ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2025


სიცხიანისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სიცხიანისა

მამა, სულ შენი ბრალი იყო!
როგორ უთხარი ბრბოს,
ანგელოზთა სახმარად მოსულს,
სტუმრებიაო,
ოღონდაც ამათ შეეშვით და
ორი გოგო მყავს გასათხოვარი,
თან  წაიყვანეთ
და რაც გინდათ, ის უყავითო?!
მამა ქალწულებს გავეშებული ბრბოსათვის რომ ასე გაწირავს,
ის მამაღაა?

შენ გაგვიმეტე ორივენი,
შენ გაგვიმეტე!
დანიშნულები ჩვენს საქმროებს აღარც მოვუნდით
და ჩვენთან ერთად გადარჩენას,
იქ დარჩენა  და
ყველასთან ერთად დაწვა არჩიეს.

რა უნდა გვექნა აქ,  ამ მთაზე,
გამოქვაბულში შემომალულებს,
წინ რა გველოდა?
არც არაფერი!

როგორ დაგათვრე!
განა ისეთი რა დალიე,
ან ასე უცებ რა  მოგეკიდა?
მაინც კარგია,
ამ დღეს
თუ ღამეს  ვერ შემოესწრო,
მარილის სვეტად გაქვავებული
დედაჩვენი  - უკანმცქერელი.

მე მუცლად შენგან ნაყოფი ვიღე.
პატარა დაიც მოგიგზავნე  მეორე ღამეს.
ნეტა სოდომში ან გომორაში
უარესი ვინმემ რამე თუ ჩაიდინა?!

ვშობე ძე იგი მოაბი და
დამან  ჩემმან შობა ამონი…
და რასაც გინდა,
იმას მოაბი სიტყვები ჩემი არსაამონი!

…და აბრაჰამმა გადმოხედა სოდომ გომორას.
გოგირდი წვიმდა და ჰაერიც ცეცხლმა გამურა.
ამოუწვავი აღარ დარჩა  რამე მდგომარე,
დაუნგრეველი ვერ გადარჩა ვერა  გომური.
თვითონ წამომცდა, -
- ეს რა ლექსია,
გოიმური,
სადაა ვინმე დადებითი,
სადაა  გმირი!
თუ ამ ვირუსმა გამიარა,
თუ გამიარა, იქნება გმირი!

- ნინო, გამიშვი ამ სიზმრიდან,
ვიკითხო მინდა,
გავიგო მინდა,
მოანდომა ცოდვამ გემო  - რა!
ვინც დანარჩენი გაიმეტა,
თავად ცოცხალმა
ვინც დედამიწა ასე
მოასოდომგომორა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები