ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2009


***

ფეხსაცმელები:კაცისა_კართან,
ქალისა_საწოლის ჩრდილს შეფარებული.
ადრე სულ ერთად იყვნენ
და ერთი ჯაგრისის სუნი ასდიოდათ.

***
უკვდავების წყაროთი ავსებულ
ხელადის ჩრდილივით ლამაზია
მანდილი დედისა...

***
ლეკვი ბავშვისაკენ მიიწევს,
ბავშვი_ლეკვისაკენ,
ერთს თოკი აკავებს,
მეორეს ხელი_მძიმებეჭდიანი.

აქედან იწყება ტანჯვა სიყვარულის.


როგორც  მზე
----------------------
არც ცხადის ბზარი მკრთალდება,
არც_სიზმრის ნაიარევი.

რა მხარეები გამოჩნდა,
რა მზიან_რა იანები.

ცის სიღრმეები გიხმობენ,
სამოთხის დარიანები...

როგორც მზე,მხოლოდ ანათებ,
უჩრდილოდ დაიარები.

***
მოვიდა,მოიყოლია
სურნელი მზის და ყანისა,
წყაროს ხმას მიედობილა
მუსიკა მისი ტანისა,
ეგაა ჩემთვის გამღები
ზესკნელ-ქვესკნელის კარისა,
გულის თვალებზე მომფენი
სამოთხის თბილი ნამისა,
ფურცელზე გაბრწყინებული
ვარსკვლავი ჩემი კალმისა.


***
მზის პირველი ამოსვლის სიხარული
ჰორიზონტების სიჩუმიდან ისევ მოისმის.

***
საიქიოდანაც ჯერ მშობლები
გადიან გარეთ,
სულ სხვა სითბოსა და სიჩუმეში,
და მერე_შვილები...

***
დარდი და სიხარული_
ორი პირი ერთი მახვილის
ფხაზე მონატრების ეკლებით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები