ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჰენრი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


  ჩამოტვირთვა

გულო და ოთხი ლექსი

          გულო

დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე...
ამოგიღე, მთვარესავით -
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! -
ოცი წლის ხარ, ჩემსავით...
მაპატიე,
              თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!...
მაპატიე,
                ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე -
                  ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო - ენით დაკოდილო,
ჩემო - ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!



                   

                    აღსარება

დღემ ჩაიცვა ამინდის ნაცრისფერი ხალათი,
ამინდმა კი დრო და დრომ ხასიათი დაკარგა,
დღეს სიმართლე ჯვარს აცვეს, ერთადერთი ჯალათი,
ერთადერთი ჯალათი მე ვიყავი და კარგად
მესმის მომეკითხება, ჩემი ურწმუნოება,
ძმაზე შურისძიება შვიდჯერ სამოცდაათი..
მაგრამ ახლა კაენზე გაცილებით ნოე ვარ,
კიდობანი – მზეა და ზღვას მიაპობს ტაატით…
სხვისთვის ერთიც ბევრია, ჩემთვის ასი – ათია,
სამს უკლია ხუთი და ოცდაათ ვერცხლს ცამეტი,
ალბათ ახლა ამინდსაც უფლის ხასიათიაქვს
გოლგოთიდან - სახლამდე წამის მეწამწამედით…
ბიბლიიდან - შავ ზღვამდე წუთის ოცდამეთევზე
ფეხშიშველი მიაპობს ტალღას უფლის აურით,
განთიადმა ღრუბელი ცივი ოფლის წვეთებზე
მოისვა და პერანგი გადაიცვა ხმაურის..




ერთი ქალი შემიყვარდა

ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..





ჩემს ერთადერთ სიყვარულს

(ქორწინების დღის აღსანიშნავად)

ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა,
ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია,
ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა,
როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას,
ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ...
კედელს მილეწილი მწარე მოგონებით...
ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან,
ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები...
ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობით
თორემ ფეხებს შუა უზით გარინდება,
წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენ
ცაზე სინდისის მზე სანამ აინთება...
ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირია
როცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმე
ჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილია
სანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ...
ლექსი ქაოტური არის იდილია,
ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი...
თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილია
რადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ.
თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?!
ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....



... ... ... პეპლებს

                                                      გეძღვნება შენ!
ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,
ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,
მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,
მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი
წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა,
ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,
როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…
მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...
მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით,
შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა,
მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს!
სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა,
სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…
დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს,
როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები