ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2009


* * */თადეოზ იორამაშვილს/

რას მეტყვი, მამავ?!
ვერ დავასრულე
წუთისოფელთან
ჩემი წანწალი,
გეზი აუცდა ამ გზებს
საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ
ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე,
წრიალებს სულში
სულ ამიწეწა
ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი
ზესიყვარულში,
ვერ ვამზეურე
იასამანი.
მამავ, იქნება,
ეს გზაც ნისლია,
და მირაჟ – მირაჟ
დავალ ცეცებით,
სანთლების შუქზე
ლურჯი ბიბლია,
თითქოს ცის შემთბარ
სამოსს ვეხები.
სხივი ცას მკრთალი
სხივით ლამბავდა.
სწუხდნენ ქარები,
ნელი თუ მალი,
და თავქვე მედო
უფლის ლაბადა,
მიწა მზის თბილი
თავსასთუმალი.
დავდივარ ასე
სულის ხსნისათვის,
სიტყვების ზვავის
დამატყდა თქეში,
და ერთი ციდა
სტრიქონისათვის,
რამდენი ღამე
ჩამადნა ხელში.
ხანდახან თითქოს
სივრცე-მანძილი,
წამში ჩემ თვალწინ
უხმოდ დამთავრდა,
რას მეტყვი, მამავ?!
როცა დაღლილი,
სულს ძლივს ვიბრუნებ
დედის საფლავთან...
გახიდული ვარ,
ცხოვრების ჯვარზე,
ხორცით ვცოდებ და
ლექსით ვმარხულობ,
ჩემი ხმა ჩიტსაც
არ ესმის გზაზე,
მაშ, სტრიქონ-ხილვებს
რისთვის ვნახულობ?...
ახლა ცრემლ-ყინულ
ბილიკზე დავალ,
ვით სხივი ბინდში
ნაფერკმთალები,
და გზას ცისკრისკენ
მიკვალავს, მამავ,
იესოს თბილი
ნატერფალები...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს