ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2009


. . .

რა გითხრა?.. ჩვეულებრივ,
გაზაფხულდა.
გული უშენობის გუბეშივე...
მე, ისევ ისეთი აზარტული
და ისევ ისეთი უხეში ვარ.

ვიბრძვი ისეთივე შემართებით!
რა ვქნა?! არაფერი არ გამოდის...
ალბათ მილიონჯერ მემართები,
მარტო შუადღიდან საღამომდე.

რა გითხრა?.. სიჩუმე ჩამოვარდა...
ახლა სიჩუმისთვის გამიწყრები.
ღამე მშვიდობისა ჩემო კარგო,
იქნებ დროა ჩემი დავიწყების.



***
რა ლამაზი ხარ... რა უბრალო... როგორი სადა
კაბა გაცვია, თუ გამძიმებს, საკითხავია...
ნეტა, თუ ვინმეს შეიყვარებ, ღმერთების გარდა,
ნეტა თუ ვინმეს შეიყვარებ, რა ლამაზი ხარ...

ალბათ სიზმარში, მზის სხივები გეხებიან და
ჩემი თითებით... ჩემი სუნთქვით... მთელი არსებით:
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თვალწარბწამწამიანფეხებიანად!
ნეტა თუ ვინმეს შეიყვარებ, ალბათ... სიზმარში.


***
არ გინდა! ნურაფერს ამიხსნი.
ცუდად ვარ, საშინელი ამინდია.
არ მესმის, ამოდენა გული გაქვს და
როგორ ვერ დამიტიე?!

არ გინდა, გვიანაა სინანული,
დავიღალე... რაღადროს წვიმებია...
ცოტა მოსაწევი ირანული
ახლა მთელ ქვეყანას მირჩევნია.

ასეთი საშინელი ეგოისტი
ვარ, თუ ვხდები ვერრა გამიგია...
ღმერთიც ამას ჩივის მეკობრესთან,
ეს რა საშინელი ამინდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები