ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2009


მინაწერები ცადსაფრენ წერილებზე

წიგნიდან  << თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი  ს ო ნ ე ტ ებ ი >>

1.

ნ ი ს ლ გ ა დ ა ც ლ ი ლ ი  ც ი ს ა

ცას 
      ნისლგადაცლილს
            ავცქერი,
სახლს
      მნათთა,
            მოციმციმეთა
და მასთან ვაფრენ ამ წერილს,
იქ
      ვინც
            მეგულვის
                  იმედად!..

ხსოვნას  შევანჯღრევ  მიბნედილს  -
ცრემლის
      იჩქეფებს
            ჩანჩქერი...
თუ  გავძელ  -
      ოდენ  იმ  ერთის
რწმენით
      ცად
            ვისაც
                    ავცქერი...

წერაქმნილს მწარე წილხვედრის
(აწ  რის  დატკბობას  არც  ველი!..),
ამ  გულს,
      რა  პირით,
            ვინ  მეტყვის,
ჰყავდაო  სხვა  მწე, 
    სხვა  მცველი,
როს  კვლავ  მადლითღა  იმ  ერთის
ძლებს,
      ცით
              ვინც
                    ჯერაც
                            დამცქერის?!..



2. 

თხილივით  გასაყოფი  მზისა


ნანინანატრ  სოფლიდან
( ვით  ოცნების  თარგმანი!..)
ჩემს  ჯარგვალთან  მოფრინდა
ჩიტი  უცხო  ცარგვალის...

გულმა  ჭმუნვით  მოღლილთა
უკუყარა  ანბანიც...
- სევდა  მიფლით-მოფლითა
სიხარულის  არგანით!..

რა  სიკეთეს  არ  მიყოფ,
მოკვდავს  რას  არ  მომასწრებ!..
მწამს  -  თხილივით  გამიყოფ,
იმ  დღის  რომ  ამოვა  მზე!..

აბა,  როგორ  არ  ვიყო
შენი  თანამოაზრე?!..



3.  სხვა  გზა-გეზით  მოარულისა 

საგაზაფხულო  სიმღერა
(ყრმობისდროინდელი)


სათესიდან,
        სახნავიდან,
ნახნავიდან,
        ნათესიდან
აჯეჯილდა,
        აყვავილდა,
სად  -  თესლიდან,
        სად  -  ფესვიდან...
რა  ბალახთა,
        რა  ყვავილთა
იკოცნება
        ბაგე  მზითა!..
მე  სიცოცხლე
        ახლა  მინდა,
ახლა  მინდა
        ალერსი  და
სასიმღეროდ
        სხვა  ხმა  მინდა,
მსურს  გავკვესო
        სხვა კვესითა!..
სხვა ბილიკთა
        ლახვა  მინდა -_
არ  სხვათაგან
          დაკეცილთა!..

-  მზეს  მოვყვები
          სხვა ღამიდან,
სხვა  გზითა  და
          სხვა  გეზითა!..


4.

ანაზდეული  გაზაფხულისა

ანაზდეულმა  გაზაფხულმა
ისე  დამცადა
თებერვლის  კარის  გამოხურვაც
კი  არ  დამცალდა...

ისე  უეცრად  შეეპარა
სისხლს  ამაჭრება...
ბაღმაც  ზიზია  შეიკერა
ფერადნაჭრება...

ვერც  კი  მოვასწარ  ახლო-მახლო
მიხედ-მოხედვა,
რომ  კვირტმა  ხე  და...  ბალახმა  ხომ
ქვაც  ამოხეთქა!...

-  ვინ იყო, ნეტავ,
ცით რომ ახლა
მზედ
გად-
მომ-
ხედა?!..


5.

მოსვლა-არწასვლისა

...მე  ისე  ადრე  მოვედი,
ვერც  შემამჩნიე  ბინდში...
ნუთუ  ასეა  ყოველთვის:
-  ადრე  მოსული  პოეტის
გზაც  იბინდება  შიშით?!.

...მე  ისე  ჩუმად  მოვედი,
არც  შეგრხევია  ბეწვი...
ნუთუ  ასეა  ყოველთვის:
-  ჩუმად  მოსული  პოეტის
დამხვდური  არის  ეჭვი?!.

...მე  ისე  წრფელად  მოვედი,
ო,  შენთან  ისე  მსურდა!..
აქ კი ასეა ყოველთვის:
-  დამხვდური წრფელი პოეტის
უგულობაა მუდამ?!

მაგრამ მე ისე ვერ წავალ,
ამ გულის ცეცხლ-ნაპერწკალმა
არ მოგანათოს გულთან!..


7.

ბოლოკეთილი  ზღაპრებისა

რაც  იყო  და  აღარ  არის,
რაღად  გინდა  ათარიღო?!
-  მაშ  ზღაპარშიც  გიცხოვრია,
თუ  რაც  იყო, ზღაპარ იყო!..

მაგრამ  რაწამს  მოგონება
გულზე  მოესალბუნება,
სიგიჟემდე  მოგინდება
კვლავ  იმ  ზღაპრად  დაბრუნება!..

უფალი  რომ  მოწყალეა,
გულიც  ამის  თავდებია
და  სწამს  -  მჭკნარი ის დილები
ახლად  ამოყვავდებიან...

-  ზღაპრები ხომ, როგორც წესი,
სვეკეთილად მთავრდებიან...



8.

რწმენით სავსე ნაკლული სონეტი


ხარ  უშურველი
და  გულუხვი -
ვით  მზე  მკათათვის...
და  მოიმედე  სუნთქვა  შენი
მკერდზე  გადამდის...
და  თუნდაც  როსმე
ყოველივე  უნდა  გათავდეს
-  რაც  დღემდე  მწამდა,
კვლავაც  მინდა  მწამდეს  ცათამდის!..

ხელისკანკალით  ვწერდი  რასმე,
ან  თუ  ვხატავდი,
ბედნიერებას  განვიცდიდი  რაღაც  გადამდებს,
რომ  არ  იქნება  ყოველივე  ისე  გათავდეს,
რომ  არ  დაღვინდეს,
არ  დამწიფდეს,
არ  დათავთავდეს...

რომ  არ  მოიმკას  მოსამკალი
თვემან  მკათათვის...
რომ  არ  დავიდეს  მოქნეული
ხმალი  ვადამდის...

არ  შეიძლება  ყოველივე  ისე  გათავდეს...


9.

ვინ?!.

ანუ -
ორგზის  შეკვეცილი  ორკეცი  სონეტი
მარადრიტორიკული  კითხვებით

ცაა  ნათელი  ზოგჯერ  ძალიან,
შეგიმჩნევია  თუკი...
ბედნიერების  ტყუპისცალია
ხილვა  ამგვარი  შუქის...

ვით  გაბრწყინდება  მხოლოდ  მზის  მადლით
ასე  საოცრად  სივრცე?!.
უკუნისიდან  უკუნისამდი
ვინ  აგიზგიზებს  ცისკრებს?!

ვინ  მილამპარობს  გზებზე  მყოფადის
და  გულს  იმედით  გვივსებს?!.

ვისი  შუქურა  უხმობს  ხომალდებს
მივემართებით  ვისკენ?!.

როს  ღამეული  ეჭვის  მეჩეჩი
რწმენის  ხომალდებს  გვიმსხვრევს,
ვინ  მოდის  მხსნელად
და  ჩვენ  -  ფრთებშეჭრილთ  -
ვინ  აგვიტაცებს  ცისკენ?!.

ვინ დააბრმავა მზესუმზირები,
ზემომზირალნი მზისკენ?!.
-  ვინ აგიზგიზებს,
-  ვინ აგიზგიზებს,
-  ვინ აგიზგიზებს ცისკრებს?!.



10.

ცოდვისა  და  უმეცრებისა

 
ვშიშობ,  ერთხელაც  ისე  არ  დავთვრე,
ვეღარც  მივაგნო  ჩემს  ცივ  სასთუმალს...
ან  გონს  ვით  უხმოს  ამდენნათრევმა
გულმა, ათასგვარ  შარში  ჩართულმა?!.

შენ  დამილოცე,  ღმერთო,  იმ  მაჭრის
დუღილი,  ძარღვში  კვლავ  რომ  ვერ  ცხრება!..
თუმც  მიმოჯეგა  ჯავრმა  ილაჯი
და  გულგასენილს  სიქაც  მეცლება!..

ჭირხლმა  ზვარ-ბაღი  გადამირუჯა
( დროზე  დაცალეს  ჭერხო  მერცხლებმა...)
ცის  დამინაცრა  ბინდმა  სილურჯე,
ვარსკვლავთა  ავლი  თავზე  მეცრება...

ვატყობ,  სიკვდილმაც  დასტურ  იმარჯვა
და  ფეხქვეშ  მწირი  მიწაც  მეცლება,
მაგრამ  წყლულთ  ჟამი  ისე  მიარჯლებს,
სიკვდილისთვისაც  აღარ  მეცლება...

-  არ  ჩამითვალო,  ღმერთო,  სილაჩრედ
სიცოცხლე  -  ცოდვა  და  უმეცრება!..



11.

წერასატანილი  გულისა


ისევ  გადაირია
მარტით,  აპრილ-მაისით,
დეკემბრის  და  იანვრის
და  თებერვლის  ნაისრი!..

ისევ  დამისნეულდა
სენით  დაუნდობელით,
ბინდთა  -  ღამისეულთა -
ფერად  რომ  ჩანს  სოფელი...

ისევ  გადაირეკა
მოსვენება  და  ძილი
და  მკერდს  -  ქცეულს  დილეგად
იკლებს  კვლავ  თავგანწირვით...

როდის  ძლებდა  უშაროდ -
ან  სხვა  რა  აქვს  ხელობა?..
ღმერთო,
არც  მოუშალო
გიჟობა  და  ხელობა!..

და  ის  ცეცხლიც  უსურვე,
რომ  სწვავთ  სისხლით  პოეტებს,
ვიდრე  სული  უზრუნველ
ნავსაყუდელს  ჰპოვებდეს!..



12.

მომაბეზრებელი  ვედრებისა


თუკი  მამულის  დღე  ხვალინდელიც
კერძი  გახდება  იქედნეს  შვილთა,
გასკდება  გული,  ჯავრის  მტვირთველი
და  სულიც  ზეცას  ვერ  ავა  მშვიდად...

და  თუმც  ჩვენს  აჯას,  ჯვარცმულო  ძეო,
ჯერ  არ  იკარებ  ისრის  საფრენზეც,
კვლავაც  შენ,  ვინც  ჩვენს  იმედად ზეობ,
ერს,  მტერმორეულს,  შემოგახვეწებ:

-  მოეც  ნათელი  ჩვენს  ცას,  უმზეოს,
რწმენა,  მიმქრალი,  აგვინაპერწკლე!..
მე  კი  შემინდე  -  მწირს  და  უმწეოს -
ამდენ  ვედრებით  თავს  რომ  გაბეზრებ!..

-  დააცხრე  ჟინი  იქედნეს  შვილთა,
რომ  მოგაბარო  ეს  სული  მშვიდად!..



13.

სასომიხდილი ნაკლული სონეტი


ისევ  უმუხთლეს  იბერთა  მოდგმას...
ძველ  ქვითკირს  ისევ  უჩინეს  ბზარი...
ჩვენ  კი  კვლავ  ჩვენთვის  ცალ-ცალკე  მოვთქვამთ,
ერთობლივ  როსღა  შემოვკრათ  ზარი?!.

მტერი  და  ავი  მოდგა  და  მოდგა,
შიგ  გულისწყლულში  გვაყრიან  მარილს...
ჯიშის,  ძირძველის,  ლამობენ  მოთხრას,
ერის  წაბილწვას  როშვებით  მყრალით...

ყოვლადძლიერო,  მოგვხედავ  როსღა,
რომ  განიკითხო  ცოდვა  და  ბრალი?!.



14.


სიმშვიდენაკლულისა

ვფლანგავ  და  ვფანტავ  რაც  უფრო
სიცოცხლეს  -  უფლის  ანაბარს,
უფრო  მიმრავლებს  საწუთროც
შარსა  და  დავიდარაბას...

თუ  რა  ვარამით  აღივსო,
გული  თავადაც  არ  ამბობს...
ან  ვინ  ჰყავს  -  უხმო  ძახილზე
მისი  ნაჭრევნი  გალამბოს?!.

სიკვდილი  მაინც  აღირსო
ვინძლო,  უდავიდარაბო!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები