ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2009


დიდგორის დროშა


ძმებს ქრისტესმიერს -- ზვიადს და მერაბს

“- საქართველოს თავისუფლების გზა
დიდგორზე გადის!
დიდგორის დროშას გაუმარჯოს!”

                                მერაბ კოსტავა
      / უმცროს ძმებთან პურობისას
      სადღეგრძელოში თქმული, 1987 წ. /

სანამ უნდა გტანჯოს ძველმა
სატკივარმა, მიწავ ძველო?!.
როსღა შეგვეწევა ზენა,
რომ მომხვდური ვსრათ და ვცელოთ?!.
როსღა დაჰკრავს ჟამი - ჩვენმა
მკლავმა გორდა დაიგრძელოს?!.
თუ გამოხრა გული სენმა
და ჩვეულად ვეღარ ქველობს?!.

ჩვენს გაბზარულ რწმენის ლიბოს
მხარი როსღა შევაშველოთ?!.
ცელმა სხვისამ სანამ გთიბოს
ჩემო სათიბ-სამარგელო?!.
მკერდი ლახვრით სანამ გვიპოს,
ხროვამ მტრისამ სანამ გვთელოს?!.
ცუდუბრალოდ სანამ გხვრიპონ
სისხლო, დიდგორს დასაღვრელო?!.

მოდგა ჟამი - აბობოქრდეს
ერი, მტერთან კვლავ იხელოს!..
რომ ძველი დრო მოაგონდეს
მკალს, შესეულს ჩვენს მთა-ველობს!..
ბრმათაც ნახონ და უწყოდნენ
გორდა ქართვლის რომ კვლავ მჭრელობს!
ცეცხლს გულისას რომ კვლავ გრძნობდე,
თაფლო, ტანზე წასასმელო!

რომ ღალატმა მწარედ ასე
მეტად ვეღარ აგვაცრემლოს!..
რომ გაწირულ ცხუმ-აფხაზეთს
მთლად ვერ დაივანო, გველო!..
რომ კოლხ-იბერს უმამაცესს
სულთათანა ვერ უმღერონ!..
მუმლის ჯანღმა რომ ვერ დაგცეს
ბერმუხავ და ხმელწიფელო!..

ზარს სცემს ჟამი შურისგების
რომ გესმას და ძრწოდე მტერო!..
დიდგორისკენ სავალ გზების
საგზლად აწ ხამს ხმალი ვკვეროთ!..
ვისაც  ეკემს-ეკერების,
სადიდგორე დროშა კეროს!..
ვინაც ჩვენ არ გვეფერების,
რად ლაჩრულად ჩვენ ვეფეროთ?!.

ჟამი შეგროვებად ქვათა
გაგვიგრძელდა, ერო, ბერო!..
ჟამი რისხვის მოდგა კართან,
რომ მომხდური გადათქეროს!..
ძლევის დროშის ზეაღმართვას
ელის ცა, ზღვა, მთა და მდელო!..
სული ქრისტესმიერ ძმათა
ცით სპას უკრებს საქართველოს!..

17.2.2002წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები