორწმუნე ქალი გახლდათ. მატეო ხმამაღლა ვერ ამბობდა, მაგრამ ფიქრობდა რომ დედამისი ბრმადმორწმუნე იყო. მატეოს ფიქრებში ჩაეძინა. მამა სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდ სტატიაზე მუსაობდა, ქალბატონი ელენა კი პირჯვარს იწერდა, კმაყოფილი და ბედნიერი სახით დასცქეროდა ქაღალდებს. შუაღამის ზარმა ჩამოკრა. ქალბატონმა ელენამ სასწრაფოდ აალაგა მაგიდა და დასაძინებლად წავიდა. ხვალ საკვირაო წირვაზე უნდა წასულიყვნენ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა! <3
მადლობა! <3
1. საინტერესოა როგორ გარძელდება წავიკითხავ აუცილებლად ამას თვალი გადავავლე, ჯერ არ წამიკითხავს :)
წარმატებეს გისურვებთ იაგო იაგო საინტერესოა როგორ გარძელდება წავიკითხავ აუცილებლად ამას თვალი გადავავლე, ჯერ არ წამიკითხავს :)
წარმატებეს გისურვებთ იაგო იაგო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|