ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
28 სექტემბერი, 2026


ოქტომბერი

ოქტომბერი
 
      გადაღლილი, მაგრამ ოდნავ გულდაწყვეტილი სექტემბერი ნელ-ნელა მიუყვებოდა გზას. მის შესაცვლელად კი,  სწრაფი ნაბიჯით ოქტომბერი მოაბიჯებდა. ერთ ხელში საღებავებითა და ფუნჯებით სავსე ჩანთა,  მეორეში კი პალიტრა ეჭირა.
- გამარჯობა ძმაო, - მიმართა მან სექტემბერს, - რა იყო, რატომ ჩამოგტირის ცხვირ-პირი? განა ასე დაიღალე?
- ეჰ, - ამოიოხრა სექტემბერმა, - დაღლა არაფერ შუაშია. რომ იცოდე რა კარგ ადგილას მიდიხარ, უბრალოდ მშურს შენი. - ხელი ჩაიქნია სექტემბერმა და გზა განაგრძო.
- შენ რა, დამშვიდობება არ გეკადრება?
- მაპატიე ძმაო, ძალიან დაბნეული ვარ. ნახვამდის, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. - ჩაიდუდღუნა სექტემბერმა.
- რა უზრდელი და უხასიათო გამხდარა საცოდავი. ეტყობა ძალიან გადაიღალა. - ჩაილაპარაკა ოქტომბერმა და მხიარულად გაუდგა გზას. ცოტა ხანში შეჩერდა, აქეთ-იქეთ მიმოიხედა, ჩანთა მიწაზე დადგა და თვითონაც იქვე ჩაიმუხლა. იჯდა ოქტომბერი მიწაზე, ღიღინ-ღიღინით ჩანთიდან ხვადასხვა ფერის საღებავებს იღებდა და იქვე აწყობდა. თან აქეთ-იქით აპარებდა თვალს, ეტყობა ვიღაცას ან ვიღაცეებს ელოდებოდა.
- გამარჯობა ოქტომბერო, - უცებ მოესმა შემოდგომის მეორე თვეს ბავშვების წკრიალა ხმა.
- უფ, როგორ შემაშინეთ, - წამოიძახა ოქტომბერმა, ვინ ხართ? ააააააააააა, ვიცი, ირინა და აკაკო ხომ? მსოფლიოში ყველაზე ცელქი ბავშვები. გამარჯობათ პატარებო! სიმართლე გითხრათ გელოდით. მაინტერესებდა, როგორები ხართ, ასე რომ გადარიეთ ჩემი და-ძმები
     
    - ჩვენ არ ვართ მსოფლიოში ყველაზე ცელქები, ჩვენ მხიარულები ვართ. - უპასუხა ირინამ და გადაიკისკია. აკაკო კი ამ დროს მიწაზე წამოგორებულიყო და დიდი ინტერესით საღებავებს ათვალიერებდა.
- საღებავი რად გინდა? ხატავ? - გაკვირვებულმა ჰკითხა ოქტომბერს.
- ვხატავ რა, მხატვარი კი არა ვარ.
- აბა ვინა ხარ?
- მე მსოფლიოში განთქმული მღებავი ვარ. ბუნების გამფერადებელი.
- რას ღებავ სახლებს? - ოქტომბერმა გულიანად გადაიხარხარა.
- აი ნახე, - მან პალიტრას ხელი წამოავლო, ფუნჯით რამოდენიმე საღებავი აურია ერთმანეთში, ხესთან მივიდა ერთ ფოთოლს გადაუსვა. უცებ ხასხასა, მწვანე ფოთოლმა მოყვითალო ფერი მიიღო. მერე ოქტომბერმა შეღებილ ფოთოლს ფრთხილად სული შეუბერა და, ჰოი საოცრებავ, მთელი ხე ყვითელი ფოთლებით დაიფარა.
- აბა, როგორია? - ამაყად წარმოსთქვა ოქტომბერმა. ბავშვები გაკვრვებული, გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ ფერშცვლილ ხეს. ირინასა და აკაკოს ესმოდათ, თითქოს ხე რაღაცას ეჩურჩულებოდა შემოდგომას და მადლობის ნიშნად ტოტებს ხრიდა მისკენ.
- ხე მადლობას გიხდის? - იკითხა ირინამ.
- აბა რა! დაიღალა ხე, დაიღალნენ ტოტებიც, დასვენება უნდათ. ახლა ფოთლები დამსუბუქდება, შემდეგ ნიავი წამოუბერავს და ნელ-ნელა ფოთოლცვენა დაიწყება. ხე გათავისუფლდება და ტკბილად დაიძინებს
გაზაფხულამდე.
- ფოთლები, ფოთლები მოკვდებიან? - ოქტომბერმა კვლავ გემრიელად გადაიხარხარა.
- ფოთლებს რა მოკლავს, ფოთლები მიწას დაეფინება და ჭრელ ხალიჩად გადაეფარება  ხის ფესვებს. ზამთარმა
   
  რომ არ დააზიანოს და არ მოყინოს მათი სახლი. თუ ხე დიდია, მეზობელ მცენარეებსაც იცავს და ათბობს თავისი ფოთლებით.
- ჩვენც გვინდა ფოთლების შეღებვა, შეიძლება? - ორ ხმაში წამოიძახეს ბავშვებმა.
- უფ, თქვენ გაიხარეთ. როგორ არ შეიძლება, თქვენ თითო ფოთოლი შეღებეთ, დანარჩენი ჩემზე იყოს.
- მე წითელი საღებავი მინდა.
- მე ყვითელი და მოყავისფრო.
- მანდ რაც ფერებია ყველა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩემს ჩანთაში მხოლოდ  შემოდგომის ფერებია.
ბავშვებმა პალიტრებს წამოავლეს ხელი და დაიწყეს მუშაობა. აკაკო და ირინა, რომ ერთ ფოთოლს გააფერადებდნენ, ოქტომბერი მივიდოდა , ხეს ფრთხილად შეუბერავდა სულს და ხის ყველა ფოთოლი ბავშვებისა და შემოდგომის სასურველ ფერს იღებდა.  სამივენი  ჩქარ-ჩქარა და დიდი მონდომებით აფერადებდნენ ბუნებას. ხეები ფერის შეცვლისას თითქოს  ნათურებივით აბრიალდებოდნენ და თავის ახალ, ლამაზ, წითელ-ყვითელ სამოსს სიამოვნებით ათვალიერებდნენ.
- წავიდეთ ახლა, ღვინის დაწურვას მივხედოთ. მე ღვინობისთვე მქვია, ხეების მღებავი თვე კი არა ვარ. - მიმართა ოქტომბერმა ბავშვებს.
    - აბა რატომ დაგაქვს თან საღებავები?
- იმიტომ რომ სილამაზე მიყვარს. მიყვარს მთას რომ გავხედავ და ნაირფერადაა აჭრელებული. მიმოიხედეთ, რამდენნაირი ფერია. იტყვით ყვითელიო, მაგრამ რამდენნაირი ყვითელია. თქვენ იცით რომ მე ასი სახეობის ყვითელი ფერი მაქვს? წითელზე აღარაფერს ვამბობ, წითელი ფერი კიდევ უფრო მეტია. - ამ დროს ქარმა წამოუბერა. ხეები ახმაურდნენ. ერთი-ორი ფოთოლი ჩამოვარდა კიდეც ხიდან. Aარც ერთ ხეს არ უნდოდა ასე მალე შელეოდა ახალ სამოსს.

   
      - კარგი რა ქარო, - მიმართა ოქტომბერმა, მაცალე
    ცოტა ხანს, დავტკბე ჩემი ნამუშევრით. განა შენ არ
    მოგწონს? ნახე რა სილამაზეა.
- როგორ არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა. შენ შენი სამუშაო შეასრულე, მე ჩემსას ვასრულებ. ფოთოლცვენა დროულად უნდა დვიწყო.
- გთხოვ! არა, ძმობას გაფიცებ, ნოემბერი საცაა მოვა და ძარცვეთ რამდენიც გინდათ ხეები. მე კი თავი დამანებე. პატარა სიო გამოუშვი, შენ კი ცოტა ხანს დაისვენე, მეც ბევრი აღარ დამრჩა, ამ დღეებში მივდივარ.
- კარგი, ასე იყოს, წავალ წვიმას გავესაუბრები,  - წარმოთქვა ქარმა და გაქრა. ხეები დამშვიდდნენ,  მაგრამ მათ მიხვრამოხვრაში  სიხარული აღარ იგრძნობოდა.  გარშემო სევდამ დაისადგურა, ბუნება მიყუჩდა.
ბავშვებს თვალებზე ცრემლი მოადგათ.
- ჰა, რა გატირებთ პატარებო, ან თქვენ რას ჩამოგიყრიათ ყურები, - მიმართა ოქტომბერმა ხეებს. - ცხოვრება გრძელდება. თქვენ მალე  ლამაზი, ჭრელი ხალიჩები უნდა მოქსოვოთ. ვნახოთ ვისი უფრო ლამაზი იქნება, წასვლის წინ მოვალ და შევაფასებ. - ხეები გამოცოცხლდნენ. ამ დროს სიომ წამოუბერა, ფოთლები აჩურჩულდნენ, ალბათ ხალიჩის ფერებზე საუბრით ირთობდნენ თავს.
- აბა, წავედით, ღვინო უკვე დაწურეს, უნდა გავსინჯოთ, არ შემარცხვინონ. - ოქტომბერმა პატარებს ხელი ჩაჰკიდა, ნელ-ნელა აიწია, მიწას ასცდა და ბავშვებთან ერთად ნაირ-ნაირი ფერის ხეებს გადაუფრინა. ცოტა ხანში სამივენი მხიარულად დაეშვნენ იმ ადგილზე, სადაც მამაკაცები უზარმაზარ ქვევრებში ასხამდნენ უკვე დაწურულ ღვინოს, ქალები კი თათარას ათუხთუხებდნენ. იქვე, ძაფზე  ასხმული ნიგვზის ლებნები ელოდნენ თავიანთ რიგს, რათა თათარაში ამოვლებულებს, უკვე გემრიელი
   
    ჩურჩხელების სახით მოეწონებინათ თავი
    ბავშვებისათვის და განსაკუთრებით ოქტომბრისთვის.
შემოდგომის მეორე თვემ ყველა ქვევრიდან მოწრუპა ცოტ-ცოტა ღვინო, რომელიც მოეწონა თვითონვე დალუქა. დაწუნებულები კი თავღია დატოვა.
- ცუდი ღვინის პატრონი თვითონ მიხვდება, რაც უნდა გააკეთოს.
- მაინც რა უნდა ქნას? - იკითხა აკაკომ.
- ცუდი ღვინო უნდა გადააქციოს, ქვევრი ხელახლა გარეცხოს და ახალი, სუფთა ღვინო ჩაასხას შიგ. ნოემბერი რომ მოვა, იმედია გადაამოწმებს და თუ დაწუნებულ ქვევრებში კვლავ ცუდი ღვინო დახვდა, მომავალ წელს პატრონს კარგი მოსავალი აღარ ექნება. აბა ბავშვებო ჩურჩხელები არ გამინაწყენოთ, მიირთვით.
მოფუსფუსე ქალებმა ირინასა და აკაკოს  ახლადამოვლებული ჩურჩხელები მიაწოდეს. პატარებმა სიამოვნებით ჩაიგემრიელეს პირი და წინ წასულ ოქტომბერს გაედევნენ.
- ახლა კი გამაცილეთ ჩემო პატარებო, ჩემი წასვლის დროც დადგა. ძალიან კი დამეხმარეთ ხომ იცით. თქვენ ჩემი პატარა შეგირდები ხართ. შემოდგომის (ჩემი) ნობათი სახლის კართან გელოდებათ. ოქტომბერმა ირინა და აკაკო ხელში აიტაცა და მაგრად ჩაკოცნა.
- ძალიან კარგები ხართ, მომავალ შემოდგომას იმედია დამხვდებით. ძალიან არ გაიზარდოთ და არ დასერიოზულდეთ რაა. . . . . 
ოქტომბერმა მხარზე დიდი ხურჯინი გადაიკიდა, არც ყურძენი დავიწყებია და ნოემბრის შესახვედრად გაემართა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები