1.
ეს მცირე ნათება, ყვავილში მობუდრული, ამ გადარეულ, ბნელ ამბავში, სადაც დიდი სიჩუმე ჩავღვარე და ტკივილი ჭადრის ფოთოლს მივაფიცხე — ისეთი გამჭოლი და უსუსურია.
2.
ყოველ კვირა დღეს, შებინდებისას, მე ვხედავ, თუ როგორ ლამობს შროშანი ფანჯრიდან გაქცევას იქ, სადაც თითქოს წყურვილს მოიკლავს და მაინც — დამშრალი უბრუნდება გამხმარ ნიადაგს.
3.
მე ვიცი, რაც ჰქვია ამგვარ დაბრუნებას. მე ვიცი, რა დაარქვეს მარტოხელა ქალს, ავ ქმარს რომ გაეყარა და ზღვის მარჯანივით ფსკერს გამოაბეს. მე ვიცი, რა ერქვა მამაჩემის მამის მამას, ,, ნახვაწამ " რომ გაგუდა და მის საფლავზე სიმინდი აბიბინდა.
4.
მე ვიცი, რა ერქვა აბრაამის შვილიშვილს და ისიც ვიცი, რატომაც დამარქვეს ირინე, მაგრამ არ ვიცი, რად შეარქვეს „ფანჯრის დედოფალი“, ჩემს მშიშარა შროშანს, რომელიც ვარდსაც კი უბოდიშებს - ხანგრძლივ ყვავილობაში.
5.
მე ვიცი, რას დავარქმევდი სიზმარს ცხადად რო ამიხდეს, ოღონდ ჩამეძინოს და როგორც კლდიდან კლდეზე მოხტუნავე ფოთრი - ავირიდებდი უშნო მტაცებლებს.
6.
გაანგრევს დარდი რკინიზგის ჯებირებს და მემანქანის საყვირის ხმა - გულს შეუქანებს მინდვრის თაგვებს. და შუქნიშანთან მობანცალე კაცის მზერა, ნაბახუსევზე, მოჰყვება ღიღინს: თუ როგორ იხრჩობიან ლექსები პოეტებში, თუ როგორ უძაღლებენ პოეტებს ყოფას... და რამდენჯერაც ვუბრუნდები ილიას - „განდეგილს“, იმდენჯერ ვუკვდები დედას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|