- ცდები. - მის წინ გაჩერდა. - მას დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი ეს ყველაფერი. დესპანების დახმარებით ზუსტად იცოდა, რომ მეუფეს ხშირად ვსტუმრობდი და მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა. დარწმუნებული ვარ ისიც კარგად ეცოდინებოდა რომ ჩემთან დიდიხანია ცხოვრობ და სწორედ ამიტომ აგარჩია როგორც შუამავალი და არა იმიტომ, რომ შენს გამო ორი დესპანი მოკლეს. შენც და მეც მის გეგმის რიგითი ნაწილები ვართ. მთლიანი კონსტრუქციის უმნიშვნელო დეტალები. - რას გულიხმობ ნათანაელ? - ღმერთმა უწყის დამიანე. წარმოდგენა არ მაქვს რას ვგულისხმობ ან რა განზრახვა ამოძრავებს სინამდვილეში თადეოზს. - ღრმად ჩაისუნთქა და თმაზე ხელი ფრთხილად გადაისვა. - ერთი რამ უდავოა. ლიტონის საბოლოო ბედი ახლა გადაწყდება!
***
მეორე დღით თადეოზს საუკუნოვანი წყევლა ახსნეს, რითაც ის კვლავ მოკვდავი გახდა. რიტუალს მხოლოდ მეუფე, ნათანაელი და ათამდე დესპანი ესწრებოდნენ. ცხადია მთელი ამ ხნის განმავლობაში თადეოზს სახიდან რკინის ნიღაბი არ მოუხსნია რათა ვინაობა არ გამჟღავნებულიყო, ხოლო ლოცვის მიწურულს უჩუმრად გასცილდა იქაურობას, რამაც კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო „ლიტონის საბჭო“. ვერაფრით გაეგოთ თუ რა ჩანაფიქრი ამოძრავებდა ან საერთოდ როგორ გამოიყურებოდა იგი?! მიუხედავად საბჭოს გონივრული ნაბიჯისა, ერთ-ერთმა მგრებრერმა და მილდადმა მაინც მათგან მალულად გადაწყვიტეს შეხვედრა. ძველი სახლი, რომელიც თავის დროზე რიყის ქვით ააშენეს, ხშირი წვიმებისგან ალაგ-ალაგ ჩამოშლილიყო. კედლები სველი და ჩაღრმავებული, ხოლო წლების განმავლობაში დაგროვილი ნესტის სუნი, ჩაკეტილ სივრცეში მძიმედ გამჯდარიყო. ოთახი, სადაც შეხვედრა დაიგეგმა, მოკრძალებული, ხის ავეჯით დაეტვირთათ. სარდაფის კარადა, მორყეული ოთხკუთხა მაგიდა და ჭუჭყიანი ფანჯარა, რომელშიც მზის სხივები ძლივსღა აღწევდა. კუთხეები ისევე იყო სავსე აბლაბუდებით, როგორც მახლობლად ჩამოკიდებული მრგვალი სარკე. იატაკი სისხლისფერი, ძველი, უხეში და დაზიანებული ჩანდა. გეგონება იქაურობა საუკეთესოდ შეეფერებოდა იმ შეთქმულების ადგილს, სადაც საუკუნოვანი პრობლება უნდა გადაეჭრათ. მილდადის შემოსვლისთანავე აგარმა (მგრებრერი) კარი საგულდაგულოდ გადაკეტა. ფარდები ჩამოაფარა და მოპირდაპირე ოთახში გადაინაცვლეს. მაინცდამაინც არც მილდადი გამოიყურებოდა რიგიანად. მეუფესა და ნათანაელისგან გაწბილებულებმა თავად იწყეს ზრუნვა ახალ გამოსავალზე. ვერაფრით გაეგოთ თუ საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ორი ადამიანი რატომ ესწრებოდა წყევლის ახსნის რიტუალს, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ერთად წყვეტდნენ ყველაფერს. აგარი ეჭვობდა რომ ისინი მათ ახალ შეთქმულებაში გაეხვივნენ თადეოზთან ერთად, რამეთუ წყევლის ახსნის შემდეგ მათ იქვე შეეძლოთ მისი მოკვლა. რა საკვირველია მეუფე ამას ვერ შეძლებდა თუმცა მოხუცს ნათანაელს ხელის ერთი მოქნევით შეეძლო ყველაფრის დასრულება, რაც საუბედუროდ არ გააკეთა. სწორედ ამიტომ ახლა არც ის იციან თუ ვინ არის თადეოზი და არც ის თუ რა გეგმები ამოძრავებს მას?! საბჭოს განხეთქილება გარდაუვალი იყო. შურისძიების წყურვილით შეპყრობილი აგარი და მილდადი ყველა შესაძლო გზას განიხილავდნენ მეფის მოსაკლავად, თუმცა იქამდე ჯერ მისი ვინაობა უნდა გაერკვიათ და შემდეგ “ბედის წიგნი” უკან დაებრუნებინათ, რაც არც თუ ისე იოლი იყო. საბოლოოდ მრავალ საათიანი კამათი, გარედან შემოსულმა ხმამ დაარღვია. ხალხის ალიაქოთს მალე სროლაც მოჰყვა. შეშინებულმა აგარმა სინათლე სასწრაფოდ ჩააქრო და ორივე კედლებს აეკრნენ. ქუჩებში ადამიანების მასა სულ უფრო მატულობდა, რომლებიც მათთვის გაურკვეველი მიმართულებით გარბოდნენ, ხოლო უკან დესპანების არმია კარ-კარ დაეძებდა რაღაცას. ქალებსა და ბავშვებს უმოწყალოდ, დაუზოგავად ათრევდნენ გარეთ, შიგნით შესულები კი ყველაფერს თავდაყირა აყენებდნენ, ამტვრედნენ, ბოლოს კი განრისხებულები სახლს ცეცხლსაც უკიდებდნენ. მინებიდან ჩუმად მომზირალი მილდადისა და აგარის აზრით ეს სწორედ ის მოსალოდნელი დასაწყისი იყო, რასაც თადეოზი გათავისუფლება მოასწავებდა. აშკარაა მალე მათ სახლსაც მოადგებოდნენ, ამიტომ ხის კიბეებით სხვენში დამალვა ამჯობინეს. აგარმა უჯრიდან კიდევ ერთი იარაღი ამოიღო და მილდადს გაუწოდა. ტყვიები გადაამოწმეს და ნელი ნაბიჯებით ზევით ავიდნენ. სხვენის იატაკი იმდენად დაძველებულიყო, რომ მის ჭრიალზე უმალვე მიაგნებდნენ, ამიტომ ზედმეტად არ უნდა ემოძრავათ. ფიცრის ღარებიდან შემოსასვლელი კარი საუკეთესოდ ჩანდა. წუთიც არ იყო გასული, რომ ტყვიამ კარში გაიარა და მტვრევის ხმაც გაისმა. სახლში ოცამდე დესპანები შემოვიდა, რომლებმაც ჯერ ოთახები დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ ისევ გასასვლელთან მოიყარეს თავი.
- აქ არ არის. - ამ სახლში დიდიხანია არავინ ყოფილა. - უპასუხა მეორემ. - იქნებ ისევ ციხე-სიმაგრეში იმალება? - გათენებამდე უნდა ვიპოვოთ… ამ სიტყვებზე ერთ-ერთმა იქაურობას თვალი მოავლო და შემდეგ იატაკს უმისამართოდ დაუწყო სროლა. დანარჩენები აქეთ-იქით გაიფანტნენ. ტყვიების ჯერმა კედლებზე გადაინაცვლა, ხოლო კედლებიდან სახურავისკენ რა დროსაც მილდადსა და აგარს შორის მთელმა მწკრივმა ჩაიარა. სხვენზე სინათლემ შემოაღწია. შეშინებულ აგარს, მილდადი პირზე ხელს აფარებდა და რომ მათი ხმა არ გაეგოთ. ტყვიები მთლად მილიმეტრებში აცდათ. მიჯრის დასრულებისას იარაღს გადახედეს და ნელ-ნელა სახლიდან გავიდნენ. როგორც კი მიხვდნენ რომ სიკვიდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ, მილდადმა ხელი გაუშვა და შვებით ორივენი ზურგზე გაწვნენ. აგარს სახეც და თმაც სველი ჰქონდა. მილდადი კი უჰაერობისგან ძლივსღა სუნთქავდა. - დაჭრილი ხომ არ ხარ? - არა. - ეს რა იყო? - ვერ გაიგე, ვიღაცას ეძებენ? - უპასუხა აგარმა. - … და ამის გამო მზად არიან მთელი ქალაქი გადაწვან? - როგორც ჩანს მეფეს კიდევ ჰყოლია მტრები. - ან განკითხვის დღე დაიწყო… - ოდნავ წამოიწია მილდადი. - აგარ, სახლში რომ შემოხვედი კარი გააღე? - რა თქმა უნდა… აბა ფანჯრიდან ხომ არ შემოვძვრებოდი? - ამ სახლში ბოლოს როდის იყავი?- მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ხელი იარაღისკენ წაიღო. - ბავშვობის მერე აქ აღარც ვყოფილვარ.- უპასუხა აგარმა - ხოდა დღეს რომ მოხვედი კარზე ბოქლომი დაგხვდა? - არა, ნახევრად ღია იყო. - ისიც ფეხზე წამოდგა. - რა მოხდა? - არ გაინძრე! - მილდად… - არ გაინძრე მეთქი… - უთხრა მილდადმა და იარაღ მომარჯვებული ნელ-ნელა წინ წავიდა. - აქ არაფერი ჩანს.
სიფრთხილისთვის მილდადმა ნაბიჯებს უკლო. სამიზნე იატაკისკენ მომართა და ის-ის იყო უნდა ესროლა, რომ სხვენში ორი ტყვია გავარდა. მხარში დაჭრილი აგარი იატაკზე მოწყვეტით დაეცა, რაზეც იარაღი მისგან მოშორებით გასრიალდა. სიბნელიდან გამოვარდნილმა ზმანებამ მილდადი მკლავებში მოიმწყვდია, ხოლო ლულა პირდაპირ საფეთქელზე მიადო. ტკივილისგან გაქვავებული აგარი ძლივსღა მოძრაობა. სუნთქვა შეკრული მილდადი უკანასკნელი ძალებით ცდილობდა მისგან განთავისუფლებას, თუმცა ამაოდ. - იარაღი მომეცით და არაფერს დაგიშავებთ. - გაისმა რკინისებრი ხმა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. -გაისმა რკინისებური ხმა.საინტერესო მიგნებაა. -გაისმა რკინისებური ხმა.საინტერესო მიგნებაა.
1. გიორგი რა მაგარია ისევ რომ აქ ხარ და აქვეყნებ. ბევრი წარმატება შენსკენ. გიორგი რა მაგარია ისევ რომ აქ ხარ და აქვეყნებ. ბევრი წარმატება შენსკენ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|