ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2026


(ავად)მყოფი

-ძალიან ცუდი პასუხებია, რატომ, ბატონო ნოდარ? წამალს ხომ სვამთ?

-ვსვამ!

გამომცდელად მიყურებს, ვხვდები, გამომიჭირა.

-ერთი-ორჯერ დამავიწყდა... ისე კი ვსვამ.

-არ შეიძლება! ეს მედიკამენტები...- და იწყება გრძელი, დამტუქსავი საუბარი.

  აღარ მეშინია, რაც მოსასვლელია, მომოვიდეს.  ხან ვფიქრობ, უარესი აღარც მომივა. 

  ეს ბრძოლა, რამდენიმე წლის წინ დავიწყე, რამდენიმე კი არა, აგერ აპრილში ხუთი წელი შესრულდება. ისეთი ღვთისნიერი ექიმი შემხვდა, ღმერთმა დაულოცოს მარჯვენა. ხუთიანზე შეასრულა ყველაფერი, მაგრამ მერე, მერე კიდევ უფრო რთული დღეები დაიწყო.

-აი, ვუყურებ და კვება გაკლია, როგორ იკვებები?

-ბევრს ვერ ვჭამ.

-არ შეიძლება! ამ B12- ის დეფიციტს ვერაფერი შეგივსებს ხორცის გარდა. მხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევა ამას ვერ გასწვდება. ხორცი და რძის ნაწარმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენთვის. გემოგლობინიც ვერ ავწიეთ. თაფლიანი წყალი დაიდგით საღამოობით და უზმოზე დალიეთ. თაფლი ჯადოსნური პროდუქტია.

-გმადლობთ, ექიმო, გმადლობთ,- ღიმილით გამოვდივარ კაბინეტიდან.  ისეთ მზერას ვგრძნობ, ნაბიჯს ვუჩარებ. აქ არავინ იცინის, აქ თითქოს ერთი დაუსრულებელი დატირებაა.

  ჩვენ, ვინც ყოველ თვე დავდივართ ამ კლინიკაში ერთმანეთს ვიცნობთ, მხოლოდ თავს ვუკრავთ მისასალმებლად. სალაპარაკო არაფერია, ჩვენ არც სხვისი თანაგრძნობა გვჭირდება და არც ჩვენ ვართ სხვების გამხნევების გუნებაზე.

  ყოველ თვე ორას სამოცდათხუთმეტ  ლარს ვიხდი. ამას ემატება გზის ფული. ერთი თვის წამალს მაძლევენ, ხანდახან თავს ვიტყუებ, ვითომ დამავიწყდა, თვეში მიგდებული ორი დღეც რაღაცაა. ამას ვერ ვეტყვი ექიმს, ამას ვერავის ვეტყვი, სათქმელადაც რთულია და მისახვედრადაც. მით უფრო თუ შენ თვიდან თვემდე ხურდა ფულს  არ ითვლი.

  მე დასათვლელიც აღარაფერი მრჩება. ზამთარში შეშით გავდივარ იოლად, მივყევი და ვეძებ გამხმარ ხეებს, ვინახავ წალამს, ქაღალდებს, კარდონის ყუთებს... დენი კიდე, სულ ისე ხომ ვერ იქნება, ადრიანად ვწვები, ნათურებს ვაქრობ, ტელევიზორსაც ვრთავ ჩამრთველიდან. თავის მოტყუებაა ყველაფერი.

  დღე კიდევ გარეთ ვარ, მთელი დღე მიწას ჩავშტერებივარ. უწინ მეც მარჩენდა და კიდევ რამდენიმე ოჯახსაც, ყველაფერი მომყავდა, ნოყიერი იყო, ამის მადლს ვენაცვალე. ტომრებით მოდიოდა კარტოფილი, სულ ნარჩევი, ვარდისფერი კარტოფილი, მწვანილი მისდღემში საყიდელი არ გვქონია, ხილსა და ბოსტნეულს ხომ ნუღარ იტყვი. ეს სიმინდი და ლობიო, სიმინდი იმდენი იყო, ჩვენც გვყოფნიდა და ჩვენს ღორებსაც. წელი არ გავიდოდა, შობას ღორი არ აგვეჭყივლებინა, კარგად რომ ჩამობარდნიდა, უხდებოდა თოვლი აგიზგიზებულ ცეცხლს და მწვადებს. ახლა აღარც ღორია და აღარც - თოვლი. რამდენი ხანია თოვლი აღარ მოსულა, ყველაფერი გაუკუღმართდა.

  ახლა მეც გამოვიფიტე და ეს სახლიც დაცარიელდა, საქონლის სადგომიც რა ხანია სულიერს არ უნახავს. მიწაც ჩემსავით დაბერდა, ჩემსავით გამოიფიტა, აღარ იძლევა ნაყოფს. მაინც არ ვეშვები, მაინც მთელი დღე თავს დავტრიალებ, სადღა მაქვს ჯანი, მაგრამ ცოტ-ცოტა მაინც მოდის რაღაც. უნდა ნახო  ჩემი ქინძი როგორ ბიბინებს, ხახვიც იმდენი მოვიდა, ზამთრამდე უნდა გასტანოს, ლობიოც გამოირჩევა, ხუთი-ექვსი მოხარშვა მაინც გამოვა. ესეც ხომ რაღაცაა, რაღაცა კი არა, არ იცით თქვენ რამდენია კაცისთვის, რომელსაც სახელმწიფომ სამას სამოცი ლარი მისცა სარჩენად და რომელიც ორას სამოცდათხუთმეტ  ლარს ექიმებში იხდის.

  მივდივარ ცუდად განათებულ დერეფანში,  თოვლისფერი ადამიანები მივლიან გვერდს, თითქოს ვერც მამჩნევენ. ისინი ვინც აქაურობას მიეჩვია, სახეზე არაფერი აწერია, არავითარი განცდა, ისინი, ვინც ახლები არიან, ცრემლს ვერ იკავებენ, ისინი ვინც აქ აღარ მოვა, მალულად იკვნეტენ მიმქრალ ტუჩებს. დგას გრძელი რიგი. დერეფანი ვიწროა და ცუდად განათებული, ხორცი და რძის ნაწარმი, ნატურალული თაფლი და გრძელი სია წამლებისა.... კარგად უნდა იკვებო!- ექიმის დამრიგებლური ხმა, ცოტათი დამტუქსავი, დამამუნათებელი.
  რეგისტრატურის კედელზე დაკიდებული ტელევიზორიდან  სახელმწიფო მეთაური გვილოცავს ეკონომიკურ წინსვლას. ჯერ მეღმება, მერე თავს ვეღარ ვიკავებ და ხმამაღლა ვიცინი. ჩემი ხმა მეუცხოვება, დიდი ხანია ასე გულიანად აღარ გამიცინია, მაგრამ გაჩერება აღარ შემიძლია. ჯერ გაოცებულნი მიყურებენ, მერე ბრაზმოებულნი, მერე თავადაც ვეღარ იკავებენ სიცილს და გალურჯებულ ტუჩებზე ღიმილი მოსდით. ვიცინი მე, ვიცინით ჩვენ ყველა, ვისაც უკვე აღარაფერი დაგვრჩა სიცილის გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები