ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2009


წარმოდგენა იწყება (I ნაწილის ჩასწორებული ვარიანტი)


I ნაწილი

აუ, თეატრი მინდა? ძმაკაცები გააფრენენ...
რეჟისორს ვუთხარი, - ვინმემ რო გაიცინოს დედას გეფიცები, თუ არ დავარტყა-მეთქი...
იცინა, - კომედიაში თამაშობ, შენ რა, მთელი დარბაზის ცემას აპირებ? თუ არ გაიცინა არავინ და, ჩავარდნილა სპექტაკლი და მაშინ მე გცემთო...
მაგარი ქალია...
შეიძლება მართლა გვცემოს. ერთი-ორჯერ, რაღაცა ისე რომ არ გამოვიდა, როგორც უნდოდა და უყურადღებოდ ვიყავით,  გაბრაზებულმა სკამს ისე გლიჯაA ფეხი, კინაღამ მოიტეხა...
საწყალი სკამი. ჩვენზე დასარტყამი ხვდება...
არა, იასნია, ხელს არ გაიღებს... არც ფეხს.  მაგრამ ხო შეიძლება ისე, უბრალო სიტყვით ცემო კაცს, დააჩმორო... ცემაზე უარესი თუ არ იყოს, ჩემი დე...
აუ, ამიკრძალა რეჟისორმა, - თუ გინდა ერთად ვიმუშაოთ, ეს არ თქვაო, - ბიჭებთან რო ვბაზრობდი, გაუგონია...
კაი ტიპია რა... დედაჩემზე უფროსი იქნება ალბათ... მაგარ პატივს თუ არ ვცემდე, ჩემი... ხო, არ ვიტყვი...  არა და ბიჭები, საძმაკაცო  ასე ბაზრობს ყველა... ერთი მაგრად უნდა გავატრაკო და ვაბშე. მეც სხვას ავყევი, ყველა მაგარი ბიჭი ასე ბაზრობდა... მარა თუ მევასებოდეს, ჩემი... არა და იასნია, სირობაა...
რა მეთეატრება, ორი Dდღეა რაც სტუდენტი ვარ, ჯერ მარტო მე ვიცი რაც მეთეატრება...
ის ჩაეწერა თეატრალურ ჯგუფში...
ლექციებზე ერთი კვირით  გვიან მივედი, ინსტიტუტის რექტორი მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცია... მამაჩემმა თხოვა (ციხიდან დაურეკავს), - არ მინდა სულ ქუჩაში იყოსო... იმასაც უთქვამს აკრედიტებულ დიპლომს ვერ მივცემ, მაგრამ ლიცენზირებულის ატვეჩაი ვარ... მოვიდეს ისწავლოს, ოღონდ, მართლა ისწავლოსო...
ხოდა, მამა მერე მე მირეკავს, - აქა და აქ მიხვალო...
კაი რა მამა, ინსტიტუტი მინდა-მეთქი? - ამის თქმა მინდოდა და ვერ ვუთხარი...
ხოდა, თანხმობა გამოვიდა...

მესამე Dდღეს რექტორის კაბინეტში ვიყავი უკვე...

ვა რა კაცი, რა კაციო... ხო იცი, მამაშენის ძმა ვარ და მამაშენზე მაგარი ძმა არ მყოლია და მამაშენზე მაგარი კაცის მნახავი კიდე არ ვარო... და რაზე იჯექი, ისიც ვიციო... როგორ წაართვა იმ ახვარმა მოხუცს ხელჩანთა... ბედი არ გინდა, რაღაA მაინც და მაინც მაშინ იყავი ზუსტად იმ ადგილზე, ხო აიცილებდი ამ უბედურებასო... არა რა, მაგარი ხარ, იმ ახვარს მისივე დანა ტრაკში როგორ გაურჭვე?! ღირსი იყო, მარა შენ სამი წელი იჯექი, ის კი გარეთ გულაობდაო... გეთქვა ერთი სიტყვა და იმას დაიჭერდნენ... დასაჭერი და დასაჭრელი იყო აბა რა ჩემი ფეხები, ოცი წლის ვირი რომ მოხუცს ხელიდან სუნკას წაართმევს და გაიქცევა, იმას კაცი ქვიაო... რა ჩაშვება, რის ჩაშვება,  ახლა საქართველოში ნახევარი საქართველო ჩამშვებია და მეორე ნახევარს უშვებს და ამით ცხოვრობს... მარა მამაშენი არ, ხარო? რა გულიც იმას აქვს, იგივე გული შენ გაქვსო - ეს დამევასა...
ბედნიერი მამაშენი ამ უბედურებას ვერ ხედავს, ვინ არის ციხეში ის თუ მე, ვერ გამიგიაო?..
სიტყვა არ მათქმევინა... სტოპი ხო უნდა ექნა, ან წაპაუზება... არააა. ლაპარაკობდა. ერთი ვერ ჩავერთვე. P პრინციპში არც მიფიქრია. ბოლოს მორჩა...
თუ რამე დაგჭირდა არ მოგერიდოს.  წადი ახლა დეკანატში და მდივანი ჯგუფში მიგიყვანსო...

გარეთ გამოსულმა ის დავინახე... მეტყველი თვალები ჰქონდა, მოლაპარაკე თვალები... შეიძლება ადამიანი ლამაზი იყო, მაგრამ თვალები ცარიელი გქონდეს. ეს ლამაზიც იყო და სავსე თვალება. მოვიფიქრე და ვკითხე: დეკანატი სად არის-მეთქი... წამო, გასწავლიო, - არ დაზარებია... დამენანა მასთან დაცილება, იქვე იყო დეკანატი, ორ ნაბიჯში. არა უშავს, ალბათ აქ სწავლობს, კიდე ვნახავ და მერე რაღაცას კიდე ვკითხავ-მეთქი - გავიფიქრე...
ფაკულტეტის მდივანმა, - ლექცია უკვე დაწყებულია, მაგრამ არა უშავს, შედიო... 23-ე აუდიტორიაშია ახლა შენი ჯგუფიო... კარგი, მე გაგყვებიო, - და ნადზირატელივით გამომყვა რა...
ზუსტად ისე გამიღო კარები, როგორს საკნის კარებს მიღებდნენ...
მეთქი, ახლა ნარებს დავინახავ და რამე... კიდე  ეს მინდოდა... ეჰ მამა!
და შევედი...
საკანი კი არა, ისე ნათელი აუდიტორია იყო... სიბნელიდან უცებ კაშკაშა შუქზე  რომ შეხვალ...
კინაღამ თვალებზე ავიფარე ხელი...
ფაკულტეტის მდივანმა, - ახალი სტუდენტია, ამ ჯგუფში იქნებაო და მიმიხურა კარი...
ლექტორმა, - სად იყავი რატო დააგვიანეო? ციხეში-მეთქი... კარგი დაჯექიო, - ისე მითხრა თითქოს ბუფეტში ვიყავი საჭმელად და დავაგვიანე...
- მე კიდე დაჯდომა მინდა, სამი წელი ვიჯექი-მეთქი და გავიცინე...
რაღაც ხო უნდა მეთქვა...  საერთოდ ასეა რა, ახალ ადგილზე რომ მიდიხარ, უნდა შენი თავი აჩვენო, რომ  ჩმორი არ ხარ  და თავში ხელს რომ ვერავინ ვერ წამოგარტყამს... 
და ისევ ის დავინახე... ვიღაც გოგოს გვერდით იჯდა...
როგორ დამიარა... მარტო თვალებით არ დამინახია: მთელმა ჩემმა სხეულმა იგრძნო, რომ ის იქ იჯდა, მუცელმა დაჟე ბუყ-ბუყი დაიწყო...
ხმა ვერ ამოვიღე...
წავედი და უკანა ცარიელ მერხთან დავჯექი... 
მაგრამ ცარიელი არ ვყოფილვარ... რაღაცამ ამავსო...
მე მგონი ის დამემართა რა, კორკოტა რო ყვირის დილით ერთ რადიოში გიჟივით, - `აივსეთ, აივსეთო!”. გიჟია ეს კორკოტა, მარა, კაი გიჟია, კეთილი... თან რასაც ბაზრობს, ასიანს ბაზრობს... ერთხელ ვუსმინე... ანეკდოტს მოყვა: სტუმარი მიდის გურულთან. - წინა დღის ლობიო გიყვარსო? - გურული ეკითხება. კიო, - სტუმარმა... - წაი ძამა ახლა სახლში მაშინ და ხვალ მოიო, - გურულმა... იტოგში, კაი ტიპია რა... 


შესვენებაზე ბიჭებს გავესაუბრე. ცუდი სასტავი არ ჩანს. იგივე საკანია რა. აქაც იქნება კარგი და აქაც იქნება ცუდი. ვაბშე ცხოვრება რაც არი რა... კოპლებიანი ბურთი: თეთრი ფერი, შავი ფერი, თეთრი ფერი, შავი ფერი. ეს ორი ფერია ნაღდი, დანარჩენი ყველა მოგონილია... 
ხო, ის გოგოებთან იდგა. რამდენჯერმე გავაპარე თვალი და შეჯახება მოხდა – მზერის. ხო არაფერი, მაგრამ მესიამოვნა. მერე რა, რომ სველია სველი იასამანი...
... მეორე ლექციაზე აუდიტორიაში ისევ ის ქალი შემოვიდა, მე რომ აუდიტორიაში მომაცილა. ამას კიდე ვიღაც ქალი ახლდა, თურმე რეჟისორი.  ვის გიყვართ თეატრი, ვის გინდათ თეატრალურ დასში ჩაწერაო? რამდენიმემ აწია ხელი. იმანაც და რატომღაც გამომხედა. იმის მერე მეც ჩავეწერე... სულ იმის ბრალია...
მეორე დღეს, ორ საათზე ინსტიტუტის დარბაზში დაგვიბარეს...

...წუხელ სიზმარში ისევ ზონაში ვიყავი... კობრა მენაგლებოდა, სიცილით და რამე - ხო არ  დაუბერე, რა თეატრი ბიჭოო...
ავვარდი...  იმან ხო არ იცის, რაც მეთეატრება და ეგრევე დავარტყი... კიდე კარგი, კოიკას არ გლიჯა თავი... ისევ წამომიხტა... `არასპრავედლივი ხელი მომხვდა, ვისა ბიჭოო?”, - ყვირილი დაიწყო. გააჯვი-მეთქი და კიდევ დავარტყი.  მერე ჩიკო წამომიხტა და კაჩავი დამიწყო, კობრას ეძმაკაცება... დამიწყნარდი-მეთქი და დამარტყა... არ ველოდი, ჩავიკეცე... უზბეკამ კიდე ჩიკოს გლიჯა,  ჩემთან ძმაკაცობს... გუჩი გვაშველებდა. საწყალი გუჩი, ყოველთვის გამშველებელია და ყოველთვის ყველაზე მეტი ხვდება... მერე დედაჩემმა გამაღვიძა, - რა გჭირს, ძილში იგინებოდიო და ბორგავდიო... უცებ გავაიასნე რომ სიზმარი იყო და სვაბოდაზე ვარ... არაფერი-მეთქი... სიზმარს ხო არ მოვუყვებოდი?.. 
...რეჟისორი კაი ტიპი ჩანს, მგონი მეც დავევასე - ერთ-ერთი მთავარი როლი მომცა... არადა საერთოდ მსახიობობის  აზრზე არ ვარ. როგორ არის ფილმში რომ არის? - რა ატამი, რის ატამი? - ზუსტად ისე ვარ რა... რა თეატრი, რის თეატრი?.. პროსტო ჩავეწერე, მე ხო ვიცი, რატომაც... 
მე ვარ მალხაზ კაკაბაძე - მაყურებელი, რომელიც მარტო მიდის თეატრში ქორწილის დღეს, როცა მთელი ქალაქი ქორწილშია დაპატიჟებული... მომეწონა  როლის სახელი – “მაყურებელი” და უარი არ მითქვამს... თავიდან თითქოს ტეხავდა, მერე დავიკიდე...  სულ მახატია... ხო, რეჟისორმა - ალ პაჩინოს გავხარო... 
გამიტრაკეს საქმე ამ ალ პაჩინოთი. ქალების საკანთან ჩავიარე ერთხელ და - ნახე რა, სუფთა მაიკლიო, - ერთმა... ციხეში ხო ყველა დონ ვიტო კარლეონეზე და მაიკლზე ბაზრობს... 
გუჩის მესიჯი გავუგზავნე, ალ პაჩინოს მონაწილეობით ფილმი მინდა-მეთქი...  ხო, გუჩიც სვაბოდაზეა. წიგნის მოპარვის გულისთვის იჯდა ექვსი თვე. მე რო შევედი, ის ხუთ თვეში გამოვიდა, მაგრამ ძმაკაცობას ვაგრძელებთ.  იმან ლინკი გამომიგზავნა, `ნაიარევი სახე”... წინა დღეს მეზობელმა ინტერნეტიც შემომიყვანა, პაპალამ ვიხდით რა. ჩემმა დამ გადამჭამა თავი, - მინდაო. სკოლაში ამხანაგებს ყველას ინტერნეტი აქვსო და რამე. რა ჩემ ფეხებად გვინდა, წიგნი იკითხე-მეთქი... გამოვედი ნადზირატელი... არაფერი უთქვამს... თვალები ცრემლით აევსო... იცის რა, როგორ მელაპარაკოს... და დავთანხმდი...
თურმე მინდა კი არა და, სადა ვბანაობ?.. მოვედი თუ არა სახლში, დამსვი-მეთქი. ანკამ (ჩემი და) დაცინვა დამიწყო, - აკი არ გვინდა ინტერნეტიო?.. წავუყრუე... ლინკით ფილმი მოვნახე და გადმოწერა დავიწყე. ორმოცი წუთი უნდაო, -დაეწერა.  ანკას ვუთხარი, - სანამ გადმოიწერება იჯექი. მერე თუ გინდა ფილმი ვნახოთ ერთად-მეთქი. არა, მერე უნდა ვიმეცადინოო. ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ორმოც წუთში უკვე ფილმს ვუყურებდი.  ტონი Mმონტანას ამბები და რამე. სახელი ბარამ ბარამიძეს გავს ცოტა - ჟღერადობით...
არავის ვეუბნები, მაგრამ მაგარი სახელი და გვარი მაქვს...
ხო, ფილმში  ის დამევასა, ბავშვები სასიკვდილოდ რომ ვერ გაიმეტა...
ძმაკაცი რო დაბრიდა, მიქარა...
ისიც კაი ტიპი, ტო! ძმაკაცი არაა?! მანნი რიბერა ხარ თუ ვინა ხარ, მიდი რა შეჩემა უთხარი, რომ შენი და მიყვარს, ცოლად მინდა... მიქარა...  როგორია, ძმასავით ყავდა რა... გამოდის, ძმა დაბრიდა... ეს იყო მისი კანეცი... მერე ესეც ვაფშე წამალს შეაჯდა... სანამ ძმაკაცი გვერდით ყავდა, ქაჩავდა... მარტო რო დარჩა, უკვე ვეღარა... …ბოლო, ბოლო ორივემ მიქარა და მერე დაერხათ... 

ისევ რეპეტიაცია. თურმე დოჩანაშვილის პიესას ვდგამთ, `ჰარალეთური ამბები” ქვიაო. ჯერ პროსტო დაგვსვა და რეპლიკები და როლები ჩაგვაწერინა... მერე, აბა ახლა გახურებაო - და წრე გაგვაკეთებინა. ბაცო (ასე ვეძახით რეჟისორს - ასე დამიძახეთო) შუაში დადგა და რიტმში ტაშს უკრავდა და ვისაც შეხედავდა, იმავე რიტმში უნდა ტაშით ეპასუხა. ვინც რიტმს დარღვევდა, ვარდებოდა და ვაგრძელებდით,  სანამ ერთი არ დარჩებოდა. თავიდან ორჯერ მე გავედი ბოლომდე. თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, ტაშს როდის შემოკრავდა. სხვები ხელებში უყურებდნენ მგონი...
ის გაკვირვებული მიყურებდა...
და გაოცებული...
ვითომ არაფერი, მაგრამ მესიამოვნა... გუჩის უყვარს ფრაზა, მესიამოვნა იასამანი  და კიდე, მერე რა რო სველია, სველი იასამანი... ეს სპექტაკლი ოთხჯერ უნახავს...  ესეც გიჟი. ოთხჯერ ერთი და იგივეს რა აყურებინებდა...
არადა, გუჩი გიჟი მართლა არ არის. ცოცხალი ენციკლოპედიაა. ჩვენთან რო პერედაჩებად საჭმელი და ტასმაცმელი მოქონდათ, მაგასთან წიგნები. იმდენი დაუგროვდა, საკუთარი ბიბლიოთეკა გახსნა...
მესამე ჯერზე მე და ის (ხო ვიტყვი, - ნინი ქვია) მოვხვდით ფინალში და სანამ ვფიქრობდი, ხო არ მოვაგებინო-მეთქი, მართლა მომიგო... დავარღვიე რიტმი, ან შეიძლება  მართლა იმის ბრალია, რომ პირისპირ როცა ვიდექი, შევხედე... ბაცოს ტაშიზა არ მცხელოდა და წავაგე რა...
რიტმი დამერღვა, არიტმია დამემართა. გაუხარდა, რომ მოიგო, მერვეკლასელი გოგოსავით შემოკრა ტაში, - გავიმარჯვეო!
მეც ტაში დავუკარიდა გავუღიმე, პირველად.... - შენ რა გიხარიაო, - მეკითხება. თურმე რა იოლად შეიძლება დაგელაპარაკოს. ეს იყო მეორე სიტყვები, რაც საერთოდ მითხრა. 
ნეტა ახსოვს? არა მგონია.
არაფერი, უბრალოდ სიხარულში გეხმარები-მეთქი...
ეს კი იყო მეორე სიტყვები, რომელიც მე ვუთხარი - მე მახსოვს.
გაკვირვებულმა შემომხედა...
სიხარულში მიხმარება კიდე ციხეში ვისწავლე...
არა, უფრო სწორად, იქ ტირილში მიხმარება ვისწავლე. ზონაში მოყვა გუჩი,  როგორ გაუმარჯვია ყველაზე მაგარი ფრაზის კონკურსში ოთხი წლის ბიჭს. ეს ბიჭი მეზობელ მტირალ  მოხუცთან, რომელსაც  ქმარი გარდაცვლია, მისულა და კალთაში ჩაჯდომია, მერე როცა ქალი დამშვიდებულა ისევ დედას დაბრუნებია. დედას უკითხავს, - რა უთხარი ბებიას, …ასე რომ დამშვიდდაო? - არაფერი არ მითქვამს, ტირილში მივეხმარეო, - ბიჭს უპასუხია... საიდან მოიფიქრა, ტო?..
მერე როლების კითხვა დავიწყეთ. როლის ჩაწერის დროს ეტყობა ვჩქარობდი და ძლივს ამოვიკითხე ნაწერი. ბაცომ - ხო, გაურკვევლად, გაკრული ხელით გიწერია, არა უშავსო (ჩემი ნაწერი არ იყო?)... მაშინ დამევასა რა...  ქალი და ასეთი გამგები?.. რა ტონკია, ხო შეეძლო ეთქვა: - შენ  რა, ბიჭო, კითხვა გიჭირსო? ხო, მართლაც რომ ეთქვა ასე, ალბათ დავტოვებდი რეპეტიციას და არც მივიდოდი... მისი გაკვირვებული თვალები გამომყვებოდა ალბათ... რეჟისორის არა, იმის...
კითხვა ნაღდად არ მიჭირს, უფრო გუჩის წიგნების წყალობით. პროსტო სწრაფად ვერ ვწერ. პრინციპში წესიერი წერა როდის უნდა მესწავლა? სკოლაში ორი დავალება არ მექნება დანაწერი. მე რომ დავიბადე, მამაჩემი ციხეში იყო უკვე. ვინმემ ცუდი არ იფიქროს,  მამაჩემი არის მსოფლიოში ყველაზე მართალი და მაგარი კაცი, პროსტო ბოზებს და არაკაცებს ვერ იტანს... ბოზს და არაკაცს კიდე რა დალევს?!
ოჯახი რო შეენახა, დედაჩემი დილიდან საღამომდე მაღაზიაში მუშაობდა, მე კიდე სკოლაში როცა მინდოდა, მაშინ მივდიოდი, რომელიმე ძმაკაცის ნახვა თუ დამჭირდებოდა, ან მე თუ ვჭირდებოდი ვინმეს. საქმის გარჩევა, ჩხუბი...
ქუჩა ასეა, აქ თუ გინდა დამკვიდრდე და პატივი გცენ, უნდა იჩხუბო... ოღონდ, როცა საჩხუბარია... აბა სულ გიჟები ჩხუბობენ, აგრესიული გიჟები...

დღევანდელი რეპეტიაცია ასე დამთავრდა: ბაცომ როლების სწავლა გვთხოვა და კიდე გვთხოვა, არ დაგვეგვიანებია...
ნინი დაქალებთან ერთად წავიდა... ვიცი, ავჭალაში ცხოვრობს. მე – ორთაჭალაში. მოკლედ, `ჭალა” გვაქვს ჯერ მხოლოდ საერთო...
იმასაც ვერ ვეუბნები - გაგაცილებ-მეთქი...
თხოვნა რა პონტია, კი არ მცხვენია და რამე...
პროსტო უარი რო თქვას, მაგარ დონეზე გამიტყდება რა... მოვა დრო და ვეტყვი. დროს ველოდები... რა დროს, არ ვიცი... მაგრამ ველოდები...
ბაბუაჩემის სიტყვები მახსენდება. თუთუნის მოწევა უყვარს ბარამ ბაბუას... ციხიდან რომ გამოვედი, სოფელშიც ვიყავი და `პარლამენტს” ვჩუქნიდი, სავსე კოლოფს, - აი ბაბუ, “პარლამენტია”, თვითონ პარლამენტი კი არ გვივარგა, მაგრამ ეს მოსაწევად კარგია-მეთქი. იმან კიდე, - ბაბუ, არც “პარლამენტი” მინდა, არც “პრეზიდენტ”, ამათ ორივეს ჩემი თუთუნი მირჩევნიაო. მოწევას როდის ვიწყებ, იცი? თუთუნს რო ამოვიღებ და შეხვევას ვიწყებ, იმაშია მთელი მარილიო...

ჩემი მარილი ახლა მისი დანახვაა, მისი თვალების მზერის წამიერი დაჭერა. რაღაცას მეუბნება თითქოს ჩუმად, დამალულს. ისე დამალულს, საკუთარ თავსაც რომ ვერ გაუმხელს ხან კაცი...  ქალიც... 
სახლში მისულს დედაჩემმა მომისწრო, როლს ვსწავლობდი. ზუსტად ისეთი სახით მიყურებდა, აი, სვაბოდაზე რომ გამოვედი და ვნახე. თითქოს ახლაც მეუბნებოდა: შვილო, აქამდე როგორ იცხოვრე, ის კი არ არის მთავარი, აწი როგორ იცხოვრებ, ის არის მთავარიო... მაშინ მინდოდა მეთქვა, - აქამდე როგორც ვიცხოვრე, აწიც ისე ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ ვერ ვუთხარი. ისე მომნატრებოდა, ხმა რომ ამომეღო, ვიფიქრე, არ ავტირდე-მეთქი, არადა მთელი ძმაკაცობა იყო მოსული,  შამპანურებით და რამე...

          I ნაწილის დასასრული

            გაგრძელება იქნება

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები